დავით გაბუნია, დაშლა, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2017

სიცოცხლის უნარის შესანარჩუნებლად, ბუნების ტიტანური ძალებისთვის, ოიდიპოსის საზარელი ბედისგან თავის დასაღწევად, პესიმიზმის დასაძლევად ბერძნებმა თავიანთ თავზარდამცემ ცივილიზაციას ოცნებებით აღმართული ოლიმპოსის ჯადოსნური მთა დაადგეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ნიცშე. ტყის ღმერთის, სიშმაგისა და სასოწარკვეთილების ჩონჩხს ძველებმა ჰაეროვანი ფანტაზიის ხორცი შეასხეს და ასე მივიღეთ „სინკრეტული“ ანტიკურობა. სწორედ ეს ანტიკური „შეფუთვა“ ვიგრძენი დავით გაბუნიას „დაშლის“ წაკითხვისას. გასაკვირი არ არის, რომ წარმატებული დრამატურგის დაწერილი პირველივე რომანი წარმოადგენს პერსონაჟების „ხმებს“. მე მომეჩვენა, რომ ამ ამბებიდან მხოლოდ ერთია „ნამდვილი“, ბუნებრივი, სტიქიური და სიღრმისეული, ლოგიკისა და ანგარიშის გარეშე, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მასზეა დაშენებული, ხაზგასმით ლოგიკურია, თანმიმდევრულია, კალენდარს მისადაგებულია, აზრიანია, რაციონალურია, რომ ბუნებამ თავის ტიტანურ მორევში არ ჩაგვითრიოს და ძველი ეტრუსკებივით სამუდამო დავიწყებას არ მიგვცეს.

შესაბამისად, „დაშლა“ არა მხოლოდ სათაურია, „დაშლა“ ინსტრუქციაცაა, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ და გავიგოთ ეს წიგნი ან, კიდევ უკეთესი, როგორ მივიღოთ სინამდვილე.

წიგნში არის ერთი მონაკვეთი, ერთი სულის ხმა, რომელიც ერთადერთი ნამდვილი, შეურყვნელი, ხელოვნური ობერტონებით გაუმდიდრებელი ხმაა, ყველა დანარჩენი კი თავისი აშკარა გულგრილობით თითქოსდა მის დაფარვას, მის ვერდანახვას ემსახურება.

„დაშლაში“ ცოტა მოქმედი პერსონაჟია. ძირითადი ნაწილი პერსონაჟებს პირველ პირში აქვთ გადმოცემული, არის საავტორო ტექსტიც; არის თინას ცნობიერების ნაკადიც პუნქტუაციის გარეშე; არის პერსონაჟის წერილიც; ყველაზე ხშირად გვესმის ზურას ხმა. ზურა თინას მეუღლეა, ორი შვილის მამაა; იგი დაკვირვებული კაცია, შეიძლება ითქვას, ისტორიული პერსონაჟია, რადგან ერთ-ერთი პირველი ვუაიერისტია ქართულ ლიტერატურაში; მაგრამ ნამდვილი ხმა თინას ხმაა, ნამდვილი ამბავიც თინას ამბავია, რომელსაც არ გააჩნია ხელშესახები რაციონალური საწყისი, თუმცა მისი ქმრის ნამდვილი ხასიათი, რომელიც წიგნში გაიხსნება, საბოლოო ჯამში, მკითხველისთვის საკმარისი მოტივი შეიძლება აღმოჩნდეს თინას გასაგებად.

თინას ამბავი გასაოცარი სიზუსტით, ზედმეტი სიტყვების გარეშე, ამავე დროს, ფლობერივით „სწორი“ სიტყვების გამოყენებით, სენტიმენტური სინანულისა და გულუბრყვილო თვითანალიზის მცდელობის გარეშე, საკუთარი თავით შემცბარი, დიონისეს ვნებით ატანილი, თავის კარგ დედობაში დაეჭვებული ქალის, მედეას აქცენტით ხაზგასმული არსების ამბავია. პირველად „ვისმენდი“ ასეთ ტექსტს ქართველი ქალის შესრულებით; თითქოს საყოველთაო უყურადღებობასა და ქედმაღალ მფარველობას ნამდვილი ემოცია ხელში აუფეთქდა.

ეს ნაწილი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ქართულად დაწერილა. არ მიკვირს, რომ სწორედ ამ სიყვარულის სტიქიურ, აუხსნელ, მაგრამ ძალიან დამაჯერებელ ამბავს ჯადოსნურ მთასავით დააშენა ავტორმა ქმრისა და მეზობლის გამართული, კარგად აღნუსხული ოქმის დონის დეტალურობისა და საღი აზრის შემცველი „ჩვენებები“. ვუაიერიზმსა და მის შედეგებზე არაფერს ვიტყვი, ეს და სხვა თავსატეხი მკითხველს დავუტოვოთ. საინტერესოა, რომ თავად თინაც, როგორც თვითონ გვეუბნება, რაღაც ჩანაწერებს ეყრდნობა; შესაძლოა, იმ საბედისწერო დღემდე ისიც გულგრილი იყო...

მოქმედება 2012 წელს ხდება. ამბავი იწყება ჩვენი უახლოესი ისტორიის ამ ცნობილი წლის 18 აგვისტოს და მთავრდება 21 სექტემბერს. ყველას კარგად გვახსოვს, რა პოლიტიკურმა ვნებებმა იჩინა თავი სწორედ იმ დღეებში, რომელიც რომანშია აღწერილი. შესაბამისად, ერთი პატარა ოჯახის შიდა ამბავს, რომელსაც ავტორი გვაცნობს, მკითხველი თავისი მეხსიერებიდან ძალაუნებურად თავად უძებნის შთამბეჭდავ საგარეო ფონს: ციხის ფარულ ჩანაწერებს, სტუდენტურ გამოსვლებს, სატელევიზიო ისტერიას, ოპოზიციის გაერთიანებას, ცხრაწლიანი პოლიტიკური რეჟიმის დამარცხებას და ა.შ. ახლა შეიძლება ბევრს აღარ ახსოვდეს, მაგრამ ეს თარიღი სხვა მხრივაც იყო საინტერესო: აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტოს მეცნიერთა პროგნოზით, 2012 წლის 21 სექტემბერს დედამიწას კატასტროფა ელოდებოდა: სექტემბრიდან მზეზე მძლავრი აფეთქებების სერია უნდა დაწყებულიყო, რაც გავარვარებული აირების გამოფრქვევას განაპირობებდა და დედამიწაზე მაგნიტოსფეროს დაარღვევდა. რეალურად რა ტიპის გლობალური კატაკლიზმი მოხდა დედამიწაზე იმ დღეს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენს წიგნში კატასტროფა ნამდვილად მოხდა. წიგნის ბოლო გვერდზე ერთ-ერთი პერსონაჟი გულუბრყვილოდ იწინასწარმეტყველებს მას. სხვათა შორის, კატასტროფის შეგრძნებას აძლიერებს წიგნის ნატალია ავალიანისეული დიზაინიც, ფერებითაც და „დ“ და „ლ“ ასოების გრაფიკულად მინიმალისტური დაპირისპირებითაც.