1.

– მოშორდით ქვაბს, – თქვა მამამ და ოთახიდან გავიდა.

მე, ჩემს ძმას შევხედე. 

დედამ, გაზზე შემოდგმულ ქვაბში, წყლის ტემპერატურა თითით შეამოწმა და მითხრა:

– ნუ ნერვიულობ, დე, ღორია!

ჭიშკართან რომ ვილისი გაჩერდა, მე და ჩემი ძმა ეზოში ომობანას ვთამაშობდით. მამამ საბარგული გახსნა, მანქანიდან ჭყვიტინი გაისმა. ჩვენ თამაში შევწყვიტეთ და ჭიშკრისკენ გავიქეცით. 

ღორს ფეხები თოკით ჰქონდა შეკრული. არსად გამქცევი არ იყო, თითქოს ბედს უკვე შეეგუაო, მამას მხრებზე ჰყავდა მოგდებული და რეზინის ჩექმებით ტალახიან ეზოში მოაბიჯებდა. 

– მძიმეა ეს შობელძაღლი! – თქვა და ფარდულისკენ გაემართა, რომელიც სახლის უკან, მოშორებით იდგა. 

2.

შობის წინა დღეს ღორის დაკვლა ჩვენს სოფელში ტრადიცია იყო. ყველა ეზოდან ისმოდა ყელგამოჭრილი ღორის ჭყვიტინი. კაცები შეშას ჩეხავდნენ, ქალები ცეცხლს ანთებდნენ და სპეციალური სანელებლებით შეკმაზული შიგნეულობა მინის ქილებში გადაჰქონდათ. მანამდე საგულდაგულოდ რეცხავდნენ და ასე ელოდებოდა სოფელი ზამთრის დადგომას. ყველაზე მეტად, ბავშვებს რომ გვიხაროდა. 

რაღაც პერიოდის შემდეგ, თოვლის მოსვლა აღარ იწვევდა ჩემში იმხელა აღტაცებას, როგორც მანამდე. ყოველი მომდევნო ზამთარი, თითქოს, შინაარსმოკლებული და ერთნაირი იყო. 

და მე მივხვდი, რომ გავიზარდე. 

– რა გატირებს? – მეკითხება დედა.

ცრემლებს ჯემპრის სახელოთი ვიწმენდ.

– შენ გეკითხები, მიპასუხე!

საუბარში მამა ერთვება.

– რა გატირებს, გოგო ხარ?

– გოგოა, – ამბობს ჩემი ძმა.

– არ ვარ გოგო, – ვამბობ მე.

– ბიჭები არ ტირიან, შვილო, სირცხვილია, დაგცინებენ, – ამბობს მამა. 

ცოტა ხნის წინ, ერთ ხელში სისხლიანი დანა რომ ეჭირა. მეორეში კი, ღორის თავი. 

3.

როცა მამამ ღორი მოიყვანა, თავი ადგილზე ჰქონდა. იმ დღეს პირველად დავფიქრდი სიკვდილზე და აუტანელმა სევდამ შემიპყრო. მთელი დღე ფარდულში გავატარე. ვერ მოვცილდი. განწირული ცხოველი თითქოს განსაცდელს გრძნობდა. უხასიათო იყო. არაფერზე რეაგირებდა. არც საჭმელზე, რომელსაც იმიტომ ვაჭმევდით, რომ მერე ჩვენ გვეჭამა. ქალაქიდან არცთუ ისე პატარა მანძილი გამოიარა, რომ დილით დაკლან და სუფრაზე ჩამოატარონ, შეკმაზული და კუბიკებად დაჭრილი. 

მერე ნათესავები მოვლენ და შობას მოგვილოცავენ.

„გემრიელია“, – იტყვის კმაყოფილი ბიძაჩემი, ღორის ნეკნებს კარიესიანი კბილებით გადაკვნიტავს და დაღეჭილ ლუკმას ლიმონათს მიაყოლებს. ესეც საშობაო სუფრის ნაწილია, თვისობრივად განუყოფელი, რომელიც ბოლოს ღვინოში ჩაწოლით დამთავრდება, შუალედებში ბიძაჩემის შემაწუხებელი გულძმარვითა და სპეციფიკური სუნით. 

– რას აკეთებ მანდ? – ფარდულში დედა შემოვიდა.

შეკითხვას უპასუხოდ ვტოვებ. განა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, უფრო ნდობის საკითხია, ვერ გაიგებს. 

– წამოდი, მთელი დღეა არაფერი გიჭამია.

– არ მშია, – ვუთხარი მე.

– ხვალ სტუმრები მოვლენ, ბევრი საქმე მაქვს, მეტი აღარ მათქმევინო, 

დედა ფარდულიდან გავიდა. 

წარმოვიდგინე ყელგამოჭრილი ღორის ჭყვიტინი. რომელიც სისხლისგან იცლება. მისი ხმა ისეთი ბასრია, ხის წვერზე დამფრთხალი ყვავები სოფელს ტოვებენ. საღამოს კი თოვლი მოდის და ყველაფერს თეთრად ფარავს. 

ფარდულიდან გამოსულმა, ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ცას შევხედე.

ეზოში მამა შეშას ჩეხავდა.

 4.

ღამე ლოგინში მოუსვენრობა დამეწყო, ძილზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თვალებს ვხუჭავდი თუ არა, ადუღებული წყლით სავსე ქვაბს ვხედავდი, რომელშიც მამა იხარშებოდა.  

მესიზმრება, მე და ჩემი ძმა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბთან ვდგავართ: ქვაბში დანაწევრებული კიდურები ყრია. ჩემმა ძმამ ახალი თამაში მოიგონა და წესებს მაცნობს.

– კითხვას გისვამ და ერთ მინიშნებას გაძლევ.

– დრო რამდენი მაქვს?

– ცოტა.

– მიდი, მკითხე.

– სწამთ და ღ-ზე იწყება.

– ღორი! – ვპასუხობ მე.

ჩემი ძმა იცინის. 

5.

გამთენიისას, შეშინებულს მეღვიძება, ფეხის გულები ოფლიანი მაქვს, საბანს ვიხდი და ლოგინიდან ვდგები. დრო ჯერ კიდევ დამრჩა, ოთახში სიბნელეა. წონასწორობის დაცვა მიჭირს და საწოლის კუთხეს ხელით ვეყრდნობი. ჩემს ძმას ღრმად სძინავს, პირი აქვს ღია და უცნაურ ხმებს გამოსცემს, ყელგამოჭრილი ღორივით. სიზმარში, მახსოვს, რომ იცინოდა. 

შარვალს ვიცვამ. განიერტოტებიანს და თბილს. ოთახიდან ჩუმად გავდივარ. ვინმეს თუ გაეღვიძა, გეგმა ჩავარდება. გეგმა კი ფარდულში მისვლა და გამომშვიდობებაა. კიდევ როდის ვიხილავ მის მზერას? ეს თვალები არასოდეს გაქრება მეხსიერებიდან. თვალები, რომლებმაც სიკვდილზე ფიქრი მასწავლა.

ვეტყვი, რომ  საშობაო სუფრაზე, მის ხორცს არ შევჭამ. რადგან ყველაფერი, რაც გიყვარს, არ იჭმევა. იმასაც ვეტყვი, რომ ადრე თუ გვიან ისედაც ყველანი მოვკვდებით. არ ვიცი, ტკივილს რამდენად შევუმსუბუქებ, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ცოტა ხნით მაინც დავავიწყო ის, რაც მისგან ვისწავლე, ფიქრი სიკვდილზე. ვთხოვ, რომ აპატიოს მამას, რადგან არ იცის, რას სჩადის.

გარეთ რომ გამოვედი, იანვრის სუსხი კანს წვავდა. ფარდულს მივუახლოვდი და უცნაური ხვნეშა მომესმა. მივხვდი, იქ ვიღაც იყო, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, სიბნელეში მამის სილუეტი გავარჩიე, ჩემკენ ზურგით იდგა და მონოტონურად ირხეოდა. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, მთვრალი რომ მოვიდა, მახსოვს, დედამ უსაყვედურა – აქ რა გინდა, ბავშვებს გაეღვიძებათო. მე ფანჯარასთან ვიდექი და მამის სიჯიუტეს ვხედავდი. ცერებზე აწეული. 

საერთოდ, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ, ერთმანეთს უსიამოვნო სიტყვებით მიმართავდნენ და ბოლოს მაინც ერთად ეძინათ. დედისთვის არაერთხელ უთქვამს, ღორი ხარო, მაშინ ეს სიტყვები გულს მტკენდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი, თურმე როგორ ყვარებია. ნუთუ ამ სიყვარულის ნაყოფი ვარ?

იქაურობას სწრაფად ვეცლები და ლოგინში ვბრუნდები. მერე საბანს თავზე ვიფარებ და სიბნელეში ჩაძირული, თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. 

6.

ერთი კვირის თავზე, მამა სახლიდან გავიდა და ორი დღე არ გამოჩენილა, მესამე დღეს მეზობლებმა მოიტანეს. დასახიჩრებული და ცივი. ვიღაცამ თქვა, უამინდობის გამო ხევში ჩასვლა ჭირს, მანქანის ამოყვანა ვერ ხერხდებაო. 

მამა გიორგი მამაჩემი არ არის, მაგრამ სოფელში ყველა მამათი მიმართავს. 

ის ამბობს, რომ რაც ხდება, ყველაფერი უფლის ნებაა. 

– ყველაფერი? – ვეკითხები მე.

– ყველაფერი, შვილო ჩემო, – მპასუხობს ის.

სახლი განათებულია. ოთახში ორი მამაა. ერთი ჩემი, მეორე ყველასი. ოთახის შუაგულში გაპარსული რომ წევს, ჩემია. თავზე რომ დიდი წვერით ადგას, ყველასი.  

ხელში პატარა ზომის წიგნი უჭირავს და ნაწყვეტებს კითხულობს, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს. 

„დიდი ძალა აქვს მის სიტყვებს, – ამბობს აცრემლებული ბიძაჩემი, მაგრამ სიტყვები წყვეტილად მესმის, ენა ებმება მამა გიორგის. შესაბამისად, ვერც მისი სიტყვების ძალას ვგრძნობ.  

7. 

ამ ამბის მერე ბევრი წელი გავიდა.

დედა მალე მოხუცდა, შავები ჩაიცვა და შაბათ-კვირას მეორე მამასთან დადიოდა ეკლესიაში. 

ჩემი ძმა ამერიკაში წავიდა, მეათე წელია იქ ცხოვრობს. ამბობს, რომ მალე ჩამოვა. მაგრამ არავინ იცის, როდის. 

რამდენიმე დღის წინ, სოფელში გოგო გამოჩნდა, ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვარ, ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს ვსწავლობო. არ ვიცი, რატომ სწავლობს, მაგრამ ჩემი ისტორია აინტერესებს, დაწვრილებით მთხოვს მამის შესახებ მოყოლას. ვეუბნები, რომ ეს ჩემთვის რთული იქნება. მაგრამ დაჟინებით მოითხოვს ყველაფერი მოვუყვე, სანაცვლოდ მზად არის, ფულიც კი გადამიხადოს. თვალებში ვუყურებ და ვცდილობ, რაიმე ნაცნობი ვიპოვო მასში.  

რომ ვთანხმდები, სიხარულისგან გუგები უფართოვდება, 

– შეგიძლია, ფარდულიც მანახო? – მეკითხება ის, – რამდენიმე ფოტოს გადავიღებ. 

– გამომყევი, – ვეუბნები მე.

ფარდულისკენ მივდივართ.

8.

– დაწექი, შე ღორო, – ვეუბნები მას. 

ხელში ალესილი დანა მიჭირავს. გოგონა ოთხზე დგას, სისხლიანი და შიშველი. მეორე დღეა, წყალზე მყავს, საჭმელს პირს არ აკარებს, არც მისი ხმა ესმის ვინმეს, რადგან პირი სკოჩით აქვს აკრული. 

2018 წელი