ინტერვიუ მოამზადა მანანა მათიაშვილმა

ადამიანი, რომელმაც ბევრი არაფერი იცის და მუდამ შეძრწუნებულია ამ არცოდნით, - ასე წარადგინა თავი ჩეხმა პოეტმა და ლიტერატორმა პეტრ ჰრუშკამ ქართველი მკითხველისთვის მიცემულ თავის პირველ იმეილინტერვიუში, როცა ერთი წინადადებით საკუთარი თავის დახასიათება ვთხოვე.

პომპეზურობის უარყოფა და მწირი თვითგამოხატვა პეტრ ჰრუშკას არა მარტო პიროვნული, არამედ პოეტური მახასიათებელიცაა. მისი რვავე პოეტური კრებული, რომლებშიც, ერთი შეხედვით, სამოქალაქო პოზიციიდან დანახული ყოველდღიური ამბები მინიმალისტური და მოულოდნელი პოეტური სახეებითა გადმოცემული, სინამდვილეში, ადამიანის მიკროკოსმოსში მიმდინარე მტკივნეულ და ამაღელვებელ მოვლენებზე მოგვითხრობს.

პეტრ ჰრუშკა 1964 წლის 7 ივნისს დაიბადა ჩეხეთის ქ. ოსტრავაში. სამთო ინჟინერიის დარგში ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნების ფაკულტეტზე ჩეხური ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის მიმართულებით (1990-1994), რომელიც დაასრულა მაგისტრის ხარისხით (სამაგისტრო თემა: თანამედროვე ჩეხური პოეზიისა და პროზის ანდერგრაუნდი).

პირველი პოეტური კრებული „მოუსვენარი ოთახები“ 1995 წელს გამოსცა, ჯერჯერობით ბოლო კი - ორი თვის წინ.

2003 წელს მოიპოვა სადოქტორო ხარისხი ქ. ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტში თემაზე ომისშემდგომი სიურრეალიზმი და რეაქცია წინააღმდეგობის მოძრაობაზე ოფიციალური პოეზიის ავანგარდულ ნაწილში. ამჟამად მუშაობს მე-20 საუკუნის ლიტერატურის მკვლევრის სტატუსით ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩეხური ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევის ძირითადი სფეროა 1945 წლის შემდგომი ხანის ჩეხური პოეზია. კითხულობს ლექციებს ჩეხური ლიტერატურის შესახებ ბრნოსა და ოსტრავის უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ჯილდოები: Dresdner Lyrikpreis (1998), Jan Skácel Award (2009) და ეროვნული პრემია ლიტერატურაში (2013).

 

მ. მ:  რა დოზით იჭრება თქვენი პირადი ისტორია (წარმოშობა, ფესვები, ოჯახი) თქვენს ლექსებში?

პ. ჰ: მე ვცხოვრობ ოსტრავაში. ესაა უზარმაზარი ინდუსტრიული მონსტრი. ქალაქი გაშენებულია მურანახშირის უზარმაზარ საბადოებზე. მათ შორისაა ის ცარიელი ადგილებიც, რომლებიც ქვანახშირის ამოღების შედეგად გაჩნდა. ერთგვარად, გახარჯული ქალაქია. არ არის ლამაზი, ტრადიციული გაგებით. ერთი შეხედვითაც არაპოეტურია. აქ სილამაზეს ვერ  აღზრდი. კულტურას, მით უმეტეს. და აი, სწორედ ეს მიყვარს. მისი ასეთი მდგომარეობა განმაწყობს საწერად, რადგან აქ წიაღისეულივით ყველა გრძნობის „ამოთხრა“ შეიძლება.  ყოველგვარ საშინელებას, ლეთარგიას, დესტრუქციულობას წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობა, რეზისტენტულობა და უჩვეულო ენერგია შეიძლება ამოყვეს. ასე რომ, მეორე შეხედვით, ესაა ლექსების წერისათვის იდეალური გარემო.

მამამ და დედამ დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე: მამა ინჟინერ-ქიმიკოსი იყო და მან იცოდა, რომ მეცნიერებასაც კი არ შეუძლია სამყაროს საიდუმლოებების ბოლომდე ამოხსნა. მან მასწავლა, რაც იცოდა და მასწავლა ისიც, თუ როგორ უნდა არცოდნა. როცა ჩვენ რაღაც არ ვიცით, ან ვერ ვიგებთ, იმ საკითხთან სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გვიჩნდება. მამამ მასწავლა ყველაზე თავმდაბლური გზა, ესაა გაოცება და აღფრთოვანება.

დედა ექთანი იყო და ხშირად უხდებოდა ადამიანების ტანჯვა-წვალების ყურება. მისგან ვისწავლე არა მარტო ტანჯვის ამოცნობა, არამედ ტანჯვის მოშინაურებაც, ანუ იმის აღმოჩენის უნარი, რასაც ჰქვია სიახლოვე - ეს უცნაური ადამიანური განზომილება.

მ. მ. როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, როგორ დაახასიათებდით თქვენს პოეზიას, სხვისი რომ ყოფილიყო?

პ. ჰ. ჰრუშკას პოეზია ეფუძნება მრავლისმეტყველებისა და პომპეზურობის მიმართ უნდობლობას. ავტორს სჯერა, რომ პოეზიის საშუალებით უფრო მეტად გვმართებს, სიჩუმე შევინარჩუნოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ. მისი ლექსები იმის გამოვლინებაა, თუ როგორ შეიძლება სიწყნარის გადმოცემა. ესაა შინაარსითა და მნიშვნელობით დატვირთული სიჩუმის მოთხრობის მცდელობა. ჩანს, რომ ავტორი არ სწყალობს მრავალსიტყვაობას და არც მაღალფარდოვან სიტყვებსა თუ დიდ კონცეფციებს, რითაც სავსეა უამრავი სხვა ლექსი. ეს კი არა, პოეტი ღირსშესანიშნავ ადგილებსაც კი არ სწყალობს, არც თეატრალურ სცენებსა და არც ფართო ფორმატის თავყრილობებს. ცდილობს, ლექსები ფაქიზ, ყოველდღიურ სიტუაციებს მოარგოს. ფიქრობს, რომ იდუმალება, დრამატულობა, სულიერება, სიცოცხლისგან გაუცხოება ყველაზე ხშირად ბანალური ზედაპირის ქვეშ იმალება. მას უყვარს ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო და ჩვეულებრივია, და აფასებს უშედეგობას, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანური ქმედებების ასპარეზს. აქვე ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ეს პოეტი წერის პროცესში თავის საყვარელ ადამიანებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.

მ.მ. როგორ თანაარსებობენ თქვენში პოეტი და ლიტერატურათმცოდნე? ახლავს თუ არა ამ თანაარსებობას გარკვეული სირთულეები?

პ.ჰ. პოეზიას სხვა ვერაფერი აღწერს და განმარტავს ისე სრულყოფილად, როგორც თავისივე თავი. ის ყოველთვის დასცინის ყველაზე წარმატებულ მეცნიერულ თეორიებსა და ინტერპრეტაციებს. აი, ამით არის მომხიბვლელი ლექსების წერა.

ლიტერატურის მეცნიერება, მეორე მხრივ, მომხიბვლელია იმით, რომ მუდამ ცდილობს, პოეზიას სხვადასხვა ცნებით ჩასწვდეს და ამოხსნას, მაგრამ მან არ უნდა მიიტაცოს პოეზიის იდუმალება, ის არ უნდა განმარტავდეს ლექსებს. პირიქით, მეცნიერებამ უნდა დაიცვას პოეზია ზედაპირულობისგან, უგულებელყოფისგან, არაფრისმომცემი მსჯელობებისგან, ცალმხრივობისგან, რის შედეგადაც უნდა გააღვიძოს ჩვენში ინტერესი, რომ ლექსები ვიკითხოთ უფრო თავისუფლად და უფრო გაბედულად. ამგვარად, ბიპოლარულ აშლილობას არ განვიცდი. ჩემთვის პოეზია და ლიტერატურის მეცნიერება, უბრალოდ, ორი მონათესავე საშუალებაა სიტყვების მაგიის შესაცნობად.

მ. მ.  რა დამოკიდებულება გქონდათ პოეზიისა და, ზოგადად, ლიტერატურისადმი, როცა ინჟინერიას სწავლობდით?

პ. ჰ.  საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე ჰიდროქიმიის სპეციალობით, რადგან კომუნისტური რეჟიმის დროს ნებას არ მრთავდნენ, მესწავლა ლიტერატურა, რომელიც მაშინ უკვე ძალიან მიყვარდა. იძულებით ორწლიან სამხედრო სამსახურში რომ არ გავეწვიე, აუცილებელი იყო, უნივერსიტეტის სტუდენტი ვყოფილიყავი, და რადგან ოსტრავის სამთამადნო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაკლებობას განიცდიდა, იქ შევიტანე საბუთები და ჩავირიცხე კიდეც. ამის გამო საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა სწორედ იქ აღმოვაჩინე, რამდენად ახლოსაა, მაგალითად, მათემატიკა პოეზიასთან ან ფიზიკა ფილოსოფიასთან. ეს დისციპლინები მაღლა დგას ყველა იმ სააზროვნო სისტემაზე, რაც იმის კვლევას ცდილობს, რაც ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ლიტერატურა შევისწავლე მოგვიანებით, თავისუფალი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, 90-იან წლებში, როცა პოლიტიკური პროტექცია და ქრთამი უკვე აღარ იყო საჭირო იმისათვის, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები გესწავლა.

 

მ. მ. ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები, რომლებსაც რეგულარულად კითხულობთ?

პ. ჰ. არც ერთ ავტორს არ ვკითხულობ რეგულარულად. ვკითხულობ მხოლოდ სიამოვნებისთვის, წიგნიდან მიღებული სიხარულისთვის, ხოლო სიამოვნება და სიხარული ისეთი რამაა, არ შეიძლება იყოს რეგულარული. კითხვის დროს მე გაოცება უნდა მიპყრობდეს და ასევე უნდა იყოს წერის დროსაც. სხვანაირად, წერას და კითხვას აზრი არ აქვს. ამიტომ, განსხვავებულ ავტორებს ვკითხულობ სხვადასხვა დროს: რეალისტებს, სიურრეალისტებს, ბიტნიკებს, სასულიერო ჟანრის ავტორებს...

მ. მ. თუ შეიძლება, აღგვიწერეთ თქვენი სამუშაო დღე. სანამ წერას შეუდგებოდეთ, თუ იკვლევთ რაიმე საკითხს?

პ. ჰ. ერთობ არაორგანიზებული და არასისტემური ადამიანი ვარ. ხან ღამით მძინავს, ხან - დღისით. ვჭამ, როცა მშია, ან როცა გამახსენდება, რომ მშიერი ვარ. ვსვამ, როცა სხვანაირად არ შემიძლია. ხან დილით ვწერ, უფრო ხშირად, ღამით. ადრე ხშირად ვწერდი ხოლმე სიარულის დრო: ხმამაღლა ვამბობდი ლექსს, მაგალითად, ღამით პარკში სეირნობისას, და სახლში მისვლისას ფურცელზე გადამქონდა. ბოლო დროს ლექსები მაშინ იბადებიან, როცა მაგიდასთან მიმჯდარი წერას ვიწყებ. სიტყვები ავაზას ჰგვანან - მაოცებენ თავიანთი ნახტომით  შეუფერებელ დროს, როცა სულ არ ველი მათ. მერე მეც ვცდილობ სიტყვების გაოცებას: მაშინ ვიწყებ წერას, როცა სიტყვები არ არიან მზად, უეცრად და მოულოდნელად. როცა შინაგანად მეტისმეტად დალაგებული ვარ, როცა გარშემო ყველაფერი წესრიგშია, როცა ყველაფერი წერისკენ მიბიძგებს, არაფერი გამოდის, ვერაფერს ვწერ... რაც შეეხება გამოცემას, ჩემი წიგნებიც ისეთივე არარეგულარობით იბეჭდება, როგორითაც იწერება.

მ. მ. არც ისე ბევრი ლექსის გაცნობა მოვასწარი, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მხატვრობასთან, მართლა ასეა?

პ. ჰ. დიახ, ვიზუალურმა ხელოვნებამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. მაშინ გავიგე, თურმე როგორ შეიძლება, რომ ნახატმა ერთიანად მოიცვას ადამიანი! ეს რეალობისგან მიღებულ უეცარ შოკს ჰგავს. ბავშვობაში გამოვცადე, რომ თურმე შეიძლება ზოგიერთმა ნახატმა გაგაწამოს კიდეც - ზოგი ნახატის მეშინოდა, ზოგს კი მუდმივად ვუბრუნდებოდი: მუნკი, რემბრანდტი, კარავაჯო, ვან გოგი და კიდევ ათობით და ასობით სხვა... ბევრი ლექსი დამიწერია სამხატვრო გალერეების თვალიერების დროს. ხანდახან ვინიშნავ ხოლმე ცალკეულ სურათებს, ხანდახან კონკრეტული ნახატების ჩემეულ ინტერპრეტაციებს ვიწერ და მომწონს, როცა ჩემი პოეტური კრებულები სურათებითაა გაფორმებული.

მ. მ. რა წარმოადგენს აღფრთოვანების წყაროს თქვენთვის? იცვლება ის ასაკთან ერთად თუ არა?

პ. ჰ. გასაოცარია, თუ როგორ შეიძლება ადამიანური მარტოობა იქცეს ადამიანურ სიახლოვედ. უეცრად, ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ, რომ ძალიან ახლოს ვართ რაღაცასთან - იქნება ეს სამყარო, ნივთი, სიტუაცია, მეორე ადამიანი თუ საკუთარი თავი. უეცრად რაიმეს ან ვინმეს ახლოს ყოფნა მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, თუმცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ეს როგორ მოხდა. და თუ რატომ იყო, რომ  სულ რაღაც წამის წინ ამ რაღაცის არსებობა ჯერ არც კი ვიცოდით. რა არის ეს, ეს სიახლოვე? აი, რა აღმაფრთოვანებს და ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არ იცვლება ასაკთან ერთად.

მ. მ.  არის თუ არა სამწერლო ხელოვნების ისეთი ჟანრი, რომელიც სხვებზე მეტად გიყვართ?

პ. ჰ. ვწერ ლექსებს მეტრული სტრუქტურითა და პროზაული ფორმით, მაგრამ წინასწარ არასდროს ვიცი, ზუსტად რა ფორმას მიიღებს ესა თუ ის ტექსტი. ეს საკითხი წერის პროცესში იკვეთება სიტყვების რიტმის, მხატვრული სახეების, ამბის თავისებურების გათვალისწინებით. ტექსტის რიტმი ირჩევს თვითონ, საით წამიყვანოს - ლექსისკენ თუ წინადადებებისა და აბზაცებისკენ.

მ. მ. როგორია პოეზიის წერა ჩეხურ ენაზე? როგორი ტენდენციებია დღეს თანამედროვე ჩეხურ პოეზიაში: კონცეფტი და შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია უმრავლესობისთვის თუ მეტრული ფორმა?

პ. ჰ. ჩეხური პოეზია თავისუფალ ლექსს ანიჭებს უპირატესობას. დროდადრო ექსპერიმენტებისკენ ძლიერ ტენდენციებსაც ამჟღავნებს, რასაც გარკვეული მნიშვნელობა ნამდვილად აქვს სიურრეალისტური წარმოსახვისთვის. ზოგიერთი პოეტი ღრმად იძირება მდიდრულ წარმოსახვაში, რაც, გარკვეულწილად, საფრანგეთთან ჩვენი კუტურული ურთიერთობის შედეგად მიღებული მემკვიდრეობაა. ჩვენ საკუთარ თავს ნებას ვაძლევდით, მოქცეულიყო ყველა, იმდროისათვის თანამედროვე, სახელოვნებო მიმართულებისა და მიმდინარეობის გავლენის ქვეშ, რომლებიც მაშინ საფრანგეთიდან შემოდიოდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკადი შემოიჭრა ჩეხურ პოეზიაში. ესაა ანგლოსაქსური გავლენები, როცა ლექსი, როგორც პოსტფაქტუმ  ჩანაწერი, როგორც მოვლენა, თავს აღწევს დეკორატიულობასა და ორნამენტებს. მე, პირადად, ძალიან მიყვარს ამერიკელი პოეტები. არის კიდევ ერთგვარი ტრადიცია - ჩეხები დიდი პატივისცემით ეპყრობიან პოეზიის აღმოსავლურ ფორმებს. განსაკუთრებით, „ჰაიკუს“ ჰყავს ახლა უამრავი თაყვანისმცემელი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ჩეხური ჰაიკუს ტიპის ლექსების მსგავსება, ჩვეულებრივ, მხოლოდ ფორმალურია.

მ. მ. თქვენი თვალთახედვით, რა არის თანამედროვე სამყაროს მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჩვენი პლანეტის ბედი ადარდებს და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა სურთ?

პ. ჰ. ეს პრობლემაა მარტოობა. ჩვენ თავს მარტო ვგრძნობთ და თან ვერ ვიტანთ ცალკე ყოფნას. ცარიელი სივრცე გვაქვს შიგნით. ეს სივრცე ითხოვს დიდ სულიერ ძალისხმევას, რომელიც უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში, თუმცა არ ვიცით, შემდეგ ის როგორ გამოვაცოცხლოთ. ამის შედეგია, რომ ვართ განერვიულებულები, გაბრაზებულები, წინდაუხედავები და თავს ვგრძნობთ უმწეოდ. აქედან იწყება ყოველგვარი მომხმარებლობა ადამიანებისა თუ ლანდშაფტის მიმართ, მომავლის მიმართ გამოხატული აგრესია. ჩვენ სამყაროსი არ გვესმის და ესაა მიზეზი იმისა, რომ ვაგრძელებთ მის ნგრევას, იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი გვაფიქრებდეს, ინტერესს გვიღვივებდეს და სიამოვნების საშუალებას გვაძლევდეს. ჩვენ არ ვიცით, რატომ და ვინ მიგვატოვა, მაგრამ ამ მიტოვებულობას განუწყვეტლივ შევიგრძნობთ. ჩვენ შევიგრძნობთ დაცინვას, უპატივცემულობას, შევიწროებას და მერე თვითონ ვიწყებთ სხვების დაცინვას, ცუდ მოპყრობასა და შეზღუდვას.

მ. მ. როგორ ფიქრობთ, განვითარებული ტექნოლოგიების სამყაროში რა ფუნქცია რჩება პოეზიას?

პ. ჰ.  პრინციპში, პოეზიის დანიშნულება რჩება იგივე: ის გვარიგებს იმ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეს ჩვენს შეძრწუნებას იწვევს და გვაგრძნობინებს, რომ ცოცხლები ვართ. ტექნოლოგიებისა და ადამიანური არსებობის პრაქტიკული ნაწილის გაუმჯობესების ეპოქაში პოეზია უფრო და უფრო უმწეოდ გამოიყურება, ხშირად მას უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილს ვხედავთ. პოეზიას მართლაც ვერაფერში გამოიყენებ, ისეთივე ბედი ელის მას, როგორც უსარგებლო ნივთს, თუმცა... ამ უმწეობასა და უადგილობაში არის კიდეც მისი შვება და სილამაზე.