1.
წვიმაში ვერის ბაღი უცხო, ცარიელ ქალაქს ემსგავსება. ავდარში აქ მგონი მე და ჩემი წლინახევრის შვილის გარდა არავინ დადის. დავაბოტებთ და ვჩერდებით გუბეებთან, ურჩხულთა თვალებივით რომ გაბნეულან მთელ პარკში. ტომი ჯერ ფეხებს ატყაპუნებს რჩეულ გუბეში, მერე ხელებს ურევს და პოულობს კენჭებს, სიფრიფანა ხელსახოცით ცდილობს გუბის აშრობას. შორიდან ვხედავთ მებაღეს, რომელიც დღის მიწურულს სახლში ბრუნდება. მებაღე ვერ გვამჩნევს, თუმცა ტომი იხტიბარს არ იტეხს და მთელი ძალით უქნევს ტალახიან ხელს. მებაღეს მწვანე უნიფორმა გაუხდია და დიდი ზომის პიჯაკი ჩაუცვამს. მეეზოვეების გასახდელი ზუსტად დედოფლების ბაღის კუთხეში მდებარეობს.
„დედოფლების ბაღის“ ჯოხზე შემომხტარი აბრა სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ჭადრაკის სასახლის უკან, როცა მსოფლიო ჩემპიონმა, დიდოსტატმა მოჭადრაკე ქალებმა ნერგები დარგეს. თითოეულ ნერგს ბარათი ეკრა: „ეს ნონას დარგულია, ეს კი ნანასი“. შემდეგ დამრგველთა სახელები ალბათ ქარმა წაიღო ან ანცმა ბავშვებმა შეახსნეს. სამაგიეროდ კედლებს შერჩა წარწერები: Love is Lo… SEPULTURA. FUCK EVERYONE.
მოკლედ, სრულიად არადედოფლური სკვერი იქნებოდა, რომ არა კატები, რომლებიც მედიდურად დასეირნობენ და მოხუცი ქალი, რომელიც ამ კატებს კვებავს. ადრე კატების თავშესაფარი კალათბურთის სასახლის გვერდით, ღია მოედანთან იყო, ახლა კალათბურთის მოედნის ნაცვლად ავტოსადგომია, ამიტომ კატებიც ქვემოთ მიგრირდნენ და ძაღლების გასასეირნებელი ნაკვეთის მოპირდაპირე მხარეს დაიდეს ბინა.
მებაღე პარკს კვეთს და დღის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებს აკვირდება. ის მუშაობას დილით იწყებს, როცა პენსიონერების და საპენსიო ასაკის მიჯნაზე მყოფთა ბირჟა იკრიბება და ბავშვებისთვის განკუთვნილ „ბესეტკას“ იპყრობს. და იწყება ბლატავნარევ ტონებში განხილვა თემებისა, რა უფრო დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის – გეიაღლუმი თუ სინგულარობა, ტრამპი მოერევა თუ მაო ძედუნის აჩრდილი? ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ნიავი კი საშიშად არხევს ავადმყოფი, გამხმარი, მოსაჭრელი ფიჭვების ტოტებს, არხევს ჩამომწყდარი საქანელას ჯაჭვს, ფანტავს დაბინძურებულ ქვიშას სათამაშო მოედნიდან. მებაღე კი მუშაობს მუხლჩაუხრელად, ის არ ერევა ამ საუბრებში. არც ამის დრო აქვს და არც სურვილი. ისვენებს საღამოს, როცა სახლისკენ მიდის და გვერდით ჩაუვლის იოგას ფერდობს, რომელსაც თვითონ შეურჩია სახელი, რადგან აქ ყოველ დილით მედიტირებს კაცი, ხანდახან ქალიც და სახელიც მათ პატივსაცემად დაარქვა. ჩაუვლის დიდგორს, აქ ძიძები იკრიბებიან ბავშვებთან ერთად და დიდი ბრძოლებია. ჩაუვლის პენსიონერების სათამაშო ფანჩატურს, სადაც ახლა შეყვარებული წყვილი კოცნაობს. წინ გრძელი გზაა სახლამდე. ვარკეთილამდე ერთი ლექსის დაწერასაც მოასწრებს. ერთხელ მითხრა, 3500 ლექსი მაქვს დაწერილიო, საუკეთესოები ხანდახან კომბინეზონის გულის ჯიბით დააქვს.

2.
ვერის ბაღში, კალათბურთის სასახლეს ებმის შენობა, რომლის სარდაფშიც – სტრიპტიზბარია. პირველ სართულზეა დაბადების დღის ცენტრი. მეორე სართულზე – სკოლა და კრივის დარბაზი. დაბადების დღეების ცენტრი მუშაობას ადრე იწყებს. როცა ბოლო დაბადების დღე მთავრდება, იხსნება სტრიპბარი. მოკრივეები კი მხოლოდ ხურდებიან. სტრიპტიზიორებს საგრიმიოროში ალბათ ბავშვების მხიარული შეძახილები ესმით და შესაძლოა, ბებიებთან მიტოვებული შვილიც გაახსენდეს რომელიმეს ანაც სულაც ბავშვობა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დამთავრდა. ზემოთ დამწყები მოკრივეები წარმოსახვით მოწინააღმდეგეს ალეწავენ თავ-ყბას. სტრიპტიზკლუბი რომ იხურება, იწყება სკოლა. დილით სკოლაში მიმავალი მოწაფეები ხედავენ ნეონის რეკლამას, რომელზეც ბოძზე შემოხვეულ შიშველ ქალს ანაცვლებს ტანგიანი ტრაკის კონტური. და ასე ყოველდღე. ბოლო ზარი. ტრიალი წრეზე. ტრიალი მზის გარშემო. ტრიალი ღერძის გარშემო.
დილით კი მზე ხელებს გვიფათურებს, გვშმონავს. ჯიბეებიდან ჩრდილებს გვიღებს. კოსტავას ქუჩას ამოუყვება მოხუცი მეეზოვე. გამხდარი, მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი ნარინჯისფერ უნიფორმაში. აუვლის გვერდს აბრეშუმის ძველ ქარხანას, რომლის ფართებიც მილიარდერმა საჩუქრებად რჩეულ თეატრალურ თუ კინორეჟისორებს დაუნაწილა. მეეზოვე აუვლის ძველ ფასადს ამოფარებულ, მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გახსნილ კაზინო „ევროპას“, თაღს, საიდანაც გამოსული შარდის სურნელს, შაურმის და ზეთში შემწვარი ღვეზელების სუნი ერწყმის, თან ცოცხით წააყოლებს მტვერს, რომელიც მშრალი წესით დახერხილ, ახალდაგებულ ფილებს შერჩა.
თუ დრო დარჩება მეეზოვეს, ვერის ბაღშიც შეისეირნებს. ჩოგბურთის კორტებთან ბილიკს გაუყვება. ყველა ესალმება: ძიძები, მშობლები თუ ძაღლის პატრონები, რადგან წლების განმავლობაში ამ ბაღში მუშაობდა, გვიდა და ასუფთავებდა ნაგვის ურნებს. მერე მისი ადგილი ვიღაც სხვას, ნაცნობიანს თუ ქართული ოცნების ერთგულ მომხრეს დასჭირდა და გადაისროლეს მოხუცი ქვემოთ გმირთა მოედანზე, როგორც ხდება ხოლმე. ჰოდა, როცა დრო აქვს, შემოდის და უყურებს პარკს, სადაც ალბათ გეგმავდა კიდეც კარიერის დასრულებას, მაგრამ არ დასცალდა. ახლა გმირთა მოედნის ხმაურიან მორევშია.
გითამაშიათ მრგვალი ვირი? ჩემი ბავშვობის დროინდელი თამაშია, შეიძლება კიდევ უფრო ძველიც. ჩაღრმავებულ ორმოში ბიჭების ფერხული დგება, როგორც რაგბიში შერკინებისას. იკუზება და სწრაფად ტრიალებს – არის ამაში რაღაც ჰომოეროტიკული. გარშემო დადის „დედა“ – მცველი, რომელსაც ევალება მოწინააღმდეგეე გუნდის შეხტომისგან ვირის დაცვა. თუ დედამ მოწინააღმდეგეს ფეხზე ფეხი შეახო, წრეში მოწინააღმდეგეები დგებიან. თუ მოწინააღმდეგე ვირზე შეხტა, ის ცდილობს ვირის დაშლას, ხტუნავს და როკავს, ვირიც თავის მხრივ მის გადმოგდებას ცდილობს, გარშემო ყველაფერი იფარება მტვრით, საფრთხის შეგრძნება და აგრესია დიდი დოზებით – აი, ზუსტად ამ თამაშივით ქალაქია თბილისი.

3.
ბაღში ერთ-ერთ სკამზე მაგიდაა მიბმული. როგორც კი დათბებოდა, გამოდიოდა მოხუცი ქალი, ხსნიდა დაჟანგულ ბოქლომს და მაგიდაზე აწყობდა პატარა ტომრებით მზესუმზირას, მოხალულ მიწის თხილს და გოგრის თესლს. თითოეულ ტომარაში არყის თლილი ჭიქა ედო და კიდევ ერთმანეთში ჩაწყობილი კონუსად დაგრაგნილი ფურცლები, ისეთი წიგნებიდან და ჟურნალებიდან, როგორებიცაა: „მიუვალ ნაკვეთებზე გაშენებულ მრავალწლიან ნარგავებში ნიადაგის დამუშავების მექანიზაციის ზოგიერთი საკითხი, ტრაქტორ „რიონის“ ფრეზული კულტივატორის კინემატიკური პარამეტრები, მარსის არხები და ფოთლის ძარღვები, მეჩაიეობა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფორთოხლის განვითარების ძირითადი ფაზები კუბის ტროპიკულ პირობებში, კუბის ეროვნული ბალეტი თბილისში და რევოლუციის თავისებურებანი, როგორ დადიოდნენ დეზერტირების ბაზარში აბაშიძე და კენედი და რა გადაიტანეს მათ ჰარი ბელაფონტეს გამო და ა.შ.“
მოხუცი მთელ დღეს სკამზე ატარებდა. არ დამინახავს მე ეს ქალი ფეხზე ამდგარი,
მხოლოდ მჯდომარე, თვალებმოჭუტული, ჩაფიქრებული, იშვიათად გაღიმებული.
ასე გრძელდებოდა წლები. წელს რა ხანია უკვე დათბა. წელს მოხუცი არ გამოსულა. წელს არავის გაუხსნია ბოქლომი. წელს არავის ამოულაგებია მაგიდაზე მზესუმზირა, მოხალული მიწის თხილი და გოგრის თესლი, სიგარეტი ღერებად და საპნის ბუშტების ხსნარი.