უბრალო კაცი ვარ, ეგრე მოხდა, მაგრამ არც ისე უბრალოც. ცოლი მყავს და ბავშვები. ვარკეთილში ვცხოვრობ. ბევრი ერთნაირი ბარაკია, ერთ-ერთი ჩემია. ნელ-ნელა ვაშენებდი. ათასნაირი მასალა მაქვს გამოყენებული და აჭრელებულია ფასადი.

ჩემთვის არანაირი ნორმალური სამსახური არ მოიძებნა. ვწვალობ და ვარ. ცოტა ხანი ელიავაზე ვიმუშავე მტვირთავად. წელში გამწყვიტა მაგ სამსახურმა. დილიდან დაღამებამდე კისერჩამოგდებული დავდიოდი. როგორია, ზურგზე ტვირთი გაქვს მოკიდებული და მაღლა ახედვას ვერ ახერხებ, მარტო მიწას და შენს დახეულ ფეხსაცმელს ხედავ.

ეგრე მძიმედ მიდიოდა საქმე.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი ცოლი თამილა გიჟს ჰგავდა. იტირა ერთ დღეს, შენ თუ მოკვდი, რა ჭირად მინდა ცხოვრება, მტრისას, ავად თუ გახდიო. მოკლედ, ჩემმა ცოლმა იმდენი ქნა, შევეშვი მტვირთაობას და მოიკაზე დავიწყე მუშაობა. ერთ ზამთარს მარგად გავცივდი. ფილტვების ანთება დამემართა და მკურნალობაში იმდენი ფული დამჭირდა, ვალები დამედო.

ჩემი მტერი მოხვდა საავადმყოფოში. ჯერ ხომ გაგატყავებენ, მერე იმდენ წამლებს დაგალევინებენ კუჭს გაგიხვრიტავენ. ბოლო-ბოლო ავადმყოფობა თუ ვერ მოგერია, წამლები მოგკლავს.

რა მექნა, შევწყვიტე მკურნალობა შუა გზაში და წამლებისთვის აღებული ვალების გასტუმრება დავიწყე. ისევ მოიკაზე დავბრუნდი და იქ გავიცანი გენო.

ახლა ვაგზლის ბაზრობაზე მე და გენოს პატარა ადგილი გვაქვს ნაქირავები და ძველი სკოლის წიგნებს ვყიდით. ჩვენთვის არც შაბათია და არც კვირა.

დილით ადრე გავდივართ სამსახურში, რვა საათზე. გამოგვაქვს სკლადიდან დამტვერილი წიგნები და დახლზე ვალაგებთ. მაგ სკლადში კიდევ თაგვების ბუდეა. ნახევარზე მეტი წიგნები დაღრღნეს. გენომ ერთ დღეს სერიოზულად თქვა, თაგვები ფიზიკის წიგნებს უფრო ჭამენო. თავისი სტატისტიკები აქვს. არ ვიცი საიდან დაასკვნა, მაგრამ კარგა ხანია ფიზიკის წიგნებს არ ვიბარებთ. არა და ბუმია დღეს ფიზიკის სახელმძღვანელოებზე, აწყდება ხალხი, მაგრამ გენოსთან კამათს აზრი არა აქვს.

საშინელი მეზღაპრეა გენო. ისეთებს მოგიყვება, გაგაგიჟებს. ჭინკებიო, მოლანდებებიო, დამავოებიო... ყველას მაგაზე ელაპარაკება. მაგრამ სჯერა და თუ გინდა შეეცი.

ამასწინებზე მეუბნება, აგერ ნახე, ცოტახანში ისე ავეწყობი, ბანკებს ფულით გავტენიო. მაგის იმედით ვარ, თორე გავგიჟდებოდიო. როგორ? ვეკითხები. რანაირად გატენი ბანკებს ფულით? ეგრევე შეტევაზე გადმოვიდა. შენ ბიზნესგეგმა არ გაქვს, არაფერი შენ არ გაქვსო. მე კიდევ დღე და ღამე ვფიქრობ და შენგან განსხვავებით ფიქრი არ მეზარებაო. ჩემი გეგმების იმედი რომ არ მქონდეს, გული გამისკდებოდაო. გადამიარა, მაგ ბარაკში როდემდე უნდა იყოო? თუ გიფიქრია, მაგაზე უკეთესი სახლი გქონდესო? მაგრად ამასხა მეც და ვეუბნები, ორმოცდაათი წლის ხარ, ჯერ მაგის გამო გული არ გაგსკდომია და არც აწი გაგისკდება-მეთქი. ეწყინა. მაგიტომაც ვუთხარი, რომ სწყენოდა, მეგონა გაჩერდებოდა, მაგრამ არა, უფრო დაიქოქა. ისეთი პანიკა აწია, კლიენტები გააქცია. მთელი ბაზრობა ჩვენ გვიყურებდა.

შენ, ძმაო, არაფერი არ გაინტერესებსო. რა არაფერი არ მაინტერესებს, ცოლი მყავს, ბავშვები მყავს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ საჭმელი არ მოაკლდეთ, რა არაფერი არ მაინტერესებს, რეებს იძახი-მეთქი. ბიზნესგეგმა არ გაქვსო. მე ძველი წიგნების ჩაბარება-გაყიდვა მაინც მოვიფიქრე და შენ რა გააკეთეო? მანქანების მოიკაზე მუშაობდი, მე რომ არ წამომეყვანე, დღემდე მანდ იქნებოდიო. რა გინდა მაგით თქვა, ვეკითხები. გავსულელდი მეც. სამი წელია, ამ სუნიან წიგნებს ვყიდით. მარტო პურის ფული გამოდის. ბოლო-ბოლო რა ტვინი წაიღე, ვეუბნები.

ოცი წლის რომ ვიყავი, მეკიდა ყველაფერი. ოცდახუთის რომ გავხდი, ცოლის მოყვანა მომინდა. თბილი ლოგინი, ბავშვები. მერე ოცდაათმა მომიკაკუნა და მივხვდი, რომ თამილას და ბავშვების გარდა არაფერი მებადა, მაგრამ ახლა მიწას ცხვირით ამოვთხრი, ოღონდ გადამიხადონ და სახლში რამე მივიტანო. სხვა რა უნდა ქნას კაცმა, ჭამა-სმა და ბოლოს ქელეხი. ეგაა ცხოვრება. მეც ნაღდი ცხოვრება მინდა ვანახო ჩემს ოჯახს. ბაზარშია ნაღდი ცხოვრება. აკაკი წერეთელი სოფელში რომ გააგზავნეს მშობლებმა და იქ იზრდებოდა, გაჭირვებაში. ჩემმა შვილებმა ჩემსავით თუ არ ნახეს გაჭირვება და თუ არ გაწვალდნენ, ხო ვერ გაიგებენ ცხოვრების გემოს. რესტორნებში რომ ზიხარ და ფულებს ხარჯავ, მანდ რა უნდა ნახო ისეთი. ეგეთი არაფერი მინდა.

ეგრე იფიქრე შენო, მეუბნება გენო, მაგრამ ახლა შენ თვითონ აღიარე, რომ უბრალო კაცი ხარ და კაცი თავის თავზე უბრალოს რომ იტყვის, არაფრის ღირსი ეგ არ არისო.

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ და იმ დღეს ადრე წავიდა. დავრჩი მარტო. ავალაგე წიგნები და საშაურმეში შევედი.

ვჭამ შაურმას და ქუჩაში ვიხედები. კაი მანქანები, ლამაზად ჩაცმულები. ფულებს აფრიალებენ და გამახსენდა ჩემი ნათქვამი. ასპროცენტიანი ვარ. ჯერ გაჭირვება უნდა ნახო, ცხოვრების გემო რომ გაიგო. ვფიქრობ კიდევ ათას რამეზე და ვიღაც მთვრალი შემიჩნდა. ჯერ ლარიანი მთხოვა. მერე კარტოფილის პერაშკი მაყიდინა. არაფრის დიდებით არ შემეშვა. სუფთად კი ეცვა ისე. გავაგრძელე შაურმის ჭამა. რვალარიანი გავახვევინე, ლამის ჩემ სიგრძე.

მეგონა წავიდა ის მათხოვარი, თურმე არა. ისევ მომადგა. კაი კაცი ჩანხარ, ბარემ გაგიცნობო. მე ადრე ყველაფერი მქონდაო, ახლა არაფერი მაქვსო. მერე მეუბნება მეთამაშე, მაგარი თამაში ვიციო. შემეშვი, შენი თავი არ მაქვს, ვეუბნები. მიყურებს ბუსავით. წამოვდექი და პალტოზე მექაჩება. ცოცხალ-მკვდარს გაფიცებ, დამიჯექი, რას გარბიხარო. ე, ბიჭო, მეჩქარება, ზედმეტები არ მოგივიდეს, ვეუბნები. მეთამაშე, მეთამაშეო. ტვინი წაიღო. რა გეთამაშო, შე ჩემი ცოდვით სავსე, მიდი, ვინმე შენი ჭკუის ნახე-მეთქი. ო, აი ეგ მეთამაშეო, მე ვიქნები შენი ცოდვით სავსეო. რა გინდა, რატომ არ მეშვები, ვუყვირესავით. მხარზე ხელი დამადეო, იჩემებს. დავადე. ერთ რამეს გეტყვიო. იცინის და თან აბოყინებს. არ გადამარწყიო, ვეუბნები. ეგ რატომ მითხარი, მაგას როგორ გაკადრებო.

ცოტა ხანი ჩუმად დგას და მერე მეუბნება, მეო, მე, მე ვარო ეშმაკი. იმენა ეშმაკიო.

იმენნოი, იმენნოი, ასე იძახის. მერე ჩემგან რა გინდა, ვეკითხები. რატომ მიძალიანდებიო? არ მინდა ეშმაკთან საერთო, ვეუბნები. ა, დაიჯერე, უკვე ეშმაკი რომ ვარო? დავიჯერე, აბა არ დავიჯერე, შემიჩნდი და არ მეშვები, ვეუბნები. აუტყდა სიცილი. გიჟივით იცინის. რა მალე დაიჯერე, ჯერ ისეთი არაფერი მიქნიაო.

მერე უცებ გამოფხიზლდასავით. რა ვიცი რა ეტაკა. სული მომყიდეო. ძაან აზედმეტებ, ვეუბნები და გამოვდივარ საშაურმიდან. კარგა ხანი ფეხით ვიარე და უკან რომ გავიხედე, ვხედავ მომყვება. მოვიდა და დამცინავი სახით მიყურებს. პატრულს დავუძახებ, თუ არ წაეთრევი-მეთქი და მართლაც რომ არ შემეშვა, მივედი პატრულთან. პოლიციელები ეკითხებიან, რას დაყვები? რა გინდა ამისგანო? ეს ეუბნება, ჯიბეში ჩემი სახლის გასაღები უდევსო. გამოვშტერდი კაცი.

გამჩხრიკა პატრულმა. ამოიღო გასაღები. საიდან გაქვსო, მეკითხებიან. ამ დროს ეს მართლა ეშმაკი, რას შვება, იცით? ხელი გადამხვია და პატრულებს უცინის. ძმებო, დიდი ბოდიში, რომ ამხელა ხალხი ვართ და ეგრე ვიმაიმუნეთ, დანიძლავებული ვიყავით, რომ შეგვეწუხებინეთო. გაგიჟდნენ პოლიციელები. მოშორდით აქედან, თორემ ორივეს განყოფილებაში წაგათრევთო. ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ჩვენ თამარ მეფის გამზირზე მოვდივართ.

როდის ჩამიდე გასაღები, ან რა გინდა ბოლო-ბოლო, ვეკითხები. სიგარეტს მოუკიდა და მეუბნება, მხარზე ხელი დამადეო. დავადე. მომე შენი სულიო. ამ დროს გააჩერა ავტობუსმა და უცებ ავხტი. არც დამიხედავს, რა ნომერი იყო. ეგეც ამოძვრა.

მთელი გზა ტვინი წაიღო. ხალხიც შეწუხდა. საერთოდ სხვაგან ჩამოვედი, მაგრამ არ მშორდება. გამთიშა, იმდენი მელაპარაკა. გინდა თუ არა, მომყიდე სულიო. წაიღე, ამის დედაც მოვტყან, ოღონდ მომშორდი-მეთქი. გაიცინა და ჩამიხუტა. კარგა ხანი არ გამიშვა. ჩახუტებულები ვიდექით. მერე მეუბნება, შენ ვაჭარი კაცი ხარ, მთლად ეგრე უფასოდ ნუ გამატან ამხელა რამესო. ან რა ნამუსით წავიღო, რამე მთხოვეო. კაი, მიყიდე ერთი პაპიროსი და ზაჟიგალკა, ვეუბნები.

ვიფიქრე, მოვიშორებ. გავარდა და მივიდა ჯიხურთან, მე გზის პირას ვდგავარ და ველოდები, რომ მოვიდა, მეუბნება, სხვა რამე არ გინდაო? ბიჭოოოო, რატომ არ მეშვები?! ვყვირი კაცი. ის იძახის, ძაან იაფად ყიდი სულს, რამე როგორ არ გინდაო. ეზოში დასაჩეხი შეშა მიყრია, წამოდი, დაჩეხვაში დამეხმარე და იქით გადაგიხდი-მეთქი. კაიო და წავედით.

მგონია უკან მომყება. გავიხედ-გამოვიხედე, არსად არ ჩანს. მივედი სახლში. ვხედავ, ეზოში რაც შეშა ეყარა, დაჩეხილია. ცუდად გავხდი. რა გჭირსო. მომვარდა თამილა. წნევა გამიზომა, წამლები, კაპლები. შეშა ვინ დაჩეხა, ვეკითხები. შენ რომ გამოაგზავნე, იმ კაცმაო. გიჟივით მოვარდა და ისე უცებ დააპო, რომ მაგის წასვლაც ვერ ვნახეო.

მეორე დღეა. სამსახურს მოვრჩი. გენო რატომღაც არ მოვიდა. არც დარეკა, არც არაფერი. მეც არ მოვიკითხე.

გაჩერებაზე ვდგავარ და ავტობუსს ველოდები. სახლში უნდა წავიდე. ამ დროს დიდი შავი ჯიპი გაჩერდა, ბეტეერივით. ჩაბურული შუშებით. ფანჯარა იწევა და თვალებს ვერ ვუჯერებ. მანქანაში გენო ზის. დაჯექი, გაგიყვან სახლამდეო. ჩავჯექი მანქანაში. როგორ ხარ, ვეკითხები. მე კარგად, როგორ იმუშავეო? არაფერი, კაპიკები-მეთქი. ვისია მანქანა, დავინტერესდი. ყველაფერს გეტყვიო.

რუსთაველის მეტროსკენ წავიდა. მაგდონალდსი თუ რაღაც ჯანდაბაა, იქ გააჩერა. გადავიდა და მოიტანა საჭმელები. ფრიო, ჰამბურგერიო, ჩიზბურგერიო, ბიგ-მაკიო, კოკა-კოლაო. რა ხდება, საიდან ეს მანქანა, ვეკითხები. სული გავყიდეო. ატრაკებ, ვეუბნები. შენთან რა, არ მოსულა ეშმაკიო?

გადავედი მანქანიდან. სად მიდიხარო? მეტროთი უნდა წავიდე, ვეუბნები. მე გაგიყვანო. არ მინდა, მარტო მინდა გავიარო-მეთქი. ტყულიად ვიყიდე ამდენი რამე, გეჭამა მაინცო. არაფერი არ მინდა, ვეუბნები. დავტოვე გენო და წამოვედი.

მეტროში ჩავედი. ჩავჯექი ვაგონში. ვაგზალზე ამოდის ეს ეშმაკი. ო, კაი კაცი, საითო? თან იცინის. ხმას არ ვიღებ და ცოტახანში მეუბნება, კაცი ბაზარში დგახარ და ვაჭრობა როგორ არ იციო?! მერე ისე ჩავიდა, არაფერი არ მითხრა. არც კარგად და არც ნახვამდის.

მივედი სახლში. არაფრის თავი და ნერვები არ მაქვს. სახლში კიდევ რაღაც ხდება. თავიდან ვერ ვხვდები რა. თურმე დაბადების დღე მქონია. არც მახსოვდა.

ბავშვებმა შუქი ჩააქრეს და თამილას პატარა ტორტი შემოაქვს. სანთლები აქვს ჩარჭობილი და მოდის ჩემკენ. მამა, მამა, მამა, ყვირიან ბავშვები. რამე ჩაიფიქრეო, თამილამ და დავიწყე სურვილებზე ფიქრი. ღმერთო, კიდევ დიდი ხანი დამტოვე ჩემს ოჯახთან ერთად, ამ გაჭირვებაში ნუ ამომხდი სულს, მინდა, რომ ბავშვებს რამე დავუტოვო-მეთქი და შევუბერე სანთლებს სული, მაგრამ არაფერი. არჭვია ისევ ანთებული. შევუბერე კიდევ და ისევ არაფერი. არ ქრება. რა ეშმაკი გეტაკა, მეკითხება თამილა. ენა ჩამივარდა. ბოლოს ძლივს მოვიკრიბე ძალა და ვეუბნები, კაპიკებში გავყიდე სული, კაპიკებში-მეთქი და ტირილი მომინდა, მაგრამ ცრემლიც არ ჩამომივარდა, გაშრა. ეტყობა, რაღაცნაირად სულთან არის ეგეც მიბმული.