მე ვარ მთლიანი ლარნაკი, რომელიც ხარობს ლექსებში

თქვენ ხართ წარმოშობით იტალიელი, მაგრამ დაიბადეთ და გაიზარდეთ შვეიცარიაში, ამჟამად კი ცხოვრობთ ლონდონში. როგორ ათავსებთ თქვენს თავში ასე განსხვავებულ კულტურებს, როგორ აგვარებთ კულტურათა კონფლიქტს თქვენს თავში ან, პირიქით, როგორ იყენებთ ამ კონფლიქტს თქვენ სასარგებლოდ?

მიხარია, რომ კითხვაში არ გამოიყენეთ სიტყვა „იდენტობა“, რომელიც ისევე მაცდური და მოუხელთებელია, რამდენადაც ფართოდ გავრცელებული. „იდენტობა“ ხომ საკუთარ თავთან გაიგივებას გულისხმობს, ანუ სტატიკურ მდგომარეობას, რომელსაც ცოტა რამ აქვს საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. მეორე მხრივ, ეს ტერმინი შეიძლება აღნიშნავდეს ქცევის ტიპებს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ; ცნობიერების კოდექსს, რომელიც უნდა გავიზიაროთ, რათა ცალკეულ პიროვნებათა გარკვეული რაოდენობა უფრო ერთგვაროვან ჯგუფად ჩამოყალიბდეს.

კულტურათა კომბინაცია იძლევა მოძრაობის, ცვალებადობის შესაძლებლობას: იგი უფრო დიდი დოზით გვთავაზობს პოლარობას, ვიდრე იდენტობის დადგენას. ნებისმიერ სიტუაციაში ჩემში შეიძლება გაჩნდეს გადაჭარბებული „გერმანულობის“ ან „იტალიურობის“ განცდა, რის გამოც მე გავურბივარ და, ამავე დროს, ვისწრაფვი კონკრეტული ხედვის, აღქმის თუ ქცევის ტიპებისაკენ.

გვიამბეთ თქვენი ფესტივალის (Babel) და ინტერნეტპლატფორმის (Specimen) შესახებ.

ორივე პროექტს საფუძვლად უდევს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების სიყვარული - თარგმანი ხომ „ლინგვისტური სტუმარმასპინძლობაა“; თარგმანი არის სტუმრად პირველად მისვლა, გაცნობა, რომლის შემდეგაც სხვებსაც უხმობ „ჩანგალზე“.

Babel (www.babelfestival.com) არის ლიტერატურული ფესტივალი. ძირითადი აქცენტია თარგმანზე, კულტურათა შერწყმაზე, ჰიბრიდულ ენებზე და ამ და მსგავს სფეროებსა და თემებზე მომუშავე ავტორებსა თუ მთარგმნელებზე.

Specimen (www.specimen.press) არის მრავალენოვანი ონლაინჟურნალი, სადაც ვაქვეყნებთ ტექსტებს ყველა ენაზე, ნებისმიერი ანბანის გამოყენებით, იქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემული ლიტერატურული ტექსტის ოდნავ ქაოტურად, თავისუფლად განთავსებული თარგმანები სხვადასხვა ენაზე. სხვათა შორის, გამოგვიქვეყნებია ამონარიდები რამდენიმე ქართული ნაწარმოებიდან როგორც ორიგინალის ენაზე, ისე თარგმანის სახით - სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ მეტს, თუკი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

სკეპიკოსები პოეზიის გარდაცვალებას მოასწავებენ. მეორე მხრივ, სახეზეა ონლაინპოეზიის აღზევება, ანუ ონლაინპლატფორმების აქტიური გამოყენება, სადაც დამწყები (და არა მხოლოდ დამწყები) პოეტები აქვეყნებენ თავიანთ ლექსებს. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? პოეზიის ახალი ფორმაა თუ უბრალოდ უფასო ტექნიკური საშუალება?

მრავალფეროვნების ხათრით, სასიამოვნოა და იმედისმომცემი, როცა კითხულობ, როგორ ასხამენ ხოტბას ინსტაგრამის პოპულარულ პოეტებს, ასევე, როცა ეცნობი სტატისტიკას როგორც პოეტების, ისე მათი აუდიტორიის გაახალგაზრდავების შესახებ, თუმცა მე პირადად დიდად არ ვარ მოხიბლული მათი ლექსებით, არც ჰიპ-ჰოპის რითმები მანიჭებს სიამოვნებას და არც ნობელის პრემიის ერთ-ერთი ბოლო ლაურეატის პოეზია. აქ „სიამოვნებაში“ ვგულისხმობ იმას, რასაც უნდა გვგვრიდეს ის, რასაც მე ვუწოდებ პოეზიას, ხოლო იმის განმარტებისგან, თუ რას ვუწოდებ პოეზიას, თავს შევიკავებ - პოეზია ხომ საიდუმლოს გარეშე არ არსებობს.

თქვენი ლექსების კრებულს, რომლის ქართული თარგმანი სულ ახლახან გამოქვეყნდა, ეწოდება „ის, ვინც ხარ, ანუ შენც ჩემს ენაზე აგალაპარაკებ“. გარდა ამისა, თქვენი ინგლისურენოვანი წიგნის სათაურია „ლონდონი, როგორც მეორე ენა“. ასევე ვიცით, რომ თქვენ მთელ მსოფლიოში აგროვებთ სიტყვებს, ფრაზებს, რომლებიც მოცემული ქვეყნის ენაზე ყველაზე უკეთ, ლაკონიურად გადმოსცემენ ამ ქვეყნის არსს. ხომ არ არის თბილისში თქვენი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ენის შესწავლა? ისე, კარგი შენაძენი იქნება თქვენი კოლექციისთვის - თქვენ ხომ ექვს ენაზე ლაპარაკობთ.

სულ ახლახან წავიკითხე კლოდ ლევი-სტროსის საოცარი ტექსტი, რომელშიც იგი აღწერს ევოლუციის, ასე ვთქვათ, ნულოვან ფაზაში მყოფ ტომს: ღამე ტანზე არაფერს იფარებენ, ისე სძინავთ, მხოლოდ ნაკვერჩხლებში გორაობენ, თუ ძალიან შესცივდათ. არც ხატავენ, წერა-კითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ერთ მშვენიერ დილას ლევი-სტროსი იღვიძებს და რას ხედავს? ამ ველურ ადამიანებს აუღიათ მისი საწერი კალამი და ბლოკნოტი და ავლებენ კლაკნილ ხაზებს - აშკარად ისე იქცევიან, თითქოს ამ კლაკნილ ხაზებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ისინი თავად ანიჭებენ ამ კლაკნილ ხაზებს მნიშვნელობას! სახეზეა უკვე ჩამოყალიბებული სოციალური სტატუსი, სოციალური სეგმენტაცია, რომელიც, ლევი-სტროსის თანახმად, წარმოადგენს დამწერლობის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს ეფექტს კაცობრიობის ისტორიაში: ძალაუფლება და არა კულტურა, მეხსიერება თუ შემოქმედება. რატომ ვახსენე ეს ისტორია? საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია, უკეთ გავეცნო თქვენს ულამაზეს ანბანს, მეც ვისწავლო თქვენი უმშვენიერესი კალიგრაფიის ნიმუშების იმიტირება და ჩემებური ინტერპრეტაცია, მნიშვნელობა მივანიჭო მათ. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ამის გაკეთება არ უნდა გამიჭირდეს.

არსებობს „თქმულება“, რომ პოეტს საკუთარი ენისა და რიტმის მისაგნებად უფრო მეტი ბრძოლა სჭირდება, ვიდრე პროზაიკოსს, რადგან პოეტმა უნდა გადალახოს ტრადიციული ლექსის ზღუდეები, კონკრეტული კულტურის პოეზიის ტრადიციები, თავი ჩაიყენოს იმ მკითხველის მდგომარეობაში, რომელსაც ლექსზე სტერეოტიპული წარმოდგენები აქვს... რამდენად ეთანხმებით ამ თქმულებას? პირადად თქვენ რამდენ ხანს იბრძოლეთ საკუთარი სტილის მისაგნებად და დასამკვიდრებლად (ანუ რომ ეღიარებინეთ)?

უნდა ვაღიარო, რომ ამ მხრივ სირთულეებს ვაწყდები, რადგან ძალიან მიყვარს ტრადიციული პოეზია. ამიტომაც ვცდილობ, შესაბამისად „აღვჭურვო“ უფრო თანამედროვე სტილის მოყვარულები, რათა მათ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ თავიანთ ლიტერატურულ მოგზაურობაში, აწონ-დაწონონ თითოეული ნაბიჯი, გაითავისონ პროსოდია და შეიგრძნონ პენტამეტრის სუნთქვისეული სიგრძე, შეისისხლხორცონ ის გზები, რომლებითაც სონეტი ხატავს უზადო კვადრატს მოძრავი საგნების ჩვენეულ აღქმაში.

მიუხედავად ამისა, ჩემი ბოლო წიგნის გამოცემის შემდეგ ოდნავ სხვა მიმართულებითაც დავინტერესდი. როგორც უკვე აღნიშნეთ, ამჟამად ვაგროვებ პროზაულ ტექსტებს და ვიკვლევ სპეციფიკურ, უთარგმნელ სიტყვებს იდუმალებით მოცული ეტიმოლოგიით, რომლებიც გამოხატავს კულტურულ თუ კლიმატურ თავისებურებებს. და მაინც, ამ ტექსტებზე მუშაობისას თავს ვიჭერ, რომ ისევ პოეტური ხერხების „არსენალს“ ვიყენებ: რითმები, სიმეტრია, სიტყვების ჯაჭვი, მარცვალთა განლაგების წესები, თემების ვარიაციები, ფონეტიკურ-სიმბოლური რესურსები, მეტალიტერატურული გადახვევები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი, სხვა ხერხებთან ერთად, თითოეული სტრიქონის რამდენიმე ფენად გაშლის ნაცვლად, რბილდებიან, იხსნებიან, ითქვიფებიან და ხან გვიმღერიან და ხან გვიამბობენ რაღაცას.

პროზისგან განსხვავებით, ძალიან სპეციფიკურია პოეზიის კრიტიკოსობა, რეცენზირება. თქვენ - თქვენი ფართო საგამომცემლო არეალიდან გამომდინარე - ალბათ, ძალიან ფართო  პრესა გქონიათ, გამოხმაურებებით, ანოტაციებით, შეფასებებით... თუ გაიხსენებთ ისეთ შეფასებებს კრიტიკოსების მხრიდან, რომლებიც თქვენ, როგორც ავტორს, გაგკვირვებიათ და გითქვამთ: მე ხომ ამაზე არ დამიწერია?

სწორედ ასეთია ჩემი პირველი რეაქცია ჩემი პოეზიის შესახებ დაწერილთან დაკავშირებით. შემდეგ ვწყნარდები, თავიდან ვკითხულობ და ნელ-ნელა ვხვდები, თუ რაზეა ლაპარაკი.

თქვენ ლექსებში, შედარებით მოკლე იქნება თუ გრძელი, მუდმივად გაქვთ თაობათა შორის დიალოგი, ადგილებს შორის დიალოგი... თქვენ თქვენს თავზე იღებთ შუამავლობას, ინტერპრეტატორობას, ტრნასმიტერის ფუნქციას, ვთქვათ, თქვენზე უფროს და ჯერ დაუბადებელ თაობებს შორისრა არის ეს: სტილია?  ავტორისეული ფუნქციაა?

აქ აკვიატებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. აკვიატება დიდ როლს ასრულებს ჩემს შემოქმედებაშიც (პოეზიაც და ახლა პროზაც, სადაც ყველა სიტყვა დაკავშირებულია ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილთან, იქნება ეს კერალა, რიო-დე-ჟანეირო, ამბრი, რამალა, ლოკარნო, ბუენოს-აირესი, მოსკოვი თუ სხვა) და პირად ცხოვრებაშიც. მაგალითად, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ლონდონში იმიტომ გადავსახლდი, რომ აქ აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობს - ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხედავ, როგორ მიემგზავრებიან და ჩამოდიან, მიდიან და მოდიან ადამიანები, რაოდენ მნიშვნელოვანია და აუცილებელი ყოველ ჯერზე ყველაფრის თავიდან დაწყება და დალაგება.

ჩემი აზრით, იმისთვის, რომ გაიგო, თუ რატომ აკეთებ რაღაცას, უნდა გააგრძელო ამის კეთება. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაცას აკეთებ მხოლოდ იმისთვის, რომ იპოვო ის, რაც ბავშვობაში საძინებელში დატოვე - „ვარდის კოკორი“[1] ან ნებისმიერი სხვა რამ - თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს უნდა იყოს მოტივაცია, რომ განაგრძო ძებნა, თუნდაც სხვაგან.

როცა თქვენს ლექსებს ვკითხულობდი და შემდეგ ვთარგმნიდი, სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დეფამილარიზაცია გჭირდებოდათ რაღაც საგნების, მოვლენების, მათი ისე აღწერის, თითქოს პირველად ხედავდით პირადად თქვენც და არც მათ ენახათ ისინი არასდროს, ვინც თქვენს ლექსებს წაიკითხავდა. ხე ტბის პირას, ძველი ბიბლიოთეკა ნაალყარ ქალაქში, ქუჩები, ნამდვილი ქალი კომპიუტერის ეკრანზე, რომელიც თითქოს სხვა იყო... პროზაში ეს მიდგომა დიდი ხანია აღწერილია, მაგრამ პოეზია აქამდე არ იჭირვებდა ასეთ ხედვას...

აქ, ალბათ, საკვანძო სიტყვაა დეფამილარიზაცია, ასევე დეფამაცია, დამარცხება და სიკვდილი. თუმცა თქვენს პირველ კითხვაზე პასუხიდან ჩანს, რომ მე არჩევანს მაინც ორაზროვანზე, არაერთგვაროვანზე, ყველგან მყოფსა და დანაწევრებულზე ვაკეთებ. აქ მახსენდება დერეკ უოლკოტის ლარნაკი: დაამსხვრიეთ ლარნაკი და შემდეგ შეაწებეთ, და ნახავთ, რომ პროცესში ჩაქსოვილი სიყვარულის მიზეზით იგი ბევრად უფრო ღირებული იქნება თქვენთვის, ვიდრე იყო დამსხვრევამდე. მსგავს რამესთან გვაქვს საქმე, როცა უცხო ქვეყანაში შინ გრძნობ თავს და, პირიქით, შინ უცხოდ გრძნობ თავს. ბევრ ლექსში მე ვეხები ძალიან ინტიმურ, პირადულ საკითხებს. დიდი ბედნიერებაა, როცა მკითხველი თავის მდგომარეობას ამოიკითხავს ხოლმე წაკითხულში, ზუსტად ისევე, როგორც მე, როცა დაწერილს ხელახლა ვკითხულობ. მე ვარ მთლიანი ლარნაკი, რომელიც ხარობს ლექსებში, მკითხველის ნამსხვრევებში საკუთარი თავის პოვნისას.

[1] ალუზია ორსონ უელსის ფილმზე „მოქალაქე კეინი“.