ესაა ნაწყვეტი ლაშა ბუღაძის ახალი რომანიდან "პატარა ქვეყანა", რომელიც ექსკლუზიურად ინდიგოში იბეჭდება. რომანს საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ოქტომბერში გამოსცემს. პარალელურად, ოქტომბერშივე, გერმანულ ენაზე თარგმნილი "პატარა ქვეყანა" გამოიცემა გერმანიაში გამომცემლობა Frankfurter Verlagsantstalt-ის მიერ. ამავე გამომცემლობას უკვე დასტამბული აქვს ლაშა ბუღაძის ორი რომანი ("ლიტერატურული ექსპრესი" და "ლუკრეცია515").

ლაშა ბუღაძის ამ ახალ რომანში მოთხრობილია ის პერიპეტიები, რაც მისი მოთხრობის "პირველი რუსის" გამოქვეყნებას მოჰყვა. ავტორი ჰყვება 2003 წლის არჩევნების, ვარდების რევოლუციის და, ზოგადად, ორიათასიანების შესახებ - ანუ, როგორც თვითონ ამბობს, ცვლილებების ან ამ ცვლილებების მოლოდინის შესახებ.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენგან შორს, თითქმის იატაკამდე დაწეული ჭაღის ქვეშ, დაბალ და მოოქროვილ სავარძელზე იჯდა.

ვეებერთელა თანამედროვე ფრესკიდან საქართველოს ისტორია გადმოგვყურებდა: ადამიანის ზომის ფიგურები, ეკლესია-მონასტრები და ადვილად საცნობი საქართველოს მყინვარები.

თითქოს პატრიარქთან ერთად გველოდა წმინდანებისგან, მეფეებისგან და დედოფლებისგან შემდგარი უშველებელი ქორო: თანამედროვე მხატვრის მიერ რეალისტურად ამოხატული პირქუში სახეები, რომლებიც ერთი და იგივე გამომეტყველებით შემოგვცქეროდნენ, გეგონება, ტყუპები ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის, ან თავად მხატვრის, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ ყველა საკუთარი თავისთვის მიემსგავსებინა.

წმინდან მეფეებსა და დედოფლებს ჯანმრთელი და ამაყი სახეები ჰქონდათ, ზოგიერთ მათგანს, ვინც ოდნავ ქვევით იდგა კანონიკურად ხელებდაწყობილი, მაღალ შანდლებზე დარჭობილი სქელი სანთლები უნათებდა მრგვალ სახეებსა და ორად გაყოფილ ნიკაპებს. უფრო ზევით, მეორე რიგში ჩამომდგარ მეფეებს ჭაღის შუქზე უბრწყინავდათ ოქროს გვირგვინები. სადღაც შუაგულში დავით IV აღმაშენებელი იდგა, რომელსაც ხელში გელათის ეკლესია ეჭირა, ხოლო მის გვერდით კიდევ ერთი ძველი ფრესკის ასლი – ვარძიის სამმეტრიანი თამარ-მეფე – მავედრებლად ხელებგაშვერილი გიგანტური გიორგი მესამისაკენ.

სადაც გავჩერდი, აქედან ყველაზე უკეთ ერთ-ერთი მეფის ნახევრად დაჩრდილული ბრაზიანი სახე მოჩანდა, შეიძლება ბაგრატ მესამის, ჰოდა, ჯერ მას შევხედე, ნაწილობრივ სიბნელიდან მაცქერალ ბაგრატს – მის კიტჩურ-რეალისტურ პირქუშ სახეს, ბოლოს კი ამ ფრესკის ცოცხალ კონტრასტს – გაღიმებულ და მარჯვნისკენ ოდნავ თავგადაქანებულ პატრიარქს.

ცნობილი ღიმილი, რომელსაც ბავშვობიდან შევჩვეოდი, ახლა ჩემთვის იყო განკუთვნილი.

გავიფიქრე: „უნდა დავუჩოქო?“

მივუახლოვდი თუ არა, სამად მოვიხარე.

მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ჩამჩურჩულა:

– ხელზე ემთხვიე.

პატრიარქს ოდნავ უცახცახებდა ხელი.

უცებ გამახსენდა, რომ ვიღაცა მოჰყვა, როგორ უმალავდა პატრიარქი მაჯას ანაფორის სახელოში მისი ხელის საკოცნელად დახრილ არასასურველ ადამიანებს: იხრები და – ხელი იმალება. არ უნდა, რომ აკოცო, მორჩა და გათავდა.

მე მას სადღაც სახელოსა და მაჯას შორის მივადე ცხვირ-პირი.

– აი, მოვიდა ჩვენი შფოთისთავი, – თქვა პატრიარქმა და ისევ იმ თავისი ცნობილი ღიმილით გაიღიმა.

ფრესკა გაქრა.

გაქრა პირქუში და შავტუხა მეფე ბაგრატ მესამე. და ყველა სხვა, ვინც კედლიდან გადმოგვყურებდა.

ახლაღა დავინახე, რომ პატრიარქის სავარძლის უკან შავ ანაფორაში შემოსილი სამი მღვდელი ან ბერი ჩამომდგარიყო, მათ შორის, როგორც მოგვიანებით მივხვდი, მეუფე ქრისტეფორე, სავარძლიდან ხელმარჯვნივ – მამა თადეოზი, კობა, რომელმაც განცხადების ორი ტექსტი ახსენა პირველი მოსვლის დროს და მდივანი ხათუნა, „თავისუფლების ეპოქით“ ხელში, რომელიც მეგონა, რომ მისაღებში დავტოვეთ და, ამ დროს, უკვე აქ ყოფილა.

დარბაზის კუთხეში ტელევიზორი იდგა, საიდანაც საესტრადო სიმღერა ისმოდა. თავიდან ვერ ვიცანი, მერე კი მივხვდი, რომ ტელევიზორში უსინათლო ანდრეა ბოჩელი მღეროდა.

ჩვენ ორ დაბალ სავარძელზე ჩამოვსხედით.

პატრიარქი გაღიმებულ-გაოცებული მიყურებდა, მის სახეს კიდევ უფრო გაოცებულს ხდიდა ოდნავ ჩამოღებული პირი და თითქოს გადმობრუნებული, სქელი ქვედა ტუჩი.

– როგორ ხართ? – გვკითხა ძალიან ხმადაბლა, რაც, რეალურად, სწორედ მისი ტუჩების მოძრაობით გავიგონე და არა ხმით, და მივხვდი, რომ აქ ძალიან მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი, მისი სიტყვები რომ გამეგონა.

– ვღელავთ, უწმინდესო, – კიდევ უფრო ხმადაბლა, გადაჭარბებულად დათრგუნულმა უპასუხა მამაჩემმა.

პატრიარქმა არაფერი უპასუხა, აკანკალებული ხელებით მოირგო სათვალე და სულ ოდნავ შებრუნდა მდივნისკენ.

– აქ არის?

– დიახ, უწმინდესო, – თავი დაუხარა იმან.

– მოიწიე უფრო ახლოს, – მითხრა პატრიარქმა.

– მიიწიე, – ჩამჩურჩულეს სხვებმა, რომელიც ექოსავით იმეორებდნენ მის ყველა სიტყვას.

მივიწიე, როგორც შემეძლო (ჩვენი დიდი სავარძელი, მგონი, ლურსმნებით იყო იატაკზე მიჭედებული).

მდივანმა მუხლებზე ჩამოუდო პატრიარქს, ალბათ, საგანგებოდ შერჩეულ გვერდზე გადაშლილი ჟურნალი, მოხუცმაც კიდევ ერთხელ გაისწორა თავისი ვერცხლისჩარჩოიანი სათვალე, რომელიც ცხვირზე უცურდებოდა და მოცახცახე თითი გააყოლა სიტყვებს.

– აგვიხსენი, აბა, – ამომხედა გვერდულად, ისე, თითქოს კისერი სტკიოდა და თავის გასწორება უჭირდა.

მე ჟურნალს დავხედე – რამდენიმე წინადადება წითლად იყო გახაზული.

– რა გიწერია აქა?

მდივანი ისევ დაიხარა, ფრთხილად და რაღაცნაირად რთულად აიღო ჟურნალი, თითქოს ჟურნალის აღება რაიმენაირ ძალისხმევას ითხოვდა მისგან, და მე გადმომაწოდა.

– წაიკითხე, – მირჩიეს სხვებმა.      

მე პატრიარქს ავხედე. ის ძველებურად გაოცებული სახით, ჩამოღებული პირით, მიყურებდა.

– წაიკითხე, – მომესმა უკნიდან.

 – რომელი? რაც წითლადაა? – ვცადე გაღიმება, თუმცა, როგორც კი ზევით ავიხედე, ბრაზიანი ბაგრატ მესამის ან ბაგრატ მეოთხის სახეს წავაწყდი და ისევ ჟურნალს ჩავხედე.

– კი, – მითხრა ხათუნამ.

წავიკითხე: „ახლა მამაო ჩვენო ვთქვათ...“

არ ვიცოდი, კიდევ უნდა წამეკითხა თუ არა? ან მე რატომ უნდა წამეკითხა? თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გამოცდაზე ვყოფილიყავი.

გავჩუმდით.

უცებ ისევ პატრიარქმა ამოიღო ხმა – სიჩუმეზე უფრო ჩუმად:

– რატომ დასცინი ამ ლოცვას? ჩვენ ხომ ყოველდღე ვამბობთ მამაო ჩვენოს?

ისე ნაწყენმა თქვა და ისე სევდიანად, უეცრად საშინლად შევწუხდი. არა დაწერილის, არამედ სწორედ მისი შემრცხვა, მოხუცი და სათნო ადამიანის, რომელსაც უნებლიეთ ვაწყენინე.

– რატომ დავცინი? – მოწაფესავით გავიმეორე მისი შეკითხვა და მამაჩემს გავხედე. იქნებ ჯობდა მას ეპასუხა და არა მე. არა, ისე გამოვიდა (თუ გამოიყვანეს), რომ ახლა მე უნდა მეპასუხა ყველა შეკითხვაზე…

– არ დავცინი, მამაო ჩვენოს მეც ყოველდღე ვამბობ, უწმინდესო.

ვთქვი უწმინდესო და გამიკვირდა, რადგან საკუთარი ხმა მეუცხოვა.

არ შეიძლებოდა, რომ ვინმეს ტელევიზორისთვის მაინც ჩაეწია ხმა? გამახსენდა: აქ განზრახ შვრებიან ასე, რომ ლაპარაკი დაიხშოს. ვიღაც ჰყვებოდა, რომ როცა სპეცსამსახურები გისმენენ, ყველაფერი უნდა ხმაურობდეს: რადიო, ტელევიზორი, მუსიკა... ამ პატრიარქს კი ყოველთვის უსმენდნენ. ალბათ, ახლაც. ეს იცის პატრიარქმა და ამიტომ არავინ თიშავს ტელევიზორს. შეიძლება ეს ტრადიციაა. მის კაბინეტში აკრძალულია სრული სიჩუმე.

– ეს ჩვენი ლოცვაა, – განაგრძო დინჯად, დატკბილულად, ყველა ასოს გამოყოფით, – ეს ძლიერი ლოცვაა.

მოხუცმა ასეთივე სიდინჯით, ფრთხილად გაისწორა არჩამოცურებული სათვალე (რომელიც, ალბათ, ეჩვენებოდა, რომ უცურდებოდა) და ჩემს ჟურნალს დახედა.

– აქ რაღაა, აბა?!

„ვაი, – გავიფიქრე, – იქამდე თუ ჩავედით, სადაც იური-რუსს სექსი აქვს კრუხთან, ძალიან უხერხული იქნება“.

ხათუნა ჩემ გვერდით დადგა და, როგორც ჩანს, საჭირო ფრაგმენტს დაუწყო ძებნა. შეიძლება სწორედ მას ემუშავა წითელი კალმისტრით.         

მე ისევ მამაჩემს და პირველ დათოს შევხედე. ნეტა მართლაც დამეჯერებინა მისთვის და გამაღიზიანებელი ეპიზოდები ამომეღო.

კიდევ უფრო ქვევით, წითლად ის ფრაზა იყო ხაზგასმული, სადაც ქართველი მეფის ჩავარდნილ უკანალს აღვწერდი.

რამ დამაწერინა ეს იდიოტიზმი! არა, ამას ახლა ვერაფრით წავიკითხავდი…           

– თქვენ წაიკითხეთ, მერიდება უწმინდესთან, – ვთხოვე ხათუნას.

მამაჩემმა, პირველმა დათომ და მამა თადეოზმა ხმადაბლა, თანაგრძნობით და ჩემი მხარდაჭერის სურვილით გაიცინეს.

– რად დაწერე მაშინ ასე? განა ლამაზი ერი არა ვართ? – ამომხედა პატრიარქმა.

იცოდა, რას ვერ ვკითხულობდი.

მაინცდამაინც უწმინდესთან და უნეტარესთან უნდა განმეხილა ქართველი ქალების ფიზიკური მონაცემები? არა, თქვენო უწმინდესობავ, ყველას არა აქვს ასეთი უკანალი, სპორტმა და ჯანსაღმა კვებამ თავისი საქმე ქნა.

– თამარი ლამაზი იყო, – განაგრძო პატრიარქმა, – რატომ დაწერე ასე? ბევრს ეწყინა. განა მწერალი სილამაზეს არ უნდა ხედავდეს ადამიანში? მით უმეტეს, ასეთ სახელოვან მეფეში…

რაღაც სხვანაირ შ-ს ამბობდა: მუქს და დაშაქრულს…

უცნაური იყო: მოხუცი პატრიარქი ჩემგან იცავდა ქართულ გენს. ისე, თითქოს საქართველო იცავდა მისი სახით ქართველების ფიზიკურ თუ სულიერ მონაცემებს.

არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ბოდიში უნდა მომეხადა? ვინმე მაინც შემომშველებოდა. როგორ ან რაზე უნდა შევკამათებოდი მოხუც პატრიარქს, რომელიც მეცამეტე საუკუნის მეფის სილამაზეზე მელაპარაკებოდა?

– წარბები გადაბმული აქვს, როგორც ფრესკაზე, – წაიკითხა მდივანმა.

– რომელ ფრესკაზე აქვს გადაბმული? გელათისაზე თუ ვარძიისაზე? – წინანდელზე მეტად გაუკვირდა პატრიარქს, – აგერ ჩვენსაზე არა აქვს, – გაიღიმა, – ჯერ ეს გენახა და მერეღა დაგეწერა.

ფრესკიდან ახალგაზრდა და ენერგიული ქალი შემომყურებდა – ვარძიის თამარ-მეფის ნეოქართული ასლი.

– შესანიშნავი წარბები აქვს, შესანიშნავი, – ჩაიჩურჩულა მამაჩემმა, რომელსაც ჩემი დახმარება გადაეწყვიტა, – ეს ძალიან მხატვრულია.

– შენი ბრალია, გიორგი, – მიუბრუნდა პატრიარქი, – შენ უნდა გესწავლებინა სწორად.    

ტელევიზორში ხალხურმა ანსამბლმა დაიწყო ცეკვა.

მე უკან მივიხედე. ტელევიზორთან დაცვის თანამშრომელი იდგა.

მამაჩემი მომენტალურად გაწითლდა. შეურაცხყოფის გამო და არა იმიტომ, რომ პატრიარქის შერცხვა, ჩემზე რომ არ ენერვიულა, ამათზე უპირატესობის განცდით, ხაზგასმული ქედმაღლურობით იტყოდა რამეს, რადგან, პრინციპში, არც თვლიდა პატრიარქს რაიმენაირ ავტორიტეტად, თუმცა, ახლა, ცხადია, ჩუმად იჯდებოდა და სახეგაწითლებული მოისმენდა საყვედურებს.

– კიდევ იყო რაღაც, – თქვა ხათუნამ და მასწავლებელივით დაიხარა ჩემს თავთან. ერთ-ერთ აბზაცს გააყოლა თითი და ღიმილით ამოიჩურჩულა:

– აი…

პატრიარქი ვერ მიხვდა, რას გულიხსმობდა მისი მდივანი, ამიტომ ხათუნამ მოწიწებით, ისევ მოუშორებელი ღიმილით, მაგრამ უკვე მკაფიოდ გამოთქვა კიდევ ერთი შენიშვნა:

– თავები უკუღმართად არის დანომრილი, გვერდების გადაფურცვლაც უკუღმა ხდება, ამაზეც შფოთავს ზოგიერთი.

მოხუცმა გვერდზე გადაქანებული თავით, მომლოდინედ შემომხედა. მის თვალებში ცნობისმოყვარეობა გაჩნდა.

მგონი, ძალიან მოწყენილები იყვნენ და ჩემით ერთობოდნენ.

თავი მეც ზუსტად ისე დავხარე, როგორც მას ჰქონდა, რადგან რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემს სიტყვებს უკეთ გაიგონებდა, თუკი გაჯგიმული არ ვიჯდებოდი.       

– ეს, – ვთქვი, – ლიტერატურული თამაშია. პოსტმოდერნისტული ტექსტია.

სიტყვა პოსტმოდერნისტული ისე გაისმა ამ დარბაზში, თითქოს ხმამაღლა დამებოყინებინა ან უცენზურო სიტყვა ამომეძახებინა.

პატრიარქის უკან მდგომ წვერგაბარდნილ მეუფეს (ალბათ, ქრისტეფორეს) საყვედური გამოეხატა სახეზე. ახალ ფრესკაზე ყველას ასეთი სახე გაუხდა.

– საშიშია ეს იზმები, – თქვა პატრიარქმა.

– კულტურის თანამედროვე ტენდენციებს გულისხმობს, თქვენო უწმინდესობავ, – ხმადაბლა შემომეშველა მამაჩემი.

– კომუნისტები გვდევნიდნენ ასე, – გახედა მოხუცმა, – ჩვენი სამღვდელოება და ეკლესია-მონასტრები ძალიან დაზარალდნენ მათგანა. ლანძღავდნენ მღვდლებს და ქრისტიანულ სიწმინდეებს დასცინოდნენ. ეს უნდა მოვუყვეთ ამათ, არ იციან ეს ახალგაზრდებმა. ყველა ბოროტება დაცინვით იწყება. ჯერ აბუჩად აიგდებენ, შეაჩვევენ ხალხსა, რომ წმინდა და ფასეული არაფერია და შემდეგ სამღვდელოების და სიწმინდეების განადგურებაზე გადავლენ.

მის უკან მდგომებმა მდუმარედ, სინქრონული თავის ქნევით გამოხატეს თანხმობა. მოხუცს მისი ფრესკის ათეულობით წმინდანი უდასტურებდა ნათქვამის ჭეშმარიტებას.

მამა თადეოზი ისე მიყურებდა, თითქოს ეს სიტყვები მისგან გამოდიოდა და არა პატრიარქის პირიდან.

– დიახ, ვიცი, უწმინდესო, – ვთქვი ჩუმად, თუმცა უკვე ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ჩივილების დრო დამდგარიყო და პატრიარქისთვის ჩვენს სახლთან დაბანაკებული, არაიდენტიფიცირებული ადამიანების და ახალციხის მითოლოგიური მოძალადეების შესახებ მომეყოლა. ამ ამბებს, ბოლშევიკების მიერ ნატანჯ და დახვრეტილ მღვდლებზე, ბავშვობიდან ვისმენდი, ხოლო ერთი მღვდლისას განსაკუთრებით ხშირად – იმ თვითმფრინავის გატაცების გამო რომ დაეხვრიტათ 1983 წელს, რომელშიც ჩემი ნათლიისგან განსხვავებით, თვითონ არც მჯდარა…

– ცუდია ასე ფიქრი, – თქვა პატრიარქმა და ჩემ გვერდით მსხდომებს გახედა, ცოტა ხანს უყურა, თითქოს იმათგან ელოდა რეპლიკას, მერე კი ისევ მომიბრუნდა: – რა იყო შენი მიზანი? რად დაწერე თამარ მეფეზე?

რად დავწერე? ჯანდაბა, არ ვიცოდი. ჩემს პასუხზე რამე იყო დამოკიდებული? თავს თითქმის ისევე უხერხულად ვგრძნობდი, როგორც ძალიან დიდი ხნის წინ, როცა იმ ცუდი სიტყვის გამოცნობას ცდილობდა ბაბუაჩემი, რომელიც წყალბურთის მწვრთნელს ეთქვა ჩემთვის. მართლაც, რატომ უნდა ჰქონოდა დედოფალს არასპორტული ტანი? მაგრამ როგორი უნდა ჰქონოდა? გრძელი ფეხები და ვიწრო წელი? შეიძლებოდა ახლა გახუმრება?

– ის ისეთი პატრიოტი ბიჭია, უწმინდესო, – ჩაერთო უცებ მამაჩემი, – აქ რაღაც გაუგებრობაა, ჩვენთან ვინც ხმამაღლა ყვირის, პატრიოტად სწორედ ის ითვლება, ამ დროს, ეს უმეტესად თვალთმაქცობა და ურაპატრიოტიზმია. ეს ერთმნიშვნელოვნად. მახსოვს, ერთხელ სკოლა გააცდინეს 26 მაისს და ამისი კლასელის დაბადების დღე იყო, რაც ფული ჰქონდათ, ტაქსიში დახარჯეს და მთელი ქალაქი პირველი რესპუბლიკის დროშებით შემოიარეს... 1988 თუ 89 წელია, სულ ბავშვები იყვნენ, ეს სხვა თაობაა...

მოხუცზე ამ მონათხრობს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ოდნავაც ვერ გრძნობდა, რას და როგორ განვიცდიდით, და არც ის აინტერესებდა, რისი მეშინოდა ან მართლაც მემუქრებოდა თუ არა ვინმე. რაღაცნაირად დისტანცირებული იყო, ცივიც კი, და თითქოს იმასღა ელოდა, რომ კიდევ რაღაც ისეთი გვეთქვა, გვექნა ან მომხდარიყო, რომ თუნდაც ამ საღამოს მხოლოდ ტელეგადაცემების ამარა არ დარჩენილიყო.

რად დაწერე? ჩემგან პასუხს ელოდნენ.

პატრიარქს ისე დაეწია თავი, იფიქრებდი, ჩაეძინაო.

– ხვალ სინოდის სხდომაა, – ხმადაბლა, მაგრამ თამამად, მკაფიოდ წარმოთქვა მის უკან, სიბნელეში მდგომმა მამა თადეოზმა (სიბნელის გამო სახე არ უჩანდა, ამიტომ ისევ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ერთ-ერთი მეფე ალაპარაკდა ფრესკაზე), – ხალხი შფოთავს.

რატომღაც მეგონა, რომ აქ და ახლა მხოლოდ პატრიარქს უნდა ელაპარაკა და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როცა მამა თადეოზის ხმა შემომესმა.

– ჰო, – ჩუმად დაეთანხმა პატრიარქი და სათვალე აიწია.

და უცებ მივხვდი, მივხვდი კი არა, აღმოვაჩინე, რომ თუკი აქ რამეს ელოდა ვინმე, არა ჩემს პასუხს, არა ჩემს მონანიებას ან ბოდიშს, არამედ სწორედ პატრიარქის შეკითხვებსა და სიმტკიცეს. აქ მას აკვირდებოდნენ და არა მე.