- ესენი ვინ არიან?
- ალტრუისტები.
- აქ რას აკეთებენ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ამბობენ, ხალხი შიმშილით იხოცებაო.
- მერე?
- ხორცი მოვიტანეთო.
- ხორცი მთელ ქვეყანაში არ იშოვება.
- საკუთარი ხორცი მოიტანეს. თქვენ თუ არა, ბავშვებს მაინც აჭამეთო.

***
დიდი რიგი იდგა. იმდენად დიდი, რომ ვერ დაინახავდი სად სრულდებოდა. „ხორცი რიგდება“, – ეუბნებოდა თავსაფრიანი ქალი დაინტერესებულ მამაკაცს.

– დიდი ხანია, რიგში ხართ?
– დილიდან. ფეხებში ძალა აღარ მაქვს.
– სკამი წამოგეღოთ.
– თქვენ პირველი ხართ, ვინც ჩემ მერე მოვიდა. რა უსამართლობაა, მე ამდენი ხანია ვდგავარ რიგში და თქვენ მხოლოდ ჩემ შემდეგ ხართ. იცით რა არის? როცა შენ უკან არავინაა, უფრო გაუსაძლისი და უსასრულო გეჩვენება.
– ამბობენ, ცოტა სასმელიც იქნებაო.
– საიდან იცით?
– არ ვიცი, უბრალოდ ასე ამბობენ.
– ნამდვილად არ მაწყენდა ყელის გაგრილება.
– ხორცი უმი იქნება?
– შეიძლება მოხარშულიც იყოს. მაგრამ ამდენი ადამიანის სამყოფი ხორცის მოხარშვას ეხუმრებით?! თქვენ როგორი გიყვართ?
– მე შემწვარი მირჩევნია.
– შემწვარი ბევრ ქოლესტერინს შეიცავს. ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო.
– სამაგიეროდ უფრო გემრიელია.
– მოხარშულსაც გააჩნია. ვერ წარმომიდგენია, ნახევრად უმ ხორცს როგორ ჭამენ.
– სისხლის გემო დაყვება.
– საზიზღრობაა.
– შებოლილი ხორცი გიყვართ?
 – შებოლილი კი, მაგრამ ძეხვეულს ვერ ვიტან.
– ძეხვეულის წარმოდგენაზე ნერწყვი მომადგა..
– ძეხვის ჭამას, ბატის პაშტეტი მირჩევნია.

ამ ქალს, ახლა რიგში რომ დგას და ხორცის შესახებ ესაუბრება ახალგაცნობილ მამაკაცს, გასულ წელს შვილი გარდაეცვალა. ორი წლის იყო. ქალმა ბავშვი თავის ეზოში დარგო. არ დაუმარხავს. დარგო იმ იმედით, რომ მიწაში ჩასული მიწიდანვე აღმოცენდებოდა. ნოყიერი ნიადაგია, იმხნევებდა თავს. რასაც დარგავ, ყველაფერი ამოვა, ოდესღაც პატარას ეუბნებოდა ბაბუამისი. ჰოდა, მაშინ მართლა მასე ეგონა. ყოველ დილით რწყავს იმ ადგილს და ელოდება, როდის ამოვა მიწიდან შვილი. როგორ ამოხეთქავს მიწა და პატარას თავი გამოჩნდება. მერე შუბლი, თვალები, ცხვირი, ტუჩები. ამჯერად არსად გაუშვებს. ყოველთვის გვერდით ეყოლება. დედის კალთის ქვეშ, როცა დიდი ბიჭი გაიზრდება, ქალსაც მოუყვანს. თვითონ შეურჩევს. ახალგაზრდა, ქორფა გოგონას, მის ბიჭს რომ ეკადრება. ოღონდ გაიზარდოს. გაფუჭებული თესლია. აღარ ამოვა. ახალი ნერგი და ახალი თესლი არ გააგონოთ. მოღალატეები არიან. არ იციან, დედას როგორ უყვარხარ. შვილები სიკვდილისთვის ემეტებათ. დაკუჭული ქაღალდები. რა აზრი აქვს ქაღალდის დაკუჭვას, თუ ზედ არაფერი წერია. დედაშენი მებაღეა. შვილების ბაღსაც გააშენებს, რომ უნდოდეს. მერე ნახე, მწყურვალი ქალწულები რომ გადმოიპარებიან ხოლმე. ყველასგან დაგიცავთ, ბაბუაჩემის საფანტს ავიღებ და გარეული იხვებივით დავხოცავ. არა. არ მინდა ბაღი. ერთი ხეც მეყოფა. შენს ჩრდილში წამოვწვები ხოლმე და ვისაუბრებთ. ზაფხულობით მაგიდას გარეთ გამოვიტან და ერთად ვისადილებთ. ცუდი ისაა, რომ ფეხსაცმელს ვერ გიყიდი. მაგრამ არა უშავს, ზედას და შარვალს ყველაზე ძვირადღირებული მაღაზიებიდან მოგიტან. ფეხსაცმელი აწყვია. ატალახებული. კაკლის ხესთან. ვიღაც ხეზე ავიდა. ჩამოდი ქვევით! მამაშენი მაინც იყოს ცოცხალი. ან იქნებ ცოცხალია. არ ვიცი. ბოლოს კაკლის ხესთან მიყუდებული ჭუჭყიანი ფეხსაცმელები დატოვა და გაქრა. სად წავიდა? ჩამოდი! ჩამოდი! ვეძახე, მარა არ ჩამოვიდა. შენც მამაშენივით მაღლა ასვლა გიყვარს. რა გინდა ცაში? რა გინდა მაგ სიმაღლეზე. ჩამოვარდები. იტკენ რამეს. ჩამოდი ქვევით! მამაშენივით არ დაგემართოს. თვითონაც არ იცის სადაა. რომ იცოდეს, ხომ დაბრუნდებოდა?! მიწიდან რომ ამოხვალ, შენ ირგვლივ ლამაზად შემოვღობავ. შიგნიდან სასიამოვნო ნახატებს გავაკრავ, რომ ათვალიერო და დატკბე. რად გინდა ამ საშინელ სამყაროს უყურო?! ან მან რომ გიყუროს? თვალი არ გეცეს.

***

– ესენი ვინ არიან?
– კანიბალები.
– აქ რას აკეთებენ?
– ხორცის საჭმელად მოვიდნენ.

***

ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, დედ-მამამ პირველად რომ მოიყვანა. ტყუპი და-ძმა. მას შემდეგ არცერთი დღე არ გაუცდენიათ. რიგში ყოფნისას იშვიათად საუბრობდნენ. დღეს კიდევ ენას ვერ იმორჩილებენ. უკნიდან ვიღაც მოხუცმა შენიშვნაც მისცა, ამდენს რა გალაპარაკებთ, არ გრცხვენიათო?! ამ მოხუცს შვილები არ ჰყავს. არც შვილიშვილები. არც ბოღმა ახრჩობს. არც ახალგაზრდების ცოცხალი სახეები. უბრალოდ წესრიგს და საზოგადოებრივ ეთიკას, როგორც ღმერთს, ისე ეთაყვანება.

– პატრონი არ გამოჩნდა?
– ძაღლის?
– არა, ბავშვის. ძაღლის პატრონი მალევე მოვიდა.
– ბავშვს რა უყვეს?
– თავისთან წაიყვანეს.
– ვინ წაიყვანა?
– აღმზრდელებმა.
– გადარჩება?
– 15 წლამდე იცოცხლებს.
– სულ არაფერს ჯობია.
– ნეტავ, რას აჭმევენ?! რძე დაუშრათ ქალებსო.
– სისულელეა, იმდენი რძე აქვთ, კატებსაც აჭმევენ.
– ბავშვს სულიერი საკვებიც სჭირდება.
– თუ აღმზრდელებმა აიყვანეს, მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებენ.
– საკმარისია? გონებრივ საკვებს ვგულისხმობ და არა შინაგან მხნეობას.
– ეგ რაში ჭირდება?! მთავარი სიყვარულია. დღეს რაღაც აჭიანურებენ.
– ხორცი შემოაკლდათ, ბევრი ხალხია.
– წინა კვირას ამაზე ოდნავ ნაკლები იყო და ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო-ბოლო პატრონი ვინ იყო, გაიგეს?
– კი. გადასახლებაში მყოფი და შემდეგ დაბრუნებული. როგორც თვითონ მოუყოლია, 17-18 წლის იყო, ღამის ოთხ საათზე რომ დაადგნენ სოფლისთავი და ორი უცხო ოფიცერი. ცხვრებთან ერთად ეძინა. მწყემსი ყოფილა. შენები გელოდებიანო, უთქვამთ. მანქანაში ჩასვეს, იქიდან პირდაპირ მატარებლის ვაგონში უკრეს თავი და ოც წელზე მეტი გადასახლებაში იცხოვრა. ოცდაათი ცხვარი, ერთი ცხენი და ერთი კვიცი დარჩენია აქეთ. რომ დაბრუნებულა, არაფერი დახვედრია.
– დედა სადაა?
– დედა არ იციან, არ ჩამოყოლიაო, ამბობენ.
– რაღაც ცუდი სუნი მეცა.
– ვიღაცამ ჰაერი გააფუჭა.
– ლამისაა, მადა წამიხდეს.

***
სკამს ტელევიზორის წინ დადგამდა. ხელებს მუხლებზე ჩამოიყრდნობდა და ასე თითქმის ეკრანში თავჩარგული უყურებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა გადიოდა. 80 წლის იყო. შვილი ხშირად სვამდა. ახლაც წასულიყო, დავლევო. ადრე დილაადრიან დაეხეტებოდა ხოლმე ბაზრობებზე დაწითლებული სახით, ამობრუნებული თვალებით და ხურდებს მათხოვრობდა დასალევად. როცა ხურდებს შეაგროვებდა, ქველმოქმედთა თვალწინ, რომლებიც ზოგი ზიზღით და ზოგიც სიბრალულით უყურებდა, თავის ჩვეულ თეატრალიზებულ სცენას გაითამაშებდა. ჰაერში ოდნავ შეხტებოდა, თან თავში მუშტს ჩაირტყამდა და რიტუალური სასოწარკვეთით წარმოთქვამდა: „რატომ გავჩნდი ამქვეყნად!“ და შემდეგ საჩვენებელი თვითგვემით კმაყოფილი, რომლითაც მაყურებელთა დაჟინებულ პრეტენზიულ მზერას და საკუთარ ნამუსს ხარკს გადაუხდიდა, სირბილით დაიძვრებოდა უახლოესი არყის მაღაზიისკენ. მაგრამ! უკვე მეორე წელია, გამოსწორდა. იშვიათად სვამს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

– დასალევი იქნება, ხომ?!
– აუცილებლად.
– რას დაგვალევინებენ? ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასე ჩუმად დგომას, რამეს მაინც ვიკითხავ-მეთქი.
– ღვინო იქნება. წითელი ღვინო.
– კი სულერთია, მაგრამ წითელი ღვინო მაინც არ მიყვარს.
– რას ამბობ?! ჩვეულებრივი ღვინო არ გეგონოს!
– ყველანაირი ღვინო გამისინჯავს.
– საიდუმლოდ გეტყვი: ასეთი ღვინო და ხორცი სხვაგან არსად იშოვება. ერთიც უნიკალურია და მეორეც
– ყველა ეგრე ამბობს ხოლმე. ყურძნის ჯიშებში მაინც ვერ ვერკვევი. ხორცს რაც შეეხება, ყველაზე მეტად კურდღლის და ქათმის თეთრი ხორცი მიყვარს. ეჰ! რამდენი ხანია, არც ერთი მიჭამია და არც მეორე.
– მე ცხვრის ხორცი მირჩევნია ყველას.
– ცხვრის ხორცი ბავშვობაში შემძულდა. მაგრამ როცა ხშირად სვამ, გემოს აზრი ეკარგება. როგორც ქალს. მთვრალზე ყველა ერთია. რა ვიცი, ასე ამბობენ. მე მთვრალზე არავინ გამკარებია. ერთი საყვარელი მყავდა და იმანაც მიმატოვა. ბოზების ფული სად მქონდა?! არყის ფულს ვერ ვშოულობდი. ზოგს ხორცის ხორცში შესვლა ურჩევნია. ზოგს ბალახი.

კაცი, რომელიც ესაუბრება იმას, ვინც წარსულში ყოველდღე სვამდა და მათხოვრობდა, იმპოტენტია. დიდი ხნის წინათ ყოველ დილით ექვსზე დგებოდა და მიცვალებულთა მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობდა. შემდგომ ამისა, ღმერთს სთხოვდა გამოეხმო მისი სასქესო ორგანო გარდაცვლილთა სამეფოდან და ცოცხლებში დაებრუნებინა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, რწმენა დაკარგა და იმდენად შეეჩვია საკუთარ მდგომარეობას, რომ სულ დაავიწყდა, მოფსმის გარდა კიდევ რამე სხვა დანიშნულება თუ გააჩნდა ასოს. დღეს დილით, სანამ აქ მოვიდოდა, ის, რაც ფეხებშუა ება, მოიჭრა და ძაღლებს გადაუგდო. არავითარ ფიზიკურ ტკივილს არ გრძნობდა, რადგან წარსულის მივიწყებულმა ფსიქოლოგიურმა ტკივილმა ისევ ამოხეთქა და გააყუჩა ყოველივე ბიოლოგიური. კაცი, რომელიც ხშირად სვამდა, ოდნავ უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყო და მისი შარვლისთვის შეეხედა, დაინახავდა, რომ იქიდან სისხლი ჟონავდა.

– ცხვრის ხორცის მწვადი შავი დაფხვნილი წიწაკით... ავხორცი დედაკაცებისგან თავი ყოველთვის შორს მეჭირა.
– მე ყოველთვის ახლოს ვიყავი. მათ ეჭირათ შორს თავები. ჭრილობაზე მარილის მოყრასავითაა, როცა საყვარელი გტოვებს და შენს საუკეთესო მეგობართან მიდის. და ის მეგობარიც გტოვებს.
– მომაყარე!
– რა?
– მომაყარე-მეთქი!
– რა მოგაყარო?
– ჭრილობაზე მარილი.

კაცმა, რომელმაც დღეს დილით ასო მოიჭრა, შარვლის ჯიბეში ხელები ჩაიყო. იქიდან მუჭით მარილი ამოიღო და კაცს, რომელიც ხშირად სვამდა, უხერხულად გამოწვდილ ხელებში ჩაუყარა. კაცი იდგა გაკვირვებული, დაბნეული და ოდნავ დარცხვენილი, გამოწვდილი ხელით, როგორც მათხოვარი, რომელიც პირველად გამოვიდა სამათხოვროდ და პირველი ხურდა ჩაუყარეს...

***

– ეს ხალხი რას ელოდება?
– ძალიან გრძელი რიგია, არა?!
– ჰოო, პირველად ვხედავ ამხელა რიგს. რას ელოდებიან?
– სისხლს და ხორცს.
– ჩვენც ჩავდგეთ.
– არა, არ გვინდა. ადამიანის სისხლი და ხორცია.
– ერთი ადამიანის?
– ჰო!
– ვისი?
– ვიღაც ნაზარეველის.

ავტორი :
  • გიორგი ფირცხალაიშვილი