03. დიდი დიღმიდან ვიდრე ვარკეთილის უკანასკნელ კორპუსამდე

პატარა სიკვდილის დოზები ვალერიანის ექსტრაქტით. სერაფიმები გამოძახებით. ზაფხული ყოველთვის მოსაწყენი ფილმივით მთავრდება, შუაში რომ გეძინება ნეტარი უდარდელობით და ვიღაც გაღვიძებს, როცა ეკრანზე უკვე ტიტრებია.
– ჩუმად, დეიდა სუბოტექსი მოვიდა, – ისმის ოთახის კუთხიდან.
ღამის ქალაქების ასი უმუშევარი – ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მოდგმა. გენეტიკური რობოტი გატეხილი ფუნქციებით. ბოლო ღერი vs გრძელი ღამე, ფსონები მიღებულია.
ახალი მბრწყინავი მინიცათამბჯენების ციმციმი ხრუშჩოვკების სახურავებზე – უფასო შოუა ღარიბი ბავშვებისთვის, მათი მშობლები ამ შუქების ანთება-ჩაქრობის სიხშირეებით მკითხაობენ მომავალს. იარე ნელა, როგორც ღრუბლები იცვლიან ფორმას – ყოველი მეტრის მერე მკაცრად იცვლება სინათლის ხასიათი.
როცა ჩუმად მიდიხარ, მაგრამ ყურადღებით – გესმის, როგორი ხმები აქვთ კორპუსებს და ხვდები: ამ მიწებიდან სხვანაირი კორპუსები ვერ გაიზრდებოდა. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.

04. ქალაქებში, სადაც ჩვენ არ ვართ – ყველაფერი უკვე მოხდა

ჩვენ გვინდოდა გვენახა ტოკიო, ცათამბჯენების თავზე ვმდგარიყავით ბეტმენივით, ახლად გაყნოსილი 2СP-ით. ნეონებისა და მეგაპოლისების ციმციმი, როგორც ანდრომედას გალაქტიკა ჩვენ ქვევით. ჩვენ გვინდოდა ჩაგვეყვინთა ამ გალაქტიკაში.
გვინდოდა გვენახა ტანჟერი, როგორც მკრთალი აჩრდილი იმ ქალაქის, სადაც დროებით, მაგრამ ყველაფერი ნებადართული იყო და შემდეგ გვევლო გაწვრთნილი გიენებით აფრიკის სოფლებში.
ჩვენ გვინდოდა გვენახა წმინდა ქალაქი ვარანასი – სადაც მთელი ინდოეთიდან მოედინებიან ადამიანების ნაკადები, რათა იქ გარდაიცვალონ. მათ სხეულებს წვავენ მდინარე განგის ნაპირებზე და ჰაერში ისვრიან ფერად ყვავილებს და თავის ქალებისგან შეგიძლია გაიკეთო chain – თითქოს შივა ან მისი მეუღლე განსხეულდა შენში და დააბიჯებს ცხელ მიწაზე.
გვინდოდა გვენახა ლოს ანჯელესი – ქალაქი დაცემული ანგელოზების და მერე სილიკონ ველიზე ჩვენი მოგონებები ჩაგვენაცვლებინა სენსიტიური მონაცემთა ბაზებით, რომელიმე კორპორაციის, რომლის სიღრმეებში იბადება ხელოვნური ინტელექტი.
გვინდოდა გვენახა ბაღდადი და შემდეგ ალეპო, სადაც ვიცეკვებდით სირიულ დაბკეს და ვისროდით კალაშნიკოვებს ცაში, სადაც უდაბნოს ქარებს მიაქვთ ძველი აზიური ზღაპრები ბედუინებისთვის.

გვინდოდა გვენახა „პოეტების ქალაქი“ შირაზი – ოპიუმის ჩაი, განდევნილი სუფიების პოეზია და ტკბობა ღამის ცით, რომელიც ამ ადგილებში უფრო ძველი ჩანს, ვიდრე სადმე სხვაგან.
გვინდოდა გვენახა იერუსალიმი: LSD და ცეკვები გეთსამანიის ბაღში, გვეტირა ლოდთან, სადაც იესომ პირველად იგრძნო უსაზღვრო მარტოობა და ატირდა.
მაგრამ ეს ქალაქი ანგრევს ამ ანთებულ გულებს, ისე როგორც წლების განმავლობაში წყლის მცირე, მაგრამ განუწყვეტელ წვეთებსაც შეუძლიათ უდიდესი ლოდების გატეხვა და იქიდან, ვისაც ეს გვინდოდა, მხოლოდ რამდენიმე დავრჩით ცოცხალი, მხოლოდ რამდენიმე არ დავნებდით და იმათ, ვინც დავრჩით, უკვე ვიცოდით, რომ ქალაქებში, სადაც ჩვენ არ ვართ – ყველაფერი უკვე მოხდა. ზოგი ქალაქი უკვე აღარც არსებობს. რომ მომავალშიც უკვე მოხდა ყველაფერი, სინამდვილეში მხოლოდ აწმყო და წარსულია „ადგილები“, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რით დამთავრდება წარსულში მიმდინარე მოვლენები.
თუ დავუჯერებთ „მარადიული დაბრუნების მითს“ – როცა ატომები კიდევ მილიარდჯერ შეიცვლიან კომბინაციებს და დალაგდებიან ისე, რომ „ჩვენ და ქალაქები დავბრუნდებით“ – შესაძლოა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც გამოვიდეს.