წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 25 მაისს დაიწყება და ოთხ დღეს გასტანს, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ უამრავ ახალ და შევსებულ გამოცემას წარმოადგენს. გამომცემლობამ, რომელმაც ორი წლის დაბადების დღე მარტში აღნიშნა, ჟანრობრივი საზღვრები გაიფართოვა. ეს ქართველი ავტორების წიგნებსაც ეხება, რომელთა შორის რომანიცაა, მოთხრობების კრებულიც, პოეზიაც და პიესებიც.

პროზაულ კრებულს „საბას“ პრემიის ლაურეატი თამთა მელაშვილი გვთავაზობს.  მოთხრობები წიგნად მან პირველად გააერთიანა. „მარინეს ანგელოზები“ ანთოლოგიადაც შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან ის თითქმის ათი წლის განმავლობაში დაწერილ ტექსტებს მოიცავს, ამრიგად მკითხველი თამთას, როგორც მწერლის გაზრდისა და განვითარების დინამიკის შეფასებასაც შეძლებს. თამთა მელაშვილის ტექსტები ყოველთვის გამოირჩევა შინაარსობრივი აქტუალობით და საზოგადოების სათქმელის  გამოძახილსაც შეიცავს. „მარინეს ანგელოზებიც“ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მომხდარსა და გადატანილს შეგვახსენებს.

კრებულის მთავარი გმირები ქალები არიან - სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ საკუთარი ხმა გაგვაგონონ. თამთა მელაშვილი ამბობს, რომ „მარინეს ანგელოზების“ მთავარი მიზანია სწორედ ამ ხმების “შეგროვება” და მათი მკითხველამდე მიტანა, საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ამ ქალების მიმართ დამოკიდებულება ხშირად უსამართლო და უთანასწოროა.

დებიუტია „საბას“ ლაურეატი დავით გაბუნიას რომანი. ის ამ ჟანრში ძალებს პირველად ცდის და ოჯახური დრამის ამსახველ „დაშლას“ გვთავაზობს.

რომანის მთავარი მოქმედი გმირები ქალი და მამაკაცი არიან, ერთი შეხედვით ბედნიერი და უპრობლემო წყვილი, რომლის ცხოვრებაც მშვიდად, თუმცა  ინერციით მიედინება და სტანდარტულ ჩარჩოებში ჯდება: სახლი, სამსახური, შვილები. მათთვის გადამწყვეტი მომენტი 2012 წლის ცხელ ზაფხულს დგება, როდესაც ყველაფერი ირევა და თავგადასავალი იწყება: მათ ყოველდღიურობას უცხო ადამიანები ავსებენ, რასაც აქამდე გამოუცდელი ვნებების დამანგრეველი ეფექტი მოჰყვება.

დავით გაბუნია თავისი „დაშლით“ ქართული ლიტერატურის შაბლონური ფორმის ერთგვარ დაშლასაც ცდილობს და  სოციალურად აქტუალურის პარალელურად სექსუალური უმცირესობის თემასაც ეხმაურება და ჰომოფობიასაც. ეს უკვე მიანიშნებს არა მხოლოდ ავტორის გამბედაობაზე, არამედ თავად ნაწარმოების მნიშვნელობაზეც, რასაც, ვფიქრობთ, მკითხველი სწორად შეაფასებს და დააფასებს კიდეც.

პრემირებული და თეატრალურ სცენაზე დადგმული პიესებით იქნება წარმოდგენილი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც ამ ჟანრში თავის დებიუტს „დისტოპიესებით“ აღნიშნავს. ეს კრებული დიდი სიურპრიზი იქნება მათთვის, ვინც ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, როგორც პოეტს, ისე იცნობს. მკითხველის ნაწილს ეს პიესები ეცნობა, რადგან მათმა უმეტესობამ (ერთის გარდა) უკვე გადაინაცვლა რუსთაველის, ბათუმისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე. თანაც ყველა ტექსტი პიესების კონკურსების გამარჯვებულია. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის პიესების კონკურსი, 24 საათიანი პიესების ფესტივალი და „არდიფესტი“ .

ორგზის „საბას“ ლაურეატი პაატა შამუგია კი თავისი მკითხველის ნაწილს ემშვიდობება და ახლის შესაძენად ემზადება. „დედა ენა“ მისი უკანასკნელი პოეტური კრებულია, რის შემდეგაც ის პროზაში აპირებს გადანაცვლებას. „პოეტურ კრებულებს ბეჭდვითი სახით აღარ გამოვცემ, მხოლოდ ელექტრონული სახით, რიდერებისთვის. „დედა ენა“ საქართველოში ყველასთვის პირველ წიგნთან ასოცირდება, მე კი მიყვარს იდეების ამოყირავება, წონასწორობის რღვევა, ამიტომაც ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულს სწორედ ასე ვუწოდე“, - ამბობს პაატა შამუგია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ახალი (და ბოლო) კრებული განსაკუთრებული წიგნი იქნება, რადგან საინტერესოა, როგორ აპირებს პოეტი უკანასკნელი წერტილის დასმასა და ახალი ჟანრის მოთვინიერებას.