კვირადღეს, დილით ადრე, ივან დეგტიარევთან მოვიდა მისი სიმამრი, ნაუმ კრეჩეტოვი, ჯერ კიდევ ჭარმაგი, მარჯვე კაცი, ეშმაკი და მომხიბვლელი. ივანს სიმამრი არ უყვარდა. ნაუმს ქალიშვილი ეცოდებოდა და სიძეს იტანდა.

–  გძინავს? – მკვირცხლად ალაპარაკდა ნაუმი. – ასე მეორედ მოსვლასაც ვერ გაიგებ. გამარჯობა.

–  მაინცდამაინც არც მინდა. არ მივისწრაფვი.

–  სულ ტყუილად. აბა, ადექი... წავიდეთ, შეშა მოვიტანოთ. ბრიგადირმა ორი გზობა მომცა. რა თქმა უნდა, ლამაზი თვალებისთვის არ მოუცია, მაგრამ რაც არის, ეშმაკსაც წაუღია – შეშა საჭირო რამეა.

ივანი ერთხანს კიდევ იწვა, ფიქრობდა... მერე ჩაცმა დაიწყო.

–  აი, რატომ მიდის ახალგაზრდობა ქალაქში? – ალაპარაკდა ივანი. – იმიტომაც მიდის, რომ იქ შენს ნორმას წაიმუშავებ, მერე მიდი და ისეირნე. კაცს აცლიან დასვენებას. აქ კი დაწყევლილივით ხარ: არც დღე გაქვს, არც ღამე. არც კვირადღე.

–  აბა, უშეშოდ ვისხდეთ? – იკითხა ნიურამ, ივანის ცოლმა. – ცხენიც მოუყვანეს და ეს კიდევ უკმაყოფილოა.

–  მე გამიგონია, რომ ქალაქშიც მუშაობაა საჭირო, – შენიშნა სიმამრმა.

–  კი, მუშაობა უნდა. სიამოვნებით გავთხრი წყალგაყვანილობისთვის თხრილს: ერთს გაირჯები და მერე ხარ უდარდელად, წყალიც გაქვს და გათბობაც.

–  ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია, ეს წყალგაყვანილობა, მაგრამ, მეორე მხრივ – უბედურებაა: მთლად ძილისგუდად გადაიქცევი. კარგი, კმარა, წავედით.

–  ისაუზმებ? – ჰკითხა ცოლმა.

ივანმა საუზმეზე უარი თქვა, არ უნდოდა.

–  ნაბახუსევი ხარ? – დაინტერესდა ნაუმი.

–  ზუსტად ასეა, თქვენო კეთილშობილებავ!

–  ჰო... აი, ასე. შენ კი იძახი, წყალგაყვანილობაო... აბა, ჰე, წავედით.

დღე იდგა მზიანი და ნათელი. თოვლი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. ტყეში იყო სიჩუმე და არაამქვეყნიური სიმშვიდე.

წინ დიდი გზა ედოთ – სადღაც, ოცი ვერსტი: უფრო ახლოს ტყის გაკაფვა აკრძალული იყო.

ნაუმი წინ მიდიოდა და ბუზღუნებდა:

–  ეშმაკმა დალახვროს, რას ჰგავს ეს! ტყიდან – ტყეში, შეშის გულისთვის.

ივანი მარხილში თვლემდა. მშვიდი სრიალი ძილს ჰგვრიდა.

შევიდნენ ნაკაფიანში, იქიდან ღია ტაფობზე დაეშვნენ, მერე აღმართს შეუდგნენ. იქ, მთაზე, კვლავ ლურჯ კედლად აღმართულიყო ტყე.

მთა თითქმის ავლილი ჰქონდათ, რომ უცებ დაინახეს, გზიდან ოდნავ მოშორებით – ხუთნი იყვნენ. ტყიდან გამოვიდნენ, დგანან, იცდიან. მგლები.

ნაუმმა ცხენი გააჩერა, ხმადაბლა, წამღერებით შეიგინა:

–  შენი დედის სულში... საყვარელი ნაცარები. გამოფენილან.

ივანის ცხენი, ახალგაზრდა და მშიშარა, უკან-უკან წავიდა, ფეხით შედგა ხელნაზე. ივანმა აღვირი მოქაჩა, ცხენის შემობრუნება უნდოდა. ცხენი ხროტინებდა, ფლოქვებს სცემდა, ხელნაზე ვერ გადაებიჯებინა.

მგლები მთიდან დაიძრნენ.

ნაუმი უკვე მოტრიალდა და შეჰყვირა:

–  აბა, რას შვრები?!

ივანი მარხილიდან გადმოხტა. ძალით შეაგდო ცხენი ხელნაში... თვითონ მარხილში ჩავარდა. ცხენი თავისით მოტრიალდა და ადგილიდან მოწყდა დაოთხილი.

ნაუმი უკვე შორს იყო.

–  გვძარცვავენ! – ბღაოდა ნაომი და ცხენს უტყლაშუნებდა.

მგლები რუხ გუნდებად მსუბუქად ეშვებოდნენ მთიდან, ცდილობდნენ საზიდრებისთვის გზა გადაეჭრათ.

გვძარცვავენ! – ღრიალებდა ნაუმი.

„რას შვრება, ჭკუიდან გადადგა? – უნებურად გაიფიქრა ივანმა. – „ვინ ვის ძარცვავს?“ ივანს შეეშინდა, მაგრამ რაღაც უცნაურად შეეშინდა: იყო შიშიც და მწველი ცნობისმოყვარეობაც, თან სიმამრზეც ეცინებოდა. მაგრამ მალე ცნობისმოყვარეობა გაუქრა. თან სასაცილოც აღარაფერი იყო. მგლებმა მარხილების უკან ასიოდე მეტრში ჩამოაღწიეს გზამდე და ჯაჭვად გაშლილები სწრაფად უახლოვდებოდნენ საზიდარს. ივანი მარხილის კიდეს მაგრად ჩაეჭიდა და მგლებს უყურებდა.

ყველაზე წინ მორბოდა მსხვილი, დიდმკერდა, დრუნჩშეტრუსული მგელი. თხუთმეტი-ოცი მეტრიღა აშორებდა მარხილს. ივანს გაუკვირდა, რომ მგელი სრულებით არ ჰგავდა ნაგაზს. ადრე მგლები ასე ახლოს არ ენახა და ეგონა, რომ ნაგაზივით რაღაცა იყო, ოღონდ უფრო დიდი. ახლა კი ივანი მიხვდა, რომ მგელი მგელია, მხეცი. ყველაზე ბრაზიან ძაღლს ბოლოს და ბოლოს რამე გააჩერებს: შიში, ალერსი, ადამიანის მოულოდნელი შეყვირება. ამას კი, დრუნჩშეტრუსულს, მხოლოდ სიკვდილი თუ გააჩერებდა. ის არ იღრინებოდა, არავის აშინებდა. ის მსხვერპლს ეწეოდა და მისი მრგვალი, ყვითელი თვალების გამოხედვა პირდაპირი იყო და უბრალო.

ივანმა მარხილს თვალი მოავლო – არაფერი, უბრალო წკეპლაც კი არ ებადა. ორივე ნაჯახი სიმამრთან იდო მარხილში. ერთი ბღუჯა თივა ეყარა მხოლოდ და ივანს ხელში ერთი შოლტი ეჭირა.

–  გვძარცვავენ! – ყვიროდა ნაუმი.

ივანს ნამდვილი შიში დაეუფლა.

მოწინავე მგელმა, როგორც ჩანს, ხროვის წინამძღოლმა, მარხილს მოუარა, ცხენს მიეზომა. ორიოდე მეტრში იყო... ივანი წამოდგა და, მარცხენა ხელით კიდეს ჩაჭიდებულმა, წინამძღოლს შოლტი გადაუჭირა. მგელი ამას არ ელოდა, კბილები დააღრჭიალა და განზე გადახტა. გადაკოტრიალდა... სხვა მგლებიც ზედ მიაწყდნენ. წინამძღოლის ირგვლივ ზედახორა ატყდა. ის უკანა თათებზე ჩაჯდა, ეშვი გაკრა-გამოკრა ერთ-ორს... კვლავ წინ გაიჭრა და ადვილად დაეწია მარხილს. ივანი ხელსაყრელი წამისთვის მოემზადა, უნდოდა, წინამძღოლს ერთხელაც მისწვდომოდა. მაგრამ მგელი მარხილს მოშორებით აედევნა. ბოლოს ხროვას კიდევ ერთი მგელი გამოეყო და მარხილს მეორე მხრიდან დაედევნა. ივანს კრიჭა შეეკრა, შეიჭმუხნა... „მორჩა. მოვიდა სიკვდილი“. წინ გაიხედა.

–  გაჩერდი! – აღრიალდა. – მამა!.. მომეცი ნაჯახი!

ნაუმი გამწარებით ურტყამდა ცხენს მათრახს. მოიხედა, დაინახა, სიძეს მგლები გარს როგორ უვლიდნენ, და სასწრაფოდ შეტრიალდა.

–  შეაჩერე, მოვიგერიებთ! შეაჩერე, შე გველო!

–  რამე გადაუგდე! – დაიყვირა ნაუმმა.

მგლების წინამძღოლი ცხენს გაუსწორდა და მარჯვე დროს ელოდა მისახტომად. უკანა მგლებიც უკვე ძალიან ახლოს იყვნენ: ოდნავი შეფერხება და გაქანებულები შემოხტებოდნენ მარხილში – და მორჩა. ივანმა თივის ბღუჯა ესროლა; მგლებს ზედაც არ შეუხედავთ.

–  მამა, ძაღლო, შეანელე, დააგდე ნაჯახი!

ნაუმმა მოიხედა.

–  ვანკა!.. შეხედე, ვაგდებ!..

–  ცხენი შეაჩერე!

–  შეხედე, ვაგდებ! – ნაუმმა გზის პირას დააგდო ნაჯახი.

ივანი მიეზომა... გადმოხტა მარხილიდან, ნაჯახს ხელი სტაცა... გადმოხტომისას უკან მომავალი სამი მგელი დააფრთხო, ისინი განზე გახტნენ, სირბილი შეანელეს, ადამიანზე შეტევა განიზრახეს. მაგრამ იმწამს წინამძღოლმა ფეხქვეშ მყარი ლიპი იგრძნო და ახტა. ცხენი დაფეთდა, ნამქერში გადაეშვა... მარხილი გადაბრუნდა. ხელნები გადაიხლართა და ცალუღმა ცხენს ყელში მოუჭირა. ცხენმა ხროტინი დაიწყო, ხელნებში აფართხალდა. მსხვერპლის მეორე მხრიდან მადევარი მგელი ცხენს ქვეშ მოექცა და კლანჭებიანი თათის მძლავრი მოსმით განივად გამოფატრა მუცელი.

სამი დარჩენილი მგელიც მსხვერპლს ეცა.

შემდეგ წამს ხუთივე მგელი გლეჯდა ხორცს ჯერაც მოსავსავე ცხენს, თვალისმომჭრელად თეთრ თოვლზე დაათრევდნენ ნაწლავების ოხშივარავარდნილ, ჭარხლისფერ ხლართებს, ღრენდნენ. წინამძღოლმა ერთი-ორჯერ პირდაპირ შეხედა ადამიანს თავისი მრგვალი, ყვითელი თვალებით...

ყველაფერი ისე საზარლად სწრაფად და უბრალოდ მოხდა, რომ უმალ სიზმარს ჰგავდა. ივანი ნაჯახით ხელში იდგა და დაბნეული შეჰყურებდა მგლებს.  წინამძღოლმა კიდევ ერთხელ შეხედა ივანს... და ამ გამოხედვამ, თავხედურმა და მოზეიმემ, ივანი გააბრაზა. მან ნაჯახი აღმართა, რაც ძალა და ღონე ჰქოქდა, დაიღრიალა და მგლებისკენ გაექანა. ისინი ზანტად გაერიდნენ რამდენიმე ნაბიჯით, მერე გაჩერდნენ, თან სისხლიან დრუნჩებს ილოკავდნენ. ამას ისე გულმოდგინედ და გატაცებით აკეთებდნენ, რომ, როგორც ჩანს, ნაჯახიანი კაცი სრულებით არ აინტერესებდათ. თუმცა, წინამძღოლი ყურადღებით და პირდაპირ უყურებდა. ივანმა, რაც იცოდა, ყველაზე საშინელი სიტყვებით აგინა. ნაჯახი მოიქნია და მისკენ ნაბიჯი გადადგა... წინამძღოლი არც განძრეულა. ივანიც გაჩერდა.

–  მოიგეთ, – თქვა მან. – ხეთქეთ, ვიგინდარებო! – და სოფლისკენ წავიდა. დაგლეჯილ ცხენს თვალს არიდებდა. მაგრამ ვერ მოითმინა, გახედა... სიბრალულისგან გული შეეკუმშა, და დიდი ბრაზით გაბრაზდა სიმამრზე. ივანი გზას ჩქარი ნაბიჯით გაუყვა.

–  აბა, დამაცადე!.. დამაცადე, გველო. მოვიგერიებდით, და ცხენიც გადარჩებოდა. მოღალატევ.

ნაუმი სიძეს მოსახვევში ელოდებოდა. საღ-სალამათი რომ დაინახა, გულწრფელად გაუხარდა:

–  ცოცხალი ხარ? დიდება ღმერთს! – სინდისი სადღაც მაინც ქენჯნიდა.

–  ცოცხალი ვარ! – გაეპასუხა ივანი. – შენც ხომ ხარ ცოცხალი?

სიძის ხმაში ნაუმმა რაღაც საფრთხე იგრძნო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც მარხილისკენ გადადგა ნაბიჯი.

–  ისინი იქ რას შვრებიან?..

–  მოკითხვა შემოგითვალეს. მოღალატევ!..

–  რა დაგემართა? რას ჩხუბობ?..

–  კი არ გეჩხუბები, გაგლახავ.

ივანი მარხილს უახლოვდებოდა. ნაუმმა ცხენს მათრახი შემოჰკრა.

–  სდექ! – შეჰყვირა ივანმა და მარხილისკენ გაიქცა. – სდექ, პარაზიტო!

ნაუმი ცხენს მათრახს უჭერდა... დაიწყო სხვა დევნა: კაცი კაცს ეწეოდა.

–  სდექ-მეთქი, შენ გეუბნებიან! – ყვიროდა ივანი.

–  დარტყმულო! – ყვიროდა პასუხად ნაუმი. – რას ჩამაცივდი? ჭკუიდან ხომ არ შემცდარხარ? მე რა შუაში ვარ?

–  რა შუაში ხარ?! მოვიგერიებდით, შენ კი გვიღალატე!..

–  რას მოვიგერიებდით?! რას ამბობ!

–  გვიღალატე, გველო! მე შენ გასწავლი ჭკუას! ვერსად გამექცევი, გიჯობს, გაჩერდე. ერთი ერთზე გაგლახავ, ნაკლებ სირცხვილიანი იქნები. თუ არადა, ხალხში გირტყამ. თან ყველაფერს მოვყვები... გიჯობს, გაჩერდე!

–  კი, ახლავე, მაგის იმედი გქონდეს! – ნაუმი ცხენს მათრახს უჭერდა. – წყეული მუქთახორა... საიდან გაჩნდი ჩვენდა ჭირად!

–  ისმინე კეთილი რჩევა: გაჩერდი! – ივანს უკვე ქანცი ჰქონდა გაწყვეტილი. – შენთვის უკეთესი იქნება: გაგლახავ და არავის ვეტყვი.

–  ოხერი, შიშველი, ნათესავად მოგიკიდეთ, შენ კი ახლა ნაჯახით მემუქრები! სირცხვილი არა გაქვს?

–  აი, გაგლახავ და სირცხვილზე მერე ვილაპარაკოთ! – ივანი ნელა მირბოდა, უკვე ძალიან ჩამორჩა. ბოლოს მთლად შეეშვა დევნას. ნელი ნაბიჯით წავიდა.

–  მოგნახავ, სად გაიქცევი! – მიაძახა სიმამრს.

ივანს შინ არავინ დახვდა: კარებზე ბოქლომი ეკიდა. ბოქლომი გახსნა, სახლში შევიდა. კარადა გამოაღო... ბოთლით არაყი ნახა, წუხანდელი დარჩენილი, დაისხა ჭიქაში, გადაკრა და სიმამრთან წავიდა.

სიმამრის ეზოში მარხილიდან გამოხსნილი ცხენი იდგა.

–  სახლშია, – კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ივანმა.

კარებს ხელი ჰკრა – ღიაა. ივანს ეგონა, რომ გამოკეტავდნენ. ოთახში შევიდა... ელოდნენ. ოთახში ისხდნენ სიმამრი, ივანის ცოლი და მილიციონერი. მილიციონერი იღიმებოდა.

–  აბა, რაო, ივან?

–  აჰა.. უკვე მიირბინე, ხომ? – იკითხა ივანმა და სიმამრს შეხედა.

–  მივირბინე, მივირბინე. ჩაისხი, ხომ? უკვე მოასწარი?

–  კი, ცოტა მივიღე... მჭევრმეტყველებისათვის. – ივანი სკამზე ჩამოჯდა.

–  ამას რას სჩადი, ივან? შენ რა, ჭკუიდან გადადექი? – წამოდგა ნიურა. – რას შვრები?

–  მინდოდა, შენი მამიკოსთვის ჭკუა მესწავლებინა... ადამიანი როგორ უნდა იყო.

–  შეეშვი, ივან, – ალაპარაკდა მილიციონერი. – რას იზამ, მოხდა უბედურება, შეგეშინდათ ორივეს... ვინ ელოდა, რომ ასე იქნებოდა? სტიქიაა.

–  ერთად ადვილად მოვიგერიებდით. მე კიდე მარტო დავრჩი იმათთან...

–  ნაჯახი ხომ გადმოგიგდე? მთხოვე – გადმოგიგდე. მეტი რა მომეთხოვებოდა?

–  ცოტა რამ მოგეთხოვებოდა: ადამიანი ყოფილიყავი. შენ კიდე მოღალატე ხარ. სულ ერთია, ჭკუას მაინც გასწავლი.

–  გამომიჩნდა, რა, მასწავლებელი! ცინგლიანი... შიშველ-ტიტველი შემოვიდა სახლში, მზამზარეული დახვდა ყველაფერი და კიდევ იქით იმუქრება. თან ყველაფრით უკმაყოფილოა: ნუ იტყვი, წყალგაყვანილობა არ ყოფილა!

–  ამაში ხომ არაა საქმე, ნაუმ, – თქვა მილიციონერმა. – წყალგაყვანილობა რა შუაშია?

–  სოფელში ცუდია!.. ქალაქში ჯობია. – გააგრძელა ნაუმმა. – მაშინ აქ რას მოდიოდა? თავისი უკმაყოფილების საჩვენებლად? ხალხი უნდა აეფორიაქებინა?

–  აი, სალახანა! – გაიკვირვა ივანმა. და ზეზე ადგა.

წამოდგა მილიციონერიც.

–  მორჩით! წავედით, ივან...

–  ასეთ ამფორიაქებლებს იცი, სად ათავსებენ? – არ ცხრებოდა ნაუმი.

–  ვიცი! – უპასუხა ივანმა. – თავით ყინულჭრილში... – და სიმამრისკენ დაიძრა.

მილიციონერმა ივანს ხელი გაუყარა და ოთახიდან გაიყვანა.

ქუჩაში გაჩერდნენ, პაპიროსს მოუკიდეს.

–  არ არის ახლა პარაზიტი? – შფოთავდა ივანი. – აქეთ მე მემუქრება.

–  შეეშვი, რა!

–  არა, უნდა გავლახო.

–  ჰოდა, მიიღებ კიდევაც! ამ ნეხვის გამო.

–  სად მიგყავარ?

–  წავიდეთ, ღამეს ჩვენთან გაათევ... დაწყნარდები. არადა შენსავე თავს ავნებ. დაანებე თავი.

–  არა, ეს ხომ... მაინც, რანაირი კაცია?

–  არ შეიძლება, ივან, არ შეიძლება. მუშტებით ვერაფერს დაამტკიცებ.

ქუჩას გაუყვნენ, სოფლის სატუსაღოსკენ.

–  იქ რა, არ შეგეძლო? – ჰკითხა უცებ მილიციონერმა.

–  ვერ დავეწიე! – დანანებით თქვა ივანმა. – ვერ დავეწეოდი.

–  აი, ასე... ახლა მორჩა – აწი არ შეიძლება.

–  ცხენი მენანება.

–  რას იზამ...

გაჩუმდნენ. კარგა ხანს იარეს ჩუმად.

–  მისმინე, გამიშვი ახლა. – ივანი გაჩერდა. – კვირადღეს იქ რა მინდა? ხელს არ ვახლებ.

–  არა, წამოდი. წამო. თორემ მერე ატყდება ერთი ამბავი... შენ მეცოდები და იმიტომ გეუბნები. წამო, ჭადრაკი ვითამაშოთ... ხომ თამაშობ ჭადრაკს?

ივანმა ნამწვი თოვლზე დააფურთხა და ჯიბეში ჩაძვრა ახალი პაპიროსის ამოსაღებად.

–  კი, ვთამაშობ.