შეიძლება შეუძლებელი გადავწყვიტე. იმიტომ რომ ჯერაც არ ვიცი, რა და როგორ უნდა ვთქვა „ბრაზილიაზე“. ეს არ არის წიგნი, რომელზე თხრობასაც ასე დაიწყებ - ამა და ამ წელს დაიწერა, ამა და ამ მწერალმა დაწერა, ამა და ამ მიმდინარეობას ეკუთვნის, ამა და ამ ჩარჩოებში ჯდება - არაფერი მსგავსი, არაფერი ამასთან მიახლოებული. „შავიც ყავისფერის ელფერია. და თუ კარგად დააკვირდები, თეთრიც“ - ასე იწყება. „ბრაზილია“ ცასავით თეთრი იზაბელისა და მიწასავით შავი ტრისტაოს, ცასავით თეთრი ტრისტაოს და მიწასავით შავი, მიწასავით მოხატული იზაბელის წიგნია.

ტრისტაოს და იზაბელის ამბავი, დაწყებული კოპაკაბანას სახიფათო სანაპიროზე, როგორც ჯებირებიდან გადმოსული მდინარე, ჩაიღვრება ამ ქვეყნის ყველაზე მივარდნილ მხარეებში - გოიასის საბადოები, სერა-დუ-ბურაკო, მატუ-გროსუ, სარეველამოდებული ბორცვები და გვირაბები, მიტოვებული შახტები, მკვდარი დასახლებები, უკაცური ჯაგნარები, დაჭაობებული ტბები - წარეცხავს და როგორც მდინარე, უბრუნდება ისევ თავის კალაპოტს, იმავე გზით, და ოკეანის სანაპიროზე იკვრება და ირკალება - „თითქოს სიყვარულს თავდაპირველად ვეება კამარა შეეკრა, უცებვე შემოეფრინა ცაც და მიწაც და ახლა უკან დაბრუნებულს, სამუდამოდ და თავფეხიანად მოეცვა მთელი მისი არსება“.

რამდენი საფეხური შეიძლება აიარო სიყვარულის გზაზე? რამდენი საფეხური უნდა ჩაიარო სიყვარულის თვალუწვდენ ხევში, მიწის გულში ჩასასვლელად? რა შეგრძნებებით, რა ფერებით და ცოდნით შეიძლება აივსოს შენი ტანი თითოეულ ამ საფეხურზე, ფერისცვალების, იმ კაცის გვერდით წოლისას, „რომელმაც თაკარა მზესავით გაგახვია თავის სხივებში“, და როცა ის ხარ, ვისაც ერთადერთი, სიყვარულის ნიჭი დაგყოლია? იზაბელი - „გამონათება საკუთარი არსების წიაღში. და ესეც მისი გამოცდილების ნაწილად იქცა, საზღვრების გაფართოების კიდევ ერთ მცდელობად. დაუფიქრებლად გადაეშვა სრული მორჩილების წყვდიადში და იქიდან განწმენდილი გამობრუნდა“. ტრისტაო - „ამგვარ განმარტოებას თითქოს სამარის სუსხიც ახლდა, მაგრამ თან ერთგვარი ეროტიკულობითაც იყო დაღდასმული. ფსკერზე ბევრად უფრო გრილოდა, ვიდრე ზემოთ და ეჩვენებოდა, თითქოს დედამიწის მკერდში ჩამალულ უმთავრეს საიდუმლოს უნდა ზიარებოდა“.

მოგისმენიათ ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდე“? მეორე აქტი. მანდ არის ასეთი სცენა, სიყვარულის დუეტი ჰქვია. მოგისმენიათ? თუ არა, მოძებნეთ, განსაკუთრებით ფურტვენგლერის შესრულებით. პირველად იქნებ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა სამყაროს, ანდა სულაც სამყარომდელი სიმღერა, სადაც არ არის ხმა კაცის, არც ქალის, არც რომელიმე ერთი ინდივიდის, ეს მიწის გულიდან ამოსული ხმაა, რომელიც სიყვარულს უმღერის, სიყვარული მღერის.

„ბრაზილიაც“ სიყვარულის წიგნია, მსხვერპლის, თვითშეწირვის, ორი ადამიანის ერთმანეთში შესვლა-გარდასახვის, წყლის მიქცევ-მოქცევის, გაღების და დაბრუნების, სიყვარულის ძალის დადასტურების, ადამიანური საზღვრების მოშლის, ჭეშმარიტი არსის პოვნის, უსასრულო დღის და უკიდეგანო ღამის, სხეულის ზეიმის და „სიკვდილის წმინდა სისუფთავის“. „ბრაზილია“ ქალის წიგნია, ქალის არსების ტბის - „ნუთუ შეიძლება ჩემი სხეულის თითოეული ფორიდან სიყვარულის ეს მუდმივი ჟონვა მართლა ის აღმოჩნდეს, რაც ქალის სიყვარულს წებოვანი თესლის ამოფრქვევისას დაჭრილივით მგმინავი კაცის ხანმოკლე ნეტარებისაგან განასხვავებს? ეს ხომ შეუდარებლად სწრაფწარმავალია ქალის სიყვარულის უსასრულო მდინარებასთან, მარადიულ ჩუქებასთან, მისი არსების ტბის ზედაპირიდან სიყვარულის მუდმივ აორთქლებასთან, საყვარელი მამაკაცის სიტკბოებით შთანთქმასთან შედარებით“.

გამომცემლობა „დიოგენე“

თარგმანი :
  • ზაზა ჭილაძე
ავტორი :
  • მედეა იმერლიშვილი
You voted '-1'.