ამერიკელი პოეტი, მთარგმნელი, მკვლევარი, ლიტერატორი, დოქტორი იუჯინ  ოსტაშევსკი 1968 წელს ლენინგრადში დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საბჭოთა კავშირიდან ებრაელების პირველი ემიგრაციის ნაკადს გაჰყვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები იოსიფ ბროდსკის მეგობრები იყვნენ. იუჯინი  თინეიჯერი იყო, როდესაც ბროდსკი გაიცნო. სწორედ მაშინ დაინტერესდა მეჩვიდმეტე საუკუნის პოეზიით, რადგან ბროდსკი დაუსრულებლად საუბრობდა მასზე. ოსტაშევსკიმ აღმოაჩინა, რომ ეს იყო კონცეპტუალური პოეზია, სადაც პოეტები თამაშობდნენ იდეებით, სიტყვებით და, საბოლოოდ, მკითხველი თავიანთ პოეტურ აღმოჩენებამდე მიჰყავდათ. 

იუჯინ ოსტაშევსკიმ დისერტაცია შედარებით ლიტერატურაში სტენფორდის უნივერსიტეტში დაიცვა. ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და ასწავლიდა პარიზის, ნიუ-იორკისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მისი შემოქმედება აღინიშნა მრავალი ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთი, მათ შორისაა: Preis der Stadt Münster für Internationale Poesie, DAAD Berliner Künstlerprogramm prize, ALTA National Translation Award, ქალაქ მიუნსტერის საერთაშორისო პოეზიის პრემია, ბერლინის DAAD-ის მწერალ-რეზიდენტის ჯილდო, „ალტას“ ეროვნული მთარგმნელობითი პრემია და ა.შ. ის არაერთი კვლევისა და წიგნის ავტორია. მისი კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს OBERIU - 1920-30-იანი წლების ლენინგრადელი ავანგარდისტების ჯგუფი, რომელსაც უძღვებოდნენ ალექსანდრ ვვედენსკი და დანიილ ხარმსი, ჯგუფის ისტორია და შემოქმედება, ფუტურიზმის, განსაკუთრებით კი, რუსული ფუტურიზმის ისტორია. 

იუჯინ  ოსტაშევსკის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია „მეკობრე, რომელმაც არ იცის რას უდრის პი“.  ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამ წიგნის შესახებ ამბობს: წიგნზე შეიძლება ითქვას, რომ ესაა ნოველა, რომელიც ძირითადად ლექსებისგან შედგება და ჰყავს ორი გმირი - მეკობრე და თუთიყუში (კაკადუ). წიგნი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. პირველი ნაწილი შეიცავს შეკითხვებს მეკობრესა და მის თუთიყუშს შორის განსხვავებისა და მსგავსების შესახებ, რამაც შეიძლება „ელისი საოცრებათა ქვეყანაში გაგვახსენოს:

„რა განსხვავებაა ყორანსა და მერხს შორის?“ საბოლოოდ კი ამ შეკითხვას პლატონამდე მივყავართ, შედარების მისეულ პრინციპებამდე. რაც შეეხება მეკობრესა და მის თუთიყუშს, აქ დამატებითი სირთულე არის ის, რომ ისინი ამავდროულად ერთნაირებიც არიან. ინგლისურად, ხმოვნები რომ გამოვტოვოთ, ორივე სიტყვა, მეკობრეც და თუთიყუშიც ასე დაიწერება: PRT.  შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ებრაელი პლატონი მივიღეთ. წიგნის მეორე ნაწილი უმთავრესად მეკობრის სიმღერებისგან შედგება. მათ შორისაა მეზღვაურების სიმღერები, სკოლის ჰიპ-ჰოპი, სიმღერა, რომელსაც მამა მიმღეროდა, როცა პატარა ვიყავი. მესამე ნაწილი ეძღვნება სკეპტიციზმს. ამ ნაწილში მეთოდს, რომელსაც მიმართავდნენ იმისთვის, რომ თუთიყუშისთვის ლაპარაკი ესწავლებინათ, სპარსი ფილოსოფოსის, ბაღდადელი ალ- ღაზალის სკეპტიკურ ექსპერიმენტს ვადარებ. ალ-ღაზალი თავის ექსპერიმენტებში დეკარტზე შორს წავიდა, რადგან ის იკვლევდა არ მხოლოდ სწავლის პროცესს, არამედ მიზეზებსაც. წიგნის მეოთხე ნაწილში მეკობრისა და თუთიყუშის გემი კატასტროფას განიცდის, რაც იმიგრაციის მეტაფორას წარმოადგენს. ძირითადად, ის  განიხილავს, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული ენა ამ ენაზე მოსაუბრეთა აზროვნების მოდელზე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს თარგმანსაც ეხება, უფრო მეტიც, თარგმანის წინააღმდეგაც კია მიმართული. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წიგნი ეხება მეკობრესა და თუთიყუშს, იმას, თუ როგორ ახერხებენ თუ ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, თუ როგორ ესმით თუ არ ესმით ერთმანეთის, უყვართ თუ არ უყვართ ერთმანეთი. არაერთმა მკითხველმა ისიც თქვა, რომ ეს წიგნი ქორწინების სირთულეს ასახავს“.

კრიტიკოსები წერენ, რომ თქვენი პოეზიით, თქვენთვის დამახასიათებელი სიტყვებით თამაშით, ენას იკვლევთ. რა დასკვნამდე მიხვედით ამ კვლევის შედეგად?

მე ვიზიარებ რენესანსის დროის სკეპტიკოსის, ფრანცისკო სანჩესის აზრს, რომელიც  თავის შრომაში Quod Nihil Scitur („იმის შესახებ, რომ არაფერია ცნობილი“) ამბობს, რომ შეუძლებელია, საკითხის აბსოლუტურ მნიშვნელობას ჩავწვდეთ, რადგან მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია სხვა მნიშვნელობებზე. ჩვენ ვამბობთ რაღაცას, რისი აზრიც ბოლომდე არ გვესმის, მხოლოდ იმიტომ ვამბობთ, რომ „სწორად ჟღერს“. სწორად კი იმიტომ ჟღერს, რომ სმენას აკმაყოფილებს, ან გრამატიკულ ნორმებს თანხვდება, ან თეორიულ პრინციპებს, ან სოციალურ მოთხოვნებს. როდესაც რაღაცას ვამბობთ, ჩვენ ვმონაწილეობთ დიალოგში, ან საუბარში, სადაც უამრავი ხმა ისმის. რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვები კონკრეტული რეპლიკის პასუხია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენთვისაც კი მოულოდნელ აზრს გამოვთქვამთ, ეს მოულოდნელი მოულოდნელობა აღმოჩნდება ხოლმე. ფორმა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობს საზომი ისეთი ცნებისა, როგორიცაა შინაარსი, თუმცა, არსებობს ფორმის გრადაციები. 

რას იტყვით იუჯინ ოსტაშევსკის, როგორც პოეტისა და პერფორმერის შესახებ? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც პოეზიას დიდად არ კითხულობენ, ლექსის მხოლოდ წაკითხვა აღარ არის საკმარისი და ლექსის კითხვას თან უნდა სდევდეს პერფორმანსი, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, არის რაღაც ვორქშოფის მსგავსი, რომელიც გასწავლის, როგორ წაიკითხო, ან თუნდაც გაიგო ლექსი?

მე ჩემი ლექსების კითხვის თანმდევი პერფორმანსი წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს, უბრალოდ, ასე გამოდის, რადგან ხმამაღლა კითხვის დროს სიტყვებს სწორად წარმოვთქვამ. ზოგჯერ დიდ დროსაც კი ვანდომებ იმის გარკვევას, თუ როგორ უნდა წავიკითხო ჩემი ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ  წერის დროს ჩემთვის ყველა სიტყვის ჟღერადობა მესმის. დიდ დროს ვანდომებ იმის გარკვევას, თუ როგორ წარმოვთქვა სხვათა გასაგონად ის, რაც მე შიგნიდან მესმის, როგორ გავახმოვანო ჩემი საკუთარი შიდა ყური. ისტორიულად, მე ამერიკელი პოეტი კი ვარ, მაგრამ რუსული პოეზიით ვარ ფორმირებული: იმ რუსული კლასიკური პოეზიით, რომელსაც ყველა ციტირებს. ჩემს ლექსებში რითმები არატრადიციულია, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩემი ლექსები აღწერენ გემის კატასტროფას, სადაც გემი კლასიკური ტრადიციაა. 

დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვანი ადამიანების სოციალურ-პოლიტიკურ როლზე. აუცილებელია, ხელოვანები სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ, თუ მხოლოდ თავიანთი, იზოლირებული ცხოვრებით უნდა იცხოვრონ? 

ჰო, თუმცა, იეტსი 1919 წელს წერდა: „საუკეთესო ადამიანებს არ აქვთ არანაირი რწმენა, ხოლო ყველაზე ცუდები კი აღვსილნი არიან ვნებიანი დაძაბულობით“. ზოგჯერ საუკეთესოთა ხვედრია ის, რომ მათ აქვთ ყველანაირი რწმენა. მე მგონია, რომ რწმენა საშინელი ფენომენია, ის გაბრმავებს, და ამიტომ ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს.

არა, მგონი, ეს არ იყო კარგი პასუხი ამ შეკითხვაზე. ახლა ვეცდები, თავიდან ვუპასუხო: დიახ, ხელოვანი ადამიანები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ისინი არიან მოაზროვნე ადამიანები, და არა იმიტომ, რომ ხელოვანები არიან. მგონი, ეს უკეთესი პასუხი გამოდგა. 

უამრავი ლიტერატურული მიმდინარეობა არსებობს, ლიტერატურულმა სამყარომ  უამრავი ცვლილება განიცადა. რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს ამჟამად პოეზიაში? როგორ შეიცვლება ტექსტი უახლოეს მომავალში? 

დღეს სულ უფრო და უფრო მეტი პოეზია იწერება, მაგრამ, პოეზია სულ უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება. ის დაახრჩო პოპმა: მუსიკამ, ფილმებმა, კომერციულმა ტექსტებმა, ინტერნეტმა. აზრების რთულად გამოხატვა ვერ გაეჯიბრება აზრების მარტივად გამოხატვას. თუ პოეტს უნდა, რომ პოეტობა შეინარჩუნოს, მან რთული გზით საუბარი უნდა აირჩიოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რთული ენით უნდა წეროს, არამედ იმას, რომ მან რთული რაღაცები უნდა თქვას, ისეთი რამეები, რომელსაც მარტივად ვერ იტყვი.  ენა კი ისეთი მარტივი უნდა იყოს, როგორიც იმის სათქმელადაა საჭირო, რასაც სხვაგვარად ვერ იტყვი. 

რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები ლიტერატურულ პროცესებზე ამ ლიტერატურული ტექსტის ფორმებზე? რა ელის დაწერილ სიტყვას? ხომ არ არის ის განწირული გადაშენებისთვის?

საერთოდ, კაცობრიობას გადაშენება ემუქრება, ამიტომ არ მესმის, დაწერილი სიტყვა რატომ უნდა იყოს გამონაკლისი.

„ლექსი არის ფანრის შუქი, აღმოჩენებისთვის საჭირო ინსტრუმენტი“, - ამბობს ერთი ძალიან ცნობილი და პოპულარული ამერიკელი პოეტი. თქვენ რა აღმოაჩინეთ საკუთარი ან სხვისი პოეზიის საშუალებით?

მე აღმოვაჩინე, რომ შეგიძლია ითამაშო სიტყვებით; აღმოვაჩინე, რომ შეგიძლია გამოიყენო კალამბურები; აღმოვაჩინე, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე რამ თქვა ერთდროულად. ისიც აღმოვაჩინე, თუ როგორ აკავშირებს ერთი სიტყვა ერთმანეთთან ისეთ ცნებებს ან იდეებს, რომლებიც თითქოს მხოლოდ ირიბადაა ერთმანეთთან კავშირში, ან, შესაძლოა, სრულებითაც არ არის. წერა ჩემთვის გახდა მცდელობა, ჩავწვდე ლოგიკას, თუ როგორ თანაარსებობს სხვადასხვა აზრი თუ კონცეფცია ზმნის ერთ ფორმაში. სინოლოგი ერნესტ ფენოლოზა 1900 წელს წერდა, რომ პოეზია უნდა აღორძინდეს ეტიმოლოგიების საშუალებით, ანუ იმ სამყაროს ძიებით, რომელმაც ჩვენი სამყარო შექმნა ისე, როგორც კვარცი იქმნება დანალექი ქანებისგან. ამავდროულად, რაციონალურად რომ მივუდგეთ, მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ყოველდღიური ენა რეალობას ასახავს. როგორც პოეტი, ვამბობ, რომ სიტყვებით თამაში ყოველთვის რაღაც ახალს მასწავლის სამყაროს შესახებ. 

იყო პოეტი, ნიშნავს „მხრებით ატარო სამყარო“?

“carry the world upon your shoulders”? (The Beatles “Hey Jude”)

რა თქმა უნდა, მაგრამ არა სხვა დანარჩენზე მეტად. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას და რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. ეს პოეტების მოვალეობაა, რადგან მუშაობა უწევთ სიტყვებთან, სიტყვები კი რეალობის მოდელს წარმოადგენს. მეორე მხრივ, სიტყვები მხოლოდ პოეტების კი არა, ყველას საფიქრელია, პოეტებისაც და არაპოეტებისაც. ასე რომ, ყველას მოვალეობაა „მხრებით ატაროს სამყარო“, ან, უკეთესი იქნებოდა, ყველამ პირით ატაროს თვალები.

ჩვენ ყველანი მოუთმენლად გელით საქართველოში საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე. საერთოდ, რისთვის იმართება ასეთი ფესტივალები, რატომ იკრიბებიან ხოლმე პოეტები? 

დიდი სიხარულით ველი საქართველოში ჩამოსვლას, ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის მინდოდა მოხვედრა. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას მოწვევისთვის და ვიმედოვნებ, რომ იქ გავცემ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ და რისთვის იმართება ასეთი ფესტივალები, რატომ იკრიბებიან პოეტები.

მაშინ, ამ შეკითხვას თბილისში კიდევ ერთხელ დაგისვამთ.

თქვენ ფესტივალზე გაიცნობთ ახალ პოეტებს, მოუსმენთ ლექსებს. როგორი ლექსი მოგაჩნიათ კარგ ლექსად? არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რითაც პოეზიის შეფასება შესაძლებელია?

ძალიან რთულია ჩვენს გლობალურ სამყაროში შევთანხმდეთ რაიმე კრიტერიუმზე. მაიკლ პალმერს აქვს რამდენიმე იდეალური ლექსი, ასევე ლევ რუბინშტეინსაც. თუმცა, იმავე კრიტერიუმებით, ის ლექსები სულაც არაა იდეალური. 

11 წლის იყავით, როცა ამერიკაში ემიგრაციაში წახვედით, რა გახსოვთ თქვენი ბავშვობიდან?

არ ვიცი, უამრავი რამ წამეშალა მეხსიერებიდან ემიგრაციის სირთულეების გამო. მახსოვს ადამიანები, რომლებთანაც დიდი სიახლოვე მაკავშირებდა, ახლა ბევრი მათგანი უკვე გარდაცვლილია, რაც ჩემთვის უაღრესად მტკივნეულია. მე ორი გოგონა მყავს, ათი და ოთხი წლის, და ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ მათ არასოდეს უნახავთ არც ჩემი ბებია-ბაბუა და არც მამაჩემი. ჩემმა შვილებმა რუსული არ იციან, ასე რომ, ესეც ტოტალური ცვლილებაა - ქვეყანა, ენა, ყველაფერი. ერთხელ ვნახე, როგორ აკეთებდნენ ბუდისტი ბერები ქვიშის მანდალას, რომელიც მაშინვე იფშვნებოდა. ეს მგონი, პოეზიაზე გაცილებით უკეთესი ხელოვნების ფორმაა.

თქვენი ქალიშვილებისთვის თუ წაგიკითხავთ თქვენი ლექსები?

არა, მათთვის სპეციალურად დავწერ წიგნს. მგონი, ჩემი ლექსები ძალიან „ბიჭურია“.

თქვენ ორი მშობლიური ენა გაქვთ. რა არის ბილინგუალობის უპირატესობა, ან  ყველაზე ცუდი მხარე?

წარმოიდგინე, რომ ხარ კენტავრი. ბილინგუალობაც იგივეა - ხან ცხენებში გადიხარ, ხანაც ადამიანებში. ცხენები გეუბნებიან, რომ კისერზე უფრო დიდი კუნთები უნდა გქონდეს, ხოლო ადამიანები გეუბნებიან, რომ დიდი ტრაკი გაქვს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ დღეს ყველა კენტავრია.  

თავს ამერიკელ პოეტად მიიჩნევთ თუ რუს პოეტად, რომელიც ინგლისურად წერს?

მე არ მწამს ნაციონალური ლიტერატურის. ნაციონალური ლიტერატურა ორ ხელოვნურ ყრუ კედელს ქმნის. პირველი კედელია ენა, რომლის მიხედვით ნაბოკოვი, გარკვეულ ეტაპამდე, „რუსულ ლიტერატურას“წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ის აღარ იყო „რუსული ლიტერატურის“ წარმომადგენელი. მეორე კედლად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ ხალხი, მაგალითად, ამერიკელები და კანადელები, რომლებიც, ნაციონალური და ეთნიკური იდენტობის ხაზგასმით, კედლის აღმართვას ცდილობენ, რითაც საზღვარს ავლებენ იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს. საბოლოოდ კი, ეს საზღვრები ძალიან სუსტი და გამჭვირვალეა. მინდა ვთქვა, რომ იდეოლოგიურად, პროგრამულად თუ თეორიულად, მე ვეწინააღმდეგები ნაციონალური ლიტერატურის ცნებას, რადგან არ მიმაჩნია რეალისტურად. ასე ლიტერატურა არ მუშაობს.

როგორც თქვენი წიგნის, „მეკობრე და კაკადუ (თუთიყუში)“ მთარგმნელი, ვიტყოდი, რომ თქვენს ლექსებს არა მხოლოდ თარგმნა და სიტყვებით თამაში, არამედ სათანადო ინტერპრეტაციაც სჭირდება, რადგან მათში მრავლადაა ალუზიები, სიმბოლოები, და საბოლოოდ ვერც კი გაიგებ, თქვენს მეკობრესა და მის თუთიყუშს ერთმანეთი უყვართ თუ სძულთ. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროდან არიან და ერთმანეთს გადაეყარნენ. ასეთი ტექსტი იმის გამო დაიწერა, რომ თქვენ გარშემოც ხშირად იცვლება სამყარო?

კი, მართალია, რომ ეს წიგნი ძირითადად ორენოვან თუ ე.წ. ორკულტურულ ადამიანს ასახავს. თუმცა, ის ზოგადად დუალიზმს ეხება, დიალოგს, რითმებს, ურთიერთშეთანხმებას. ძირითადად, წიგნი არის იმიგრაციაზე, და იმაზე, თუ რას ნიშნავს, როცა იმ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც შენს მშობლიურ ენაზე არ საუბრობენ.  მეკობრე და კაკადუ სხვადასხვაგვარად მეტყველებენ. როდესაც სხვადასხვა პერსონაჟი გყავს, აუცილებელია, რომ ისინი ლინგვისტურადაც განსხვავდებოდნენ. წერის დროს გავაცნობიერე, რომ თუთიყუშის მშობლიური ენა ინგლისური არ არის და საერთოდაც, თუთიყუშისთვის ადამიანური ენა ყოველთვის უცხო ენაა. მერე ცხოველთა შემეცნების უნარზეც წავიკითხე. რეალურად ისინი სხვა კულტურის, ანუ განსხვავებულობის უკიდურეს ფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ვიტგენშტაინის ცნობილი ფრაზაა: ლომს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ჩვენ მას მაინც ვერაფერს გავუგებდით“. თუთიყუში ყოველთვის ასოცირდება სიტყვების მრავალჯერ გამეორებასთან. ჩვენც ასე ვართ, მშობლიური ენაც კი არ არის ჩვენი ენა, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ სიტყვებს, მრავალჯერ გამეორებით ვსწავლობთ.

რადგან დუალიზმზე ვსაუბრობთ, გკითხავთ: სქესთა შორის ბრძოლა მართლა არსებობს? და ქალ და მამაკაც პოეტებს შორისაც თუ მიმდინარეობს ასეთი ბრძოლა? 

რა თქმა უნდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაქორწინებულები არიან.

საერთოდ კი, რადგან სქესი ვახსენეთ, უნდა ვთქვა, რომ როდესაც ამ წიგნს ვწერდი, სულ ვცვლიდი თუთიყუშის სქესს. საქმე ისაა, რომ ძველ წიგნებში თუთიყუშს “she” (მდედრობითი) ნაცვალსახელით  მოიხსენიებდნენ, რადგან ადრე ინგლისური ენის წესების მიხედვით, ჩიტებს მდედრობითი სქესი შეესაბამებოდათ. რაც შეეხება ნამდვილ თუთიყუშებს, მათი სქესის გაგება უბრალოდ მათი ამოტრიალებით შეუძლებელია, ამისთვის სისხლის ანალიზია საჭირო. თუ ადრე მათ მდედრად მოიხსენიებდნენ, ახლა მათ აღსანიშნავად გამოიყენება “it” - საშუალო სქესი, თუმცა გვხვდება ასევე  “he”, მამრობითი.

თუ ჩავთვლით, რომ ჩვენ ყველანი, რაღაცნაირად, მეკობრე და მისი თუთიყუში ვართ, მაშინ გამოდის, რომ აუცილებებელია, ყველამ ვიცოდეთ, რას უდრის პი?

პი ირაციონალური რიცხვია. ის უსასრულოდ გრძელდება და შესაძლებელია მისი ათწილადად გამოსახვა, ხოლო მას თავად არ აქვს ბოლო, პი უსასრულობაა. რა ვიცით უსასრულობაზე?

ახლა რას კითხულობთ? შეგიძლიათ დაასახელოთ ამჟამად უცნობი ავტორი, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს ლიტერატურულ სამყაროს?

ახლა ვკითხულობ “Fortunate Fallings” ბერლინში მცხოვრები უკრაინელი მწერლის ევგენია ბელორუსეტის წიგნს. ესაა მცირე მოთხრობების კრებული ქალების შესახებ,  ძირითადად, ეს ქალები კიევში მცხოვრები, დონბასის ომის შემდეგ ლტოლვილები არიან. ეს წიგნი სავსეა სასოწარკვეთითა და მშვენიერებით. მე არ ვიცი სხვა თანამედროვე წიგნი, რომელიც ასეთი თანაგრძნობითა და სხვების მიმართ პატივისცემითაა დაწერილი.