რობერტ გრეივზი, „მე, კლავდიუსი“
თარგმანი  ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე
გამომცემლობა „დიოგენე“

მე მიყვარს დიდი, სქელტანიანი წიგნები, რომანები, მუსიკაშიც  სიმფონიები, ყველაზე მეტად. მე ვხედავ კავშირს მათ შორის. ახლაც ერთ ეგეთ წიგნს ვკითხულობ, რობერტ გრეივზის რომანს, „მე, კლავდიუსი“. დიდი ფუფუნებაა წიგნის სიამოვნებისთვის და სიამოვნებით კითხვა. სრულიად ტრივიალურ რაღაცებს ვამბობ, ვიცი, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა. ამბების მიღმა, შინაარსის, პერსონაჟების, ხასიათების, კითხვების, მიღმა არის კიდევ სხვა რაღაც  არ ვიცი, ენა, არ ვიცი, სინტაქსი, არ ვიცი  შუქ-ჩრდილები, ხო, შუქ-ჩრდილები ამბებისა (დიდებული ჯონ ფაულზი), სინათლე ფოლკნერთან და ფლენერი ო'კონორთან, „მობი დიკის“ მუსიკა, თხრობის უცნაური ტალღები რადიარდ კიპლინგისა („კიმი“), გრეივზის „მე კლავდიუსისა“, სოლ ბელოუს რომანისა „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, წიგნების მიქცევ-მოქცევები, და შენშიც, მკითხველში, ჩაძირულში ხან ამ მდინარებაში, ხანაც უკაცრიელ კუნძულზე გამორიყულში და სველ ქვიშაზე პირქვე მიგდებულში, სულს ძლივს რომ ითქვამ.

„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ჩემი ყველა წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი, როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა მთლად უკეთეს შემთხვევაში  „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“  ასე იწყება ეს წიგნი, ბრიტანელი მწერლის, რობერტ გრეივზის რომანი, ისტორიულადაც რომ უხმობენ, რომის იმპერიაზე. 

ეს არის ამბავი კლავდიუსისა, იგივე ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუსისა, ნერონ კლავდიუს დრუზუსისა და ანტონია უმცროსის შვილისა, და მისი მრავალრიცხოვანი და, მოდი, პირდაპირ ვიტყვი, სასტიკი ოჯახისა. მისი პაპები და ბებიები ყოფილან მარკუს ანტონიუსი და ოქტავია უმცროსი, ავგუსტუსის და, და ლივია, ავგუსტუსის მესამე ცოლი და ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, და შესაბამისად, მოთხრობილი ყველა მათგანს, მათ ინტრიგებს, მათ ხლართებს, კავშირებს, სიძულვილს, ზოგჯერ გამკრთალ სიყვარულსაც, მათ შიშებს, ძალაუფლებას და სისასტიკეს გადასწვდება. 

„სკოლაში არასოდეს მივლია, სუსტი ფეხების გამო ტანვარჯიში აკრძალული მქონდა, ეს კი მაშინდელი დაწყებითი სწავლა-განათლების ლამის ქვაკუთხედი გახლდათ, ასე რომ სუსტი ჯანმრთელობისა და ხშირი ავადმყოფობის გამო ისედაც ძალზე ჩამოვრჩებოდი თანატოლებს, სმენანაკლულობა და ენაბლუობა კიდევ ცალკე მიშლიდა ხელს მეცადინეობაშიო“, იხსენებს კლავდიუსი. და ყველა აქ ჩამოთვლილი თვისების გამო, ოჯახს მოძულებულიც ჰყავდა, რაღაცნაირად გარიყულიც, არც სუფრასთან სვამდნენ, ბებიამისმა, ლივიამ, აკი, ლამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პირველად უხმო თავისთან სადილად, არც ზედმეტად დაელაპარაკებოდნენ, არც მისი აზრით დაინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, გადაარჩინა კიდეც ამან. კერძო მასწავლებელი მიუჩინეს და ისიც მთელ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა, წიგნებს კითხულობდა და მერე წლების განმავლობაში თვითონაც წერდა ხან ისტორიულ თხზულებებს, ხანაც „სარწმუნოებრივ გარდაქმნათა ისტორიას“, ხანაც ტრაქტატს კოჭის თამაშზე, მხოლოდ იმიტომ, დედაჩემი რომ გამეღიზიანებინა, ღვთაებრივ ავგუსტუსს ერთი მომცრო სალაღობო ტრაქტატი მივუძღვენი კოჭობანას თამაშის ავკარგიანობაზე, ნაშრომი სალაღობო კი იყო, მაგრამ გარეგნულად ერთობ საქმიანი ნარკვევით დავიწყე, ძირისძირობამდე გამოვიკვლიე ყომარბაზობის სათავეები, არარსებულ ავტორთა გამონათქვამებიც ბლომად მოვიშველიეო... 

აბსურდულობა ტირანიისა, ადამიანების ღმერთებად შერაცხვისა, მკვლელობებისა, შურისა და ღალატისა, შორეული კუნძულებისა და იქ გადასახლებულებისა, ქალებისა და კაცებისაც, ოვიდიუსისაც მათ შორის, აქაოდა, ქალებს თავისი სამიჯნურო ლექსებით მაგან აურია თავგზაო, ამბები კლავდიუსის ერთგული გერმანიკუსისა, მისი ძმისა, და ამბები ტიბერიუსისა, მისი ბიძისა, კალიგულასი და დრუზილასი და კიდევ მაგათი სხვა დებისა, ომებისა, ლაშქრობებისა და სამხედრო წესებისა, დაპყრობილი მიწებისა, და გლადიატორთა ორთაბრძოლებისა, კლავდიუსთა გვარის ქალებისა, მათგან ზოგი ტკბილ ვაშლად მოჩანს და ზოგიც  მაჟალოდ და მეორენი სჭარბობენ პირველთო, ესეც კლავდიუსის სიტყვებია  ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ჩაივლის...