ლაშა ბუღაძის ახალ რომანს, „პატარა ქვეყანას“, საფუძვლად უდევს ავტობიოგრაფიული ეპიზოდი. 23 წლის მწერალმა დაწერა მოთხრობა „პირველი რუსი“, მასში მოთხრობილი იყო თამარ მეფისა და მისი პირველი ქმრის, იური ბოგოლიუბსკის წარუმატებელი პირველი ღამის ამბავი, რომელიც მწერალს ქართულ-რუსული ურთიერთობების პრეფიგურაციად წარმოედგინა. მოთხრობის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა მოძლიერებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ურაპატრიოტიზმით შეპყრობილი პოლიტიკოსებისათვის. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მწერალი აიძულეს, ბოდიში მოეხადა საპატრიარქოში. მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა საჯარო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, საპატრიარქოს, სახელმწიფოსა და თითქოს სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი მედიის თანამშრომლობით, მწერლის პრესკონფერენცია გაყალბდა და მას ხმა, ხმის უფლება, აზრის გამოხატვის საშუალება წაერთვა.

ამ ავტობიოგრაფიული ბირთვის მიუხედავად, ლაშა ბუღაძის წიგნი არც ავტობიოგრაფიაა და არც დოკუმენტური პროზა. ესაა რომანი, რომლის ბიოგრაფიულმა პასაჟებმაც არ უნდა გვიბიძგოს წიგნის ზედმეტად დოკუმენტური წაკითხვისაკენ.

ასე რომ წაგვეკითხა რომანი, მას უამრავი ნაკლი აღმოაჩნდებოდა: მათ შორის, ეს იქნებოდა კიდევ ერთი მცდელობა, მოთხრობილიყო არაერთხელ მოთხრობილი ამბავი თბილისის ცენტრალური უბნებიდან. ახლა კი, სწორედ ფორმა – ეს მინიმალური აცდენა ფიქციურსა და ფაქტიურს შორის, აძლევს ავტორს საშუალებას, გადაწყვიტოს არცთუ იოლი ლიტერატურული ამოცანა: აღიარების წყურვილისა და ნარცისისტული თვითტკბობისაკენ მიდრეკილი პერსონაჟის პირადი გამოცდილების ნემსის ყუნწში გაატაროს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიის აქლემების ქარავანი – ლიტერატურული ხერხებით წარმატებით გადმოსცეს პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოების მდგომარეობა.

ამ მდგომარეობის დასახასიათებლად შეიძლება, რამდენიმე მსგავსი, მაგრამ არა სინონიმური ზედსართავი სახელი გამოვიყენოთ: გროტესკული, სიურეალური, ეფემერული, ყალბი, სიმულაციური. თუმცა, ჩემი აზრით, ამ მდგომარეობის გამოხატვას ყველაზე უკეთ სიტყვა „ფარსით“ შევძლებთ. ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი მედიური ორეული, რომელიც სრულიად განსხვავებულად იქცევა, ვიდრე მისი ხორცშესხმული ტყუპისცალი. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს პოლიტიკოსი ამირანის შემთხვევაში, რომლის მედიური ურაპატრიოტული პათოსი დადგმულია. საილუსტრაციოდ, ერთი ასეთი ეპიზოდი: ტელეკომპანია „თბილისი 2“-ის გადაცემის შემდეგ ურაპატრიოტი ამირანი რომანის პროტაგონისტზე ლაპარაკობს:

„– ეს ვინ ყოფილა კაცო, – გენერალურ დირექტორს უცინის ამირანი, – […] ბეჭებზე დაგვცა ყველა. მერე კი ჩემკენ იწევა და ლოყაზე მჩქმეტს, – მაიმუნები ხართ თქვენ, მაიმუნები... მამა მომიკითხე.

– მეთქი, იჩხუბებდით, წამოხტებოდით... შეგეფურთხებინათ მაინც ერთმანეთისთვის, რა მოსაწყენი ხალხი ხართ, – ამბობს გენერალური დირექტორი.

 – გვაფურთხებს უკვე, მეტი რა გინდა? – იცინის ბატონი ამირანი.

 – თქვენც უნდა გეფურთხებინათ მერე.

 – ვაფურთხეთ, ბატონო, არ ვაფურთხეთ? სხვანაირად როგორღა? ახლა თქვენს რეიტინგზე მე ნუ ამკიდებთ პასუხისმგებლობას“ (გვ. 232).

ლაშა ბუღაძის რომანი გვიყვება ისტორიას და გვიჩვენებს ადამიანებს ისეთ გარემოში, სადაც ტრაგედია და ტრაგიკულობა გამორიცხულია და იქცევა არა კომედიად, არამედ ამაღლებულისთვის წარუმატებელ და უხამს მიბაძვად: პრეზიდენტი ცდილობს, იყოს პრეზიდენტი, რევოლუციონერები ცდილობენ, იყვნენ რევოლუციონერები, სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, იყოს სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ გადაულახავი ბარიერი წარმოსახვით ფუნქციას და რეალურ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს შორის მათ საკუთარი თავის კარიკატურებად აქცევს. კარიკატურაც არაა შემთხვევითი ამ წიგნისთვის: ლაშა ბუღაძე, ისევე როგორც მისი პერსონაჟი, კარიკატურისტები არიან.

რომანის სათაური, „პატარა ქვეყანა“, შეგვიძლია სხვადასხვანაირად წავიკითხოთ, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლებელი წაკითხვა სწორედ ამ ცენტრალური უბნების წვრილბურჟუაზიულ თბილისზე მიგვანიშნებს, თბილისზე, რომელიც თავს ისე წარმოგვიდგენს, თითქოს, საქართველო თვითონ იყოს, ოღონდ სინამდვილეში მის კარიკატურად იქცევა.

რომანს დადებითი პერსონაჟი საერთოდ არ ჰყავს. სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც ყველა ფარსის მონაწილეა და არსებული რეალობიდან თავისებურ სარგებელს იღებს – პოლიტიკური ძალაუფლებისა თუ სოციალური კაპიტალის სახით. ბუღაძე არც თავის რომანულ ორეულს ინდობს და არ ცდილობს მისგან გმირის, პოლიტიკური აქტივისტის ან ერის ტანჯვით დატანჯული მწერლის გამოყვანას.

ამ რომანის წაკითხვა მრავალგვარად შეიძლება, მაგრამ გამოვყოფდი ორ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებო და ქართული ლიტერატურისთვისაც ახალ მიმართულებას. პირველი ეხება ძალაუფლებას, მეორე – მწერლის როლს საზოგადოებრივ სივრცეში.

დავიწყებ პირველით.

ლაშა ბუღაძე აღწერს პოსტსაბჭოთა საქართველოს, რომელსაც მართალია მოჰყვება საბჭოთა მეხსიერება და საბჭოთა კავშირის ძალაუფლებრივი და სოციალური კაპიტალი, მაგრამ რომანში სწორედ ამ მემკვიდრეობის გადანაწილება იწყება. ეს მდგომარეობა ლაშა ბუღაძეს აღწერილი აქვს დოსტოევსკისაგან ნასესხები სიტყვებით: „ახლა ყველას ყველაფერი შეეძლო“ (50). რომანში ნაჩვენებია, როგორ ჩნდება ძალაუფლების ახალი ცენტრები: ტრადიციულ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან ერთად, ესენია მედია და ეკლესია. სწორედ საპატრიარქოს ძალაუფლების გაძლიერება, რომელიც 1989 წლიდან იწყება, განსაკუთრებით დეტალურადაა ნაჩვენები და გამოხატულია ფრაზაში „მღვდელი ელიტაა. ის ახლა ასე ხედავს საკუთარ თავს“ (16). რომანისთვის ზოგადად დამახასიათებელი სიმულაციურობის მიუხედავად, მასში თითქოს არაფერია სერიოზული, საშიშიც კი. ერთადერთი, რასაც რეალური გავლენა აქვს, ძალადობა ან ძალადობის მუქარაა. სწორედ ამ ფიზიკურ ძალას, ხალხის ზიზღის და აგრესიის მართვის სადავეებს იგდებს ხელში ეკლესია, რომელიც ძლიერია არა სიტყვით და ავტორიტეტით, არამედ სახელმწიფოსათვის მას თითქმის ბოლომდე აქვს ჩამორთმეული ლეგიტიმური ძალადობის ფუნქცია. ის იქცევა სახელმწიფოდ სახელმწიფოში, რომელსაც საკუთარი, მაგრამ სახალხოდ გასაღებული ინტერესების დასაცავად, ქუდზე კაცის გამოყვანა და ნებისმიერი ადამიანის ლინჩის წესით გასამართლება შეუძლია. ძალაუფლების და სოციალური წესრიგის შეცვლის კიდევ ერთი მოქმედება ვარდების რევოლუციის დროს თამაშდება: სცენაზე ახალი ლიდერები გამოდიან. ამ პერიოდს წიგნში ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ იმედი, რომელიც ვარდების რევოლუციამ გააჩინა, ასევე ფარსის ლოგიკაში ჯდება: „ზეიმი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო – იმედგაცრუებით და წყენით“.

მეორე დიდი თემა „პატარა ქვეყანაში“ მწერლის როლს ეხება და ამ თვალსაზრისით ქართული ლიტერატურისათვის არცთუ ხშირ მეტარეფლექსიას წარმოადგენს მწერლობის და მისი ფუნქციის შესახებ.

ლამის მეცხრამეტე საუკუნემდე საქართველოში მწერლობა არისტოკრატიული ჰობი იყო და ამიტომაც არ გაშლილა ბრძოლა მწერლის სუვერენულობისათვის, რაც დასავლეთევროპულ ლიტერატურაში რენესანსიდან იწყება. მწერლის საზოგადოებრივ ფუნქციას განსაკუთრებული კვალი თერგდალეულთა თაობამ დაამჩნია და მწერლობა საზოგადოების სამსახურში ჩადგა. პოეტები, რომლებიც ამ ფუნქციას თითქოს არ იზიარებდნენ, მაგალითად, აკაკი წერეთელი ან ცისფერყანწელები, მაინც საზოგადო მოღვაწეები, საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. საბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურაშიც მწერალს, ფორმალური კონფორმულობის მიუხედავად, მაინც სისტემასთან მებრძოლის და ერის წინამძღოლის როლი ჰქონდა მორგებული. ამ ფუნქციის ბოლო შესანიშნავი მაგალითი ოთარ ჭილაძის რომანი „აველუმია“. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქართულ ლიტერატურაში მწერლის როლის გადააზრება დაიწყო, მაგრამ ლიტერატურული მსჯელობა ამ თემაზე მაინც იშვიათი იყო. ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ისევ პოეტი-მეფის ფიგურას აცოცხლებს, აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსას“ პერსონაჟი ლუკა კი თავისი ბოჰემური გენიალობით გალაკტიონ ტაბიძეს მოგვაგონებს. მწერლის არაგმირულ ფიგურას გადავაწყდებით ზურაბ ქარუმიძის „მელია-ტულეფიაში“.

მწერლის თემა ლაშა ბუღაძისათვის ახალი არაა და მას „ლიტერატურულ ექსპრესშიც“ შევხვდებით. „პატარა ქვეყანა“ აგრძელებს „ლიტერატურული ექსპრესის“ თემას: მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური კაპიტალის მქონედ ითვლება, არ არის არც რომანტიზმის გენია და არც 1860-იანი წლების ერის წინამძღოლი, არც სიმბოლიზმის ლიტერატურული დენდი, არც საბჭოთა დროის სისტემას დაჭიდებული დისიდენტი და არც ცოტა სიყვარულის და ღერი პაპიროსის მოყვარული ბოჰემური მეფე-პოეტი. მასაც ცოტა უნდა, ოღონდ ეს „ცოტა“ სოციალური ხილვადობაა, გამოჩენისა და მოწონების ინფანტილური სურვილი. მწერალი, არჩილ ქიქოძის პერსონაჟს რომ დავესესხო, არის „პეტიტ ჟოლი ბურჟუა“, მისი ბედნიერება არსებითად წვრილბურჟუაზიულია და ამით ის მაინცაა თავისი საზოგადოების, „პატარა ქვეყნის“ ღვიძლი შვილი.

„პატარა ქვეყანა“ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც რომანი, რომელსაც გერმანულენოვანი ლიტერატურათმცოდნეობა ბილდუნგსრომანს ეძახის, ანუ რომანს, რომელიც ადამიანის ჩამოყალიბებას, მისი ზრდის პროცესს გვიჩვენებს. დასაწყისში მწერალი ბავშვია, მიუხედავად არაბავშვური ასაკისა (23 წლისაა) და მის ინფანტილურობას ლაშა ბუღაძე ხშირად უსვამს ხაზს. ინფანტილურობა იმაში გამოიხატება, რომ მწერალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სხვებისთვის გადაბარებას ცდილობს (96). მწერლის ინფანტილურობის პარალელურია საქართველოს უმწიფრობაც: „ასაკით ჩვენხელა ან ჩემზე უმცროსი თინეიჯერი საქართველოსთვის, რომელსაც ზუსტად ისევე უქროდა თავში, როგორც რომელიმე 13-14 წლის ინფანტილურ და მაქსიმალისტ ბავშვს“ (490).

ლაშა ბუღაძეს, ისევე, როგორც პერსონაჟების უმეტესობას „პატარა ქვეყანაში“, ჰყავს თავისი სოციალური, უფრო სწორად კი, მედიური ორეული და მწერალი მწარე (თვით)ირონიით აღწერს სტატუსის სიმბოლოებს, რომლებიც ამ მედიური ორეულის გაჩენას ახლავს თან: ახალ წელს, მაგალითად, ის კულტურის მინისტრისგან საჩუქრად გალურჯებულ ინდაურს იღებს: „ინდაურმა მამცნო, რომ წელს პირველად მოვხვდი დამსახურებულთა შორის (181).

მწერლის ორეული ჯერ კიდევ ატარებს წინა თაობის მწერლის ნიშნებს: ის საზოგადოებრივი მოღვაწეა და უნდა ილაპარაკოს საზოგადოებრივ თემებზე, ოღონდ, რადგანაც ისიც საერთო ფარსის ლოგიკაშია ჩართული, მხოლოდ ფუნქციურად ჰგავს წინა ეპოქის მწერალს. ამას ორი ეფექტი აქვს, პირველი ისაა, რომ საბჭოთა პერიოდის ტრაგიკული დაპირისპირება მწერალსა და სისტემას შორის შეუძლებელი ხდება. მწერალი ტრაგიკული ფიგურა არაა, რადგანაც მედიური ორეული შეუძლებელია ტრაგიკული ფიგურა იყოს.

მეორე ეფექტი ისაა, რაც ორივეს, მწერალსა და მის ორეულს აერთიანებს – მანიპულირებადობა. „ვბრაზობდი, რადგანაც ვგრძნობდი, რომ ჩემზე ძალადობდნენ, მათ შორის დედაჩემიც, რომელიც თითქოს ჩემს მხარეს იყო“… (28) „ვბრაზობ, რომ უნდა დავმორჩილდე, ისევ რაღაც ძალას უნდა გავყვე, როგორც მთელი ეს ერთი თვე დავყვებოდი (68) – ასეთ ფრაზებს რომანში მრავლად გადავაწყდებით. მწერლის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეეცდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რევოლუციონერები, მისი ოჯახის წევრები, შეყვარებული, შეყვარებულის ბიძაშვილი, თითქოს თანამოაზრე აკაკო და, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია. მწერალი „რესურსია“, რომელსაც ათვისება და გამოყენება სჭირდება სხვა „ხელოვნების მუშაკებთან“ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ცენზურა თითქოს გამქრალია, ის ახალ ფორმებს იღებს და მას არა მარტო ეკლესია აწესებს, არამედ თითქოს დემოკრატიული მედიაც: ყველა გარკვეული დოზით ცენზორია ამ გარემოში.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მწერალი გადაწყვეტს, საკუთარი გადაწყვეტილებით იმოქმედოს და უარი თქვას საჯარო ბოდიშზე, წარუმატებელი აღმოჩნდება: მთავრობის, საპატრიარქოსა და მედიის შეხმატკბილებული მანიპულაცია მას ხმას წაართმევს და პარადოქსულად ისე გამოვა, რომ მწერალი არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ხმა არ აქვს – შესაბამისად, სრულიად საწინააღმდეგო პოლუსზეა, ვიდრე მწერლების უფროსი თაობა.

მაგრამ ლაშა ბუღაძე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციით არ კმაყოფილდება. ის, რაც კრიტიკის საგნად შეიძლება გადაქცეულიყო – მწერლის უკიდურესი ინფანტილურობა, უმწეობა და წვრილბურჟუაზიული პრივატულობა – ძალის მოკრების საშუალებად იქცევა მისთვის.

ოღონდ ეს ძალა გააჩნია არა მწერალს, როგორც ფიგურას, არა მის მედიურ და სოციალურ ორეულს. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ძალაუფლების ცენტრებს არა თვითონ მწერალი, არამედ ლიტერატურული ტექსტი აღიზიანებს.

„პატარა ქვეყანა“ გვარწმუნებს: ის, რომ მკითხველს უწევს, სერიოზული თემები სატირის სქელი ფენისაგან არქეოლოგიური ძალისხმევით გაათავისუფლოს, ლაშა ბუღაძის პროზის თავისებურებად იქცა.