უცნაურია, ხომ მუდმივად დროის უკმარისობას ვუჩივით, საქმიდან საქმეზე, ავტობუსიდან ტროტუარზე, გაჩერებიდან გაჩერებაზე ისე სწრაფად გადავრბივართ, საკუთარი სხეული ვეღარ გვეწევა. ასეთია ყველაფრის მოსწრების სურვილი და ვერაფრის მოსწრების რეალობა. და მაინც: ყველაზე პოპულარული სალიტერატურო ჟანრი მთელ მსოფლიოში რომანია და არა, მაგალითად, მოთხრობა, ნოველა ან ლექსი. როგორც ჩანს, ე.წ. რეალტაიმის შეგრძნება სიუჟეტსაც რეალურს ხდის, თანაგანცდას კი – უფრო მძაფრს. ზოგი რომანი ხომ მართლაც მთელი ცხოვრებისხელაა – ბროხის „მთვარეულებით“ ან ეტვუდის „ბრმა მკვლელით“ თავისუფლად შეიძლება ბიცეფსის და წინა დელტების გავარჯიშება.

მაგრამ ამ რომანის საუკუნეში, ცხადია, არსებობს „სხვა“ ლიტერატურა ან ლიტერატურები (იყოს მრავლობითში), რომლებიც ძირითადი ხაზის მიღმა „ცხოვრობენ“ – არარომანულები, არაეპიკურები, არასტანდარტულები, პატარები და მუშები.

რამდენიმე წლის წინ ტვიტერზე შეიქმნა ახალი სალიტერატურო ჟანრი – ტვიტერატურა. მაშინ ეს ამბავი ტვიტერის კონკურენტ ქსელში ოპერატიულად გავაზიარე, კოლეგებს ახალი ჟანრის დაბადება მივულოცე და მისი დამფუძნებლის თუ ჭიპლარის გადამჭრელის რამდენიმე ტვიტერატურული ნაწარმოებიც მოვაყოლე. მოიწონეს, ლაიქებიც სცეს, თუმცა, ამ ჟანრში მომუშავე ქართველი მწერალი დღემდე არ მინახავს. მეტიც, თავად ტვიტერსაც არ სწყალობენ ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით – მწერლები. შეიძლება სწორედ მისი ლიმიტირებულობის გამო.

არ გვიყვარს ქართველებს ეკონომია და შეგვ... შეგვისწორეთ, თუ ასეა არაა.

როგორც ვიცით, ტვიტერს შეზღუდვა აქვს: თითოეული ტვიტი, მაქსიმუმ, 140 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს. ზუსტად ეს გახდა ახალი ჟანრის გაჩენის მიზეზიც: მომხმარებლებმა მალევე აუღეს ალღო და ზუსტად ამ რაოდენობის სიმბოლოებში ჩატეული ლიტერატურაც გამოჩნდა.

მაგრამ ყველაფერი 1992 წელს დაიწყო, როცა ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა ანთოლოგია „ფლეშფიქშენი – 73 ძალიან მოკლე მოთხრობა“. მას შემდეგ ფლეშფიქშენი ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა და სიტყვების რაოდენობაც მკაცრად განისაზღვრა. ამის პარალელურად, ჩინეთშიც გაჩნდა ახალი ჟანრი, რომელსაც „კვამლისოდენა მოთხრობები“ დაერქვა. უყვართ ჩინელებს პოეზია, ჟანრის სახელწოდებაც კი პოეტური აქვთ. თუმცა, იქამდე იაპონელი კავაბატა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც საქვეყნოდ ცნობილი „ხელისგულისოდენა მოთხრობები“ დაწერა. მახსოვს, აფხაზეთში გვქონდა ეგ მოთხრობები, მართლაც ხელისგულისოდენა ტექსტები იყო.

უფრო შორს თუ წავალთ, ჰაიკუმდე, ტანკამდე და მინიმამდეც კი მივალთ. მაგრამ ერთია პოეზია, რომელიც შეიძლება, „ეკონომიურობის“ თვალსაზრისით, შებოჭო, მაგრამ პროზაში მსგავსი რამე ძნელია. ტვიტერატურის და ფლეშფიქშენის მთელი სირთულე ისაა, რომ წამიერი განწყობა კი არა, ამბავი უნდა გადმოსცეს, ანუ ისეთივე მოთხოვნები აქვს, როგორიც რომანს, მოთხრობასა და ნოველას.

თუმცა, ამ ჟანრობრივ ტიპოლოგიამდეც პერიოდულად ხდებოდა მსგავსი რამე. საყოველთაოდ ცნობილია ჰემინგუეის სუნთქვისშემკვრელი უმოკლესი მოთხრობა: „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი“. მთელი „ომი და მშვიდობა“ და ნახევარი „ანა კარენინა“ კი აიწონა დრამატიზმით ამ ოთხმა სიტყვამ. და, რაც მთავარია, ამბავია მოყოლილი, დასრულებული ამბავი.

ო’ჰენრისაც უცდია კალამი მსგავს ექსპერიმენტში, მისი ზემოკლე (თუ ქვემოკლე) მოთხრობა, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით იკითხება: „მძღოლმა სიგარეტი გააბოლა და დაიხარა, რომ შეეხედა, დარჩა თუ არა ავზში ბენზინი. გარდაცვლილი მხოლოდ ოცდასამი წლის იყო“. ყველაფერი აქვს ამ მოთხრობას: კვანძი, დრამა, სასპენსი, კულმინაცია...

კულმინაცია ჩემს სტატიასაც აქვს. ხომ ალოგიკური იქნებოდა, უმცირეს ჟანრებზე ფართო ფორმატში დამეწერა, ჟანრის კანონი არ მაპატიებდა. მე კი ძალიან ვუფრთხი მაგას. შურისძიება იცის.

მაგრამ ვერაფრით გავწყვეტ სიტყვას, თუ ერთ ძალიან საინტერესო ჟანრსაც არ შევეხები. ეს არის Six Words Stories – ახალი ჟანრი, უმოკლესი და უნეტარესი. რა უნდა ჩაატიოს მწერალმა ექვს სიტყვაში? როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამე. შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ საიტს და გაეცნოთ ნიმუშებს, ზოგიერთი მათგანი მართლაც მშვენიერია.

არ ვიცი, სადამდე გასტანს ეს მზარდი მინიმალიზმი. შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ უსიტყვო წიგნები გამოიცეს და აღსრულდეს კიდეც მოდერნისტული ოცნება უტექსტო რომანების შესახებ. ბოლოსდაბოლოს, მწერალი თუ გვიყვარს, მისი უსიტყვოდაც უნდა გვესმოდეს, ხომ ასეა?