„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

„ვერ წახვალ, ვიდრე შენს თვალთა წინ სარკეს არ დავდგამ, რაშიც შეგეძლოს შენის სულის სიღრმის დანახვა“.

უილიამ შექსპირი

ძმა ძმას ასე მისდევდეს და ასე დაეძებდეს, მანამდე ერთი წიგნი მახსენდებოდა, მიშელ ტურნიეს აქვს ასეთი დიდებული რომანი, სახელად „მეტეორები“. აქ პოლი თავის ტყუპისცალს ეძებს, ჟანს. მისდევს და ეძებს. მაგრამ ეს სულ სხვა დრო და ამბავია. წერს - მახარებს მოგზაურობა, იმიტომ რომ ის დაბრუნებააო.

ბადუნა ფავნელი ძმას ეძებდა, თადია ფავნელი - გაუჩინარებულ დედას.

ნეტავ რამდენი ხანი მოანდომა ოცდაექვსი წლის აზნაურმა ბადუნა ფავნელმა გზას - საპყრობილედან გამოსული ჯერ ჯვრისმამის ეკლესიას მიაშურებს, იქიდან დაუყვება გერმანელების სოფლისაკენ, ფორსბერგის პანსიონისკენ, მერე მეიდანში, ჩაიხანაში ფარვიზას ააკითხავს, დიღმის ველთან კაზაკები წამოეწევიან, ამის მერე ერთი ღამე ისევ საპყრობილეშია, მერეც, თავისთან, სოფელში ადის და ისევ გზაზე დადგომა და ფათერაკები ძმას დადევნებული კაცისა, რომელიც ერთ ფიქრს შეუპყრია, ძმა სადმე არ ჩაჩეხილიყო, „ვინმეს არ გაეტანჯა, გზა არ დაბნეოდა და ტყეებში დაკარგული სიკვდილს არ შეჰყროდა“. ამას მოსდევს გზად წამომართული ერთი უშველებელი მთაგრეხილის გადავლა და საქართველოს აღმოსავლეთიდან ამ მთაგრეხილს გადაღმა, დასავლეთში ჩახვეწა, რომელიც ზღვასთან მთავრდებოდა და სარკედ ქცეოდა აღმოსავლეთს. ზღვის ამბავი ის იყო, რომ აღმოსავლეთში ერთეულებს თუ ენახათ და აღწერდნენ როგორც ტბას, ოღონდ დიდს და ხმიანს. მწერალს კი, ეს წიგნი რვა დღეში დაუწერია, 2007 წლის 10-18 მაისითაა დათარიღებული.

სარკეს ბოლო არა აქვს. „ბოლო იმას აქვს, ვინც სარკეში ჩანს“. აქ კი ყველა სარკეში ვჩანვართ - პერსონაჟი გინდა, მწერალი გინდა, მკითხველი გინდა თუ მთით გაყოფილი დასავლეთი და აღმოსავლეთი, ფოთი თუ თფილისი, რომლებიც აკა მორჩილაძის კიდევ ერთ წიგნში სულაც ადგილებს გაცვლიან, მაგრამ ეგეც სხვა ამბავია, ეს კი, „ძველი გულებისა და ხმლისა“, არის გზის წიგნი და გზის ამბავი, აქედან - დინამიური, გაუჩერებელი. ოღონდ არამც და არამც ისეთი გზისა, იწყებოდეს და ბოლოში გადიოდე ნელ-ნელა, მძიმემძიმედ. პარალელური დროისა და გზების წიგნია და ეს, ზოგჯერ იდუმალი გზები, თან კვეთენ, ჩეხენ კიდეც ერთმანეთს.

ამ გზათაგან ერთ-ერთს მივყავართ ჩუმ და მდუმარე ქალებამდე. მწერალიც ამბობს, ეს ქალები ძირითადად დუმდნენო. არავინ იცოდა, რას ნიშნავდა მათი ეს დუმილი - თანხმობას, უარყოფას, მორჩილებას თუ სულაც დაუმორჩილებლობას. არ იყვნენ გაქცევის, ომის ქალები, თმენისა და მიჩვევის ქალები იყვნენ და ჩუმი დარდებისა და დუმილის.

ეს არი ალბათ იმდროინდელი საქართველო და იმდროინდელი თფილისი, დრო ძველი გულებისა და ხმლისა, ის დროა, როცა სტუმრობა საქართველოს დასავლეთიდან აღმოსავლეთში ხშირი არ არი, 1828 წლის გაზაფხულია, ჯერ არც გვირაბი გაუჭრიათ და არც ფოთამდე ჩასულა თფილისიდან პირველი მატარებელი. ის დროა, როცა „თფილისი ისეთი პატარა იყო, საბურნუთეში ჩაეტეოდა“, და თანაც, გაჯერებული იყო რატომღაც თივის სურნელით, და იყო ადგილები „ნაცხობის სუნით“, ზოგიც - წითელი ღვინის, იქ სადაც დედა პატარა ბიჭს სახეს ბანდა წითელი ღვინით, და ღამღამობით კიდევ, როცა აანთებდნენ ქუჩის ლამფებს, გაუჯდებოდა იქაურობას სუნი დამწვარი ზეთის. ხმები - ფლოქვების თქარათქურის, ეკიპაჟების, ფოლადის გაჟღარუნების, ქვაკენჭიან ნაპირზე ქვების ჩხარაჩხურის, ტალღების.

ეს ამბები კვეთენ ერთმანეთს, როგორც სარკეში, აირეკლებიან ერთმანეთში - პატარა ბიჭი, ღვინით პირდაბანილი და ბადუნა ფავნელი, ბადუნა ფავნელი და თადია ფავნელი, რომელსაც მისდევს, ეძებს, თითქოს თავის უმძრახ არსებას, თავის იმ ნაწილს, რომელმაც სამყაროსთან ურთიერთობის გზად ერთხელ და სამუდამოდ დუმილი აირჩია, რომელიც უგზოუკვლოდ გამქრალ დედას მისდევს, იქით, იმ მხარეს, საითაც მზე ჩადის, გასხლტება და გზას ადგება, ბადუნა კი მისდევს და აბრუნებს, მოტაცებული ქალები და აზიზ-ბეი და აჩიკ-ბაში, რომელსაც სულაც არ ერქვა აჩიკ-ბაში, არამედ წოწორია სკვამი. აქვე არიან რუსი პოლკოვნიკები - ენკელი და პასე, პორუჩიკები - გეხტი და მანველოვი, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, მედუქნე ფეთია, ტკბილეულის გამყიდველები, მღვდელი და ქართველი თავადები. და ყველა მათგანი უცნობი ძაფებით არის დაკავშირებული ერთიმეორესთან, ერთდროულად მოქმედებს და თითოეულის ქმედება განმაპირობებელია სხვათა მოქმედებებისა და სხვათა ცხოვრებისა.