გიორგი კეკელიძის წიგნზე „წერილები ღმერთს და მამაჩემს“

 

ძალიან მოკლედ ამ წიგნზე: სევდიანი, კეთილი, თბილი და მაინც თანამედროვე.

პოეტს მესანგრესავით ყოველთვის ერთი ცდა აქვს, ერთ ჯერზე ერთი წერილის უფლება აქვს. ამიტომ სწერს პირველ საერთო წერილს ღმერთს და მამამისს. „სალამი, ღმერთო, ორი წლის წინ კაცი მოვიდა...“ ღმერთისადმი წერილი ბერძნულ დითირამბს ჰგავს, რომელშიც ღმერთი მხოლოდ ადრესატია, მან უნდა ისმინოს წასული გმირის ამბავი. გმირი – პოეტის მამაა, იქვე, „სამოთხეში ტყის განაპირას თხილის ძირებში ამოწვერილ ბალახებს თოხნის“. სამი თხოვნა აქვს პოეტს ღმერთთან, სიგარეტი მისცეს მამამისს (სიცოცხლეში უფულობის გამო მიატოვა და მალულად ეწეოდა), საკუთარი ნაოფლარის სუნი რომ არ ჰქონდეს, ისეთი პური აჭამოს და ერთხელ ჭადრაკში რობერტ ფიშერისთვის მოაგებინოს, „რომ მართლა სულად გადაიქცეს ეგ სული-გვამი“. ღმერთს ღმრთისა და კაცს – კაცისა. დანარჩენი წიგნი, დანარჩენი ცხოვრება არის სიცოცხლეში ბოლომდე ვერგამოთქმული სიყვარულის წერილი მამას. პოეზია იცნობს შვილისთვის მიწერილ ვრცელ წერილს (ოდისევსი ტელემაქეს). ახლა გაიცნობს ტელემაქეს პასუხსაც. ჩვენი პოეტის წერილი ახალ აქაურობას არ აცნობს მამას, მკვდარს საკუთარ ცოცხალ თავს აგონებს და სულიდან გარეთ გამოაქვს ტკივილი, „რადგან ტკივილი ნიშნავს სულის შიგნიდან კაკუნს“. მეორე წერილი ღმერთს შეახსენებს, რომ იგი იცნობს ამ ტკივილს, რადგან მან „ჩვენთან ყოფნა დაიზეპირა“. პოეტის მამა, რომელიც ახლა ზეციურ სამოთხეშია ასული, ოდესღაც ღმერთს არ იცნობდა, თუმცა „ბევრ ნათესავზე უფრო ჰგავდა“. სწორედ ამიტომ უნდა მიეცეს მას უფლება, ღრუბელზე დაჯდეს და მეათე ციდან შვილს გადმოხედოს. მამისადმი მიწერილ უკანასკნელ, მესამე წერილში სული-სინათლის მეტაფორა ძლიერდება: მზის ნაცვლად სული ამოგვდის, სული თენდება და ამქვეყნიურ, ჩირაღდნის ცეცხლს აფერმკრთალებს. მამას უყვარდა მარტოობა და სამოთხეში ისე განიცდის მარტოობის შეუძლებლობას, როგორც „მკვდარი სახლის ჩანაწერების“ გმირი განიცდიდა ამას ციხეში. მამას უნდოდა, სხვა ქვეყნები ენახა, მაგრამ „მისი გზა ორ ავტობუსს ვერაფრით გასცდა“; ამიტომ შვილი ბევრს იმოგზაურებს, წაიღებს მამის სურათს ყველგან და მასთან ერთად დაემალება „ყველა საზღვრის წყევლას“.

ამით პოეტმა არ დაასრულა საიქიოსთან კომუნიკაცია. კიდევ სამი წერილი მისწერა ბაღის შეყვარებულს, ღმერთმა რომ ადრე წაიყვანა. ტრაგედია აქ ზამთარში იბადება, რომლის სილამაზე ხანდახან უსამართლოა, რადგან აჩენს უბრალო შეკითხვას: „გინახავთ თოვლით დაფენილი ბავშვის საფლავი?“ „არაფერია ასეთ თოვლზე უსასტიკესი – თუ ერთხელ ნახე, აღარასდროს აღარ გადნება“. აქაც ჩვენი ყველა საიდუმლო დაცულია, ადრესატს მხოლოდ საკუთარ თავს შეახსენებენ და მომავალში პაემანს დაუნიშნავენ:

არცერთმა ვიცით, როდის ვნახავთ ერთმანეთს,

რადგან

ვერ დავთვლით, დღე და ღამე როდის

შემოგვერღვევა –

როცა ორივე აღმოვჩნდებით იმ ბაღის კართან,

რომელსაც ალბათ არ ერქმევა საბავშვო ბაღი,

ანდა რა იცი, შეიძლება ასეც ერქმევა.

წიგნში კიდევ არის: დანომრილი როკვები: ენობრივი თამაშების მცირე გაკვეთილები; ბუზის, მამლის, კაცის, კოვზის ძლისპირები; ხუთი დრო (გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომა-ზამთარი და მეხუთე), ქარავნის საქმე, სხვა ანდაზების სარკეები, ორი სიმღერა, მინიატურები და ლექსი სამშობლოზე, რომელიც სავსეა ქართული ზღაპრებით, მგალობელი შაშვით, უბედური მებადურით, ამირანით, ბიბლიური ხატებით, მწვანე ობობათი, წითელი წყლითა და უსახელო ოიდიპოსით. ყველაფერი ეს ქმნის საიმედო პლაცდარმს საიქიოში წერილების გასაგზავნად.

ერთი მინიატურა, სახელად „სევდა“, დავიმოწმოთ: „ზაფხულობით ღამე მოკლდება – სიზმრები უჩანს“.

მე მგონი, რესპუბლიკის დროინდელი რომაელების გარდა, ყველამ ვიცით ეს ლათინური გამოთქმა: ex oriente lux „სინათლე (მოდის) აღმოსავლეთიდან“ – ეს მინიშნებაა აღმოსავლეთის კულტურულ როლზე. იგულისხმება სახარებისეული გადმოცემა იესოს დაბადებაზე და აღმოსავლეთიდან წამოსული ვარსკვლავი, რომელსაც მოგვები გამოჰყვნენ. გამოთქმა გავრცელებული იყო მეცხრამეტე საუკუნეში და რელიგიური აღმოსავლეთის პრაქტიკულ დასავლეთთან უპირატესობას ქადაგებდა (შოპენჰაუერი, არნოლდი). თავს უფლება მივეცი, გამონათქვამი ერთი ასოთი გამემდიდრებინა და მიმეღო ex moriente lux „მომაკვდავისგან (მოდის) სინათლე“. ეს ის სინათლეა, რომლითაც ძვირფასი მამა საიქიოდან შვილს გზას უნათებს, რომ არ წაიქცეს. სულის ამ ძლიერ ტონს ობერტონად მოჰყვება ბაღის შეყვარებულის სინათლის ვიწრო ზოლი.