შოთა იათაშვილი, პოეტი

ხანდახან ხდება, პრემიას შუაზე ყოფენ. ამჯერად ძალიან მინდა, ასე მოხდეს მოთხრობის ნომინაციაში და ეს პრემია თეა თოფურიასა და ცირა ყურაშვილს შორის განაწილდეს. თეა თოფურია უნიკალურია ხმათა მრავალფეროვნებით. ის წერს ზღაპრებს, წერს პოეზიას და პროზას და ყველგან სხვადასხვანაირია. კრებულში „ორი დღე კაიროში“ იგი ხშირად თავის უცნაურ მოდელებს ქმნის და ამ მოდელებში აცხოვრებს, ამოქმედებს, აფიქრებს ადამიანებს.

ცირა ყურაშვილი კი ის იშვიათი ავტორია, რომელმაც საკუთარი ცოცხალი და ძალიან თავისებური ფაქტურის მქონე ენის შექმნა შეძლო ხალხური მეტყველების მდიდარი რესურსების მოდერნული გადამუშავებით და ამ ენის მეშვეობით თავის მინიატურებში კრებულიდან „ჟამსა თამაშობისასა“ ხასიათებსა თუ განწყობილებებს არაჩვეულებრივად ძერწავს.

რომანის ნომინაციაში ალეკო შუღლაძის „გადამალვის“ გამარჯვებას ველი. წიგნი წელიწადზე მეტია გამოცემულია, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ის საყოველთაო ყურადღების და სიყვარულის ცენტრში მოექცა. მე ეს რომანი, როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა, დაბეჭდვამდე წავიკითხე, მსგავსად ადრინდელი ტექსტებისა და ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამ ნაწარმოებს თანამედროვე პროზაში არსებული დინებების საწინააღმდეგოდ მოუწევდა სვლა, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი მწერლური ეგოიზმისა და ნარცისიზმისაგან დაცლილია და მოწოდებულია იმისათვის, რომ რეალურად იქცეს დამხმარედ მკითხველისათვის, მისცეს მას ესთეტიკურ ტკბობაზე გაცილებით მეტი. ასეთი ლიტერატურა დეფიციტია დღეს და ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ უკვე ამდენი ადამიანისთვის ეს რომანი რიგით, თუნდაც შესანიშნავ მხატვრულ ტექსტზე მეტი აღმოჩნდა.

 

ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში, ჩემი აზრით, გამარჯვებას იმსახურებს გიორგი შონიას „ფაბრიკაცია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). ავტორმა თავი ორად გაყო: ქართველ გიორგი შონიად და ამერიკელ ჰანს პრომველად. ქართველი მკვდრების ქალაქში ცხოვრობს, ამერიკელი მოწყენილია მანჰეტენზე; ქართველს შეყვარებული გულშემატკივრობს, ხოლო ამერიკელზე გოგონები გიჟდებიან. სხვადასხვა რიტმი აქვთ, სხვადასხვა ლექსიკით გვესაუბრებიან, მაგრამ ერთმანეთს გულწრფელობით ჰგვანან და ფორმულაც საერთო აქვთ: „მე ვეძებ, მაშასადამე ვარსებობ“.

 

დალილა გოგია, მთარგმნელი

ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ ჩემთვის უჩინარი განძის ძიებას ჰგავს და გამორჩეული და ემოციური ტექსტია, რადგან 90-იანების „დაკარგული თაობის“ ხმა მესმის. აქამდე, მე ამ თემაზე შექმნილი ტექსტებისა და ფილმების მიმართ სულ პროტესტის გრძნობა მქონდა, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა რაღაცით ერთმანეთს ჰგავს და არ ასახავს რეალურ სურათს, იმ უსუსურობასა და შიშს და, რაც მთავარია, პროტესტს, რომლითაც გაჯერებული იყო მაშინდელი ყოფა. „გადამალვა“ ჩემთვის გინსბერგისეული ყმუილია, იმ საზარელი დროის ანარეკლი და გამოძახილი. თითქოს ავტორი აპროტესტებს მაშინდელ (და არა მხოლოდ მაშინდელ) პოპულარულ რიტორიკას – „რასაც იმსახურებთ, იმას იღებთ“ თუ „რაც ერი, ის ბერი“, რითიც ახალგაზრდებს იმ დანაშაულისთვის სჯიდნენ, რაც არ ჩაუდენიათ. ეს იყო ტიპური შემთხვევა, როცა მოძალადეებს მსხვერპლი დამნაშავე გამოჰყავთ. ეს ტექსტი ზუსტად ისეთივე გაუწონასწორებელი და არაერთგვაროვანია, როგორც 90-იანებგამოვლილი ადამიანის ცხოვრება. წიგნის კითხვისას მეჩვენებოდა, რომ ავტორის აღსარებას ვისმენდი, და თითქოს ამ წიგნში, ამბების არათანმიმდევრული თხრობისას, თავად ეძებდა პასუხებს იმ შეკითხვებზე, რაც იმ დროის შემდეგ დაგვიგროვდა. მინდა გამოვყო ფინალი, როცა ილუზიებით კი არ იტყუებს თავს, არამედ გადამჭრელ ზომებს იღებს, მომაკვდავი დედა ინდოეთში მიჰყავს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამით თითქოს საკუთარი თავის რეაბილიტაციას აღწევს და საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ არც ისეთი უსუსურია, როგორც აჯერებდნენ.

 

თამთა მელაშვილი, მწერალი

ჩემი ხმა პორტუგალიელ ჟოზე ლუიშ პეიშოტუს „გალვეიაშისთვის“ და მის მთარგმნელს, გურანდა ფაჩულიას – იმ ქვეყნის უკეთ გაცნობისთვის, რომელიც სულ მაინტერესებდა, და იმ ენიდან საუკეთესო თარგმანისთვის, რომელზედაც შეყვარებული ვარ.

 

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე

თანამედროვე ქართული ლიტერატურის დამფუძნებელთა შორის აუცილებლად უნდა ითქვას ქეთი ნიჟარაძის კადიში.

ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“ (1987 წ.) თანამედროვე ქართული ლიტერატურის ობოლი და დაკარგული მარგალიტია. იყო პირველი, ვინც ქალი საკუთარი ხმით აალაპარაკა. იყო პირველთაგანი, ვინც ლიტერატურა ოლიმპოდან თბილისის ქუჩებში დააბრუნა. იყო თინეიჯერი გოგონას, მერე კი ახალგაზრდა ქალის პირველი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.

ლიტერატურული მნიშვნელობით, „ავტოპორტრეტს“ იგივე ადგილი უჭირავს, რაც მის ერთ-ერთ მთავარ ინტერტექსტს, სელინჯერის „თამაშს ჭვავის ყანაში“. ბედთან შეურიგებლობის სულისკვეთებით, უკიდურესად ემოციური, მაგრამ სრულიად არასენტიმენტალური ლირიზმით „ავტოპორტრეტი“ ბარათაშვილის „მერანის“ ტრადიციასაც აგრძელებს.