უილიამ ფოლკნერი, „ველური პალმები“
მთარგმნელი  ზაზა ჭილაძე

გამომცემლობა „არტანუჯი"

ამას წინათ ლევან ბერძენიშვილის ლექცია მოვისმინე უილიამ ფოლკნერის „ხმაურსა და მძვინვარებაზე“ და ამავე ლექციაზე  სიტყვებიც – „გაბედე სიყვარული“, რომელიც რაღაცნაირ გასაღებადაც კი შეიძლება ვიგულისხმოთ ფოლკნერის ყველა თუ არა, რამდენიმე წიგნისთვის მაინც და მათ შორის „აგვისტოს ნათელი“, „სული რომ ამომდიოდა“ და „ველური პალმებიც" გაგვახსენდება. „ველური პალმები" ახალი წაკითხული მქონდა და მისთვის თავი ჯერაც ვერ დამეღწია. მაშინ იყო, რომ ვწერდი, ზოგჯერ, იშვიათად, ხდება, დაასრულებ, დახურავ წიგნს და ის კი არ იხურება, ვერც სხვა რამე წაგიკითხავს, სხვა წიგნებისკენ გახედვაც კი არ შეგიძლია. თავის ტალღებში გამყოფებს, გაბურთავებს, გგონია, აი ახლა გამოაღწევ მიწამდე და ისევ უკან გექაჩება, ისევ თავის წიაღში გითრევს, თავის მღვრიე წყალსაც ბლომად გაყლაპებს და ბოლოს, როცა ქანცგაცლილი ნაპირზე დაემხობი, მაშინაც ყურში ისევ მისი ხმა ჩაგესმის, ისევ იმ ტალღების ერთმანეთზე ხეთქებით გიცემს გული და ისევ იღებ, ისევ შლი და იწყებ კითხვას-მეთქი.

რას ნიშნავს სიყვარულის გაბედვა? სადამდე შეგიძლია საზღვრის გადაწევა, სიყვარულისთვის სივრცის გაფართოება, ანდა, საერთოდაც, შეგიძლია თუ არა გასცდე ყველანაირ ზღვარს, და გათავისუფლდე სიყვარულში, გინდაც „დაგბუგოს“, გინდაც „დაგნაცროს“ („სიყვარული კი დაგბუგავს, გინდაც წყალში გადაეშვა, სიყვარული დაგნაცრავს, გინდაც მაღალ ჭიუხს შეაფარო თავი“), როგორც გამოუთქვამს „ნალადიიარის“ მავან ავტორს ძველ საუკუნეებში. რისი გაღება შეგიძლია სიყვარულისთვის საზოგადოებაში, რომლისთვისაც ის უცხოა, მიუღებელია, საშიშია, რომელიც ძრახავს თავად სიყვარულსაც და გათავისუფლებასაც სიყვარულში და მორალის მკაცრ ჩარჩოებს გიდგენს და გიწესებს?

ფოლკნერის წიგნებში ხშირად შეხვდებით ქალებს, რომელთა შვილების მამებიც მათი ქმრები არ არიან, რომელთა შვილებიც ამ ქალების სიყვარულის შვილები არიან. ედი ბანდრენს („სული რომ ამომდიოდა“) ხუთი შვილი ჰყავს და მათგან ერთი, ჯუელი, მისი ქმრის შვილი არ არის („ერთხელ მე და კორა ლაპარაკს შევყევით. ის ჩემთვის ლოცულობდა, რადგან ცოდვის შვილად მივაჩნდი. უნდოდა, მეც მუხლებზე დავცემულიყავი და მელოცა, მაგრამ ვისთვისაც ცოდვა ცარიელი სიტყვაა, მისთვის მონანიებაც ხომ ცარიელი სიტყვა იქნებოდა და მეტი არაფერი“), კიდევ ერთი შვილი კი, დიუი დელი მეზობელი ფერმერისგან ორსულდება („მე და ლეიფი ერთად ბამბას პირველად ვკრეფდით... ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც ასე მოხდებოდა და ვეღარაფერი ვიღონე. ჰოდა, ვკრეფდით და ვკრეფდით, თან იდუმალ ჩრდილებს დავყურებდით, ორივენი ხან იმის ხელებს დავცქეროდით, ხან ჩემსას, მე ხმას არ ვიღებდი“), მერე ეს ბიჭი, ლეიფი, ათ დოლარსაც მისცემს ბავშვის მოსაცილებლად. ბენჯის, კვენტინის და ჯეისონის და  კედიც („ხმაური და მძვინვარება“), ლინაც („აგვისტოს ნათელი“) გაგვახსენდება  „დღე დღეზე წერილს ველოდები, თავისთან უნდა დამიბაროსო“, ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავეს, გაკერპებული, გაბღუზული, იმ ყოვლისმომთმენი და ყოვლის ამტანი ერთგულების ამოუწურავი მარაგის ამარა დარჩენილი, რისი იმედითაც უდგათ სული და რითაც ყოველთვის სიამოვნებით სარგებლობენ ლუკას ბარჩები, სწორედ მაშინ რომ გადაიკარგებიან ხოლმე, როცა ყველაზე მეტად არიან საჭირონი“, და ეს ლინა, თავისი ლუკას ბარჩის მოსაძებნად, ალაბამადან ჯეფერსონისკენ გზას ფეხით დაადგება, იქ კი შემწედ სულ სხვა კაცი, ბაირონ ბანჩი გამოუჩნდება.

ისევ „ველურ პალმებს“ დავუბრუნდეთ. ეს რომანი 1939 წელს გამოიცა. ფოლკნერს უკვე დაწერილი აქვს „დროშები მტვერში“, „სული რომ ამომდიოდა“, „ხმაური და მძვინვარება“, „აბესალომ, აბესალომ“, „აგვისტოს ნათელი“. ორი პარალელური ამბავია, როგორც ორი შესაძლებლობა, ორი გზა  ორივეს თავთავისი სახელი აქვს  „ველური პალმები“  ამბავი შარლოტ რიტენმეიერისა და ჰარი უილბორნისა, რომლებმაც ყველაფერი შესწირეს სიყვარულს, და „მოხუცი“  ამბავი პატიმრისა, რომელიც ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა, ორსულ ქალს გადაარჩენს და მერე ისევ ციხეში ბრუნდება.

პირველი ამბავი 30-იანი წლების მიწურულს ხდება, ახალ ორლეანში, ჩიკაგოში, იუტას შტატში, ტეხასსა და მისისიპის მიდამოებში, ზღვასთან ახლოს. ჰარი უილბურნი ექიმი სტაჟიორია, ექიმის დიპლომის აღებამდე რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, როდესაც შარლოტ რიტენმეიერს გაიცნობს წვეულებაზე და მათ შორის სიყვარული ჩნდება. ქალს ქმარი ჰყავს და ორი პატარა გოგო. ჰარი და შარლოტი მიდიან. იწყება მათი გზა  უარაფრობით და სიყვარულით  ჩიკაგო, ლაბორანტის დროებითი სამსახური კლინიკაში, შარლოტის თიხის ფიგურები და ვიტრინების გაფორმება, შემდეგ ერთი დაქცეული მაღარო იუტას შტატში, შარლოტის დაორსულება, მისი დაჟინებული თხოვნა-მოთხოვნა, ჰარიმ აბორტი გაუკეთოს. მისისიპის პირას, თავის შეფარება ერთ უბადრუკ კოტეჯში, ველური პალმების მშრალ შრიალში. კოტეჯის მეპატრონე, არც წარჩინებული და არც მთლად მაჩანჩალა, ექიმი, რომელიც თავიდანვე ამოიცნობს ქალში თავისსავე სხეულის რომელიღაც ნაწილის მიმყურადებელ, გატრუნულ და გაფაციცებულ არსებას. ჰარი პარჩმანის ციხეში ხვდება.

იმ მეორე ნაწილში რა ხდება  1927 წელია, ფოლკნერს ხომ უყვარს მდინარე, იოკნაპატოფა, მაგისი ცნობილი, ხომ საერთოდაც, „მდორედ მიედინება მდინარე“-დ ითარგმნება, ბანდრენების ამბავში, წეღან რომ ვახსენე, მდინარე ხომ ადიდდება და აქ, „ველურ პალმებში“ კიდევ, მის ამ მეორე ნაწილში, რომელსაც „მოხუცი“ ჰქვია, ეს მდინარე, მისისიპი სულაც ჯებირებიდან გადმოვა, არემარეს წყლით ფარავს, ზღვად იქცევა, მოკლედ, წარღვნაა  ასეთი ამბებია. პარჩმანის ციხის ერთ-ერთ პატიმარს, რომლის სახელიც არ ვიცით, და რომლის სახელიც, კაცმა რომ თქვას, ისედაც ყველასთვის ნაცნობია, ნავით ამ ადიდებულ მდინარეში გაუშვებენ რამდენიმე ადამიანის გადასარჩენად, რომლებსაც ახლომახლო ხეებისა თუ სახლების სახურავებისთვის შეუფარებიათ თავი და დახმარებას ელიან. ჰოდა ეს უსახელო პატიმარი ორსულ ქალს გადაარჩენს და დიდი ვაივაგლახით, დიდი წვალებით, რომლის აქ მოთხრობაც ორი სიტყვით, სრულიად შეუძლებელია, სამშვიდობოს გამოიყვანს, მის ახლად დაბადებულ შვილსაც უპატრონებს და მერე ისევ ციხეში ბრუნდება.

ეს ორი ამბავი ერთმანეთს თითქოს არაფრით უკავშირდება, თითქოს არსად იკვეთება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იწყება და მთავრდება.

80-იან წლებში ქართულად დაიბეჭდა უილიამ ფოლკნერის საუბრები სტუდენტებთან, ინტერვიუები, მისი სანობელო სიტყვა, როსტომ და პაატა ჩხეიძეების ნათარგმნი. და ამ კრებულში არის ერთი ინტერვიუ, ჯინ სტაინთან. ჟურნალისტის კითხვაზე, „ველურ პალმების“ ეს ორი დაუკავშირებელი თემა რაიმე სიმბოლური მიზნით ხომ არ არის გაერთიანებული, ფოლკნერი ასეთ რამეს ამბობს  „წერა რომ დავიწყე, ორი დაუკავშირებელი ნაწილი იქნება-მეთქი, სულ არ მიფიქრია. როცა იმ ადგილის დასასრულს მივუახლოვდი, რომელიც ახლა „ველური პალმების“ პირველი ნაწილია, უეცრად შევატყვე, რომ რაღაც აკლდა, გაძლიერება იყო საჭირო, რაღაც უფრო მკვეთრი, როგორც მუსიკალური კონტრაპუნქტი. შევუდექი „ბერიკაცის“ წერას, სანამ „ველური პალმების“ ტონალობამ არ აიწია, მაშინ „ბერიკაცის“ წერა შევწყვიტე იქ, სადაც მისი პირველი ნაწილი სრულდება და „ველური პალმების“ წერა განვაგრძე, სანამ ტონალობა კვლავ ძირს არ დაეშვა. მაშინ კვლავ ავწიე ტონი სხვა საპირისპირო ნაწილით, ესაა ამბავი კაცისა, რომელმაც მიაღწია სიყვარულს და წიგნის დანარჩენი ნაწილი მისგან თავის დაღწევას მოანდომა, თავისი ნებით დაბრუნდა ციხეში, რათა უშიშრად ყოფილიყო. აქ მხოლოდ ორი ამბავია საგულისხმოა, ამბავი შერლოტასი და უილბორნისა“.