შესავლის ნაცვლად მსუქნების და გამხდრების დახასიათებით დავიწყებ, რომელიც ამ დიდი რომანის შესავალშივე გვხვდება.

გოგოლის სიტყვით, მსუქნებს უკეთ ეხერხებათ თავიანთი საქმეების მოგვარება, ვიდრე გამხდრებს. გამხდრები მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებენ, ან უბრალოდ სადღაც ირიცხებიან და ლაქუცში ატარებენ ცხოვრებას. მათი არსებობა მსუბუქია და არასაიმედო. მსუქნები კი, თუკი სადმე ადგილს დაიკავებენ, მხოლოდ საიმედოს, რათა მყარად და დიდხანს ისხდნენ. გამხდარი სამ წელიწადში ყველაფერს ლომბარდში ჩააბარებს, მსუქანს კი საქმეები კარგად მისდის. ხან სახლს შეიძენს ცოლის სახელზე, ხანაც სოფელს შეისყიდის. რომანში მსუქნებიც გვხვდებიან და გამხდრებიც და გოგოლი ორივეს მადას, სოციალური მდგომარეობის მიხედვით, დეტალურად აღწერს. იგი სხვანაირადაც აჯგუფებს ადამიანებს, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კი რომანის მთავარი გმირის, ჩიჩიკოვის ქვეჯგუფია. მათ ავტორი შურით უყურებს და ეს შური, პირველ რიგში, ჭამის მადას უკავშირდება.

ერთხელ ჩიჩიკოვი სადილად ერთ ტრაქტირთან, გნებავთ, სამიკიტნოსთან ჩერდება. იგი იმ პეტერბურგელი და მოსკოველი დიდებულებივით კი არ არის, სულ ხვალინდელი სადილის ფიქრში რომ არიან და ზეგის ნადიმს აწყობენ წარმოსახვაში; სადილამდე წამალს რომ ჩაუფენენ, შემდეგ კი ერთი-ორ ხამანწკას (устерс) გადაყლაპავენ, ზღვის ობობას ან სხვა ეგეთ ურჩხულს ჩააყოლებენ და მერე კარლსბადში ან კავკასიაში დარბიან სამკურნალოდ. ჩიჩიკოვი სხვა ტიპია, ერთ „სტანციაში“ იგი ლორს მიირთმევს, მეორეში გოჭის ხორცს, მესამეში ზუთხის მოზრდილ ნაჭერს დაითრევს, ან რაიმე შებრაწულ ძეხვს, ხახვით. სხვაგან ცქვრინის (Стерлядь) უხას მოხვრეპს, რძიანს, ქაფქაფას, ნალიმებითა (ჩვენში თავდიდას ან ღლაბუტას უხმობენ, ლოქოს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ვირთევზას ბიძაშვილია) და სხვა თევზეულით შევსებულს, დააყოლებს რასტეგაის (расстегай) და კულებიაკას – მოზრდილ, გულსართიან ღვეზელებს, ლოქოს плес-ით (ლოქოს ცხიმიანი კუდი იგულისხმება). მოკლედ, მთხრობელს საშუალო შეძლების ბატონის მადაზე აქვს საუბარი, რომლისაც მარტო მას კი არა, თითქმის ყველას შურს.

სხვათა შორის, ეს პირველი „ტრაქტირი“, სადაც ჩიჩიკოვმა შეიარა, უფრო ქოხს ჰგავს, ვიდრე სამიკიტნოს. მაშინდელი რუსეთი მოფენილი იყო ასეთი „ქოხებით“. შესვლისთანავე თვალში გეცემოდათ სოფლის გზისპირა დუქნებისთვის დამახასიათებლი ყველა ატრიბუტი: ძველი სამოვარი, ფიჭვით აკრული კედლები, სამკუთხა კარადა ჩაიდნებით და ფინჯნებით, ფაიფურის მოოქროვილი კვერცხები ხატების წინ, კატა, ბუნდოვანი სარკე, სადაც, როგორც წესი, ორის ნაცვლად ოთხი თვალი ჩანს ხოლმე, სახის ნაცვლად კი – გაბრტყელებული ცომი.

ჩიჩიკოვი გოჭს მოითხოვს, პირშუშხათი და არაჟნით, და იწყება ჩუმი მომსახურება – მოხუცი ქალი ჯერ თეფშს მოიტანს, შემდეგ ორკბილა ჩანგალს, დანას, გახამებულ ხელსაწმენდს და სამარილეს, რომელიც ფეხზე ვერ დგას და წარამარა იქცევა.

ჩიჩიკოვი საქმეზეც ზრუნავს სადილობამდე და თავის მომავალ „საქმიან პარტნიორებზეც“ ჰკითხავს მოხუცს: მანილოვს და სობაკევიჩს თუ იცნობო? მოხუცი, რა თქმა უნდა, ორივეს კარგად იცნობს და ჩიჩიკოვს პირველ რიგში პირის გემოთი წარუდგენს მათ: მანილოვი ქათამს ახარშვინებს ხოლმე და ხბოს ხორცს უკვეთავსო. ხოლო ცხვრის ხორცი თუკი აქვს, ცხვარსაც დაიდგამს წინო. მოკლედ ყველაფერს სინჯავს, რაც კი ტრაქტირში მოიპოვებაო. სობაკევიჩი კი მხოლოდ ერთ რამე კერძს შეუკვეთავს და ეგრევე შთანთქავს, თანაც იმავე ფასში დამატებასაც მოგთხოვსო.

ჩიჩიკოვს რომანის დაწყებისთანავე შივდება და იგი პირველივე გვერდებზე ასეთ სოფლურ ტრაქტირში ნაყრდება ტრადიციული კერძებით – შჩი ფენოვანი ღვეზელით, რომელსაც ხანდახან კვირების განმავლობაში ინახავენ, ტვინი ბარდით, სოსისები კომბოსტოთი, შემწვარი დედალი და კიტრის მწნილი, რომელიც ისევ ფენოვან ღვეზელთან ერთად მოდის.

გოგოლი საუზმეს, სადილსა და ვახშმებსაც აღწერს და მწირ სამხრებსაც. მაგალითად, საუზმე ფეტინიასთან: შემოდის სოკოს მწნილი, ღვეზელები, ნაირ-ნაირი ბლინები (скородумки, шанишки, пряглы) სხვადასხვა გულსართითა თუ ნამატით (припёка, თავსართი ვუწოდოთ ხუმრობით) – ხახვით, ყაყაჩოს მარცვლით, ხაჭოთი, წვრილი თევზით (ტბის ცქიმურა, сняточки), კვერცხით. ჩიჩიკოვი ჯერ კვერცხის ღვეზელს გაანახევრებს, შემდეგ სამ-სამ ბლინს სამ-სამჯერ გადაახვევს, ერბოში ამოავლებს და პირისკენ გააქანებს, დანარჩენსაც გადასწვდება, ბოლოს კი შეუქებს მასპინძელს ნახელავს და საქმეზე მიემგზავრება. ზოგიერთისთვის აქ ჭამა ყველაფერია, სხვები კი უფრო მეტ ყურადღებას დასალევს უთმობენ.

მაგალითად, ნოზდრიოვი, რომელიც გიჟური შეძახილებით (ბა, ბა, ბა!) შემოვარდება რომანში და მაშინვე იმაზე იწყებს ლაპარაკს, თუ რამდენი ბოთლი შამპანური ჩაცალა ამას წინათ და ვინ რითი აზავებს ღვინოს.

ნოზდრიოვი და ღვინო ცალკე საუბრის თემაა. ჯერ წვნიანიც არ იყო შემოსული, რომ სტუმრებს უკვე გაპიპინებული ჰქონდათ ჭიქები პორტვეინით. შემდეგ გოსოტერნის (დამახინჯებულია Haut Sauternes) ჯერი დადგა, სვამენ მადერასაც, რომელზეც მასპინძელი დასძენს – ასეთი ფელდმარშალსაც კი არ დაულევიაო. თან ეს მადერა პირს შუშხავს, რადგან ვაჭრებმა კარგად იციან „პომეშჩიკების“ გემოვნება და დაუნდობლად აზავებენ მადერას ხან რომით, ხანაც არყით, იმის იმედით, რომ რუსული სტომაქები ყველაფერს აიტანენ.

ნოზდრიოვი ამით არ კმაყოფილდება და რაღაცა განსაკუთრებულ ღვინოზე აგზავნის მსახურს, რომელიც, მისი სიტყვებით, ერთდროულად ბურგუნდიულიცაა და შამპანურიც (!!!). ბოლოს წაკინკლავდებიან და ამ დროს მაგიდაზე მხოლოდ გაურკვეველი კვიპროსული ღვინო, ძმარი და კვაწარახი დგას, როგორც ნიშანი უთანხმოებისა და გაუგებრობისა. მორიგი სადილი სობაკევიჩთან იმართება. თავიდან თითო სირჩა არაყს ჩაურტყამენ, როგორც წესია, და ჩააყოლებენ ნაირ-ნაირ მწნილეულობას და სხვა აღმგზნებ მადლიან რამეებს, ჩააყოლებენ ისევე, როგორც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში აყოლებენ, მის ქალაქებსა და სოფლებში. იწყება სასადილო ოთახისკენ გადინება, სადაც ყველას, როგორც ნარნარი ბატი, დიასახლისი მიუძღვება, თეოდულია ივანოვნა. სუფრა ოთხზეა გაშლილი, აქებენ შჩის, რომელიც თავიდან შემოაქვთ.

კურდღლად გასაღებული კატის შემდეგ, რატომღაც ბაყაყზე ჩამოვარდება სიტყვა და სობაკევიჩი ამბობს, სულ რომ შაქარმოყრილი მომიტანო, მაინც არ მივეკარებიო.

ვერ იტანს დიეტას და დიეტოლოგებს. აგინებს გერმანელ და ფრანგ ექიმებს, რომლებმაც ეს უბედურება მოიგონეს და მზად არის, ყველა მათგანი ჩამოახრჩოს.

სობაკევიჩის ფილოსოფია ასეთია: თუ ღორი მაქვს, მთელი ღორი გამოიტა, ცხვარი მაქვს, მთელ ცხვარს შევჭამ, ბატზე მიდგება საქმე? მთელი ბატი დამიდგით. მირჩევნია, ორი კერძი შევჭამო, მაგრამ ისე, როგორც სული მკარნახობსო და უცებ ამას საქმით ამტკიცებს – თეფშზე ცხვრის ნახევარ ფერდს გადაიღებს და ბოლო ძვლამდე გაღრღნის და გატლეკს.

ცხვარს ვატრუშკები (ხაჭოს ღია გულსართით სავსე პური, აჭარული ხაჭაპურივით) მოჰყვება, რომელიც თეფშზე უფრო დიდია და მაგიდაზე გადმოდის. შემოაქვთ ხბოსხელა ინდაური, ათასნაირი სატენით დატენილი – კვერცხი, ბრინჯი, ღვიძლი... სადილი ამით სრულდება, მაგრამ ჩიჩიკოვი რომ სუფრიდან წამოდგება, ერთი ფუთით უფრო დამძიმებული ეჩვენება თავი და ლასლასით მიდის სასტუმრო ოთახისკენ, სადაც მურაბა ელის. თან რა მურაბა – თაფლში მოხარშული თალგამი.

საუკეთესო სადილები და ვახშმები პოლიცმეისტერთან იშლება. გოგოლი დაწვრილებით აღწერს ამ დღესასწაულებს, მუცელღმერთობის ზეიმებს.

სუფრა აქაც ხემსით იწყება: მაგიდები გადავსებულია სვიით, ზუთხით, ზურგიელით, ორაგულით, დაწურული ხიზილალით, ახლად შემარილებული ხიზილალით, ქაშაყით, ტარაღანათი, ყველებით, შებოლილი ენებით. ამას სამზარეულოს ნუგბარი ემატება – ღვეზელი ზუთხეულის თავ-ხერხემლით, ხრტილებით და ლაყუჩებით. მეორე ღვეზელი – არყა სოკოთი, პრიაჟენცები (ხორცკომბოსტოვანი ღვეზელი), მასლიანცები (ერბოში ნატუნტურები ცომეულობა), ვზვარენცები (მოხარშული ხილი თაფლით). ამ დროს ზოგი ბანქოს თამაშობს, სხვები კი ჩუმ-ჩუმად იჭყიტებიან ღრიჭოდ დატოვებულ კარში, ათვალიერებენ კერძების განლაგებას, ირჩევენ საყვარელ ადგილებს, მაგალითად, დიდ ზუთხთან, რომელიც კუთხეშია დასვენებული. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა, გასტროგნიასის დაწყებამდე, თითო „სტოპკა“ არაყს ურტყამს და იწყება...

ასეთ დღეებში სასმელიც ბევრი ისმება და სადღეგრძელოც ბევრი ითქმება, მლიქვნელური, დამტკბარი სადღეგრძელოები – ძირითადად შამპანურით და უნგრული ტოკაით.

რომანში ტარაკანა შავქლიავს ჰგავს, ადამიანს სამოვარს ადარებენ, ქუჩაში ვიღაცა ყიდის თხილს, საპონს და თაფლაკვერებს, რომელიც თავის მხრივ საპონს ჰგავს. აქ მსუბუქი ვახშამი შეიძლება უწოდონ გოჭის ხორცს. გვხვდება სხვადასხვა უცნაურობაც, მაგ. თეოდულია ივანოვნა, სობაკევიჩის ცოლი, ხელებს კიტრის მწნილის წათხში იბანს. აქ, ზოგიერთ ოჯახში პურის ნატეხიც კი არ აბადიათ, მაგრამ სამაგიეროდ შამპანური აქვთ, რომელსაც ხმაურით გახსნიან და ჩაისხამენ. დღე ხანდახან ცივი ხბოს ხორცით, მჟავე შჩით და ღრმა ძილით სრულდება. ხანაც ჩაით (ჩაის ზოგადად ბევრს სვამენ, განსაკუთრებით ნაყროვანებისას).

რომანში ფრანგ მზარეულსაც შეხვდებით, ჰოლანდიურ, თეთრ ქათქათა ტანსაცმელში გამოწყობილს, ტრუფელებიან კატლეტებს რომ ამზადებს. ვიღაცა მილუტინის დახლებთან გაივლის, საიდანაც ორაგული გიყურებს ფანჯრიდან, ალუბალი – ცალი 5 რუბლი ღირს. იყურება საზამთროც – დილიჟანსივით საზამთრო, 100-რუბლიანი, იყურება და მომავალ მყიდველს ეძახის.

რომანის გვირგვინია პიოტრ პეტროვიჩ პეტუხი, თავისი მადით, მსოფლმხედველობითა და მენიუთი. ეს ადამიანი გასტრონომიული თვალსაზრისით კულმინაციურ მომენტში შემოდის ნაწარმოებში. იგი სულ ერთსა და იმავე კითხვას სვამს: ისადილეთ? ისადილეთ? თუ ვინმემ უპასუხა, ვისადილეო, ბრაზდება, ამბობს, თუ ისადილე, რაღაში მჭირდები, რა საქმე მაქვს შენთანო. პეტუხის პირველივე გამოჩენა შთამბეჭდავია, თანაც დიდი ზუთხი ჰყავს დაჭერილი, რომელსაც მსახურები ზიდავენ. საუბარი მაშინვე სადილზე ჩამოვარდება, ვიღაცა იტყვის, სადილზე კი ვიყავი, მაგრამ მშიერი დავრჩი, მადა არ მქონდაო. გაირკვევა, რომ იმ ვიღაცას მოწყენილობის გამო არ ჰქონდა მადა. პიოტრ პეტროვიჩი აღშფოთებულია – ცოტას ჭამთ და იმიტომ ხართ მოწყენილებიო. დარწმუნებულია, რომ მოწყენილობა ბოლო დროის გამოგონებაა, მანამდე არ არსებობდა. იგი არასდროს იწყენს, დრო არა აქვს. დილას რომ ადგება, ჩაი უნდა დალიოს, მერე სათევზაოდ მიდის, მერე სადილის დრო მოდის, სადილის შემდეგ წამოხვრინვასაც კი ვერ მოასწრებ – ვახშამია, შემდეგ მზარეული მოდის და ხვალინდელი დღის მენიუ უნდა შეუკვეთოს. როდისღა უნდა მოიწყინოს?!

პეტუხთან სადილის შესავალი ასეთია: იღება კარი, შემოდიან ემელიანე და ანტოშკა ხელსახოცებით, შლიან სუფრას და დგამენ ლანგარს ექვსი „გრაფინჩიკით“, მალე მათ გარს შემოუწყობენ ხიზილალას, ყველებს, არყა სოკოს და მანჭკვალას მწნილს. შემოაქვთ თავდახურული თეფშები, რომლის ქვეშაც გამდნარი კარაქის თუხთუხი და ტკრციალი ისმის. ხემსს სადილი მოჰყვება, თან პეტუხი ყურადღებას არ ადუნებს, თუკი ვინმეს თეფშზე ერთ ნაჭერს ხედავს, ეგრევე მეორეს დაუდებს და ეუბნება – „მეწყვილის გარეშე ვერც ადამიანი, ვერც ფრინველი ვერ იცოცხლებს“. იმ ორს როცა შეჭამს, მესამეს გადაუღებს სიტყვებით: „ორი რა არის, ღმერთი სამობითაა“. შეჭამს მესამეს – „ვის უნახავს საზიდარი სამ ბორბალზე, ან სამკუთხა ქოხს ვინ აშენებს?“. ამ ენამოსწრებულობის გამო ჩიჩიკოვს 12 ნაჭრის შეჭმა მოუწია, რის შემდეგაც კიდევ ხბოს სუკის მოზრდილი ნაჭერი გადაუღო მასპინძელმა.

ჩიჩიკოვი ემუდარებოდა მოძალადეს, უკვე ადგილი აღარ დამრჩაო, რაზეც პეტუხი ეუბნება: „ეკლესიაშიც არ იყო ადგილი, მაგრამ ქალაქის თავი რომ შევიდა, მაშინვე გამოიძებნაო“. ასეა ეს ნაჭერიც, ქალაქის თავივითააო.

გასინჯა ჩიჩიკოვმა და დარწმუნდა, რომ მართლა ქალაქის თავივით ნაჭერი იყო და ადგილიც მალე გამოინახა სტომაქში.

ყველაფრის დასრულების შემდეგ პეტუხი თავის ოთხადგილიან ტახტზე წამოწვება, ხვრინვას ამოუშვებს და მაშინვე მჭედლის საბერველად იქცევა.

ასეთი გულუხვობაა ვახშამზეც. აქაც უძრაობა და სისავსეა, ნავახშმევს კი მზარეულისთვის მეორე დღის სადილის შეკვეთის ჯერი დგება. ამ დროს ჩიჩიკოვი დაძინებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ბორგავს, რადგან პიოტრ პეტროვიჩ პეტუხი ხმამაღლა ჩამოთვლის ხვალინდელი დღის რამე-რუმეებს, თან ისე გემრიელად, რომ მკვდარსაც კი გაუღვიძებს მადას. ეს წერილიც ამ ჩამონათვალით მინდა დავასრულო, ძილის დასაფრთხობად თუ მოწყენის გასახანგრძლივებლად:

პირველი შეკვეთა ოთხკუთხა კულებიაკაა – ერთ კუთხეში ზუთხის ლაყუჩები და ხერხემლის ტვინი ჩადეო, მეორეში წიწიბურას ფაფა და ხახვით შეკმაზული სოკოო, მესამესა და მეოთხეში კიდევ რაღაცაო. თან ეუბნება, ერთ მხარეს დაიბრაწოს, მეორე მხარეს არაო, წვენიც ჰქონდეს და პირში თოვლივით დნებოდესო... ღორის სიჩუგი (Сычуг, კუპატივითაა) არ დაგავიწყდეს, შუაში ყინულის ნატეხი ჩაუდე, რომ კარგად გაიბეროსო. ზუთხს ალყა სჭირდება, კიბორჩხალების და შეპიწკინებული წვრილი თევზის ალყა, ცქიმურების ფარში, დაკეპილი თევზი, პირშუშხა, არყა სოკო, თალგამი, სტაფილო, ვარსკვლავივით ჭარხალი და მიწამხალაო. და აი, ამ დროს დგება შეწვა-დაბრაწვა-ხარშვა-ცხობის ჯერი და აქ უკვე გოგოლიც ყრის ფარ-ხმალს, ჩიჩიკოვს კი სადღაც, რომელიღაცა მორიგი ინდაურის ხსენებაზე ჩააძინებს, ძალით. ჩააძინებს პერსონაჟს, ვისი მადაც ასეთი შესაშური იყო რომანის დასაწყისში და ვინც მერე უფრო მადიანი პერსონაჟების შემოტევისას მოიცელა.

 

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე