ავსტრიელ მწერალ მანფრედ ხობოტს ესაუბრა დათო ბარბაქაძე

ავსტრიელი მწერალი მანფრედ ხობოტი 1947 წელს დაიბადა ვენაში და მის სახელთან დაკავშირებულია ავსტრიული ლიტერატურისა და ავსტრიელ მწერალთა სოციალური მოძრაობისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მრავალი პროექტის ხორცშესხმა. ის, ასევე, ცნობილია, როგორც არა მხოლოდ გერმანულენოვანი, არამედ – ხაზგასმულად გერმანულენოვანი ავსტრიელი პოეტი, რომელიც თავგამოდებით იცავს ავსტრიული სამწერლო ტრადიციის დამოუკიდებლობას გერმანულისგან და მიიჩნევს, რომ ავსტრიული ლიტერატურა დიდი გერმანული ლიტერატურისგან პრინციპულად განსხვავებული ფენომენია, განსაზღვრული სპეციფიკურად ავსტრიული მახასიათებლებით.

თვით ხობოტის პოეტური მეტყველება და ცხოვრების სტილი 60-იანი წლების ევროპაში დაწყებული დიდი სოციალური და ესთეტიკური მოვლენებით არის ნასაზრდოები და პოეტი დღემდე ისტორიაში ალბათ ყველაზე უფრო ახალგაზრდული იმ ეპოქის იდეალთა ერთგულ დამცველად რჩება. ესთეტიკური და სოციალური მემარცხენეობა, რომლითაც განმსჭვალულია მისი პოეზია, პროზა, რადიოპიესები, ესეისტიკა და ფოტოგრაფია, მოიცავს ევროპული კრიზისული ცნობიერების მაღალმხატვრულ კრიტიკას. რა თქმა უნდა, როგორც 68 წლის სტუდენტური მოძრაობის ლიტერატურულ თაობაზე, მის ესთეტიკურ ჩამოყალიბებაზეც დიდი გავლენა იქონია ამერიკულმა ბიტ-მოძრაობამ, ნონკონფორმიზმის ფილოსოფიამ, რადიკალურმა ავანგარდულმა პრაქტიკამ.

მას მერე, რაც ავტორს, უსაზღვრო ტემპერამენტის და მართლაც რომ გამორჩეული ერუდიციის ადამიანს, გამოცდილებამ და ავსტრიულ ლიტერატურულ სამყაროში მოპოვებულმა ავტორიტეტმა შესაძლებლობა მისცა, სხვა წამყვან მწერლებთან ერთად, მონაწილეობა მიეღო ავსტრიის ლიტერატურული პოლიტიკის შექმნაში და თავისი ორიგინალური სახელოვნებო და საგამომცემლო იდეებიც განეხორციელებინა, მისი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო „ორგანიზატორის“, როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

და მაინც, მანფრედ ხობოტი, უპირველეს ყოვლისა, სიტყვის ოსტატია. მის პოეზიაში, რომელიც აგრძელებს გერმანულენოვანი ავანგარდული პოეზიის უმდიდრეს ტრადიციას, რომანტიკული, სასიყვარულო, სოციალური, ფილოსოფიური თემატიკა სწორედ ლექსის ასაგებად აუცილებელ აგურებად გადაქცეულან. ლექსი აქ თავისი ესთეტიკური შესაძლებლობებით, და არა უბრალოდ კრიტიკული შინაარსებით, ცდილობს თავისი ძლიერი საპროტესტო მუხტის ჩვენებას. ამ თვალსაზრისით, ხობოტის ესთეტიკაც და ეთიკაც ავსტრიაში იმ პოეტური რევოლუციის ტრადიციებს აგრძელებს, რომლის სათავეებთან, რა თქმა უნდა, ჰანს კარლ არტმანი იდგა. ხობოტი სწორედ არტმანს ასახელებს თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მასწავლებლად. აქ იგულისხმება არა მხოლოდ პირწმინდად პოეტიკური მოძრაობა, რომელიც არტმანმა დაიწყო ვენაში და მართლაც რომ გენიალური სისტემური ქაოტურობით აქცია ბევრი სხვა მოძრაობის საიმედო საყრდენად (თუნდაც, მაგალითად, დიალექტური ლექსი, რომელსაც ხობოტი, არტმანის სხვა „მემკვიდრეთა“ დარად, ათწლეულების მანძილზე წერს და აქვეყნებს), არამედ – აგრეთვე არტმანის პოეტური ფილოსოფია, რაც გულისხმობდა ადამიანური ყოფის ყველა სექტორის, მისი ცნობიერების ყველა ნაპრალის ამოვსებას პოეზიით, პოეტური სიტყვით.

ხობოტი არ განეკუთვნება იოლად სათარგმნი ავტორების რიცხვს. პირველ რიგში – იმიტომ, რომ მისი პოეტური ტროპი მდიდარი ენობრივი თამაშების ასპარეზია და ერთი და იგივე სიტყვა ან სიტყვების კომბინაცია ყოველთვის ისეთ კონოტაციურ საფარველშია გახვეული, რომ მისგან ერთი რომელიმე მნიშვნელობის „აწყობა-გამართვა“ სხვა მნიშვნელობების გაუწირავად ვერ ხერხდება. ამ დროს მთარგმნელსაც და მკითხველსაც არიადნეს ძაფის სახით ის ზოგადი ორიენტირები შეიძლება გამოადგეს, რომლებიც ავტორისთვის ფუნდამენტური შინაგანი მოტივების ხასიათს ატარებს. მაგალითად, ხობოტის ლექსების გადამწყვეტი უმრავლესობა სექსუალური კონოტაციების მატარებელია და ეს მოტივები სტრიქონიდან სტრიქონში, ლექსიდან ლექსში მდიდარი კომბინატორიკით გადათამაშდება; ასევე, სოციალურისა და სექსუალურის ურთიერთგადაკვეთის წერტილებში გაჩენილი მოულოდნელობები და მათი ფილოსოფიური პერსპექტივები, რაც შავი იუმორის უშრეტი წყაროა ავტორის პოეზიაშიც და პროზაშიც.

ხობოტის პოეზია არ არის ლამაზი, არც რიტმულად მდიდარი და მუსიკალურია (მიუხედავად იმისა, რომ ავტორს მუსიკალური სმენაც და განათლებაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ათწლეულების განმავლობაში რეგულარულად წერდეს რეცენზიებს სამუსიკო ჟურნალებისთვის). მისი მიმზიდველობა სწორედ ყოფითი მოულოდნელობების მიგნება-გამოსახვის ოსტატობაშია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ბიოგრაფიით მოიპოვება და ბუნებრივად, მეფოკუსის ტრიუკების გარეშე, ესთეტიკურად აუხეშებს ლექსს. ამით ხობოტის პოეზია ბიტნიკების პოეზიას ენათესავება. თუმცა, მისი ლექსების სტრუქტურა ყოველთვის გამოკვეთს პირწმინდად გერმანულ წესრიგს, რომელსაც გარნირად მისი ჩეხური ჩამომავლობისთვის შესაფერისი სლავური „ამოვარდნები“ მიმოეფინება.

ხობოტის თემატური აქცენტების პოეტიკაზე უდავოდ დიდი გავლენა იქონია, ერთი მხრივ, ჰავაის და ყოველივე ჰავაურის მიმართ მისმა უკიდურესმა სიყვარულმა (რაც მისთვის, საერთოდ, პოეზიის სიმბოლოდ იქცა), მეორე მხრივ კი – მოგზაურობის მიმართ მისმა „სისუსტემ“ (მგონი, ავსტრიელ ავტორებს შორის ის ყველაზე ხშირად მოგზაური პოეტია).

მანფრედ ხობოტზე ბევრია დაწერილი, არსებობს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საფუძვლიანი მონოგრაფიაც. ავტორს მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული პრემია და სტიპენდია. მიუხედავად იმისა, რომ არც მისი მემარცხენეობაა უწყინარი და არც მისი შავი იუმორია იოლად „მოსანელებელი“, ის თავისი ქვეყნის მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი და დაფასებული ავტორია. წინამდებარე ქართულ გამოცემაში წარმოდგენილია თითქმის ყველა ლექსი (მხოლოდ რამდენიმე, პრაქტიკულად უთარგმნელი, ლექსის გადმოქართულებაზე თქვა მთარგმნელმა უარი), რომელიც შესულია პოეტის ლექსთა შემდეგ ავსტრიულ გამოცემაში: 

ძვირფასო მანფრედ, 1970-იან წლებში, როცა შენი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოაქვეყნე, უკვე არა მხოლოდ გერმანულენოვან სივრცეში, არამედ მთელ ევროპაში მნიშვნელოვან მოვლენად იყო აღიარებული ავსტრიული ნეოავანგარდის ფენომენი (გერჰარდ რიუმი, კონრად ბაიერი, ფრიდრიხ ახლაიტნერი, ოსვალდ ვინერი, ელფრიდე გერშტლი, ერნსტ იანდლი, ფრიდერიკე მაირიოკერი...). რას ნიშნავდა შენთვის, როგორც ახალბედა ავსტრიელი ავტორისთვის, ეს საყრდენი, ერთდროულად როგორც გამართლება და ტვირთი?

 

ჩემი ახალგაზრდობის წლებში „ვენის ჯგუფს“ ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, პირველ რიგში, ამას ვიტყოდი ჰ. კ. არტმანზე, მის დიალექტურ ლექსებსა და მის ენობრივ თამაშებზე, რამაც ენის შესაძლებლობებში ჩამახედა (მაგალითად, „მე ძვირფასი მუმია ვარ, ეგვიპტიდან წამოსული“); ასევე – კონრად ბაიერის და გერჰარდ რიუმის ერთობლივი ტექსტები (რიუმმა როვოლტის გამომცემლობაში „ვენის ჯგუფის“ ანთოლოგია გამოსცა). იმავეს ვიტყოდი ბაიერის პროზაზე, მაგალითად, „მეექვსე გრძნობაზე“. ოსვალდ ვინერის „ცენტრალური ევროპის გაუმჯობესებამ“ ნაკლებად დამაინტერესა, მიუხედავად იმისა, რომ ეს „რომანი“ წავიკითხე. ერნსტ იანდლს და ელფრიდე გერშტლს დიდად ვაფასებ, განსაკუთრებით იანდლის მიერ გახსნილ ენის შესაძლებლობებს, და ასევე მიმაჩნია, რომ ის საკუთარი თავის გაუმეორებლობის დიდოსტატი იყო, მისი ყოველი ახალი წიგნი ახალი მეთოდით იწერებოდა. მას შეეძლო, ერთდროულად გარდასახულიყო კიდეც და არც თავისი „ხელწერა“ დაეკარგა, თავისი თავის ერთგული დარჩენილიყო. არტმანზეც იგივე ითქმის. გერჰარდ რიუმმა, ჩემი აზრით, ექსპერიმენტები არ განავითარა, ერთ წრეზე ტრიალებდა, მე მასთან „განვითარებას“ ვერ ვხედავ. მაირიოკერი ჩემთვის ზედმეტად „ჰერმეტული“ იყო, ის სრულიად საპირისპირო იყო იმისა, რასაც მე ლექსისგან მოველი: გასაგებობას. ჩემი აზრით, ლექსი „სუდოკუ“ არ უნდა იყოს, მე არ მიყვარს მარჩიელობა, რას უნდა ნიშნავდეს რაღაც და რა გამონათქვამი თუ მნიშვნელობა შეიძლება იმალებოდეს მის უკან. ასე რომ, იანდლის და არტმანის იუმორი ჩემთვის განუზომლად უფრო ახლობელი იყო. 70-იან წლებში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყვნენ „ბიტ-პოეტები“, მათი ენისა და მათი თემების რადიკალობა, არავითარი ტაბუ, არც სექსუალური და არც პოლიტიკური. პირიქით, ტაბუს მტრები იყვნენ ალენ გინზბერგი, მაიკლ მაკლური (სწორედ იგია ჯოპლინის „მერსედეს ბენცის“ ტექსტის ავტორი), ლორენს ფერლინგეტი, ჯეკ კერუაკი, ანე ვალდმანი (მე ის პირადად გავიცანი 2016 წელს ბრატისლავაში, პოეზიის ფესტივალზე). სან ფრანცისკოს სცენის გვერდით, იმავეს ვიტყოდი ნიუ იორკის სცენაზე: პირველ რიგში, უნდა დავასახელო ტული კუპფერბერგი თავისი ჯგუფით “The Fugs”, ეს „პანკამდე“ ბევრად ადრე შექმნილი პირველი „პანკჯგუფი“ იყო. გარდა ამისა, მაინტერესებდა ერთმანეთის გამომრიცხავი ორივე ისეთი პოეტი, როგორებიც ჩარლზ ოლსონი და რობერტ კრილი იყვნენ, პირველი თავისი გრძელი სტრიქონებით, როცა ყოველი სტრიქონი სუნთქვის ხანგრძლივობას შეესატყვისება, მეორე კი – თავისი მოკლე სტრიქონებით, რაც ჩემთვის უფრო ახლობელი იყო. და არც ბიტ-პოეტების „მამად“ შერაცხილი უილიამ კარლოს უილიამსი უნდა გამოვტოვოთ.

 

ანუ ყველაფერი, რაც, ერთი მხრივ, თავისუფლების მუსიკასთან იყო დაკავშირებული და რამაც ხელოვნების სამყარო არსებითად შეცვალა, მეორე მხრივ კი – მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის სული გააცოცხლა. ვენური მოდერნის პერიოდის ავსტრიული სახელოვნებო სცენა ხომ, პრაქტიკულად, ლიტერატურასა და ენის ფილოსოფიაში დღემდე ცოცხალი ყველა ტენდენციის არა მხოლოდ ეპიცენტრი, არამედ შემქმნელიც აღმოჩნდა.

 

ჩემი შემოქმედების სულ ადრეულ ფაზაში იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ლირიკას თუ მომავალი ჰქონდა, მხოლოდ – მუსიკასთან ანუ სიმღერის ფორმასთან კავშირში, და რომ ის ლირას უნდა დაბრუნებოდა. ბიტ-პოეტები ხშირად გამოდიოდნენ მუსიკოსებთან ერთად და ზოგიერთი მუსიკოსი ბრწყინვალე ლირიკოსიც იყო, მაგალითად, ბობ დილანი (რომელმაც დამსახურებულად მიიღო ლიტერატურაში ნობელის პრემია), ჯონ ლენონი, ჯიმ მორისონი, ასევე პეტი სმითი, რომლის შემოქმედებაში ტექსტი და მუსიკა ერთმანეთისგან გაუმიჯნავ მთლიანობას ქმნიდა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის დიალექტი განსაკუთრებით შესატყვისი იყო და ადრეულ ლექსებსაც მხოლოდ დიალექტით ვწერდი. დიალექტი ხომ თვალსაჩინო ცნებების ისეთ არსენალს ფლობს, როგორიც ლიტერატურულ ენას ან საერთოდ არ მოეპოვება, ან, თუ მაინც მოეპოვება, მხოლოდ – შეზღუდული რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ინტენსიურად დავიწყე მუსიკოსებთან ერთად მუშაობა. იმ დროს სიმღერების ავტორებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ პოეტურ ლიტერატურაში. ისინი ხშირად მიმართავდნენ პოლიტიკურ თემებს (მე ვფიქრობ, სიმღერების ავტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ცვენტენდორფის ატომური ელექტროსადგურის ამოქმედების საკითხი სახალხო რეფერენდუმმა უარყოფითად გადაწყვიტა). ტექსტისა და მუსიკის გამთლიანების აზრით, რაღაც ამის მსგავსი მოვლენაა ის, რაც მოგვიანებით სლამ-პოეტების აქტივობამ გააცოცხლა, ისინი ხომ თავიანთ ტექსტებს „მღერიან“ და „პერფორმირებენ“. რაც შეეხება ვენურ მოდერნს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ართურ შნიცლერი თავისი შინაგანი მონოლოგის „აღმოჩენითაც“ და ფსიქოლოგიური ასპექტის წინა პლანზე წამოწევითაც; პეტერ ალტენბერგი, რომელიც თავის ტექსტებს „სიცოცხლის ექსტრაქტებს“ უწოდებდა და ყოველდღიური ცხოვრების ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდებს აშუქებდა; ანტონ ქუ, რომლის მარგინალიები პოლიტიკურ ასპექტებს სასაცილოდ და სატირულად ააქტიურებდნენ; მერე – ალფრედ პოლგარი და ეგონ ფრიდელი, რომლებიც კაბარეტისტებიც იყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ზიგმუნდ ფროიდი, მისი სიზმრების განმარტება და სექსუალობაზე მისი ესეები.

 

ახლაც მახსოვს ათზე მეტი წლის წინანდელი ჩემი ძლიერი შთაბეჭდილება, როცა შენი გრამფირფიტების კოლექცია მაჩვენე. შენ ხომ რეცენზიებსაც წერდი სხვადასხვა სამუსიკო ჟურნალისთვის.

 

ჰო, ოთხიდან ხუთიათასამდე გრამფირფიტა დამიგროვდა. რაკი ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი მუსიკას და მათი ფლობაც მსურდა, გამიჩნდა იდეა (მაშინ რადიოში ვმუშაობდი, ერთი ყოველდღიური ახალგაზრდული გადაცემის თავისუფალი თანამშრომელი ვიყავი), რომ გრამფირფიტების რეცენზირება კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, ფირფიტები სტუდიებისგან საჩუქრად მიმეღო. ვწერდი სხვადასხვა ჟურნალისთვის და ისეც ხდებოდა, რომ თვეში 30 ფირფიტაც კი მიმიღია ფირმებისგან. ცხადია, ყველას რეცენზირებას ვერ შევძლებდი. პანკჯგუფები ჯერ კიდევ მომწონდა, მაგრამ რამაც მერე ბაზარი დაიპყრო – აღარ, ბასის გადამეტებული ბრახა-ბრუხი და გადაჭარბებული ელექტრონული ჟონგლიორობა. დისკო-მუსიკაც მოსაწყენი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი ეგრეთ წოდებული ეთნომუსიკით, მაგრამ ჟურნალებს ეს არ აინტერესებდათ, ერთმა ჟურნალმა შემიკვეთა რეცენზია, მაგრამ აღარ დაბეჭდა. ათი წელი ვიყავი რეცენზირებით დაკავებული და მერე ამ საქმეს შევეშვი.

 

რაც შეეხება დიალექტურ ლექსს, რომლისთვისაც დღემდე არ გიღალატია და რომელიც შენი, როგორც ავსტრიელი ავტორის, იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია: როგორ ჰარმონიზებდნენ/ჰარმონიზებენ შენს სუბიექტურ გამოცდილებაში ვერბალურად და ლინგვისტურად ერთ გარკვეულ კულტურულ ადგილს მიმაგრებული ენობრივი თამაშები და შენი კულტურული ღიაობა? მეორე მხრივ, მე სწორედ ეს ტიპობრივად ავსტრიული კულტურული თვითშეგნება აღმაფრთოვანებს, რომელიც მიზანმიმართულად ქმნის ლიტერატურაში თავის ენობრივ კოსმოსს და რომლისთვისაც სულერთია, რომ ეს ტექსტები სხვა ენებზე თარგმნას არ ექვემდებარება.

 

უნდა შეგეკამათო: საყოველთაოდ გავრცელებული შეცდომაა, რომ სხვა ენებზე დიალექტური ლექსის თარგმნა შეუძლებელია. პირიქით, შესაძლებელია! ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებში დიალექტური ლიტერატურა არ არსებობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ლექსების თარგმნა შეუძლებელია. მაგალითად, ჩემმა სლოვაკმა მეგობარმა და კოლეგამ, მარიან ჰატალამ, ჩემი დიალექტური ლექსები თავის რეგიონულ დიალექტზე თარგმნა და წიგნადაც კი გამოსცა. ჩემმა სხვა კოლეგებმაც თარგმნეს დიალექტური ლექსები თავიანთ დიალექტებზე – კარინტიულზე და ფორარლბერგურზე (ეს ავსტრიული დიალექტია, რომელიც არ განეკუთვნება ბავარიულ (sic!) დიალექტთა ჯგუფს, განსხვავებით სხვა ავსტრიული, ბავარიული, ფრანკული თუ სამხრეთტიროლური დიალექტებისგან, არამედ საერთო დიალექტურ ჯგუფს განეკუთვნება, როგორც შვაიცური დიალექტები). მე კი ერთი სამხრეთტიროლელი პოეტი ქალის ლექსები ლადინური ენიდან ვენურ დიალექტზე ვთარგმნე. ლადინური ენა რეტორომანული ენების ჯგუფს განეკუთვნება, ამ ენაზე შვაიცშიც ლაპარაკობენ. ურიგო არ იქნება იმის დაზუსტებაც, რომ ლადინური და რეტორომანული (ისევე, როგორც ესპანეთში კატალანური) ძველი ფორმებია, რომლებიც ლათინურიდან განვითარდა და შვაიცისა და სამხრეთ ტიროლის ხეობებშია შემონახული. ასე თუ ისე, ყველაფერი თარგმნადია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გარკვეული განსხვავებები სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მენტალიტეტსა და გარემოში. პოეზია (უმცირესობათა) ენებიდანაც ასევე ითარგმნება, ფინურიდან, ალბანურიდან თუ ბოშების აწინკნურიდან. დიახაც „ბოშები“, რადგან ეს სიტყვა სალანძღავი სულაც არ მგონია. არც უნგრულია ფართოდ გავრცელებული ენა, უნგრელი ბოშები კი თავის თავს ბოშებს (cigány) უწოდებენ (არც იმის მომხრე ვარ, რომ გერმანულში სიტყვა „ზანგი“, „Neger“ აიკრძალა; გამოვიდა, რომ იმ აშშ-ის სინდისის ქენჯნა გავიზიარეთ, სადაც nigger სალანძღავი სიტყვაა; თუმცა ეს სხვა თემაა, რომელიც ერთგან გამოწვლილვით მაქვს გაანალიზებული). აი, კიდევ რა: ჩემი დიალექტური ლექსები მევე ვთარგმნე ლიტერატურულ გერმანულზე და ორივე ვერსია ერთ წიგნად გამოვეცი. ქართული ენის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომაც მინდა, გკითხო: საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შორის ენობრივი განსხვავებები არ არსებობს? როგორ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ მშობლიური ენის მატარებელმა, საიდან მომდინარეობს ეს ენა? კუნძულის ხორვატული განსხვავდება კონტინენტის ხორვატულისგან, ნეაპოლსა და ვენეციაში სხვადასხვაგვარად ლაპარაკობენ, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში – სხვადასხვაგვარად, ტექსასში და ნიუ იორკში – სხვადასხვაგვარად; გერმანიაშიც ასეთივე ლოკალური ენობრივი განსხვავებებია ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ქვემოგერმანულსა და ბერლინურ გერმანულს შორის, ავსტრიულ გერმანულსა და გერმანიის გერმანულს შორისაც ასეთივე განსხვავებებია, გამოთქმებში, სიტყვის მარაგში და ა. შ. თარგმნის დროს ერთადერთი სიძნელე ისაა, რომ მთარგმნელი შესაბამის დიალექტს უნდა ფლობდეს, მაგრამ ლიტერატურული თარგმანის შუამავლობით ამ ბარიერის გადალახვაც შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დიალექტური ლექსების თარგმნას უპრობლემოდ შეძლებ, თუ მე პწკარედს მოგაწვდი. აი, ერთი კომპაქტური მაგალითი:

 

 

so füü drekk im nest

 

a nestbeschmuzza

is ana dea auf de scheisse

zaagt de aundare ins nest

gschissn haum

 

 

ეს რამდენი ქაქია (სიბინძურეა) ბუდეში

 

ბუდის შემბილწველი

არის ის ვინც იმ ქაქზე

მიუთითებს (ყურადღებას ამახვილებს) რომელიც სხვებმა

დადეს (ბუდეში დააკოსეს, დატოვეს)

 

 

ზოგჯერ ჩემი დიალექტური ლექსები უხეშია, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ დიალექტური ლექსი მაინცდამაინც ასეთი იყოს, ბევრი სრულიად „წესიერი“ დიალექტური ლექსიც დამიწერია, მათ შორის, სატრფიალო ან – სახალისო შინაარსის. აი, კიდევ ერთი მაგალითი:

 

 

entschuidigns

 

entschuidigns d schtearung

i kumm fom blindnfabaund

brauchns biaschtn oda besn?

 

fua da tia schteet

a oida maun mit an graun mauntl

 

brauchns ka biaschtn

fian buggl oda fias auto

 

i brauch niks naa

hob i gsogt naa daunkschee i hob ois

 

kaun ma niks mochn

niks fia unguat i hob nua gfrogt

 

ea hot gseifzt

d schuitan zukkt und is gaunga

 

      Refrain

 

i brauch fü net  

wos hob i ois wos i goa net brauch

 

fia wü fü scheiss

hob i scho gööd aussegschmissn

 

soit dea oide

wida kumma kauf i eam wos o

 

mia san net blind

mia segn ois mia haum den duachblik

 

anschtott wos zkaufn

schreib i jezt a teppates gedicht

 

      entschuidigns d schtearung

      i kumm fom blindnfabaund

      brauchns fileicht a brüün?

 

 

მაპატიეთ

 

მაპატიეთ რომ გაწუხებთ

უსინათლოთა გაერთიანებიდან ვარ

ჯაგრისი ან ცოცხი ხომ არ გჭირდებათ?

 

კარის წინ დგას

რუხპალტოიანი მოხუცი კაცი

 

ხომ არ გჭირდებათ ჯაგრისი

ზურგისთვის ან მანქანისთვის

 

მე არაფერი მჭირდება

ხომ ვთქვი არა გმადლობთ მე ყველაფერი მაქვს

 

რა გაეწყობა

საწყენად არ მითქვამს მხოლოდ ვიკითხე

 

მან ამოიოხრა

მხრები აიჩეჩა და წავიდა

 

რეფრენი

 

ბევრი რამ არ მჭირდება

რამდენი რამ არის რაც მე არ მჭირდება

 

რამდენ ქაქში (ნეხვში, ნაგავში)

მაქვს უკვე ფული გადაყრილი

 

თუ ეს მოხუცი

ისევ მოვა მისგან რამეს შევიძენ

 

ჩვენ არ ვართ ბრმები

ჩვენ ყველაფერს ვხედავთ ჩვენ განვჭვრეტთ

 

იმის ნაცვლად რომ რამე შევიძინო

მე ახლა იდიოტურ ლექსს ვწერ

 

მაპატიეთ რომ გაწუხებთ

უსინათლოთა გაერთიანებიდან ვარ

სათვალე ხომ არ გჭირდებათ?

 

 

ავსტრიულ ლიტერატურაში დიალექტურ ლექსს უკვე აქვს ტრადიცია, სულ მცირე, 1958 წლიდან, როცა ჰ. კ. არტმანის „შავი მელნით“ (“med ana schwoazzn dintn”) გამოქვეყნდა. ცამდე მართალი ხარ, როცა ამის უკან კულტურულ თვითშეგნებას ხედავ, რადგან მე ჩემს თავს ავსტრიელ მწერლად, გერმანულენოვან ავსტრიელად მოვიაზრებ. დუდენის ლექსიკონში კაცი ამოიკითხავს, ავსტრიული გერმანული გერმანული გერმანულის ვარიანტიაო. ამ თვალსაზრისს ვერ გავიზიარებ, რადგან შეიძლება პირიქითაც იყოს, ანუ შეიძლება გერმანული გერმანული ავსტრიული გერმანულის ვარიანტი იყოს. ამიტომაც ვსარგებლობ არა დუდენით, არამედ – ავსტრიული ლექსიკონით. დიალექტი ჩემი იდენტობის ნაწილია. მოხდა, რომ ერთთვიანი სტიპენდიით პარიზში ვცხოვრობდი. არადა, ფრანგული არ ვიცი. მთელი ერთი თვე დიალექტურ ლექსებს ვწერდი.

 

ჩვენ, ქართველებს, ოცზე მეტი ცოცხალი დიალექტი გვაქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გარდა ამისა, მრავალი დიალექტი (რაც ყველა ერისთვის ბუნებრივი მოვლენაა) ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გაქრა. სრულიად გეთანხმები იმაში, რომ ყველაფერი თარგმნადია. ბევრი ჩემი ექსპერიმენტი ეფუძნება ამ მორალს. პოეტურადაც და დინამიკურადაც სწორედ მსგავსი თარგმანებით მდიდრდება ენები (მათ შორის, სოციალური ენებიც). ჩემი აზრით, ჩვენს პოზიციებს შორის განსხვავება მხოლოდ შემდეგია: მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სხვა ენაზე დიალექტური ლექსის ტრანსფორმაციას თარგმანი ეწოდოს. დიალექტური ლექსი, ტიროლელი გლეხი წერს მას თუ – ვენელი ლიტერატურული პოეტი, პოეტური ტოტალობაა, რომელიც მტკიცედ არის მარკირებული ექსტრემალური ენობრივ-მუსიკალური, სოციოლექტური და ეთნოგრაფიული ნიშნებით. ცხადია, წარმატებით შეიძლება ასეთი ლექსის სემანტიკური მხარის „გამოთავისუფლება“ და პწკარედული თარგმანის მომზადება (სწორედ ასე იქმნება აკადემიური, კომენტირებული პწკარედული თარგმანები), მაგრამ დიალექტური ლექსის იშვიათი და – იმავდროულად – ექსტრემალური არსებობა ხომ სწორედ მისი ფორმაა ანუ – მისი სახე, მისი ეროტიკა, რომელიც განშიფვრას არ ექვემდებარება. მე ვფიქრობ, რომ ჰ. კ. არტმანმა, როგორც ავანგარდისტმა პოეტმა, დიალექტური ლექსის სწორედ ეს ასპექტი აღმოაჩინა, ანუ – დიალექტური ლექსი, როგორც წმინდა ფორმა, ექსტრემალური ავტონომია, როგორც ულამაზესი პროვოკაცია ტექნიკური საუკუნის საპირისპიროდ... ჩემი მთავარი მიზნიდან, შენი ინტერვიუირებიდან, რომ არ გადავუხვიო, მოდი, ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ და საუბარი განვაგრძოთ შენი ესთეტიკის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე (თუმცა აქვე ჩემს აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ სწორედ შენი თანადგომის წყალობით არ ვკარგავ იმედს – „მე-20 საუკუნის ავსტრიული ლირიკის“ მრავალტომეულის ერთი ტომი ავსტრიული დიალექტური პოეზიის თარგმანებს დავუთმო). შენ არ განეკუთვნები ავტორებს, რომლებიც კაბინეტურ სალიტერატურო ცხოვრებას ეწევიან და თავიანთი სოციალური პოზიციის წერილობითი მანიფესტაციებით იფარგლებიან. მეორე მხრივ, ვერც ანგაჟირებულ ავტორს გიწოდებ. თავად როგორ დაახასიათებდი შენს სოციალურ ესთეტიკას, რომელიც მოიცავს საგამომცემლო საქმიანობას (მაგალითად, სერია „ლირიკა ავსტრიიდან“, რომლის 50 ტომი გამოეცი, ასევე პროექტი „გენიოსი და პროჭი“), ლიტერატურის პოლიტიკას, მხატვრულ ფოტოგრაფიას და ბევრ სხვა ხილულ თუ უხილავ სოციალურ ლანდშაფტს?

 

უკვე იქითკენ ვიხრები, რომ შეიძლება, ანგაჟირებული ავტორი მერქვას. ადრე, 68-იანელთა მოძრაობის ოპტიმიზმით ინსპირირებულს, იმის ილუზიაც კი მქონდა, რომ ლიტერატურას მსოფლიოს შეცვლა ანუ ზოგიერთი გარემოებისა და განუკითხაობის აღკვეთა შეუძლია. დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. „ანგაჟირებულში“ იმას ვგულისხმობ, რომ (საზოგადოებრივ-)პოლიტიკური საკითხები ყოველთვის მაღელვებდა და მაღელვებს, ვინაიდან არ მინდა, რომ ჩემმა – ან სხვათა – შვილიშვილებმა ერთხელაც ისე მისაყვედურონ, როგორც ომის თაობის შვილებმა, ანუ 68-იანელებმა, თავიანთ მშობლებს უსაყვედურეს: რომ ისინი ნაცისტების დროს გატყდნენ, დადუმდნენ, განზე ყურება დაიწყეს. ამიტომაც ვარ საავტორო ინტერესთა გაერთიანების გამგეობის წევრი. ეს პროფესიონალ მწერალთა გაერთიანებაა, რომელიც ყოველთვის ხმას იმაღლებს როგორც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე – ავტორიტარულ რეჟიმებში ავტორთა და ჟურნალისტთა დაპატიმრების, წამების, საპყრობილეში მათი გამომწყვდევის წინააღმდეგ; ან, თუნდაც – რადიოს, ტელევიზიის და თეატრის უნიფიკაციის წინააღმდეგ, ანუ იმის წინააღმდეგ, რაც დღეს უნგრეთსა და თურქეთში ხდება. როგორც სერიის „ლირიკა ავსტრიიდან“ გამომცემელი (ეს გამოცემა მას მერე განვაგრძე, როცა ალიოს ფოგელს უკვე 50 წიგნი ჰქონდა გამოცემული და 70 წლის ასაკში გადადგა), ყოველთვის იმას ვცდილობდი, რომ თანამედროვე ლირიკის რაც შეიძლება ფართო ტერიტორია მომეცვა. არც ჩემი ესთეტიკისთვის უცხო ხელნაწერები გამიწევია განზე, თუ ისინი საინტერესო და კარგ პოეზიად მიმაჩნდა. გარდა ამისა, ვცადე, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ერთგვარი მთლიანობა შემექმნა. ზოგიერთი პოეტი, რომელსაც ამ სერიაში გამოცემას ვთავაზობდი, უარს ამბობდა, რაკი სხვა გამომცემლობების წინაშე იყო ვალდებული, ზოგიც მთანხმდებოდა. რაც შეეხება „გენიოსს და პროჭს“, ამ წიგნის გამოცემის იდეა მას მერე გაჩნდა, როცა ზოგიერთი ხელოვანისა თუ მწერლის ბიოგრაფიის გაცნობისას გულში ვამბობდი: „შენ როგორც ამ სიტუაციაში მოიქეცი, პროჭი ხარ და მეტიც არაფერი“. ჰოდა, რაკი სათაურიც ჰაერში ტრიალებდა, მოვიწვიე კოლეგები და შევთავაზე, ხომ არ ექნებოდათ სურვილი, ამა თუ იმ ავტორზე თემის შესატყვისი სტატია დაეწერათ. ცხადია, ვაცნობიერებდი, რომ „პროჭი“ პროვოკაცია იყო, და ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემთან პირდაპირ ინტერვიუში ბერლინ-ბრანდენბურგის რადიოს მოდერატორი ამ სიტყვას საოცარი ტკბობით წარმოთქვამდა. ინტერვიუ რომ დასრულდა, ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვას კიდევ ბევრჯერ გაიმეორებდით-მეთქი. მომიგო, რა თქმა უნდა, ასეა, აბა, სხვა დროს რომ ვთქვა ეთერში ეს სიტყვა, სამსახურიდან მომისვრიანო. მივუგე, აი, ხომ ხედავთ, ამიტომაც ჰქვია ამ წიგნს ის, რაც ჰქვია-მეთქი. სხვათა შორის, ამასობაში უკვე ამ წიგნის ხელახალი გამოცემის დროც დადგა. მეც ხშირად ვექსპერიმენტირებდი, ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც, ოღონდ ისე არა, როგორც ამას არაერთი „პროფესიონალი ავანგარდისტი“ სჩადის, ძველ ღვინოს რომ ახლად ასაღებენ და თავი ისე მოაქვთ, თითქოს კონკრეტული პოეზია ან დადაიზმი ან გუშინდელი მოვლენა იყოს, ან – მათ მიერვე მოგონილი. ვენური ჯგუფის ეს ეპიგონები მერე ჩაგვძახიან, ნაკლებად ექსპერიმენტულები და ზედმეტად ნარატიულები ხართო! დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი კურტ შვიტტერსსაც, ავგუსტ შტამსაც და ექსპრესიონისტებსაც, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. არაერთი ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ფიქრობს, რომ ორთქლის მანქანა ხელახლაა გამოსაგონებელი, რაკი თავად არაფერი სმენია ასეთი მანქანის სიძველეზე. რაც მათ იციან, ინტერნეტი და მობილურია. ასე იქმნება ის ტექსტები, რომლებიც გერმანისტიკას ცამდე აჰყავს. არის მერე სწავლულ თავთა გნიასი და ინტერპრეტაციების სიუხვე და დეტალური კირკიტი, სანამ არ გაბეზრდებიან. როცა ეს შეუძლებელია, ავტორიც მდუმარების მსხვერპლი ხდება. ასე მოექცნენ, მაგალითად, პაულ შეერბარტს (1863-1915), რომელსაც მე დიდად ვაფასებ. ჩემი საყვარელი ავტორია დანიელ ხარმსიც. ჩემთვის ექსპერიმენტს სხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, დავწერე სმს-რომანი, რომელიც მხოლოდ მობილურით უნდა წაკითხულიყო და შეძენილიყო. საქმე ეხებოდა ქალის და კაცის ურთიერთობას, რომელიც 150 ნიშნით უნდა შემოფარგლულიყო. ჩვეულებრივი „თხრობა“ შეუძლებელი იქნებოდა, გამოსავალი ისე უნდა მოძებნილიყო, როგორც მოკლე უწყების თუ მოკლე ამბის შემთხვევაში ხდება. ისიც კი მკითხეს, რომელიმე ახალგაზრდა ავტორს რატომ არ მოუვიდა თავში ასეთი იდეაო. ანუ იმას მეკითხებოდნენ, რაც ჩემთვის კი არა, ახალგაზრდა ავტორებისთვის უნდა ეკითხათ. ზოგმა ისიც თქვა, იმეილ-რომანი ხომ არის უკვე დაწერილიო. მოკლედ, იმის განმარტებაც კი გახდა საჭირო, რომ სმს-რომანი და იმეილ-რომანი სხვადასხვა რამ არის. „პარალელური ისტორიებიც“ მაქვს დაწერილი, ორი ისტორია, ურთიერთგამომრიცხავი მინიშნებებით, ერთი ისტორია წიგნის მარცხენა, მეორე კი მარჯვენა გვერდზე ვითარდება. მინიმალური კრიმინალური ისტორიების წიგნიც გამოვეცი, რომლებშიც სინამდვილეში კრიმინალური მხოლოდ ფონია, მთავარი კი ამ ისტორიებში ხუმრობაა. ჩემი შემოქმედების არსებითი ელემენტებია სატირა (ზოგჯერ ცინიკური) და ხუმრობა. მე ვფიქრობ, ეს ის საკმაზებია, რაც ტექსტს მიმზიდველს და კითხვადს ხდის. ერთ სტუდენტ გოგონას, ჩემზე სადიპლომო ნაშრომის წერას რომ შეუდგა, მაშინვე ვუთხარი, კითხვა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა ტანჯვას-მეთქი, რაშიც მალევე დამეთანხმა. ჩემი აზრით, მუდმივმა ექსპერიმენტირებამ – უკითხვადობამდე – ლომის წილი ითამაშა კრიმინალური რომანების სიჭარბეში. ფოტოგრაფია ყოველთვის მანიჭებდა სიამოვნებას, კერძოდ – სასაცილო სანახაობების ფოტოგრაფირება, მაგალითად, როცა ფეხით მოსიარულეთა პიქტოგრამიანი ისარი ოსლოს მიმართულების მაჩვენებელია, ან როცა აფთიაქს წარწერა აქვს „ნარკოტიკები და ქიმიკატები“ (სიტყვების თამაშია: გერმანულად Drogen სამკურნალო მცენარეებსაც ნიშნავს და ნარკოტიკებსაც. – დ. ბ.), ან როცა, მაგალითად, ციცაბო აღმართთან „ვაკის“ აღმნიშვნელი საგზაო ნიშანია დასობილი.

 

ორთქლის მანქანის ხელახლა გამოგონება საქართველოში, დიდი ხანია, ყოველდღიური „ლიტერატურული“ ცხოვრების ნაწილად არის ქცეული. ჩვენში, მაგალითად, ჩვეულებრივი ამბავია დროის ეკონომიის მიზნით შეგირდობის წლებზე უარის თქმა. ამან კი მთელი ლიტერატურული „ჟანრი“ – ნახევარფაბრიკატების ლიტერატურა – წარმოშვა. ჩემი დაკვირვებით, არც დასავლეთშია სახარბიელო სიტუაცია, თუმცა არა ისეთი მძიმე, როგორიც – ჩვენთან. ეს ტენდენცია იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ თაობებს შორის დიალოგი აღარ არსებობს?

 

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემთვის ერთი სიამოვნება იყო უფროს და წარმატებულ ავტორებთან ურთიერთობა, რაც ყოველთვის აღფრთოვანებას არ ნიშნავდა, ეს ზოგჯერ დაპირისპირებას და დისკუსიას პროვოცირებდა. და, რა თქმა უნდა, ბევრს ვკითხულობდი, მათ შორის ისეთ წიგნებსაც, ჩემს გემოვნებას რომ არ პასუხობდა, მაგრამ სწორედ ამ გზით სწვდება ახალგაზრდა ავტორი თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ომი და საკონცენტრაციო ბანაკები ის თემები იყო, რომლებზეც რაც შეიძლება მეტი მინდოდა გამეგო. პირველ რიგში მიზიდავდა თვით ეს ძიების პროცესი, რაც ხშირად სულაც არ იყო იოლი. დღეს ყველაფრის მოძიება შეიძლება ინტერნეტში, ამიტომ თავს არავინ იწუხებს ბუკინისტურ მაღაზიებში თვალების დაღლით, არც – ისეთი ალტერნატიული გამომცემლობების ძიებით, მეინსტრიმისმიღმურ წიგნებს რომ გამოსცემენ. აუტსაიდერთა ძიებამ და მიგნებამ თავგადასავლების მაძიებელ, ჩემთვის უცნობ კუნძულთა აღმომჩენად ჩამომაყალიბა: მინონა (ანუ „ანონიმ“), იგივე სალომო ფრიდლენდერი, ან, ვთქვათ, რუმინელი ურმუცი, ან ალფრედ ჟარი, ფრანც იუნგი, ერიხ მიუზამი, ალბერტ ერენშტაინი, რაიმონ კენო... ეს მხოლოდ არასრული სიაა. დღეს ახალბედა ავტორები წერის ვორკშოპებს ესწრებიან და მასწავლებლის მიერ დასახელებულ საკითხავ ლიტერატურას არიან მინდობილი. ეს მათი პირველი წიგნის გამოცემასაც ძალიან აჩქარებს. ასე მიიღება, როგორც შენ სწორად აღნიშნე, „ნახევარფაბრიკატები“. მერე კი კრიტიკის ქურუმთა ჯერი დგება და ისინიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მომდევნო იმედისმომცემი გენიოსის აღმოჩენაში. ჩემი დაკვირვებით, ახალგაზრდა ავტორები უფროს თაობებთან დიალოგით დაინტერესებული არ არიან. „ინტერნეტში ხოა, რისი ცოდნაც მინდა“.

 

ასე ჩაენაცვლება ცოდნას მკვდარი ინსტრუქციები. მზამზარეული იდეების საზოგადოება, რომელიც მსგავს ინსტრუქციებს ეფუძნება, შენს ტექსტებში უმნიშვნელო თემა სულაც არ არის... მაგრამ ვჩქარობ, ქართველ მკითხველს მანფრედ ზღვაოსანიც გავაცნო. ეს ხომ ოცდაათი წლის წინ არ ყოფილა, გასულ წელს იყო. ვგულისხმობ შენს მეუღლესთან, დაგმართან ერთად, შენს თითქმის ოთხთვიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.

 

ჩვენი ქორწინების 50 წლისთავი ახლოვდებოდა და ვერ გადაგვეწყვიტა, სადღესასწაულო სუფრას შემოვსხდომოდით თუ სამოგზაუროდ წავსულიყავით. ამ დროს დაგმარი საგაზეთო განცხადებას გადააწყდა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს გარშემო თითქმის ოთხთვიან მოგზაურობას სთავაზობდა. გემით კრუიზზე საერთოდ არ ვფიქრობდით, გემის კაიუტები ვიწროა, რწევაც არაა სასიამოვნო. მერე კი ჭკუაში დამიჯდა ეს იდეა. ეს ხომ უამრავი იმ ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას მაძლევდა, რომელსაც უამისოდ ვერსად გავიცნობდი. ბორტის ენა გერმანული იყო, გამგზავრების და დაბრუნების პორტი კი – ჰამბურგი. გადავწყვიტე, ჩემი ციფრული დიქტოფონიც ჩამერთო საქმეში და თანამგზავრები გამომეკითხა. ბოლოს და ბოლოს, მრავალი წელი ავსტრიული რადიოს თანამშრომელი ვიყავი და მიმოხილვებიც დიდწილად სწორედ რესპონდენტთა ხმოვან ჩანაწერებს ემყარებოდა. დაგმარი ამ იდეით დიდად არ აღფრთოვანებულა. მითხრა, შენ მუშაობას აპირებ, იმის ნაცვლად, რომ მოგზაურობით დავტკბეთო. მაგრამ უამისოდაც ხომ მომიწევდა ჩანაწერების გაკეთება. დავუკავშირდი შესაბამის რედაქციებს, რომლებიც მსგავსი რეპორტაჟებით დაინტერესდებოდნენ. გადაცემათა ერთი სერიაა: „გარემომცველი სამყარო – მოგზაურობის ხელოვნება“, რომლის რედაქტორი ქალბატონიც ამ იდეამ მაშინვე მოხიბლა. შევთანხმდით, რომ რამდენიმე გადაცემა ჩემ მიერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. რა სახე და ფორმატი ექნებოდა ამ გადაცემებს, ამაზე ჯერ წარმოდგენაც კი არ გვქონდა. ბევრი შესაძლო არჩევანი იყო: მაგალითად, აკუსტიკური დღიური, რომლითაც თავად მოვყვებოდი თავს გადამხდარს, ან – ამა თუ იმ შთამბეჭდავი ადგილის დეტალური აღწერა... მერე ბორტზე თანამგზავრთა ინტერვიუირებას შევუდექი, თავიდან მათ ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის მიზეზებზე ვეკითხებოდი. ბევრისთვის გადამწყვეტი არგუმენტი სწორედ „მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა“ იყო, თანაც არა თვითმფრინავიდან თვითმფრინავში დამღლელი გადაჯდომებით და აეროპორტებში ყურყუტით, არამედ – „სასტუმროს“ პერმანენტული თანხლებით ერთი უწყვეტი მოგზაურობა. იყვნენ ისეთებიც, გემით ასეთი მოგზაურობა არაერთხელ რომ განეხორციელებინათ. მოგზაურობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, თავისუფალი დროის ასეთი ფუფუნება, ძირითადად, პენსიონერთა პრივილეგიაა და ჩვენი გემის მოგზაურთა საშუალო ასაკიც შესატყვისი – 69 წელი – იყო. უფრო ახალგაზრდები, თავ-თავიანთ სამსახურებზე რომ იყვნენ დამოკიდებული, მხოლოდ დროის რაღაც მონაკვეთს ატარებდნენ გემზე და მერე თვითმფრინავით შინ ბრუნდებოდნენ. ამასობაში ჭრელი მასალის დიდძალი რაოდენობა დამიგროვდა, ზოგი ჩანაწერი ტექნიკურად უხარვეზო, ზოგიც – უხარისხო. მაგრამ რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი გამოცდილება აღმოჩნდა, იყო შემდეგი: ბორტზე ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი, მაგრამ ბევრი – ნაკლებად სასიამოვნოც, მთლად უსიამოვნო დახასიათება რომ არ გამომივიდეს. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორი წვრილმანების გამო შეიძლება ადამიანი გაბრაზდეს ან თავი არაკომფორტულად იგრძნოს. არაერთხელ გახდა აუცილებელი ზოგიერთი მგზავრის ჰოსპიტალიზება, მაშ შორის – ვერტმფრენითაც. თითქმის მიახლოებული ვიყავით ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროს, როცა ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის გაუარესებამ აუცილებლობა წარმოშვა, სხვა პორტისკენ აგვეღო გეზი, სადაც ექიმთა შესაბამისი გუნდი იყო მობილიზებული. სიამოვნებით ვიხილავდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი თანამგზავრის ადგილას ერთ ქალბატონს, რომელმაც პირადი დისკომფორტით გამოწვეული აღშფოთება ვერ დამალა: „და ასეთი ლუქსუსი – ერთადერთი ადამიანისთვის!“. მალე მივხვდი, რომ არა მარტო გადაცემებისთვის, არამედ წიგნისთვისაც ვაგროვებდი მასალებს: „116 დღე მსოფლიოს გარშემო – სავახტო ჟურნალი“. რაც შეეხება უშუალოდ გადაცემას, მასალების რაოდენობას ვეღარ მოვერიე და მისი შეკვეცა-რედაქტირება მთლიანად რედაქტორს მივანდე. ორი გადაცემა გამოვიდა, გემის კაპიტნის განკარგულებების, თანამგზავრთა შეძახილების, სიმღერების აუთენტური ჩანაწერებით, რომელთა გაფორმებამ სერიოზული შრომა მოითხოვა. მთლიანობაში, ამ გადაცემებზე, ჟურნალ „ლიტერატურა და კრიტიკისთვის“ დაწერილ ნარკვევსა და წიგნზე ინტენსიურ მუშაობას ათი თვე დავუთმე. ფოტოებით თანხლებულ წიგნს უახლოეს კვირებში გამოსცემს „ლოკერი“. ბევრი ჩვენი თანამგზავრი ამტკიცებდა, რომ ასეთმა მოგზაურობებმა მიჩვევა იცის. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, განსაკუთრებული სიხარული კი მოგვანიჭა. ამ მოგზაურობის გამეორებას არ ვისურვებდი, ისევე, როგორც არ ვისურვებდი მის დავიწყებას.

 

ვიდრე ამ ინტერვიუსთვის გულითად მადლობას გეტყოდე, კიდევ ერთი შეკითხვის დასმა მსურს. რა არის შენთვის, როგორც ევროპელი ადამიანისა და მწერლისთვის, არსებითი ღირებულებები, რომლებსაც შენს ცხოვრებაში გამიზნულად იცავ და რომლებზეც შენი ესთეტიკური პრინციპებია დამოკიდებული?

 

ყოველთვის ვიცავ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, პრესის თავისუფლებას, თანასწორობას, ვებრძვი ანტისემიტიზმს და ომის გამღვივებლებს. ჩემი პოზიცია სოციალ-დემოკრატიულია. იმ მემარჯვენე რადიკალი პოპულისტების მიმართ, რომლებიც დღეს ავსტრიას მართავენ და ევროპაში ძლიერდებიან, ღრმა სიძულვილს განვიცდი. ეს ის ხალხია, რომელიც შიშს აღვივებს, რათა „მხსნელად“ მოგვევლინოს. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს იმ პოლიტიკოსების და ეკონომიკის ბოსების მიმართ, რომლებიც განუწყვეტლივ იტყუებიან, ხოლო როცა ტყუილი აღარ გასდით, მაშინვე მწვავე ალცჰაიმერს დაიმართებენ და ყველაფერი მაშინვე ავიწყდებათ; კორუფციაც მძულს. მაგრამ გადამწყვეტი ცვლილებებისთვის ლიტერატურის შესაძლებლობები, სამწუხაროდ, უკიდურესად მწირია. ადრე ვფიქრობდი, რომ, სულ მცირე, ცვლილებათა ბიძგისმიმცემი მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო ლიტერატურა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გაკვეთილი ჩამიტარა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ კი საერთოდაც ყველა ილუზია გამიქრო. იქ იყო ხალხი, რომელთან ერთადაც საღამოებს ვატარებდი. მე ისინი გონიერ ადამიანებად მიმაჩნდა. ესენი ავსტრიელები იყვნენ. ისინი პროლეტარები არ ყოფილან. მათ შორის, მაგალითად, ერთი ექიმი და ერთი ინჟინერიც იყვნენ. რა თემებზე არ ვლაპარაკობდით, მაგრამ პოლიტიკაზე რომ მიდგებოდა საქმე, მეფეც მაშინვე შიშვლდებოდა. თურმე ერთადერთი ვიყავი, რომელსაც ახლანდელი ფედერალური პრეზიდენტისთვის, ალექსანდერ ვან დერ ბელენისთვის მიუცია ხმა, ყველა სხვას მემარჯვენე კანდიდატებისთვის დაუჭერია მხარი. ისინი კმაყოფილი იყვნენ იმ მემარჯვენე პოპულისტი მთავრობით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას. მემარჯვენე პოპულისტები, ისევე, როგორც დიქტატორები, ხალხის ემოციებით თამაშობენ და ადამიანებს შთააგონებენ, რომ ისინი ერთ ბანაკს ეკუთვნიან. ნაცისტების დროს ეს იყო არიული „თანამემამულეობა“, ტრამპის შემთხვევაში ეს არის „America first“, მსოფლიოს მმართველად ყოფნის ამბიცია, ერდოღანი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თურქებს „იმად ყოფნას“ შთააგონებს, ოსმალეთის იმპერიას რომ ეკუთვნიან... და ასე შემდეგ. უკვე აღვნიშნე, რომ ლიტერატურაში სატირის გზას ვადგავარ და კვლავინდებურად მჯერა, რომ სატირა მკითხველის გულს იოლად იპყრობს. კითხვა ტკბობას უნდა გვანიჭებდეს. ამავე დროს, ჩემი ამბიციაა საზღვრების აზომვა იმ მიზნით, რომ მათი გადალახვა შევძლოთ. სანამ ცოცხალი ვარ, ამას ვიღაღადებ. ჩემს თავს ვენდობი იმდენად, რომ ენას არ ვენდო და ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისკენ სწრაფვად მიმაჩნდეს; ქვას ქვაზე იმიტომ ვდებ, რომ ქვეშ არ მომიყოლოს; განვსჯი იმიტომ, რომ განსჯილი არ აღმოვჩნდე. მე ქვეყნიერების შესახებ იმიტომ ვყვები, რომ ამ ქვეყნიერებას ყურს ვუგდებ. „ლექსები ისე უნდა დაიწეროს, რომ თუ მათ სარკმლის მიმართულებით მოვისვრით, მინები ჩაამტვრიონ“. ეს რუსმა პოეტმა, დანიილ ხარმსმა, დაწერა. მის მოთხოვნას უპირობოდ ვუერთდები.

 

თბილისი-ვენა,

აპრილი, 2019