ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემს ძველ დღიურს გადავაწყდი, რომელსაც 1998 წლის აპრილში ვაწარმოებდი. დღესთან დასმული “C” ნიშნავს იმას, რომ ვიტირე, “C”-ს წინ ციფრი აღნიშნავს, რამდენჯერ ვიტირე, ხოლო “NC” მიუთითებს, რომ იმ დღეს საერთოდ არ მიტირია.

ყველაზე ნაღვლიანი ამ ამბავში ისაა, რომ დღიურში ეს ჩანაწერები ახლა სასაცილოდ მეჩვენება, და ყოველთვის, როცა ვკითხულობ, მეღიმება.

თუმცა, იმ დროს სიკვდილს ვნატრობდი. პირდაპირი მნიშვნელობით, თავის მოკვლის სურვილი მქონდა თუნდაც უთოთი, გავარვარებული ორთქლის უთოთი.

არა, დეპრესია არაფერ შუაშია, ეს მენოპაუზა იყო.

ამის, ან ნებისმიერი სხვა რამის წაკითხვა, რაც კი მენოპაუზაზე დაწერილა, ვერაფერში დაგეხმარება, რადგან შენზე კი არა, შენს სხეულზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხვდები მენოპაუზას, და გინდაც გჯეროდეს, რომ საკუთარი სხეულის გაკონტროლება შეგიძლია (ასეთ ძალას მთელი ის იოგა გაძლევს), სინამდვილეში, უძლური ხარ.

ბუნებრივია, შესაძლოა, იღბლიანიც გამოდგე: ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც მენოპაუზა საერთოდ არ უგრძვნია, უბრალოდ, ერთ დღეს გაახსენდა, რომ ციკლი ბოლოს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, და ის მართლაც ბოლო აღმოჩნდა.

ყველა სულ რაღაც ცხელებაზე ლაპარაკობს, მაგრამ, საიდანაც არ უნდა შეხედო, ეს ცხელება ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანი გამოდის: სრულიად შეუსაბამო დროს ორთქლის უთოსავით გაცხელდები და ოხშივარი აგივა – დიდი ამბავი, რა მოხდა მერე? მედიიდან სულ გესმის, რომ ცხელება ერთადერთი სიმპტომია და მთელი შენი ყურადღება და ძალისხმევა აქეთ უნდა მიმართო, მაგრამ როდესაც მე მენოპაუზაზე ვფიქრობ, ცხელება სულაც არ მახსენდება. და აქ ახლა ცხელებაზე სალაპარაკოდ არ ვარ.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის თავს არც მაშინ დაგანებებს, როცა მენოპაუზის პერიოდს ბოლომდე გაივლი; ის ზუსტად ისე გახდება შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, როგორც მანამდე ციკლი იყო – ცხელება პერიოდულად მოგაკითხავს და მოვა დრო, როცა ისე შეეჩვევი, რომ აღარც ახსენებ.

აქ იმიტომ ვარ, რომ ცხელების კი არა, ერთი ქალის შესახებ გიამბოთ, იმაზე, რომელიც ყველაზე ოპტიმისტი, ხალისიანი და არადეპრესიული ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ერთ დილას ამ ქალმა გაიღვიძა, პირდაპირ სამზარეულოში შევიდა, ხელი დიდ ხორცის საჭრელ დანას წამოავლო (თვითონ არაჩვეულებრივი მზარეულია) და უნდოდა, პირდაპირ გულში გაერჭო. ეს იყო მენოპაუზა.

თუ ჩემსავით მეცხრამეტე საუკუნის საგიჟეთის ჩანაწერებს დაათვალიერებ, ნახავ, რომ ორმოცს გადაცილებული ყველა ქალის „მოსვლის მიზეზი“ ფორმულირებულია, როგორც „ნირის შეცვლა“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ჭკუიდან იშლებოდნენ, და როდესაც ჭკუიდან გადადიხარ, არანაირი სურვილი არ გაქვს, წაიკითხო, რას წერს ფუკო კულტურასა და სიგიჟეზე.

ამან შესაძლოა, დედამიწაზე შენი მეცამეტე წელიც მოგაგონოს. მენოპაუზა ისევ მოზარდობაში გაბრუნებს, ოღონდ ისაა, შენ ახლა უკვე ზრდასრული ხარ, და დედამიწასთან ისეთი ურთიერთობა გაქვს, როგორსაც სკოლაში სწავლის დროს, მაშინ როცა სხვა შენი მსგავსი მოზარდებით იყავი გარშემორტყმული, ვერ დაამყარებდი. ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობ, ან, შედარებით უსაფრთხოდ, აქ, ზრდასრული მოზარდების საგიჟეთში.

შენ ახლა ცამეტი წლის მოზარდი ხარ დიდი გამოცდილებითა და ორმოცდახუთი წლის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებით.

ისეთი დღეც თენდება, როცა:

მზად ხარ, ხეც კი გაჟიმო, ან ნებისმიერი სხვა შენთან ახლოს მდგომი საგანი, სულერთია, რაც იქნება.

მზად ხარ, მიატოვო ქმარი, საყვარელი თუ პარტნიორი, თუ ვინც არის.

რაც გინდა კომფორტულ გარემოში იყო, კვდები, ისე გინდა, გარეთ გავარდე.

უცებ შეიძლება, გიჟური და უიმედო აზრი მოგივიდეს თავში. მაგალითად, კანადაში ფეხით წასვლა აიტეხო, ან, თავში დაგკრას, რომ უკვე დროა, ლურჯი ანტიკური ფაიფურის კოლექცია შეაგროვო, ან, უცებ, მიხვდე, რომ შენს პრობლემებს ბებიის დანატოვარი ოქროს საათის გაყიდვის მეტი ვერაფერი მოაგვარებს, ან, რომ შენს ზედმეტ კილოგრამებს ვაშლის ძმარში ჩახრჩობის გარდა არაფერი უშველის. უცებ შეიძლება იგრძნო, შენს ძარღვებში ტყის ველური სისხლი როგორ მიედინება.

მსგავსი ამბები თავზარს დაგცემს, ხსნას კი მედიცინაში დაუწყებ ძებნას, რადგან ინტელექტუალი ხარ და იცი, სხვაგვარად შენი საშველი არ არის.

თავს ისე იგრძნობ, თითქოს შენი ცხოვრება დასრულდა, და თანაც ღრმად იქნები დარწმუნებული, რომ შენი ცხოვრება ნამდვილად დასრულდა.

მნიშვნელობა არ აქვს, მიმზიდველი ხარ თუ არამიმზიდველი, მიჩვეული ხარ, რომ ავტობუსის გაჩერებაზე დგახარ თუ აფთიაქში ტამპონებს ყიდულობ, ხალხი სულ გათვალიერებს. იმიტომ გათვალიერებენ, რომ შეგაფასონ, რამდენად მიმზიდველი ან არამიმზიდველი ხარ, და მნიშვნელობა არ აქვს, რა დასკვნამდე მიდიან, მთავარია, რომ გიყურებენ. მაგრამ მოვა დრო, როცა მიხვდები, რომ ეს დღეები წარსულს ჩაბარდა და მათთვის მოჩვენებასავით გამჭვირვალე ხარ, ამიტომ მათი მზერა შენში თავისუფლად გადის და შენ კი არა, შენ იქით სხვებს უმზერენ.

მორჩა, შენ უკვე აღარ არსებობ!

და რადგან აღარ არსებობ, ყურადღების მისაპყრობად ყველაფერზე წახვალ. შეიძლება თავი გადაიპარსო ან ზოლიანი წინდები ჩაიცვა, ან სულაც უცხოებს დაუკივლო. არ გინახავს არც ისე ახალგაზრდა ქალები, სრულიად უცნობ ადამიანებს რომ უკივიან უბნის მაღაზიაში?

და უცებ გახდები დეპრესიული მოზარდი, სულ ოფლში რომ იწურება და პირიდან საშინელი სიტყვები ამოსდის, განსაკუთრებით, როცა ყველაზე საყვარელ ადამიანებს ელაპარაკება.

და აგიტანს სხვების მოტყუების სურვილი, და ეცდები, მაღაზიიდან რაღაცები მოიპარო და თუ მანქანას ატარებ, შენ წინ მიმავალ მანქანას ვითომ შემთხვევით ლეწო.

არაფერი გამზადებს ამისთვის.

და კიდევ ერთი რამ, რომლის შესახებაც წინასწარ ვერავინ გაფრთხილებს, არის ის, რომ ეს პერიოდი ათი წელი გრძელდება. ეს შენი ცხოვრების კიდევ ერთი ათწლეულია. ჰკითხე შენს ექიმს, სიმართლეა თუ არა, და ის თავს გაიქნევს, არაო.

და ამის მერე, აღმოაჩენ, რომ ისევ ქალი ხარ, ის ათი წელიც გავიდა, შვილებიც გიყვარს, საყვარელიც, და არ არსებობს ქვეყანაზე სულიერი, რომელიც დაგიშლის, იყო საკუთარი თავი. ამ დროისთვის შენი მშობლები უკვე მიწას მიაბარე, მიწას მიაბარე შენი წარსულიც. რა თქმა უნდა, ამასობაში შენი ცხოვრების განადგურებაც მოასწარი და ამიტომ, თავიდან გაქვს ასაწყობი და თანაც, მოგეძალა მწუხარება, სინანული, ნოსტალგია და ამგვარი რამეები, მაგრამ მაინც, ამ ყველაფრიანად, თავისუფლებას გრძნობ, შეგიძლია, უსაქმოდ იჯდე სკამზე, ქვები ისროლო და მადლობა შესწირო განგებას იმ ორიოდე თუ ათიოდე თუ ოციოდე წლისთვის, წინ რომ გიდევს და რომელშიც უფლება გაქვს, იყო ნამდვილი შენ, მაშინაც კი, თუ აურაცხელმა ქალმა სიცოცხლე იმ მიზეზების გამო დაასრულა, რომელთაც, როგორც ამბობენ, საერთო არაფერი აქვს მენოპაუზასთან, იმ მენოპაუზასთან, რომელიც, მადლობა ღმერთს, შენ უკვე გამოიარე, და იცი, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ინატრებ, იყო გოგო, რადგან უკვე დაინახე, რომ არაფერი შეედრება უჩინარობას, და რომ ეს დედამიწაზე მოსვლის ყველაზე დიდი მიზეზი და ყველაზე საოცარი საჩუქარია, რაც კი შეგიძლია სიცოცხლისგან მიიღო.

თუ ახალგაზრდა ხარ და ამას კითხულობ, ალბათ ხვდები, რატომ უელავთ თვალები სამოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი თუ ოთხმოცდაათი წლის ქალებს: ისინი შენ სერიოზულად ვერ აღგიქვამენ (უკაცრავად), რადგან მათთვის შენ ჯერ მხოლოდ გოგო ხარ, მიუხედავად შენი ბავშვებისა და ფეხსაცმლისა და სიყვარულისა და სექსისა და ასეთი რამეებისა. შენ მათთვის მხოლოდ გოგო ხარ, სიცოცხლით რომ თამაშობს.

ჰო, შენ ხარ გოგო და დგახარ გაუვალი ტყის პირას. წესით, უნდა გეშინოდეს, მაგრამ, ნაცვლად ამისა, უცხო სადილს მიირთმევ, ან ამზადებ, ან მეყვავილესთან გარბიხარ, ან შენი კარის წინ ამ წამს დაწყობილ თაიგულს ხსნი. და მაინც, არაფერს ისე ლაღად არ აკეთებ ახლა, როგორც მერე გააკეთებ. 

შენ ჯერ არც კი დაგიწყია. ჯერ უნდა დააპაუზო, ზუსტად ისე, როგორც დიდი მოგზაურობის წინ შეისვენებენ ხოლმე და ერთი გემრიელად ჩაისუნთქო.

სიბერის ბედნიერი ჟამი ფეხშიშველი მოაბიჯებს, თან კი ისეთი ალერსიანი და ნატიფი სიტყვები და ისეთი უშფოთველი გზები მოაქვს, პირქუშ ახალგაზრდობას რომ არც დასიზმრებია.