შენ შეიძლება არ იცნობ დროის დამლაგებლებს. დროის დამლაგებლები ის ხალხია, გამუდმებით რომ ხვეტენ იმას, რაც დაკარგული და გაფლანგულია. შენ მათ ვერ დაინახავ, თუმცა, თუ მატარებლის სადგურში ხარ და ფიქრობ, რომ თვალის კუთხით რაღაცას ხედავ, ეს შეიძლება დროის დამლაგებელი იყოს, შენი სკამის გარშემო რომ დაფუსფუსებს. აი, მართლა რომ შეგეძლოს მათი დანახვა, გეცოდინებოდა კიდეც, რომ ესაა დაჟინებული გამომეტყველების მქონე პატარა მოლურჯო არსება ცოცხითა და იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში. კაცი თუა, კომბინეზონი ეცმევა, ქალი თუა – შენიშნავ, რომ სულ თავწაკრულია და ძველმოდური ტვიდის ქვედაბოლოთი დადის.

დროის დამლაგებლები არიან ყველგან, სადაც დრო შეიძლება იკარგებოდეს ან იფანტებოდეს. მატარებლის სადგურებზე ყოველთვის მორიგეობს რამდენიმე მათგანი, და ერთი მაინც იცდის ქირურგის კაბინეტში. ალბათ, საკუთარი დროის დამლაგებელი ჰყავს და სულ თან დასდევს იმ კაცს, საყვარელი ქალის ხელის თხოვნა წლების განმავლობაში რომ ვერ გადაწყვიტა, სანამ ბოლოს ქალს თმა არ გაუჭაღარავდა. დროის დამლაგებელი ალბათ დანანებით ოხრავს, იმ ქალის შემხედვარეც, 35 მტანჯველი წელი უძრავი ქონების სააგენტოში რომ გაატარა მაშინ, როცა სინამდვილეში ყვავილების მაღაზიის გახსნაზე ოცნებობდა, და მერე უფრო დიდი აქანდაზი მოაქვს მისი გაფლანგული წლების ასახვეტად.

ნუ შეგეცოდება დროის დამლაგებელი მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო არაპრესტიჟულია: ავად არასდროს ხდებიან, სულ არ მიიჩნევენ, რომ არასწორი კარიერა აირჩიეს; და სამუშაო პირობებიც გადასარევი აქვთ, აი, მოცალეობისას რას აკეთებენ, კაცმა არ იცის. ისე კი, საბანკო უქმეებზე ისვენებენ და დროსაც მშვენივრად ატარებენ. ალბათ ჩვენც ამიტომ გვეჩვენება ამ დღეებში, რომ თითქოს, დრო თავზესაყრელი გვაქვს. შობა-ახალი წლის დღეებში დროის დამლაგებლები მთელი ერთი კვირით წყვეტენ მუშაობას. და როცა იანვარში სამსახურში ისევ გადიან, დაკარგული, გაფლანგული და ფუჭად გატარებული დროის უზარმაზარი გორა ხვდებათ. სამ კვირას მაინც ანდომებენ ხოლმე ნორმალურ სამუშაო ტემპში ჩადგომას. ამიტომაცაა, რომ იანვარი ყველაზე გრძელ თვედ გვეჩვენება.

დროის დამლაგებლები სულ იყვნენ ჩვენ გარშემო, თუმცა თანამედროვე ცხოვრებამ იმხელა გაფლანგული დრო წარმოშვა, რომ ზოგან დროის დამლაგებლებს თავიანთი საქმიანობის ინდუსტრიად ქცევაც კი უწევთ, ანუ სპეციალურ ტექნიკასაც ყიდულობენ – ვთქვათ, ნაგვის კომპრესორ მანქანებს და მათ დაკარგული დროის ძალიან დიდი გროვის გასატანად იყენებენ ციხეებიდან თუ სავაჭრო ცენტრებიდან, რადგან ამ ორ ადგილზე დაკარგული დროის იმხელა ნაკადია, ყველაზე თავდადებულ მუშაკსაც კი წალეკავს.

დროის დამლაგებლებისთვის რომ გეკითხა, ერთ მოულოდნელ რამეს გაიგებდი მათგან: სასიამოვნოდ გატარებული დრო, დაკარგულ დროდ არ გეთვლება. უსაზღვრო მოწყენილობით სავსე დიდი ოფისის მოსუფთავებისას, დროის დამლაგებელი ზედაც არ შეხედავს ქალს, რომელიც სადღესასწაულო ფასდაკლებების კატალოგს კითხულობს ჩუმ-ჩუმად, მაგიდის ქვეშ და დიდხანს აშტერდება ტროპიკული სანაპიროების ფოტოებს. არც მომდევნო მაგიდასთან მჯდომ კაცს შეიმჩნევს, რომელიც საკუთარ წარმოსახვებში სიდედრს აშიშვლებს. მაგრამ აუცილებლად გაჩერდება იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცთან, რომელიც ყოველი წამის გასვლას ითვლის და საათს ზიზღით შეჰყურებს.

ალბათ გაინტერესებს, რა მოსდის დაკარგულ დროს მას შემდეგ, რაც ის გასუფთავდება და წაიშლება. ნუ გეშინია, დროის დამლაგებლები მგზნებარე განმაახლებლები არიან. დრო შენახულია, დიდ საცავში შეფუთულია, გადატანილია ლივერპულის ქარხნებში, გადაზიდულია გემზე და წაღებულია ინდოეთში. იქ, სადმე მტვრიან სახლში ბომბეის სიახლოვეს, სუფთავდება, ლაგდება და ხარისხდება. ყველაზე ტოქსიკური და შხამიანი დრო – ანუ დრო ჩავარდნილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ნარჩენებისა, უსამართლო დაპატიმრებებისა და ძალიან შხამიანი ქორწინებებისა, გამოიმარგლება და ჩაიმარხება მიტოვებული სამხედრო ბაზების მიწისქვეშა რეზერვუარებში. იქ, ორი-სამი საუკუნის განმავლობაში გაივლის ხრწნის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ დაერქმევა უვნებელი.

დანარჩენი დრო – შექმნილი ისეთი რამეებისგან, როგორებიცაა სულელური შეხვედრები, დაგვიანებული პაემნები, შეყოვნებული ავტობუსები და ცუდი ღამეები თეატრებში, გასუფთავდება და ისევ გემზე აიტვირთება, საიდანაც გუანჟოუს ინდუსტრიული ექსპორტის გადამამუშავებელ ზონაში გაემართება. აქ, რედისტრიბუციის მოლოდინში, დაიწნეხება და დაკონსერვდება. დაახლოებით ოც პროცენტამდე წავა ექსპორტის გადამამუშავებელი ქარხნების ზონაში, რომელთაც მსოფლიოში წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მეოთხედი პირდაპირ დოლარებში მიეყიდება ჩინეთის ხელისუფლებას. ყველაზე კონცენტრირებული პროდუქტის ათი პროცენტი მიეყიდება კრიოგენების ლაბორატორიას კალიფორნიაში. დარჩენილი ოცი თუ რამდენიღაცა პროცენტი ფარულად მიეყიდება სხვადასხვა მდიდარ კლიენტს, ძირითადად, მოხუცებს, მდიდარ კაცებს, რომლებიც ახალგაზრდა, ლამაზ გოგონებზე დაქორწინდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დროის დამლაგებლები აქედან სარგებელს არ იღებენ. გაკეთებულ საქმეებში მიღებული თანხები ისევ საქმეზე იხარჯება – ტილოებზე, ნაგვის ტომრებზე, სპეცტანსაცმელსა და სატვირთოებზე. დანარჩენი კარგ საქმეებს ხმარდება. არცერთი არ იღებს დამატებით დროს, რომელსაც რაიმე ფორმით შეავსებდა და გრანტსაც არცერთი ითხოვს. მათ არც კი იციან, რომ დახმარება შეუძლიათ ითხოვონ. ერთ-ერთი მათგანი გაღლეტილი, დაჩაჩანაკებული მეცნიერია, რომელიც სადღაც ნოვოსიბირსკთან მდებარე ლაბორატორიაში მუშაობს. შემდგომში სწორედ ის იქნება ადამიანი, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს. მეორე პროსტიტუტია ნაირობის გეტოში, რომელმაც ჩვიდმეტი ბავშვი იშვილა და რომელიც, ოცწლიანი მეძავობის მიუხედავად, ავად არასოდეს გამხდარა. მესამე ინდოელი ტაქსისტია ტორონტოს ნისლიან კორპუსებს შორის მობორიალე, რომელიც ავადმყოფი ცოლისა და შვილებისთვის ფულის გაგზავნიდან გაგზავნამდე დროში მაინც ახერხებს, რომანი წეროს. სწორედ ამ რომანისთვის მომავალში მას საუკუნის უდიდესი რომანის ავტორად აღიარებენ.

დროის დამლაგებლების მომსახურებით მხოლოდ ადამიანები არ სარგებლობენ. ტიმბუქტუდან დაახლოებით ორმოც კილომეტრში, ქვიშაში ჩაფლული შუა საუკუნეების ტაძარია, რომელსაც თითქმის ყოველ ათწლეულში ერთხელ გადაეცემა საჩუქარი – დამატებითი დროის სახით. სადღაც ეგეოსის ზღვის ფსკერს ქვემოთ ტროელთა ნავი სასწაულებრივადაა შენახული შლამში. და ასეთივე საჩუქარს ჩუქნიან დროის დამლაგებლები ტაძარს მექსიკოში – აძლევენ მას დროს და, ამავდროულად, შავბნელი დროის ნაალაფარს ინახავენ გოლუეის ჭაობში.

საქველმოქმედო დროის გარკვეული რაოდენობა ისევ ინახება გადაუდებელი სიტუაციებისთვის – ორივე დრო – პატარაც და დიდიც. ის სასოწარკვეთის დროს გამოუყენებიათ და შეუმსუბუქებიათ სამშვიდობო მოლაპარაკებები, შეუცვლიათ ბრძოლები და მიუციათ არაერთი მამისთვის საშუალება, დრო სამშობიარო ოთახად ექციათ.

დროის დამლაგებლები, თავიანთი ბუნებით, წესიერი და აკურატული ხალხია. მათ სურთ, ადამიანები გონს მოეგონ და საერთოდ გადაყარონ ეს ძვირფასი მონაპოვარი, თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ ამას მალე შეძლებენ.

ამ ისტორიას მორალი არა აქვს. ერთი ისაა, რომ თუ დროის გადაგდებას გეგმავთ, მას ვიღაცა აიღებს. და უნდა აიღოს კიდეც.