სუსხიან ზამთარში მერილენდის ჰოსპიტალის მთავარი ქირურგი მისტერ თომას დაქერი ადრიანად დგება. მეუღლე ყავის ნაცვლად, ვაფლს სთავაზობს, რადგან დაქერს კოფეინის მიღების შემდეგ, ხელი უკანკალებს ხოლმე.

ბალტიმორში, ქალაქის ყველაზე საქმიან ნაწილში, უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მეთორმეტე სართულზე ედნა კელის მეუღლე ემშვიდობება. მისის კელიმ მონსტრი საკუთარ თავის ქალაში 57 წლის წინ შემოუშვა, თუმცა მოთმინების ფიალა ეს-ესაა აევსო. დღეს შიშნარევი, თუმცა მტკიცე გამომეტყველება აქვს.

დილის 05:30 საათია.

- სიკვდილის არ მეშინია. მხედველობა სანახევროდ დავკარგე. მას ყნოსვა და გემოს შეგრძნებაც თან გაჰყვა. ყოველ წუთს გული მიმდის, უცნაური სუნი მცემს და თითქოს, ვიხრჩობი. ვერც ფეხებს ვამოძრავებ - პარალიზებული ვარ, - განთიადიდან ლუღლუღებს კელი, - სამი წლის წინ, ექიმმა სიბრმავე, დამბლა და მოახლოვებული სიკვდილი მიწინასწარმეტყველა. ეს ყველაფერი მონსტრის ბრალია. სიკვდილი არ მინდა, თუმცა ტკივილი ყოველდღე სულს მხდის და მეტს ვეღარ ვითმენ. ტკივილს ვერ ვუძლებ, სიცოცხლე აღარ მინდა.

სამსახურში მიმავალ დაქერს მეუღლე ქაღალდის პაკეტს აწვდის - მიწის თხილის კარაქით, ბანანითა და ლეღვით სავსეს.

ქალაქის საქმიან ნაწილში ტკივილგამაყუჩებელი მისის კელის ტვინზე მოქმედებას იწყებს.

კელი ტვინში სისხლძარღვების თანდაყოლილი სიმსივნით დაიბადა. ავადმყოფობამ ბავშვობაში იჩინა თავი. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები გაფართოვდა და თავის ქალა დააზიანა, რამაც ტვინის ქსოვილის ნაჩქარევი დადამბლავება გამოიწვია.

საბოლოოდ, 1942 წელს, არტერიები ზედმეტი დაჭიმულობისაგან დასკდა და კელი ლოგინად ჩავარდა. მას შემდეგ ტანჯვა არ განელებია.

პირველი გაჟონვის დროს კელი მეორე ბავშვს ზრდიდა. ავადმყოფობის მიუხედავად, შვილებსა და მეუღლეზე განუწყვეტლივ ზრუნავდა. ტკივილი კი დღითიდღე ძლიერდებოდა.

კელიმ მას მონსტრი შეარქვა.

07:15 საათია. მეთერთმეტე საოპერაციო ოთახში სპეციალისტი ქირურგიულ მიკროსკოპს ამოწმებს. ექთანი სახვევებსა და ხელსაწყოებს ალაგებს. კელი უჟანგავი ფოლადის მაგიდაზე წევს.

პატარა სენსორები ვენებზე მიუმაგრებიათ. ანესთეზიოლოგი სენსორიდან შვიდი სანტიმეტრის სიმაღლეზე მას ელექტრონულ ხელსაწყოს უერთებს. კარდიოგრამის ისრები ამოძრავდნენ, ციფერბლატი დაიძრა, შუქი აელვარდა. გული მკაფიოდ ფეთქავს. მისი თანაბარი, არც თუ ხმამაღალი ძგერა საოპერაციო ოთახში ექოს გამოსცემს.

ექიმი დაქერი საოპერაციო ოთახში შედის და ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით იცის, პაციენტის ტვინის ფოტოები ევროპაში, კანადასა და ფლორიდაში გაგზავნა. ექიმი მთავარი არტერიის ზემოთ შესიებულ ორ ანევრიზმას დასცქერის. შესაძლოა, რომელიმე გასკდეს.

ყველაზე მეტად საფრთხე კელის თვალის უკან მდებარე ერთ-ერთ ანევრიზმას ემუქრება. ის ყველაზე საშიშია. დაქერის ასისტენტი პრაქტიკანტი ქირურგი ავადმყოფის ხელს შტაბელით ამაგრებს და სინანულის ნიშნად, თავს აქნევს. დაქერი კანზე მიმაგრებულ ფოლადის სამ ქინძისთავს ამოწმებს, რომლებიც მისის კელის თავის ქალას ამაგრებენ.

- იოტისოდენა შეცდომაც კი დამღუპველია, - ამბობს ექიმი.

მისის კელის სხეული ექვსინჩიანი ნამგლისებური სკალპის გარდა, მთლიანად მწვანე ზეწრებითაა დაფარული. რეზინის ხელთათმანიან ექიმს, თეთრხალათიანი ექთანი, დორის შვაბლანდი ენაცვლება. სკალპელი ხელიდან უვარდება. ჰემოსტატები სკალპის არტერიებს ფხაჭნის, სისხლი დაქერის ქაღალდის სტერილურ ფეხსაცმელებს ეშხეფება.

08:25 საათია. გულისცემა ძლიერდება. წუთში სამოცდაათი. თანმიმდევრულია.

დღეს დაქერი ორი ანევრიზმის მოჭრას გეგმავს, რომლებსაც კელის სიცოცხლე ძაფით უჭირავთ. მათ შემდეგ ექიმი მონსტრზე გადაინაცვლებს.

ეს მეტისმეტად საფრთხილო, ნეიროქირურგიის მონათესავე ოპერაციაა. ზოგმა კოლეგამ ისიც ურჩია, ტყუილად ნუ გაირჯები და კელის მშვიდად სიკვდილი დააცადეო. დაქერს სხვა გზა არ ჰქონდა, ქალის სურვილის წინააღმდეგ ვერ წავიდა.

- შესაძლოა, ოპერაცია ცუდად დამთავრდეს და პაციენტი ვერ გადარჩეს, - ამბობს ექიმი, - ყველაფერი ავწონ-დავწონე, თუ ფარ-ხმალს დავყრით, არაფერი გამოვა. უნდა ვიმოქმედოთ.

მისის კელიმ დასტური მისცა. ახლა ექიმი დაკერი თავის ქალას ჰხდის, რათა უსიცოცხლო, დაზიანებული ძვალი ჯანსაღისგან გააცალკეოს. ოთახში ნახევარინჩიანი ბურღი ხრიალებს. მას გულის ფეთქვის ხმა ენაცვლება. 09:00 საათია. ექიმის ხელები ორ თუ ოთხინჩიან სამკუთხედის ფორმის თავის ქალით, თეთრხალათიანი ექთნისკენ მიიწევს.

- ესეც ასე, პირველი დაბრკოლება გადალახულია, - მშვიდი ხმით ამბობს ექთანი.

09:20

ექიმი უკან იხევს და ხელთათმანიანი ხელები, ინფექციისაგან დასაცავად, მაღლა უჭირავს. სანამ დანარჩენებს მიკროსკოპი ტვინისკენ გადააქვთ, ნეიროქირურგი რენტგენის ფოტოებს კიდევ ერთხელ აკვირდება. გულისცემა ძლიერდება, 70 დარტყმა წუთში. მთელი 70 დარტყმა.

- რთული სამუშაო მოგვიწევს, - ამბობს ქირურგი.

დაქერი მიკროსკოპს ჩასცქერის. ხელებს ელექტრულ პინცეტისმაგვარ ხელსაწყოს აშორებს. ასისტენტი მასთან მიდის და მიკროსკოპის მეორე ოკულარში იყურება.

ოთახის გასწვრივ ფერადი ეკრანი ციმციმებს. მასზე ტვინის ფართოდ გადიდებული გარშემოწერილობაა გამოსახული. გაპრიალებული პინცეტის თავები ტვინში მოძრაობას იწყებენ, რათა მისი ხილვადობა გააუმჯობესონ.

დაქერს თითოეული ანევრიზმის ძირზე პაწაწინა, ზამბარისებური სარჭების დამაგრება სურს. მანამდე უილისის წრესთან ბილიკი უნდა ჩაჭრას, რომელიც პაციენტის მარჯვენა თვალთან ღრმადაა ჩაფლული. იქამდე ძალიან შორია. გადიდებული ტვინის გარშემოწერილობა თითქოს ოთახის სიდიდეს აჭარბებს. პატარა, ბლაგვთავებიანი ხელსაწყო ტვინზე მოძრაობს.

დაქერი ორ სტრუქტურულ ნაწილაკს ღრმა არხისგან ფრთხილად აცალკევებს. ოპერაცია სირთულის პიკს აღწევს.

09:36

დაბლაგვებული ზონდი ვიწყო გვირაბს ძალიან ფაქიზად აფართოებს, მილიმეტრობით აცალკევებს სტრუქტურებს რუხი ნივთიერებისგან და მოელვარე ნაცრისფერისკენ გადააქვს.

- თუ იქამდე მივალთ, მდგომარეობა გაუარესდება, - მიმართავს ექიმი ირგვლივმყოფებს.

ნეიროქირურგი მონსტრს ვ.ა.დ (ვენების არტერიულ დაავადებას) უწოდებს და განმარტავს, რომ არტერიების ამგვარი ზემოქმედებით, მაღალი წნევის მქონე სისხლი კუნთად ან ორგანულ ქსოვილად გადაიქცევა. ცოცხალი უჯრედები ჟანგბადს შთანთქავენ და სისხლის საზრდო ვენებში დაიწრიტება, რომლებიც მას გულსა და ფილტვებს დაუბრუნებს.

მისის კელის ტვინში არსებული ერთ-ერთი არტერია ქსოვილებს კვეთს და პირდაპირ ვენებიდან საზრდოობს. შეუსაბამო, ხელოვნური კვანძისთვის სწრაფი სისხლდენა არაბუნებრივია და 57 წლის ასაკში იგი უკვე მუშტის ზომისა გამხდარა. დროდადრო სისხლის წვეთები ჟონავს და კელის ტკივილი აწამებს. ტვინის ნაწილაკები ერთმანეთთან ნაჭრილობევი ქსოვილებითაა შეერთებული და გვირაბის გასაკეთებლად დაქერს კვლავ მათი განცალკევება მოუწევს. თუმცა, ტვინი ძალიან მგრძნობიერეა.

მონიტორის ეკრანი წითლად იფერება.

ექიმი მყისიერად რეაგირებს. მომცრო არტერიის გაწყვეტილ ბოლოს სასწრაფოდ პინცეტს ჩაავლებს. სისხლდენის შეჩერებისთანავე ელექტრონული ხელსაწყო ბზუის და სისხლის შედედებამდე მოქმედებას წყვეტს.

- სანერვიულო არაფერია,  - ამბობს ექიმი, -  ბევრი გარჯა არ სჭირდება, თუმცა ახლა, როცა მილიარდში ერთს დაეძებ.

ის ტვინისკენ გზას ძალიან ფრთხილად მიიკვლევს. მოშორებით, პატარა გვირაბთან ნერვის მომცრო ღერო მოსჩანს.

09:54 საათია.

დაქერი ნერვისკენ ნელი მოძრაობით მიიწევს. გული გამალებით ცემს - ბახ, ბახ,ბახ,ბახ. 70 დარტყმა წუთში.

ნეიროქირურგი პინცეტს მფეთქავ საძილე არტერიას უმიზნებს - ტვინში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვან სისხლის მაგნატს. არტერია ელექტრომოწყობილობის ხმასთან ერთად დახტის - ბახ-ბუხ, ბახ-ბუხ.. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად, ტვინის ნაიარევ ქსოვილზე ოდნავი ბიძგებით, დაქერი საძილე არტერიას უილისის წრისკენ, თავის ქალის ძირისკენ უბიძგებს.

სისხლძარღვების შეკვრიდან სისხლი მთელ ტვინს გადაეცემა. სამი მთავარი არტერია სწორედ ამით იკვებება - ერთი უკანა და ორიც წინამდებარე.

საძილე არტერიისა და უილისის წრის გადაკვეთის წინ მდებარე პირველი ანევრიზმა კვლავ რუხ მასაშია ჩაფლული. მეორეს კი ღრმად დაუდევს ბინა ტვინში -  ყველაზე შორი არტერია ხერხემლის გასწვრივ წრეს რომ უერთდება.

ექიმი მიკროსკოპს შორდება და საძილე არტერიას დაჰყურებს.

საათი 10:01-ს უჩვენებს. გულის მონიტორი დამაჯერებლად გამოსცემს - ბახ, ბახ, ბახ.

ექიმის ხელში პინცეტი ფრთხილია, მტკიცე, წინასწარ დაგეგმილი, ნელ-ნელა ყველაფერს ზედმიწევნით სინჯავს და ამოწმებს. სისხლძარღვებიდან ისევ სისხლდენა იწყება და დაქერი ძლივს ახერხებს მის შეჩერებას. სისხლი ისევ მოჩქეფს, ანესთეზიოლოგი იძულებულია, სუდარაში გახვეულ კელის გადასხმის აპარატი დაუდგას.

ათი წუთი გავიდა. ოციც. სისხლი არ ჩერდება, პინცეტი ბზუის, შემწოვი მილი სისინებს. გვირაბი ისეთი პატარაა, რომ ერთი ინსტრუმენტის ღეროც კი ავსებს.

ბოლოს და ბოლოს, ანევრიზმა ჩნდება, წვრილია, ძლიერად ფეთქავს, დახორკლილია, დაჭიმული, ხასხასა რძისფერი. ერთ დროს ჯანმრთელი, საარტერიო კედელთან შესიებულა, ყულფი წაუჭერია, გასასკდომად ემზადება, მარცვლისოდენა გამხდარა.

თავად ანევრიზმა მონსტრი არ არის. ულტრაიისფერი სხივების მიხედვით მონსტრამდე ჯერ კიდევ შორია. იგი განუწყვეტლივ იზრდება და სხეულს ანადგურებს. ტვინის არტერიულ კედლებს ასუსტებს.

ექიმი ანევრიზმას კვლავ უბიძგებს. გაუბედავად, ფრთხილად.

- სისხლი შეხებისთანავე მხეცივით ეხეთქება კედლებს, - ეუბნება ექთანი დაქერს.

ექიმი ანევრიზმას ფრთხილად აშორებს გარსშემოვლებულ ტვინის ბოჭკოებს.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გარეშე, მონსტრის წინააღმდეგ წასვლას ვერცერთი ქირურგი ვერ გარისკავს.

და ახლა..

ექთანი დაქერის გრძელ ბრტყელტუჩას იღებს. მომცრო, უჟანგავი ფოლადის მაკრატლის პირები ფართოდ იხსნება და ბრტყელტუჩას ბოლოზე განთავსდება. ლუპით გადიდებული ხელსაწყოს პირები ანევრიზმაზე გადაინაცვლებს.

10:40.

თერთმეტი წუთის განმავლობაში დაქერი განუწყვეტლივ ცდილობს, მაკრატლის პირი მზერის ობიექტზე მოათავსოს, მაგრამ მოწყობილობა მეტისმეტად პატარაა. შედეგად, უფრო დიდპირიან მაკრატელს ითხოვს. ახალ პირს მიკროსკოპის ლუპის ქვეშ ათავსებს და უსაზღვრო სიმშვიდით, წინასწარგანზრახული მოძრაობით, ანევრიზმის ყელს უახლოვდება. მაკრატლის პირები მომენტალურად იხურება და შესიებული ანევრიზმა ქვემოთ სხლტება.

- დავამარცხე, - იღიმის ექიმი და მის ნიღაბზე ნაკეცები მოსჩანს.

გულზე მიერთებული მონიტორი ძველებურად აგრძელებს - ბახ, ბახ, ბახ. უკვე 10:58 საათია.

ექიმი უილისის წრიდან ტვინისკენ ინაცვლებს, სადაც უფრო დიდი ანევრიზმაა. ის წრის განაპირას მდებარეობს, ტვინის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილში.

ოპერაცია დაძაბულობის პიკს აღწევს და უფრო სისხლიანი ხდება. მილიმეტრობით, მეტისმეტად ფრთხილად, მისის კელის ტვინში პინცეტს გვირაბი გაჰყავს.

სისხლი მოჩქეფს;

პინცეტი ბზუის;

მაწოვარა შიშინებს;

ბიძგი და ზონდი;

ტკივილგამაყუჩებელი;

მეტი სისხლი..

პინცეტი დუმდება..

- ვერაფერს ვხედავ, - ამბობს ქირურგი და გამოსავალს გაშმაგებით ეძებს.

ღონემიხდილი დაქერი უკან იხევს, სკამზე ჯდება და დიდი ხნით აჩერებს მზერას. ტვინის ღერო წამიდან წამამდე ვიწროვდება.

- რამე უნდა ვიღონო, - ჩურჩულებს ექიმი.

მონიტორი არ ჩერდება - ბახ, ბახ, ბახ, 70 დარტყმა წუთში.

ოზონისა და დამწვარი სხეულის სუნი ჰაერს ამძიმებს. 11:05 საათია, მონსტრის დღე.

საოპერაციო ოთახის კარი იღება და მთავარი ნეიროქირურგის ასისტენტი მიშელ სელქმენი შემოდის. ექიმს ესაუბრება. დაქერი მიკროსკოპთან ბრუნდება. სელქმენი ციფრული მონიტორის წინ დგება და ანევრიზმას საბურავზე გამოშვერილ რკინას ადარებს.

დასუსტებული არტერიის კედელი თუ გასკდა, სიკვდილი გარდაუვალია.

ანევრიზმა როგორმე მარტივად, ძალდატანების გარეშე უნდა მოაშორონ უილისის წრეს. სელქმანი ხელებს მკერდზე იჭდობს და კვლავ ეკრანს უმზერს. ძალიან უნდა, ღონემიხდილი დაქერი როგორმე ანუგეშოს.

ერთი ანევრიზმა დაბლა ეშვება, ერთიც ემზადება..

მეორე, საზურგის თავზე განთავსებული, ავისმომასწავებლად ფეთქავს.

პინცეტი ეკრანს აწვება და არტერიას ტვინისკენ მისდევს. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ნაცრისფერ გრაგნილს უბიძგებს. ფირზე წამიერად ჩნდება ნერვი და ისევ უჩინარდება. მოქმედება ნელდება. დაქერი გზას ტვინის ცენტრისკენ მიიკვლევს. ინსტრუმენტები ჩინურ ჩხირებს ჰგავს. საფრთხე იმატებს.

გულისცემა გრძელდება: ბახ,ბახ,ბახ, 70 დარტყმა წუთში.

ინსტრუმენტი ტკივილს ამძაფრებს, ყველაფერს ფხაჭნის, იარებს აღიზიანებს და მისის კელის აგონიაში აგდებს, რომელსაც ახლა სიკვდილი ყველაფერს ურჩევნია.

დაქერი ცოტა ხნით კვლავ ეშვება, უმოქმედო ხდება.

ამჯერად, ასისტენტთან ერთად, ოკულარში იყურება. ჩურჩულით აწყობენ გეგმებს.

გადაწყვეტილება მიღებულია და გაპრიალებული პინცეტი კვლავ სისხლძარღვის გასწვრივ მოძრაობს.

ექიმი ისე აღრმავებს ტვინში გვირაბს, თითქოს ბამბის ფუმფულა ქულას ეხებაო. როგორც იქნა, ნაცრისფერი ნივთიერება გამოაცალკევა.

დაქერი კანკალებს.

არხის უკან უამრავი უსიცოცხლო, დასიებული, თოკის მსგავსი სისხლძარღვი გადახლართულა.

ნეიროქირურგი მათ გაფაციცებით უმზერს.

მონსტრი!

მიკროსკოპში ჩანს, რომ მონსტრი შორს, ზემოთ, თავის შემაღლებული ნაწილის უკან მდებარეობს. დაქერმა ამასწინათ თვალიც შეავლო მას, ოღონდ ახლა და აქ არა. რენტგენის გარეშეც ნათლად ჩანს, რომ მისის კელის ტვინი მონსტრს სრულიად მოუცავს.

პინცეტი გაუბედავად ცდილობს უსიცოცხლო სისხლძარღვების განცალკევებას.

ბახ, ბახ, ბახ..

ბახ,

ბახ,

ბახ,

-გულისცემა ნელდება, - აფრთხილებს ექიმს ანესთეზიოლოგი.

პინცეტი გველნაკბენივით უკან იხევს.

ბახ.. ბახ, ბახ.

- უმჯობესდება, - ამბობს ანესთეზიოლოგი.

სისხლძარღვები სისხლის მიმოქცევას არეგულირებენ.

დაქერი ცდილობს, საპირისპირო მხრიდან მიუდგეს.

ბახ, ბახ, ბახ.

უკან იხევს.

სელქმენი მონიტორის უკან დგება, მკერდზე ხელებგადაჭდობილი, წარბშეკრული.

- ვეღარ გაუძლებს, - ამბობს ანესთეზიოლოგი, - გულს ვგულისხმობ.

დაქერი კვლავ ახალ გზებს ეძებს, მიდამოს ათვალიერებს, კუთხეებს ზომავს. ბოლოს და ბოლოს, გრძელი, მფეთქავი ტვინის ქსოვილის გვირაბში ის ანევრიზმა ჩნდება, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდა.

ბახ, ბახ, ბახ;

ბახ... ბახ...

ინსტრუმენტი ისევ უკან იხევს.

საათი 12:29-ს უჩვენებს.

ნაცრისფერი ქსოვილი შესამჩნევად იზრდება და თანდათან მონსტრის კლანჭებში ექცევა.

ამჯერად, განსხვავებული გზით, პინცეტი ანევრიზმისკენ მიიწევს, თუმცა ანევრიზმა კვლავ იმალება. ახლოს მისასვლელად დაქერი პინცეტს გრძელ, ვიწრო გვირაბში ათავსებს.

ბახ, ბახ, ბახ.

კვლავ უკან იხევს.

- კარგი არაფერი გველის, - ნეიროქირურგს ხმაში იმედგაცრუება ეპარება.

არაქათგამოცლილი ასისტენტი სკამზე ეშვება. სივრცეს უმეტყველო თვალებით უმზერს.

- მიშელ, სასწრაფოდ მომიტანე ახალი ხალათი, - ითხოვს დაქერი.

სანამ ექთანი მხრებზე ხალათს შემოაცმევს, სექლმენი კლიპერით ანევრიზმის დაჭერას ცდილობს.

ბახ, ბახ, ბახ..

კლიპერიც ნებდება.

12:53.

ამჯერად სხვა, აქამდე უცნობი ანევრიზმა ჩნდება.

ბახ, ბახ, ბახ, ბახ.

ისევ უშედეგოდ. 13:06;

და კვლავ და კვლავ. ისევ და ისევ.

ბახ... ბახ.

ბახ... ბახ.

ბახ...

ანესთეზიოლოგი გამომრთველი პანელისკენ სწრაფად მიდის. ექთანი სასუნთქ მილს იჭერს.

ჯანდაბა! ჯანდაბა!

დაქერი მიკროსკოპს წყდება და ხელები დაბლა უცვივდება.

ვერაფერს ამბობს.

- მედიცინაში ასე ამბობენ: თუ გადარჩენა არ შეგიძლია, ზიანს მაინც ნუ მიაყენებ. აცადე ბუნებას აღასრულოს, რაც მოსახდენია. ჩვენ ის უმოწყალოდ დავაზიანეთ. ათი ათასჯერ შევუნელეთ გულისცემა, - ლუღლუღებს დამარცხებული, დაუძლურებული, სასოწარკვეთილი, გამწარებული ექიმი.

ისევ მიკროსკოპთან დგება და სიმაღლეზე მდებარე ანევრიზმას უმზერს. აი, იმას, რომელმაც დააბრკოლა. აქამდე შეუმჩნეველ ნიშნებს, მონსტრის დამალულ საცეცებს თვალით სინჯავს.

ბახ, ბახ, ბახ. გული სიცოცხლეს განაგრძობს. 70 დარტყმა წუთში.

უკან იხევენ. სელქმენის მითითებით, ყველა თავის ქალის ნაწილების შესაერთებლად ემზადება. რასაც, დიდი ცერემონიის გარეშე, მალევე ასრულებენ.

ექთანს ხელში დაქერის ხელთათმანები უჭირავს.

13:30 საათია.

ყავისფერი ქაღალდის პაკეტით ხელში, დაქერი გრძელ დერეფანში მარტოდმარტო მიაბიჯებს. დასასვენებელ ოთახში სავარძლის კიდეზე მოწყვეტით ეშვება და მოპირდაპირე კედელზე თვალის მოუშორებლად პაკეტიდან მიწის თხილის კარაქიან სენდვიჩს იღებს.

საოპერაციო ოთახში ანესთეზიოლოგი მისის კელის თვალებში ნათურას ანათებს. ოდნავ გახელილი მარჯვენა თვალი სინათლეზე არ რეაგირებს. ავისმომასწავებელი ნიშანია.

- თუ მისის კელი გამომჯობინდება, მონსტრს ანევრიზმის მოჭრის გარეშე დავამარცხებ, - გეგმავს დაქერი, - უსიცოცხლო არტერიებს ერთიანად ამოვჭრი. თუმცა, მაინც რთული  ოპერაცია იქნება, - ხმაში ენთუზიაზმი ეკარგება.

თუ გადარჩება, თუ, თუ.

- სიკვდილი არ მაშინებს, - მუდამ ამას ამბობდა კელი, თუმცა ტკივილი ყოველდღე სულს მხდის და მოთმენა აღარ შემიძლია. ვერ ვუძლებ ტკივილს. სიცოცხლე აღარ მინდა.

ტვინი ნაიარევებით იყო დასერილი. მისის კელის, როგორც ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად, ოპერაცია ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგრძელდა.

და ახლა, როცა მონსტრის საცეცებმა მთელი ტვინი მოიცვეს, ქსოვილი სივდება, კელის ჟანგბადის მიწოდება უმცირდება და... მისის კელი კვდება.

კედლის საათი 13:40 უჩვენებს.

- ძნელია, რამე შეცვალო. ამაზე ექვსი კვირის განმავლობაში ვიმტვრევდით თავს. შენ იცი, რომ... როგორც ჩვეულებრივ... ვერ შეეწინააღმდეგები... მე არ ვიცი, - სენდვიჩსა და ბანანს მაგიდაზე ძალიან ფრთხილად აწყობს. ხალათიანი ექთანი ინსტრუმენტებს ალაგებს.

- ეს ათმაგი რისკი იყო, - ჩურჩულებს და მზერით სენდვიჩს, თითქოს რენტგენში ატარებსო, - ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ათმაგი რისკი იყო!

13:43 საათი.

დასასრული.

დაქერი გაშმაგებით კბეჩს სენდვიჩს.

მონსტრმა გაიმარჯვა.

თარგმანი :
  • ნინია მაჭარაშვილი
ავტორი :
  • ჯონ ფრანკლინი