ორი წამი

 

„Always react,

never overreact.

In case of overreaction, be robot and do not overreact“.

მეგობრის კედელზე ამოკითხული წარწერა

 

– ერთი ნაბიჯი, მხოლოდ ერთი, – ფიქრობს ლია და საბანს შიშველ მუცელზე იფარებს.

ჯანდაბა, რას არ გაიღებდა ახლა, ოღონდ კი კოტემ ის ერთი ნაბიჯი გადადგას.

ფანჯარასთან მდგარ ქმარს მისჩერებია და უკვე წარმოიდგენს, თუ როგორ ადის კოტე რაფაზე და მე-9 სართულიდან უჩინარდება. გარეთ სულთან სულეიმანის მეჩეთი მოჩანს. ერთ-ერთი, უფრო მაღალი მინარეთი დაბალს ეფარება. დაფარულის გვერდითას კი ფანჯრის ჩარჩო აღარ იტევს, ამიტომაც ლია ახლა მხოლოდ გიგანტური გუმბათის თავსა და ორ უწვრილეს, თითქმის იდენტურ მარმარილოსა და გრანიტის კოშკს ხედავს. დაახლოებით 2 წამი სიმშვიდე იქნება, მერე კოტეს ჯერაც ცოცხალი სხეული ასფალტს დაენარცხება, ლია ყრუ ხმას გაიგებს. დგუფ. ბოსფორზე მონადირე თოლიების ჭყივილს მე-9 სართულამდე გამვლელების შეკივლება და თითო-ოროლა მანქანის გაბმული სიგნალიც ამოჰყვება. ეს ფილმებში უნახავს და ამიტომაც წარმოუდგენია ასე. სასტუმროს შესასვლელთან თურქული სერიალის დილით დაწყებული გადაღება, კაცმა არ იცის, რა ხნით შეწყდება. როცა სიტუაციიდან გამოერკვევა, ლოკაციის მენეჯერი დანაფლეთებულ, უკვე სუდარაგადაფარებულ სხეულს არ შეაგინებს, მაგრამ არც თანაგრძნობით დახედავს და გადამღებ ჯგუფს სხვა ადგილზე გაგზავნის. ვიღაც მოახერხებს და 112-ში დარეკავს. მოვა სასწრაფო, პოლიციაც. სასტუმროს ფოიეში, გაზეთებში მოკირკიტე ნიგერიელი ბიზნესმენი – გუშინ რომ კოტე გამოელაპარაკა – ინტერესით გახედავს შვეიცართან ერთად ლიფტს მომლოდინე ოფიცრებს, რომლებიც მალე 904-ე ნომრის კარზე დააკაკუნებენ. მთავარი ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, ლია იქნება, მით უმეტეს, რომ ქმრის სიკვდილიდან უკვე წუთებია გასული, ის კი ჯერაც საწოლში წევს – მაგრამ არა უშავს. ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი უბედურ შემთხვევად ან თვითმკვლელობად შეფასდება. ისე კი, დიდად არც ის ანაღვლებს, თუ გამოძიება არასწორი გზით წავა და ქმრის მკვლელობისთვის თავს ციხეში უკრავენ. ახლა ეს მომავალი უფრო ასატანად ეჩვენება, ვიდრე ის, რომელიც თუნდაც ერთ წუთში იქნება, თუკი კოტე ფანჯრის რაფაზე არ აძვრება და მე-9 სართულიდან არ გაუჩინარდება.

ლიას სჯერა, რომ კოტეს გაუჩინარება თან გაიყოლებს მის გაშეშებულ აწმყოსაც და მონატრების სავალდებულო შეგრძნებასაც.

ლიას სჯერა, რომ მონატრება მხოლოდ სივრცითი ფენომენია და რადგანაც კოტე აღარცერთ სივრცეში აღარ იქნება, ესე იგი, თავსაც ვერ მოანატრებს.

სანამ პოლიცია ნომერს შეამოწმებს და ლიას პირველად დაკითხავს, გვამს ალბათ უკვე ასფალტიდან აიღებენ და პროზექტურაში გადაასვენებენ. ან მორგში. რა განსხვავებაა ამ ორს შორის, ლიამ კარგად არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კოტეს უსულო სხეულს ტროტუარზე დიდხანს არ დატოვებენ. მერე სისხლსაც მორეცხავენ, ვარდისფერი წყალი საწრეტებში გაიწოვება და ხვალ ალბათ აღარავის ეცოდინება, რომ აქ გუშინ ახალგაზარდა კაცმა, ტურისტმა, თავი მოიკლა.

– ნეტავ ცარცით თუ შემოხაზავენ ძირს დანარცხების ადგილს?! – ფიქრობს ლია, – კიდევ იყენებენ ამ ხერხს პოლიციაში? თუ ეგ მხოლოდ მკვლელობის დროს ხდება?!

ეჭვი არაა, რომ ხვალამდე ტერიტორიას აუცილებლად შემოსაზღვრავენ ყვითელი ლენტით. მეტხანს სასტუმროს ადმინისტრაცია აღარ დააცდის. ვის აწყობს, ყველა საქმიანმა თუ უსაქმურმა ჟურნალისტმა იმაზე წეროს და ილაპარაკოს, რომ ფანჯრიდან კლიენტი გადაუხტათ?! თუ გადაუვარდათ.

როგორც კი გაარკვევენ, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ალბათ საელჩოსაც დაუკავშირდებიან. საელჩო მემგონი ანკარაშია. ანკარიდან ჩამოვა ვინმე თუ სტამბოლშიც ჰყავთ წარმომადგენლები? – ფიქრობს ლია, – რომც ჰყავდეთ, რაა რო?! მაგათ რა უნდა ქნან?!

თუ მკვლელად შერაცხავენ, ციხეში წავა და შეიძულებენ. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძულებენ. თვითმკვლელობა იქნება და იტყვიან, ცოლი არ გამოადგა, მაგან გამოწურა და დააუძლურა საწყალი და იმანაც თავი მოიკლაო. უბედური შემთხვევა იქნება და ლიამ არ იცის, როგორ გამოიგლოვოს ისე, მისგან რომ ელიან – თავს ვერ მოიტყუებს, მით უმეტეს, რომ ერთხელ უკვე გამოიგლოვა კოტე, თვეების წინ – ამიტომაც ქმრის ნათესავები თავდაპირველად ეჭვისთვალით შეხედავენ, მერე დედამთილი და მამამთილი დაქვრივებულ რძალს ჯერაც შერჩენილი, მოჩვენებითი მზრუნველობის მთელ მარაგს მექანიკურად დააცლიან თავზე, რის შემდეგაც ზურგს აქცევენ და ამბავიც სად და როგორ დასრულდება, კაცმა არ უწყის.

თან თავს უბრაზდება ამ ფიქრების გამო, მაგრამ ისიც კარგად იცის, ფიქრის მდინარება თუ გაგიტაცებს, მერე შენც მიჰყვები ცურვის დამვიწყებელი კაცივით, მიჰყვები, როგორც სავარჯიშო დარბაზის გაუმართავ სარბენ ბილიკს, კლავიატურა რომ გაფუჭებია და ვეღარაფრით აჩერებ (გაჩერდები და წაიქცევი, ეგებ თავიც გაიტეხო!) – ამ დროს აზრიც აღარ აქვს, ფიქრი კარგია თუ ცუდი, მოგწონს თუ არა.

გარეთ ცხელა, ივლისი სტამბოლში ისეთი აუტანელია! სიცხეს ხედავ კაცი. ბოსფორიდან წამოსული ნოტიო ჰავა ისედაც ბოლად ქცეულ ჰაერს კიდევ უფრო ატენიანებს და ამ ალმურმოდებული ქალაქის ყოველი კუთხე-კუნჭული თვალს გიელმებს. ჭირს სუნთქვაც. ცა შემაწუხებლად ლურჯია, არც ღრუბლები ჩანს და არც თოლიები ფრენენ მე-9 სართულამდე – ლიას ნატურმორტს არ აფუჭებენ – მათი მხოლოდ ხმა ისმის. ახლა, ამ ოთახში თუ რაიმე მოძრაობს, მხოლოდ კოტეს საჩვენებელსა და შუა თითს შორის გაჩრილი სიგარეტის ღერიდან ამომავალი კვამლია.

– გადავხტები, – ფიქრობს კოტე, – ერთი ნაბიჯიც და მორჩა. ასე უფრო მარტივია. – ფიქრობს და იდაყვზე დაყრდნობილი, ხიდზე ჩამწკრივებულ მეთევზეებს მიშტერებია.

ქუჩაში ერთმანეთის მიყოლებით გაჰკივიან წყლის გადამყიდველი ბავშვები. ხიდის დასაწყისში ურიკებზე წაბლს წვავენ. ჰაერში ცხელი რკინის სუნი ტრიალებს. სავაჭრო ჯიხურებზე კატები გადარბიან და კოტეს ერთი ძველი ამერიკული ფილმი ახსენდება – „კატა თუნუქის გავარვარებულ სახურავზე“. ფილმში რა ხდება, კარგად აღარ ახსოვს, მაგრამ სათაური ჯიუტად უტივტივებს თავში. ალბათ ჯერ ისეც არ ცხელა, სახურავები რომ ვარვარებდნენო – ფიქრობს – და თვალი ერთ მშვიდად მფშვინავ კატაზე უშტერდება.

* * *

სადმე წასვლა გვჭირდებაო, უთხრეს ერთმანეთს და სტამბოლში წამოვიდნენ. სტამბოლში იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი და იაფი თბილისიდან ეს იყო. დანაზოგით უფრო შორს ვერ გასწვდებოდნენ. ერევანი და ბაქო არ უნდოდათ. არც ქუთაისამდე ჯაყჯაყი, რომ მერე Wizzair-ის რეისით ცენტრალური ევროპის რომელიმე ქალაქში გაფრენილიყვნენ. ასე წამოვიდნენ სტამბოლში, დაუგეგმავად. ჯერ გადაამოწმეს, თუ რომელ ავიაკომპანიას ჰქონდა მომდევნო დღის ფრენაზე ბილეთი ყველაზე იაფად, მერე booking.com-ზე სასტუმრო დაჯავშნეს (იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მანამდე ჯავშნიდნენ, თითქოს ასეთ დროს ფუფუნება რამეში გეხმარებოდეს!), ჩაალაგეს და გამთენიისას გამოფრინდნენ. აეროპორტიდან მეტროში რომ ჩასხდნენ, კოტეს მაშინვე თვალი მოსჭრა ნარინჯისფერი ხელისმოსაკიდების სიმრავლემ. რეზინის ქამრები ისე ჩამოკიდებულიყვნენ, როგორც მის ბავშვობაში, ავადმყოფობისას ბატონებს დაუკიდეს წითელი ნაჭრები მთელ ოთახში. ხელის ეს მოსაკიდები საღამოსაც გაახსენდა, როცა ტრამვაიში უამრავი ადამიანი მიეკრო და სულშეხუთულმა ცოლს სთხოვა, შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვიდეთ და გზა ფეხით გავაგრძელოთო.

კოტეს ვერ გაუგია, რატომ უყვარს სტამბოლი, მაშინ როცა ვერც ხალხმრავლობას იტანს და ვერც სიცხეს, აქ კი მხოლოდ ზაფხულობით ყოფილა. მაგრამ მაინც კმაყოფილია, რომ აქ წამოვიდა და არა მაგალითად დიუსელდორფში, მისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე არარომანტიკულ ქალაქში, სადაც ლია გაიცნო. ჯერ ერთი, ძალიან შაბლონური იქნებოდა დიუსელდორფში დაწყებული ამბის იქვე დასრულება, მეორეც, ვერსადაც ვერაფერს ვერ ასრულებდა და იქ ასე გაუბედავად წასვლა სულ მთლად შეარცხვენდა თავის თავთან.

მათი გაცნობის ამბავი კი ასე იყო; კოტე – როგორც თავად ეძახდა – „რეკლამშიკების“ ბაზრობაზე იყო ჩასული, ლია კი იქ სწავლობდა. მეტროში დაინახა და მოეწონა, იფიქრა, სანამ აქ ვარ, შევხვდებიო და რაკი პირდაპირ მისვლის შერცხვა, ასე მოიქცა: თან წიგნი ჰქონდა, ახსოვს, ლექსების კრებული იყო, იმ წიგნს პირველსავე გვერდზე თავისი მობილურის ნომერი და სახელი დააწერა, და სიტყვები: „თუ მოგეწონება, დამირეკე“. მერე გოგოს გვერდით, ცარიელ დასაჯდომზე დადო და ძალიან მალე, სულ რამდენიმე წამში ვიქტორიაპლაცზე ჩავიდა. ცოტა გოიმობა ხომ არააო, გაიფიქრა უკვე ესკალატორზე მდგომმა, მაგრამ რაკი საქართველოში არ იყო, დიდად არ აღელვებულა, საქართველოში ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა.

თავისი სახელი Kotë-დ დაწერა, უმლაუტი ბოლოს დაუმატა, რადგან იფიქრა, ახლა ამ გოგომ რომ „ქოუთ“ წაიკითხოს, პალტოდ უნდა გამიცნოს და თავიდანვე სასაცილოაო. ჰოდა, უმლაუტით დააბოლოვა. მერე რა, რომ მის სახელს ორი t უფრო შეეფერებოდა. ახსოვდა, რომ შარლოტა ბრონტეს გვარი იწერებოდა ბოლოში ë-თი. ბრონტე, კოტე. ლიამ როგორც კი წიგნი გადაშალა, მაშინვე იფიქრა, ქართველი ხომ არააო და წიგნი არც ჰქონდა წაკითხული, ისე დაურეკა, იმავე საღამოს, უფრო ჟესტით მოხიბლულმა, ვიდრე დიუსელდორფში ქართველის პოვნით გახარებულმა. ტელეფონზე საუბრისას არ გაუმხელია, რომ თავადაც საქართველოდან იყო, იმავე საღამოს დაუნიშნა შეხვედრა შთადმითეს ერთ-ერთ ბარში და დაჯდომისთანავე მიახალა, ასეთი რომანტიკული ქართველი ბიჭი პირველად ვნახეო.

მერე კოტე თბილისში დაბრუნდა და ერთი წელი კონტაქტი არ ჰქონიათ. „რეკლამშიკების“ მომდევნო ბაზრობის დროს ისევ შეეხმიანა და სწორედ იქ დაიწყო მათი ამბავიც. ლია მალე დაბრუნდებოდა და ესეც დაელოდებოდა. და ამ პირობის დადების დროს ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ამბავი შვიდ წელიწადს გაგრძელდებოდა. ჰოდა, აბა როგორია, ასეთი დასაწყისი ასე უღიმღამოდ დაასრულო, თანაც იმავე ადგილას, სადაც დაიწყო?! ამიტომაც არ უხსენებია ლიასთან დიუსელდორფი და წამოვიდნენ სტამბოლში.

წამოსვლით კი აუცილებლად უნდა წამოსულიყვნენ, რადგან თუ რომელიმეს რამე უნდა ეთქვა, იქ, თბილისში ვერ იტყოდა. იქ შეუძლებელია, რაიმე შეცვლილიყო, რადგან რისგანაც კოტეს თავის დაღწევა უნდოდა, იმას მეტწილად თბილისიც განაპირობებდა. აეროპორტში წასვლამდე ქუჩაში გამოიტირა მთელი ამბავი და როცა ეს ტირილი გაახსენდა, ის კაციც გაახსენდა, გუშინ რომ ლიფტში გამოელაპარაკა. კაცს ორივე ლოყაზე სამ-სამგან სიმეტრიულად ჰქონდა შრამები დამჩნეული. ბავშვივით დაშტერებულმა კოტემ თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა, რა მოგივიდაო. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, არც მახსოვს მაშინდელი ჩემი თავი, როცა მშობლებმა ლოყები დამიჭრეს, რომ ტირილს გადავჩვეოდიო; ასეთი ტრადიციაა ჩვენთანო. საიდან ხარო, კოტეს კითხვაზე, ნიგერიიდანო, უპასუხა და იმ წამსვე ლიფტის კარი მის სართულზე გაჩერდა.

– მე კიდევ რა ქალაჩუნასავით ვტიროდი, – გაიფიქრებს კოტე, მაგრამ ასეთი იარლიყი დიდად არ აღელვებს. თანაკლასელი ახსენდება, მისი დაჩაგვრა რომ მოენდომებინა, ეს კი თავს არ აჩაგვრინებდა, სულ უძალიანდებოდა, სულ ჩხუბობდნენ. მორევით ვერც ის ერეოდა, მაგრამ კოტეს მაინც ეშინოდა. და ზოგჯერ, ღამით, როცა ძილის წინ იმ თანაკლასელის სახე ახსენდებოდა, მაშინვე თვალებს ხუჭავდა და თავს აძალებდა, რაიმე კეთილზე, ზღაპრულზე ეფიქრა, რომ შიშნარევს არ ჩასძინებოდა. – მართლა რა ქალაჩუნა ვყოფილვარო, ერთ წუთში უკვე ხელმეორედ შეაფასებს თავს კოტე და იმწამსვე გონებაში დამცინავი ფიქრი გაუკრთება – ის რა შიში იყო, შიში აგერ ეს ყოფილა, სათქმელი რომ მაქვს და კრინტს ვერ ვძრავ ამდენი ხანიო.

ამის გაფიქრებაა და თავს ცოლისკენ ატრიალებს. ხმას კვლავ ვერ იღებს; ლიას ბარძაყზე ჯერც წითლად ატყვია ნათითურები და კოტე იფიქრებს, ვნებისგან კი არა, მემგონი იმიტომ დავარტყი, რომ უბრალოდ ასე მინდოდაო. და ასეც არის – ეს მაინც აღიაროს თავთან! მეტი არც არაფერი შეუძლია. არც გადახტომა და არც თქმა. და საკუთარ თავთან დარცხვენილი, იმის გამო, რომ თვითმკვლელობაც კი ვერ მოახერხა, თავს ხრის და ძირს დაგდებულ სპერმაშემხმარ მაისურს აშტერდება; წეღან ფანჯარაში იჟიმავეს, გათავებისას ლიას წამით ტირილი წასკდა, ფანჯარას გაშორდა და მაშინვე საწოლზე მიეგდო. წამით შეეშინდა, კოტეს არაფერი ეკითხა (განა პასუხის ეშინოდა?! უბრალოდ შეკითხვა არ უნდოდა.) და კიდევ კარგი, კოტეს მართლა არაფერი უკითხავს. უკითხავად მიუხვდა, გაჩუმდა და ნძრევა დაიწყო. კაცმა რომ თქვას, სიყვარულიც ეგ არაა?! – უკითხავად მიუხვდე, რას გეუბნებიან. თორემ თუ გითხრა, თუ თავისგან გაათავისუფლა და გარეთ გამოუშვა, მერე უკვე მარტო მისი ხომ აღარაა ის ფიქრი. საერთოა და ეს საერთოობა არის ის, რაც შეიძლება გაღიზიანებდეს, გბოჭავდეს, შენს პირადსაც გირღვევდეს და იმ საერთო ამბავსაც გიფუჭებდეს, შეკითხვამდე თუ რაღაცის თქმამდე ჩუმად რომ არსებობდა. შეყვარებულებს ხომ მუდამ ჰგონიათ, რომ სიყვარული მათ ყველა პრობლემას მოაგვარებს და ამიტომ არ ლაპარაკობენ. მერე ხვდებიან, რომ უნდა ელაპარაკათ, მაგრამ ასე მარტივად რომ იყოს, ეგრე სადაა?! იმ ულაპარაკობაზე უნდა ფიქრობდე სწორად – მთქმელი რომ ხვდება, რა არ თქვას და მიმღები – რა არ უთხრეს. ჩახლართულია, მაგრამ მარტივი – პატივისცემის ამბავია, უსიტყვო შენიშვნის.

ლიას კოტეს შემოტრიალება იმდენად ეუცნაურება, თითქოს ქმარი უკვე მკვდარი ჰყავდეს და განძრევა აღარ შეეძლოს. თვალებს აცილებს, საბანს მუცლიდან გადაიწევს და თავის შიშველ სხეულს ამოათვალიერებს. უდიდეს, უთეთრეს საწოლში მისი ფითქინა კანი, რომელსაც რუჯი თითქმის არასოდეს ეკარებოდა, მაინც მკვეთრ კონტრასტს ქმნის. ცერა თითიდან წვრილ, გრძელ ფეხებს ამოუყვება, სუფთად გაპარსულ ბოქვენსა და ოდნავ ჩავარდნილ მუცელზე გადადის; ჭიპიდან ოდნავ მარცხნივ კვერცხის დატეხილი ნაჭუჭის ფორმის მოყავისფრო ლაქა აქვს, განუვითარებელი ვიტილიგო, მისი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე და უღონო წერტილი. ცოტა ხანი ამ ლაქას უყურებს, მერე ნიკაპს ჩიჩახვთან მიიდებს და თავის პატარა მკერდს დაჰყურებს. წვრილი მკლავები ლოგინზე უღონოდ ჩამოუყრია და როცა ლოგინზე იწყებს ფიქრს, ახსენდება ყველა იმ სახლის ყველა ის საწოლი, სადაც ერთხელ მაინც წოლილან ერთად. ისეთებიც კი, ერთი დღით დაქირავებული – ჯერ კიდევ ადრეული შეყვარებულობისას.

უყურებს ლია საწოლს და ფიქრობს, თუ სად წავიდა ის ენერგია. ორივე ყველაფერს მშვენივრად ხვდება, სადაც წავიდა. სად და უბრალოდ ამოიწურა. დაჯდა ბატარეა. მაგრამ აბა, მიდი და თქვი! თუ არ თქვი, რა აზრი აქვს?! მერე რა, რომ ორივე კარგად ხვდება?! ეს ხომ უკვე სხვა ამბავია, სხვა ტერიტორია?! სანამ არ ითქმება, თითქოს არც არსებობს – რომელიმემ პირველმა უნდა ამოთქვას ეს შიშებით გაძეძგილი სათქმელი და თავზე პირველად თქმის პასუხისმგებლობა დაიტეხოს.

დიუსელდორფი ლიასაც ახსენდება, გაცნობა – ცოტა ბავშვური, დაუღვინებელი, მაგრამ მაინც ამაღელვებელი. და მერე ჯერემი ახსენდება – მისი ფრანგი კურსელი, აფრიკული მუსიკით გატაცებული. თურმე დასავლეთაფრიკელი ბიჭები, გოგოებს რომ თავი მოაწონონ, თავიანთ გონებს ორ-ორ სიმს უმატებენ, ასე მეტი მელოდია აქვს და რაც მეტ ბგერებს გამოსცემ, გოგოსაც მით უფრო მოეწონებიო, ასე სჯერათ. ლია ვერ ხვდება, რომ ეს ამბავი იმიტომ გაახსენდა, რომ მასაც ახალი მელოდიები სჭირდება და არა მხოლოდ მისაღებად, არამედ გასაცემადაც. მას კი ახალი სიმების მოსაქაჩი ძალა არ აქვს, არაქათგამოლეულია და თანაც სიმების მოსაზიდად ზედმეტად დასუსტებია ხელები. ეს უღონობა აფიქრებინებს, რომ ჯანდაბას, გადადგას კოტემ ის ერთი ნაბიჯი.

კოტე კი ისევ მაისურს დაშტერებია და უსარგებლოდ გაიფიქრებს, ნეტავი, თუ გადავხტები, რას უზამს ლია ამ მაისურსო – თუ გაიხსენებს ძველ ჩვევას და ჩაიცვამსო! კოტეს არასოდეს დავიწყებია, როგორ მოსწონდა მის ცოლს ყოფილი ბიჭების მაისურების ჩაცმა, რაც თავად ძაან აღიზიანებდა. მერე, ერთ დღესაც, დღევანდელი დილასავით ნათლად ახსოვს ის დილა, როცა ლიამ ეს ტანსაცმლები მოხიკა და ნაგავში გადაუძახა. ისე მარტივად მოიშორა, თავადაც გაუკვირდა. მაგრამ უბრალოდ აღარ უნდოდა და წამითაც არ უნანია, არასოდეს. არც ახლა ნანობს, როცა ჯანდაბა, რას არ გაიღებს, ოღონდაც კოტე ფანჯრის რაფაზე ავიდეს და მეცხრე სართულიდან გაუჩინარდეს.

კოტე კი ფიქრობს:

– გადავხტები! – ფიქრობს და ისევ ფანჯარაში იხედება. თავს მარჯვნივ გაატრიალებს და თვალს ღრუბლების უშველებელ ფთილას უსწორებს, რომელსაც ლია ვერ ხედავს – ფანჯრის ჩარჩო არ იტევს. – მემგონი, ღრუბლებზე მიშტერებაც ისევე აბრმავებს, როგორც მზისთვის შეხედვაო, – გაიფიქრებს თვალმოჭუტული და თავს ქვემოთ ხრის. მეჩეთის მიდამოებთან იაპონელი ტურისტები ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ. მემგონი, არ არსებობს მსოფლიოში ქალაქი, სადაც იაპონელი ტურისტები არ ყოფილან. ჰოდა, რაღა სტამბოლს გამოაკლდებოდნენ ახლა, როცა ვიღაცამ შეიძლება მათგან ორმოცდაათ მეტრში მოიკლას თავი?! იქნებ რომელიმეს მარჯვე თვალმა ჰაერშიც კი დააფიქსიროს კაცი, რომელიც ვარდება, ჩუმი გაოცებით გაწელოს ფრენის ის ორიოდე წამი და თავი დაენანოს, რომ ამ მშვენიერი მომენტის ფოტოზე აღბეჭდვა ვერ შეძლო. კოტე ტურისტების ჯგუფს თვალს აშორებს და ქუჩაში მანქანებს უწყებს ყურებას.

სად ხარ, კოტე? ცხოვრების რომელ ეტაპზე? გახსოვს ის დრო, ხელოვნურად რომ იქმნიდი იდიოტურ დრამებს და იმაზე მეტად ნანობდი, ვიდრე ამის სინანული გინდოდა? არაა ხომ ეს ეტაპი? არა. არც ის შეყვარებულობანაა, წამდაუწუმ „მიყვარხარ“-ს ძახილით რომ ბომბავთ ერთმანეთს; ვითომ პირიქითაა? – ამ სიტყვის მნიშვნელობა დაგეკარგა და ძალით ებღაუჭები, სანამ ხავსის ძალა მაინც შერჩენია? ეკიდე მაშინ, როდემდეც გაგიძლებს! დაგეჭიმოს მაჯები და დაგაწყდეს მყესები. გახსოვს, ერთ ავანგარდისტ პოეტს რომ ციტირებდი „წერტილი მძიმეაო“? დაცინვით ციტირებდი, მაგრამ სრული სერიოზულობით კი გახსენდებოდა სულ. ჰოდა, ყოფილა წერტილი მძიმე? არ გინდა, ახლაც წერტილის ნაცვლად სიყვარულის ფორმულა გამოგიყვანოს ვინმემ ასე ლაკონიურად? რისი გჯერა, რაა სიყვარული? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამბობდი, სიყვარული სამყაროს დავიწროებააო, ერთ პატარა ჭუჭრუტანამდე. და ამ ჭუჭრუტანიდან იშლება ახალი სამყარო. როგორც კამერა ობსკურა, ორი საპირისპირო სამკუთხედი. მაგრამ ახლა რას ფიქრობ? ისევ ასეა? არა? აღარ იცი, მართალია თუ არა? ეს მაშინ გეგონა, რომ კამერა ობსკურაა და ძაანაც მოგწონდა ეს მხატვრული შედარება, მაგრამ ახლა იმასაც ვეღარ იტყვი, რატომ გეგონა ასე.

ვეღარ იტყვის, რადგან ახლა წინ თუ რაიმე სამყარო ეშლება, ის სამყარო ისეთი ბუნდოვანი და დაუნდობელია, რომ თავს მყიფედ გრძნობს, თითქოს ამ ფანჯრიდან გადახტომაც არ სჭირდებოდეს, ბოსფორიდან მომავალი ნიავიც საკმარისია, რომ რაფიდან ჩამოაგდოს და დაამსხვრიოს.

ნიავი კი მართლა არ შემოდის ფანჯარაში და ლიას ნელ-ნელა უკვე სიცხისგანაც ეოფლება სხეული. მას რომ ჰკითხოს კოტემ, რა არის სიყვარული, ვითომ საქმეს უშველის?! არადა, კოტემ იცის და მე გეტყვით, თუ რა ეგონა და რა ჰგონია ლიას სიყვარული. ლაშქრობაა სიყვარულიო, ერთადერთხელ უთხრა კოტეს, მაგრამ კარგად დაამახსოვრა – ასეთი საუბარი იცის ლიამ – და ზუსტად ისევე წარმოიდგენს ამ ლაშქრობას, როგორც ლიას ეფიქრა მაშინ – ხან ვიწრო ბილიკებზე სიარული, ხან გაშლილ მდელოზე, მაგრამ გზაში რომ გაგიწვიმდება და ატალახებული მიწის გამო, ისედაც მძიმე ფეხსაცმელი კიდევ უფრო რომ გიმძიმდება. აგრძელებ სიარულს, მიათრევ ფეხებს და აზრადაც არ მოგდის, რომ თურმე ამ ნადები ტალახის მოშორება ბილიკიდან სულ ერთი წუთის გადახვევითაა შესაძლებელი. აი, ასე მარტივად იცის ხოლმე ლიამ თქმა და ამას ისე დაგაჯერებს, როგორც ყველაზე ბანალურად ასაღიარებელ რამეს, მაგალითად იმას, რომ ბავშვობაში ყველანი წარმოვიდგენთ საკუთარ სიკვდილს უბედური შემთხვევითა თუ თვითმკვლელობით და მერე ამ სიკვდილისგან განადგურებულ მშობლებს. ასე მარტივად და დარწმუნებით ფიქრობს ხოლმე ლია ყველაფერზე – სიყვარულზეც. მაგრამ ახლა, ამ წუთს, სანამ თავად საწოლში წევს და ქმარი ფანჯარასთან დგას, ლია სიყვარულზე კი არა, უსიყვარულობაზე ფიქრობს. ფიქრობს და ვერ დაუდგენია, როგორ გაუჯდა სხეულში ეს უცხო ჩიტი. ნუთუ სტამბოლს არ შეუძლია, ხელი აუქნიოს, ერთი ხმამაღლა შემოუძახოს, შეაშინოს და შორს გააფრინოს? აბა, აქ რისთვის წამოვიდა?! ფიქრობს ლია და მემგონი ისიც იცის, აქ რისთვის წამოვიდა. აქ ხომ უმანკოების მუზეუმია?! ჰოდა, სანამ ჯერაც შეუძლია ასეთი რაღაცებით აღფრთოვანდეს, სანამ რაღაცას ჯერაც შეუძლია დააჯეროს, რომ ნივთებს და ყველაფერ სხვა ხელშესახებსაც მარადიული მეხსიერება აქვთ, რატომ არ გადაეშვას ამ დაჯერების უფსკრულში ისევე, როგორც წლების წინ გადაეშვა?! კოტეს კი დიდად არასდროს იტაცებდა ორჰან ფამუქის ლიტერატურა და ვერც ამ ნივთების მაგიისა გაეგო რამე. ყველაფერი ცვთებაო, ამბობს, ფიზიკურიც და არაფიზიკურიც, მაისურებიც პატარავდება და იცრიცება, წლების მერე არც ის მუსიკა აღგვაფრთოვანებს, ერთად რომ ვუსმენთ და აღარც ის წიგნებიო. ერთი ეგაა, რომ მოგონება და მონატრებაა ყველაზე ძნელად გასაცვეთი რამ, ნივთებს კი ტყუილად ვაძლევთ ამხელა მნიშვნელობასო. არადა, ახლა ფანჯარაში რომ იყურება, ხელმეორედ გაიფიქრებს, ნეტავ რას უზამს ლია ამ მაისურს, თუ ფანჯრიდან გადავხტებიო. ლია ალბათ ამ მაისურს არც არაფერს აღარ უზამს, არც გარეცხავს და არც ჩაიცვამს, მაგრამ ცოტა ხნით გარდერობში ისევ შემოინახავს ქმრის დანარჩენ მაისურებთან ერთად, ისე, როგორც ადრე ინახავდა სხვებისას – გაცილებით უმნიშვნელოებისას – სანამ ერთ დღეს არ მიხვდა, რომ მთელი ეს წარსული ცხოვრება ფეხებზე ეკიდა, რომ მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობდა – ეს უკვე მერე იყო, კოტესთან უკვე დიდი ხნის დაწყებული ურთიერთობის შემდეგ – და მოაგროვა ყველა ძველი, სხვისი ნაქონი ტანსაცმელი და ნაგავში გადაუძახა. არასდროს არცერთი წამით არ უნანია ეს და არც ახლა ნანობს, როცა ნატრობს, რომ ოღონდაც ერთი ნაბიჯი გადადგას კოტემ, სულ ერთი ნაბიჯი. ფანჯარაში სულთან სულეიმანის მეჩეთი და მისი ორი უწვრილესი და თითქმის იდენტური მინარეთი მოჩანს. დაახლოებით ორი წამი სიჩუმე უნდა იყოს, მერე კოტეს ჯერაც ცოცხალი სხეული ასფალტს დაენარცხება, ლია ყრუ ხმას გაიგებს. დგუფ. და ბოსფორზე მონადირე თოლიების ყივილს მეცხრე სართულამდე გამვლელების შეკივლება და თითო-ოროლა მანქანის გაბმული სიგნალიც ამოჰყვება.

კოტე კი, ლიასი არ იყოს, ვერ ინძრევა და ნაბიჯს ვერ დგამს, რასაც ახერხებს, ისაა, რომ თავი მოატრიალოს და რაღაცის სათქმელად შეემზადოს. ისიც კი უჭირს, რომ თქვას სიტყვა „მემგონი“, რადგან არც ამ „მემგონის“ მნიშვნელობა აღარ იცის. და რადგანაც არაფერი აღარ იცის, რადგანაც ისეთი მარტივი შეკითხვაც კი უპასუხოა, როგორიც, მაგალითად, საიდან ამოდის მზე?“, ყოვლად უსუსური, თავს ატრიალებს და ლიას იმას ეკითხება, რაზეც დღეს საერთოდ არ უფიქრია.

– უმანკოების მუზეუმში ხვალ წავიდეთ?

– ჰო, – ისე სწრაფად, ისე აუღელვებლად პასუხობს ლიაც, გეგონება, ამ შეკითხვას დილიდან ელოდაო.