ტექსტი აგებულია ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის, „უცხოს” (პირველი არხი და სტუდია „ეპოქა“, 2019 წ.) და SOVLAB-ის ზეპირი ისტორიის მიხედვით (გივი მარგველაშვილთან 2011 წელს ჩაწერილი ინტერვიუ. ინტერვიუერი – ნინო ბექიშვილი).

უცხოობა ორმაგად მაქვს გამოცდილი. სახლში უცხო და გარეთ უცხო ვიყავი.

მაქვს ქართული გვარი და ვხვდებოდი, რომ ეს გვარი გერმანიაში უცნაურად, უცხოდ ჟღერს, უკვირდათ, მათთვის ეს იყო ასოების დიდი გროვა.

მე ემიგრანტის შვილი ვარ. ქართული ემიგრაციის მეორე თაობა. დავიბადე მამაჩემის, ემიგრანტ ტიტე მარგველაშვილის ოჯახში.

6 წლის ასაკში დედა მოუკვდა, ვერ გაუძლო დევნილობას, უსამშობლობას და ემიგრაციას, დეპრესია დაეწყო და თავი მოიკლა. მამა მუდმივად დაკავებული იყო, უფროსი და პირველ წლებში კი უვლიდა, მაგრამ რეალურად ქართული ვეღარ ასწავლა. დარჩა ქართული გვარით და ენის გარეშე. გერმანიაში ქართველი ემიგრანტების შეხვედრებზე, როცა მამას მიჰყავდა ხოლმე, იქაც უცხო იყო, არაფერი ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები.                                         
ანა მარგველაშვილი

როცა დაიწყო ომი, ამერიკელებისა და ინგლისელების საჰაერო თავდასხმები ბერლინზე, გერმანელები სარდაფში ჩადიოდნენ. სარდაფი იყო იგივე ემიგრაცია მათთვის – გარბოდნენ, ოღონდ საკუთარ სარდაფში, რომ თავი გადაერჩინათ. მეც იქ ვიჯექი და მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები, თურმე, აქედანაც გარბიან. ჩვენც ხომ გავიქეცით საქართველოდან და მერე გერმანიიდანაც დაიწყეს გაქცევა. ამ ომმა მასწავლა, რომ გაქცევა არის საერთო მოვლენა.

ემიგრაციაში ვინც მუშაობდა, ბევრი იყო კოლაბორაციაში. ძალიან არასასიამოვნო ამბავია ესეც, მაგრამ ასე მოხდა, მამაჩემი და მე აღმოვჩნდით საბჭოელების ხელში. ბრალს არ ვდებ არავის არაფერში, შეიძლება მამაჩემის დიდი მეგობარი და საყვარელი ამხანაგი არც არაფერში იყო დამნაშავე და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიძლება აკეთებდა იმას, რის აზრზეც არც თვითონ ყოფილა. გაჩნდა ჩვენთან ეს ბატონი 1946 წლის თებერვალში და დაპატიჟა მამაჩემი ქართველებში, საბჭოელების ზონაში. როცა მოვიდნენ მამას წასაყვანად, მეც დამინახეს ბინაში და უთხრეს მამაჩემს, შენი ბიჭიც წამოიყვანე, ქართველებს ნახავსო. მე 18 წლის ვიყავი მაშინ და დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ გავყევი.

როცა ჩავსხედით მანქანაში, უკვე არ მომეწონა სიტუაცია, იქ ოთხი კაცი დაგვხვდა, ჩვეულებრივი სამოქალაქო ტანსაცმლის ქვეშ სამხედრო სამხრეები უჩანდათ. წაგვიყვანეს ბრანდებურგის თაღის გავლით პირდაპირ მთავარ კომენდატურაში.

იქ უკვე მამაჩემი წაიყვანეს მთავარ პირთან და რომ დაბრუნდა კამერაში, რაღაცნაირად გამოცვლილი იყო უკვე, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი იყო, რასაც არ ამბობდა. ერთ მომენტში ნერვები აეშალა და კარს მივარდა, მუშტებს ურტყამდა, გააღეთ, გააღეთ, გააღეთ! მე ვიჯექი და მამას ასეთ მდგომარეობში ვხედავდი. დაპატიმრებული დევნილი – სხვა რა იყო ეს?

ერთი ღამე გავატარე მამაჩემთან ერთად. მითხრა, რომ შენ თუ გაგიშვეს აქედან, წადიო და დამისახელა ერთი ამერიკელი პოლკოვნიკი და მითხრა, სად მომეძებნა.

როგორც იხსენებდა ხოლმე, სწორედ ბოლო შეხვედრის დროს, ტიტემ საათი მოიხსნა და მას მისცა. საათი რამდენიმე თვის წინ ვიპოვე სახლში. რომ ვანახე, გაიხარა. ვკითხე, ბანაკში რომ გადაგიყვანეს, საათი როგორ გადარჩა-მეთქი და გამოსვლისას დამიბრუნესო.   

ანა მარგველაშვილი

 

მეორე დილას მოვიდნენ და სხვა კამერაში გადამიყვანეს. იქ გავატარე ერთი კვირა. მამაჩემის შესახებ ამ დროს არაფერი ვიცოდი. მერე გამომიყვანეს იქიდანაც და რაღაც სხვა სახლი იყო, იქ შემიყვანეს ერთ ოთახში, რომელიც სავსე იყო ქართველი ჯარისკაცებითა და ოფიცრებით, ერთი მეუბნება, თუ იცი, რომ მამაშენი გავაფრინეთ რუსეთში, მოსკოვშიო. ამას მიყვება, თითქოს რაღაც უნდა გამხარებოდა, პატივი იყო, თითქოს.

ტიტე მარგველაშვილის სასამართლო პროცესი 1946 წლის გაზაფხულზე მოსკოვში დაიწყო და რამდენიმე თვეში თბილისში გადმოამისამართეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 1946 წლის ოქტომბერში თბილისში დახვრიტეს.     

ანა მარგველაშვილი

...წამიყვანეს მერე ბუნკერში. პადვალი იყო, რა, ლაბირინთია ბუნკერების და ერთ-ერთში ჩამაგდეს. იქ გავიცანი საბჭოელების ტყვეები. ვიჯექი მიშასთან, ალექსეისთან ერთად. და კიდევ ერთი ტიპი იყო, მე ხო არ ვიცოდი რუსული ამ დროს და მე მეგონა, რომ მაგის გვარი არის ვეზნაეტე. ყველა ემიგრანტი იყო. მიშა ახალგაზრდა, როგორც მე, ემიგრაციაში დაბადებული, რუსი ოღონდ. ხალხით სავსე იყო იქაურობა, ქალებიც ბევრნი იყვნენ, კედლის იქიდან გვესმოდა.

ორ ბანაკში ვარ ნამყოფი, თავიდან ბერლინის ბანაკში ვიყავი, შემდეგ, 1946 წელს ზაფხულში, საქსენჰაუზენში, სპეციალურ ბანაკში გადამიყვანეს და იქ რუსების დროებით საცხოვრებელში მოვხვდი. იქ ვსწავლობდი რუსულს და ფრანგულსაც იმიტომ, რომ რუსიც იჯდა იქ, ფრანგიც, ბულგარელიც. ეს ბულგარელი იყო შესანიშნავი მსახიობი, მეფისტოს როლი შეასრულა ძალიან კარგად. საკონცენტრაციო ბანაკში იყო ეს სპექტაკლი და „ფაუსტი“ იმიტომ დავდგით, რომ მეფისტო ეუფლება ფაუსტს და ის შეცდომას შეცდომაზე სჩადის, ჩვენ კი ამით, თითქოს, სარკეში ვახედებდით გერმანელ ტუსაღებს – თითქოს, აი, ვინ იყავით თქვენ. ეს ბულგარელი კი იმდენად დიდი მსახიობი იყო, რომ თანაგრძნობაც კი აღმიძრა ფაუსტისადმი. ფაუსტი წარმოაჩინა როგორც შავი ძალების მსხვერპლი. სხვებიც იდგნენ და ტაშს უკრავდნენ.

ასე გაგრძელდა 1948 წლის აგვისტომდე. მერე ამ ორგანიზაციამ თბილისში მონახა ჩემი ნათესავები, კერძოდ, მამიდაჩემი. და გამოიძახეს აქ და უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს თქვენთვის სიურპრიზი, იმას შეეშინდა, რა თქმა უნდა. მერე ცოტა ხნით შემახვედრეს, მესაუბრა და წავიდა. ნახევარი წლის მერე შემოვიდა ჯარისკაცი, აბარგდიო, არ მქონდა ბარგი, უბრალოდ გავყევი უკან. ასე გათავდა ჩემი ლაგერის ცხოვრება. ჩამსვეს თვითმფრინავში და გამაფრინეს ჯერ მოსკოვში, მერე – თბილისში.

გივის ხშირად გაუხსენებია კგბ-ს თანამშრომელი, ვინმე გოკიელი, რომელმაც ქართული გვარი აღმოაჩინა საქსენჰაუზენის ბანაკის პატიმართა სიებში და დაინტერესდა, ვინ იყო. ფაქტიურად, მან იპოვა თბილისში მამას ნათესავები, მამიდა თამარა მარგველაშვილი და მისი ქმარი ალექსანდრე ლანდია, ასევე, მამიდაშვილი ნიკოლოზ (კუკური) ლანდია და სამგზავრო თვითმფრინავით წამოიყვანა გივი თბილისში, 1-2 ღამე თავისთან აცხოვრა და მერე ნათესავებს მიაბარა – საპატრონოდ.

ანა მარგველაშვილი

მამიდაჩემმა არ მიმიღო. ეგონა, რომ რაღაც იმალებოდა ამის უკან. და უთხრა იმ კაცს, ვინც მიმიყვანა მამიდასთან, დამისაბუთეთ, რომ ნამდვილად ეს არის ჩემი ძმისშვილიო. იძულებული გახდა ეს ტიპი, უკან წავეყვანე. პირველი ღამე თბილისში ამიტომ ამ ბატონის სახლში გავატარე. მერე გამოიძახეს მამიდაჩემი და რაღაცნაირი ფორმით უთხრეს, დააჯერეს, ნამდვილად არის ეს თქვენი ძმისშვილი და მიიღეთო. ამის მერე ყველაფერი დალაგდა, შევედი მამიდას ოჯახში და ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება საბჭოთა კავშირში.

ჩავირიცხე უნივერსიტეტში და პირველი სიურპრიზი რა იყო, იცით? უნივერსიტეტში ყველა იყო ამ რეჟიმის წინააღმდეგი. ფრთხილად ლაპარაკობდნენ ამაზე, მეგობრობა უნდა განვითარებულიყო და მერე. ამან იმედი მომცა, რომ აქ მეგობრების გაჩენაც შეიძლება.

რამდენიმეჯერ გამომიძახეს ენკავედეში და ერთხელ პირდაპირ მითხრეს, თუ გინდათ, ჩვენთან ჩაირიცხეთო. მე კი ისე მოვიქეცი, როგორც დამარიგეს – რომ ცოტათი სულელი უნდა ითამაშო და შეგეშვებიან. მართლა მომეშვნენ.

გივი ჯარში რომ მიჰყავდათ, ნიკოლოზ ლანდიამ, უფროსმა მამიდაშვილმა დაარიგა, ექიმთან რომ მიხვალ, თავი მოიგიჟიანეო. გივი მართლა ასე მოიქცა, ექიმს უთხრა, მე ფანქრით ვწერ და მერე, ფანქარი რომ პატარავდება, მეშინია, არ გადამეყლაპოსო და ექიმმა იფიქრა, არ არის ეს საჯარე კაციო.

ანა მარგველაშვილი

წერა 1961 წელს დავიწყე. ერთოთახიანი ბინა მივიღე საბურთალოზე და იქ ვწერდი „კაპიტან ვაკუშის“. იმ დროისთვის ვკითხულობდი თომას მანს, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს – ეს შენც შეგიძლია! შენც შეგიძლია თქვა, როგორ აისახება ეს შინაგანი ემიგრანტობა თუ გარეგანი გაქცევა ადამიანებზე და რა გავლენას ახდენს მათ ბედზე.

მე ვგმობ მოსაზრებას, რომ კაცობრიობის ისტორია ომის ისტორიაა. მე პაციფისტი ვარ.

გერმანელებს რომ სცოდნოდათ, რა გეგმები ჰქონდა ჰიტლერს, ვერ ნახავდა რაიხსტაგს.

დაწერა წიგნი, „ჩემი ბრძოლა“, და არავინ კითხულობდა. არადა, რომ წაეკითხათ, იქ ყველაფერს წერს, რის გაკეთებასაც გეგმავდა, თუ ძალაუფლებას აიღებდა. ადამიანების უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ამის, მაგრამ მათ მომენტი გაუშვეს, როცა წინააღმდეგები უნდა ყოფილიყვნენ და მერე ყველანი იყვნენ ჩუმად.

იმიტომ, რომ ადამიანი არ სწავლობს ისტორიას. ადამიანი ივიწყებს მას.

წიგნის გმირების დროული გადასახლება
ადგილი: მათეს სახარება, ბეთლემი
დრო: ყრმათა გაჟლეტის წინა დღე

კაცი გამალებით მიაქანებს აჭრიალებულ ოთხთვალას ქალაქის ჭიშკრისკენ. ოთხთვალაზე მოსასხამში გახვეული, ერთიანად შებურული ქალი ზის. ესენი სახარების პერსონაჟები: იოსები და მარიამი არიან. მარიამს შიშნეულად ჩაუკრავს მკერდში მთვლემარე მაცხოვარი, ცხოვრებისეულ-წიგნისეული პირმშო თავისი. ისინი ეგვიპტეში გარბიან.

იმავდროულად იმავ ადგილიდან მათრახების შხუილსა და აღელვებულ შეძახილებში საწინააღმდეგო მიმართულებით მიისწრაფვის კაცებით, ქალებითა და (ორ წლამდე) ყრმებით ავსებულ საზიდართა გრძელი რიგი. მათ მიუძღვებიან წიგნის სამყაროს მმართველობის მიერ წარგზავნილი წინამძღოლები. ესენი რეალური ადამიანები და გამოცდილი მეგზურნი არიან, რომელთაც კარგად იციან წიგნის სამყაროს სხვადასხვა მხარე-უბნების შემაერთებელი გზა-ბილიკები. მშობლიური კუთხიდან აყრილი მშობლები და ყრმანი მათ ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, რადგან აქ არ ხდება ყრმათა გაჟლეტა და უასაკო ლტოლვილებს წიგნის სამყაროს ამ მხარის ისტორია ხიფათს არ უქადის.

თარგმანი: ნაირა გელაშვილი