შესავალი:

„საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის პირველი რომანია. წიგნი მეორედ მოსვლაზეა, ოღონდ, არეული ალგორითმების გამო, მეორედ მოსვლა ციფრულ სამყაროში შედგება. ახლად მოვლენილი მესიის გადასარჩენად მთავრობას ციფრულ სივრცეში იმ ადამიანების გაგზავნა სჭირდება, ვისაც მსგავსი მოგზაურობის იმუნიტეტი აქვს.

 

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რედაქტორები: ანა ჭაბაშვილი, ნინო გოგალაძე

ყდის კონცეფცია: მაქს მაჩაიძე

ყდის დიზაინერები: მაქს მაჩაიძე, ია მახათაძე

გამოსვლის თარიღი: 2018 წლის იანვარი

 

პირველი თავი

სეფიროთების ხეს სცვივა ფოთლები – შემოდგომაა, დაკარგული ღმერთის ნათება ირეკლება დისკობოლებში.

კლუბის უკანა გასასვლელიდან ისინი ვიწრო ქუჩაზე გავიდნენ. აქ კორპუსები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ აივნები თითქოს ეხებიან ერთმანეთს, როგორც რამდენიმე სანტიმეტრი იმ კოცნასავით, რომელიც არ შედგა. თითქოს გემი მიადგა მეორე გემს აბორდაჟით.

მირიამმა მოსაწევის იისფერი ბოლი აუშვა ჰაერში და რამდენიმე წამს დაელოდა, რომ ენახა, საით წაიღებდა ბოლს სიო. ბოლმა ქუჩის ბოლოში მოციმციმე ნეონებისკენ გაიშვირა.

– აქ თუ იკარგები, საკუთარი მოსაწევის ბოლს უნდა გაყვე, – აუხსნა მირიამმა დეტექტივ შეცდომას. შეცდომამ ვიდეომზერა ნეონებისკენ ისროლა. კორპუსის კუთხეში რამდენიმე ანგელოზი იდგა დიდი პალტოებით, საღამოს რბილ ცაზე შარშანდელი რეკლამები გადიოდა.

ანტიგრავიტაციული ტაბლეტები ორსულებისთვის, ცნობიერების დაჰაკვა, არალეგალური ნეიროპროთეზები, სულების გამოძახება ელექტორატის შესავსებად, ელექტრონული პაპირუსები, სადაც ასო-ნიშნები მხოლოდ მთვარის შუქზე ჩნდებიან, ატომური მიკრობომბები – ბონსაის ახალი სიტყვა, სიამოვნებებისა და ჯოჯოხეთის ყველა წრის გამოცდილება, მეტეორების ნატეხები, რომლებიც ინტერპლანეტარულ ხილვებს იწვევს და შავი ხვრელი იძახის შენს სახელს – ანგელოზების გეტოებში ამ ყველაფრის შეძენა მხოლოდ ასეთ ქუჩებშია შესაძლებელი.

„ქრისტეს ვნებანი“, „დაკარგული სამოთხე“, „კიბერალაჰი“, „შაითნის ცეკვა“, „საიდუმლო სერობა“. აქ მხოლოდ კლუბებს კი არ ჰქვიათ ეს სახელები, არამედ ნარკოტიკებსაც, და ყველა ზუსტად გამოხატავს ამ კლუბის თუ ნივთიერების არსს. ვერც სინოდის გვარდია ბედავს ასე შორს შემოსვლას გეტოში და ვერც რეინკარნაციული პოლიცია. ამიტომაც ეძახიან ედემის ამ გეტოებს „შარიათის ჩიხებს“. აქ ერთადერთი კანონი მოქმედებს – ანგელოზების. „უკიდეგანობა“.

მთავარია, იცოდე საჭირო სახელები და შელოცვები, სწორი მარშრუტები და, რაც კიდევ უფრო მთავარია, უნდა გქონდეს ქეში ან ანგელოზების საყვარელი სუნამო – სუფთა ცით სავსე ფლაკონი, რომელსაც აქ, რადიოაქტიურ მიწებსა და მოლაპარაკე კორპუსებს შორის, ოქროზე მეტი ფასი ადევს.

ცნობიერების ფაილი, რომელიც დეტექტივ შეცდომას სჭირდებოდა, სადღაც „აციფრებული მოგონებების ბიბლიოთეკის“ მივიწყებულ, დამტვერილ ყუთებში ინახებოდა.

„ჩუჟოი, ძველი ინტერნეტი“ – ეწერა მრგვალ დისკზე, რომელიც ხელისგულზე ეტეოდა და რბილი იყო კევის დიდ გროვასავით. „მთხრობელი – აციფრებული ცნობიერების მფლობელი, ნარატივდიზაინი – დიჯეი ქერუბიმი, ნამდვილი ისტორია მცირედი ედითინგით“.

– ეს გვჭირდება, – ანიშნა შეცდომამ მირიამს და მირიამმა ჯიბიდან ამოიღო სუფთა ცის რამდენიმე ფლაკონი და ბიბლიოთეკის მოხუც მეპატრონეს დაუდო მაგიდაზე.

 

NATIONAL GEOGRAPHIC:  TBILISI ZOO

ისე გამოვიდა, რომ ეს კვირა „ცის მონიტორინგის სამსახურში“ გავატარეთ. ნუ, ისეთი არაფერი, მძიმე სამუშაო არ არის – დგახარ ფანჯარასთან, ეწევი, ეს თვითმფრინავები მიფრინავენ თბილი ქვეყნებისკენ, მკითხაობ მათ მიერ დატოვებულ კვალზე, როგორც ყავაზე მკითხაობენ ელიტარული უბნების ან google map-ზე ძლივს მოხვედრილი პროვინციული ქალაქების ბალზაკის ასაკის ქალები, ვერტმფრენები აკატავებენ – ხრუშჩოვკების თავებზე წმინდანთა უხრწნელ გვამებს, ხანდახან მეტეორი თუ გაარღვევს სტრატოსფეროს, კალაშნიკოვის ტყვიებივით ნაკაწრებს ტოვებს საღამოს ცის რბილ ფირზე და მერე ეცემა სადღაც შორს, კახეთის ან ოკლაჰომის მოსაწყენ უდაბნოებში, ფრინველები უვიზოდ ტოვებენ ქვეყანას. იშვიათად დრონი თუ ჩაიფრენს და განდონა ბავშვები ეჯიბრებიან ვინ მოხსნის რაგატკით. ჰონორარიც ნორმალურია, კომუნალურებს დაფარავ, სანამ ახალი ზაკაზები შემოვა. ზედა ფანჯრის მეზობელი ამბობს ხოლმე, რომ თუ მენეჯმენტს თავს მოაბამ, მერსედესსაც იყიდიო. საინტერესო აზრია, პროსტა, რა ყლედ გვინდა მერსედესი

 – „იცოდი, რომ ღამის ცა წითელ წიგნშია შესატანი?“

აი, ეს ინდიანა ჯონსის ვიდზე დამდგარი წამყვანი ამბობს, მთელი პლანეტა ჩვენი ეკონომნათურებით, გარეგანათებებითა და ციცინათელა მეგაპოლისებითაა განათებული – გამონაბოლქვი ღრუბლებად იქცევა და ლიბრივით ეკვრება ხედვის ეკრანს, ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ ვარსკვლავიან ცას, რაც ადამიანობის დაკარგვის ტოლფასიაო.

 – ცას გვართმევენ! – ჩამესმის წამყვანის ხმა კეფიდან, ტვინში.

რამაზიკოს მოსვლამდე სამივემ კოდეინის შემცველი ორი ფინჯანი საბავშვო სიროფი მივირთვით. ერთს პარკინსონით დაავადებულთათვის განკუთვნილი ნაფხვენები ჰქონდა მოყრილი, მეორეს კი გიჟების დასაწყნარებელი ტაბლეტების. ზიკომ და ანანომ კეტამინიც მიაყოლეს, მე უარი ვთქვი – დიდად არ მსიამოვნებს, როცა საკუთარ ხელს საკუთარი ფეხისგან ვერ ვარჩევ. დისოციატივებმა ეგრე იციან, პლასტილინივით ხდები, გარემო სიზმარს ემსგავსება და უცებ შეიძლება ისე მოსწყდე სხეულს, რომ ასტრალური მოგზაურობა აეროკომპანია „ვიზეარის“ ქუთაისი-ბერლინის რეისივით მარტივია.

როცა კოდეინის ასეთ სიროფს ყლაპავ, არაფერია National Geographic-ზე სასიამოვნო საყურებელი: ევოლუციის რთულ გზაზე შემდგარი ალფა-მაიმუნები პიზდავენ ერთმანეთს, გეი ლომები დარბიან აქეთ-იქით ხელოვნური ცისარტყელების ფონზე, თეთრი დათვები იღუპებიან რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ყინულის უკანასკნელ კუნძულებზე. აცტეკი იაგუარები ჭამენ dmt-ის ფოთლებს და ხედავენ ღმერთებს დისნეის მულტფილმებიდან. თურმე პატარა დელფინები ღამის კოშმარებში იძახიან: – ზვიგენი, დედა, ზვიგენი! შანხაიში ისეთი ნისლი დგას, მზის ამოსვლას ხალხს შენობებზე დამაგრებული ვიდეობილბორდებით აჩვენებენო, ამატებს ინდიანა ჯონსი და შანხაის ბუღში იკარგება. ვიდეობილბორდზე ამოდის მზე, თითქოს ლაივსტრიმი იყოს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს აისი გუშინდელი ჩანაწერია გაშვებული და მზემ სამუდამოდ დატოვა თავისი ორბიტა? შემდეგ გადაცემაში მწერებს ვუღრმავდებით. კამერა არ შორდება ჭიანჭველას, რომელსაც ტვინში ლუციფერული პარაზიტი შესძრომია. პარაზიტი აიძულებს ამ მშრომელ პატრიოტს, მიატოვოს ჭიანჭველათა ათასწლოვანი ქალაქები, სადაც ჯერ კიდევ მარადიულ ექოდ გაისმის დიდი დედის მშობიარობის ხმები და მივიდეს ფოთოლთან, რომელთან ერთადაც მას ძროხა შეჭამს. ჭიანჭველას ეს მოგზაურობა საკუთარ ამბოხად მიაჩნია სისტემის წინააღმდეგ, ის კი არ იცის, რომ მთელი მისი ამბოხი – მის ტვინში შემძვრალი პარაზიტის „დაგეგმილია“. აქედან პარაზიტი ძროხის სხეულში ინაცვლებს, ჭიანჭველასთვის კი ცა სამუდამოდ იხურება თავის ვარსკვლავებიან-მთვარიანად, ფარდებივით სპექატკლის ბოლოს ან დიდი სკივრივით, ანდა სულაც ითიშება როგორც ტელევიზორი, რომელსაც ყველაზე საინტერესო გადაცემის დროს ვიღაც დაუნდობელი სხვა არხზე რთავს.

ტელევიზორი რამაზიკომ გათიშა, უფრო სწორად, რაღაც მულტფილმებზე გადართო. ძველ გერმანულ ტელევიზორს მთელი ძალ-ღონის მოკრება სჭირდებოდა, რომ სხვა არხზე გადართულიყო. ამ დროს თითქოს იჭინთებოდა და თვალებს ახამხამებდა. ანანოს ბაბუა შვრება ხოლმე ამ ტელევიზორივით, როცა კვირაში ერთხელ მასთან ბანანები და ცოტა სუბოქსენი მიგვაქვს, მაგაზე ბებერი ჯანქი ცხოვრებაში არ მინახია. ჩემი აზრით, ეგეც წითელ წიგნშია შესატანი ცალკე პარაგრაფად, პირდაპირ ვარსკვლავიანი ცის მერე.

ეკრანის წამიერმა ჩაბნელებამ უხეშად გაწყვიტა ჩემი თრიფის წყარო – National Geographic და ლოგინში ჩამთბარებს დოინჯშემორტყმული რამაზიკო კინგკონგის აჩრდილი დაგვადგა თავს დევივით ან გველეშაპივით, სოფლის ნაკადულს რომ დაპატრონებია და მზადაა, ულტიმატუმები წამოაყენოს. უცბად ძალიან ვინანე, რომ დანარჩენებივით ენაგადმოგდებულს არ მეძინა, იმიტომ, რომ მისი ეს პოზა ყოველთვის რამე გადაუდებელი საქმისკენ მოწოდებას ნიშნავდა და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა.

– დაღამდა უკვე, აეგდეთ, თქვეჩემისებო, – ომახიანად დასძახა დევმა მძინარე სოფელს.

თვალების დახუჭვა ვერ მოვასწარი, მაგრამ გავშეშდი – თავი მოვიმძინარე, ვითომ თვალღიას მეძინა.

რამაზიკოს გამჭოლი, გამომცდელი მზერა, რა თქმა უნდა, ჩემზე შეჩერდა.

– ე, სიმულიანტ, ასწი ტრაკი, ლენინივით რო გდიხარ! – შემომძახა დევმა და თავისი უხეში ტუფლის წვეტი ფეხისგულში შემარჭო.

თუ კინგკონგმა თავისი ბრეჟნევის დროინდელი ხუმრობები ჩართო და მოუხეშავ ფიზიკურ კონტაქტზე გადმოვიდა, ეს ნიშნავს, რომ თავის გაშტერებას აზრი არა აქვს, სულში ჩაგიძვრება და ტუფლის წვეტის ტრიალს მანდ დაიწყებს, საათის ისრის მიმართულებით, როგორც ხარაკირის იკეთებენ სამურაები ან ლობიოს ურევენ ბენდენიანი ბებიები სოფლებში, სადაც ჩვენი ტავარი ჯერ არ შესულა. თან თვალებიც ამტკივდა ამდენი გაშტერებისგან. ჯობია, ისევ ავხამხამდე.

– ლენინს თავი დასავლეთისკენ აქვს, რო იცოდე, ბრატ, – ჩავიბურტყუნე ისე, რომ თვითონაც ძლივს გავიგე, წამოვწიე თავი და ფეხისგულის ფხანა და თვალების ფშვნეტა დავიწყე. ასეთივე ამაო ჩოჩქოლი და ზუზუნი ატყდა ჩემ უკანაც

– იაფფასიანი კომიდან იღვიძებდნენ ბიობრიგადირები. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენსავით სინთეტიკური და ფაქიზი ბრიგადირები ალბათ არასდროს არცერთ ბოსს არ ჰყოლია მთელ პლანეტაზე.

– დროზე რაა, როგორ მიეყრებით ხოლმე ბლიაძ, – ამჯერად დამწუხრებულმა გაიქნია თავი რამაზიკომ და ერთდროულად მოახერხა ტელეფონზე ნომრის აკრეფა, მისი ყურზე მიდება და ძველი ტელევიზორის თავზე სწორ ხაზად ჩამწკრივებული ამფეტამინის ხაზის გაყნოსვა. ეს ხაზი – სამ კაცს რომ სამი დღე ცხენივით არბენინებს – რამაზიკოსთვის დილის ყავასავით იყო, – აზრზე მოსასვლელად – აყოლებდა ხოლმე ცხვირამწვარი.

რაღაცით ცხოველს ჰგავდა, იერარქიული წესრიგის დამყარების დაუოკებელი, თუმცა გაუცნობიერებელი სურვილებით და აშკარად გამოკვეთილი ორანგუტანი ალფა-მამრის გამოხტომებით, როგორც National Geographic-ში. ეს ელემენტი განსაკუთრებით არაადეკვატურ სიველურედ აღიქმებოდა ისეთი უნებისყოფო და ანგელოზებივით უმანკო ფსიქონავტების გარემოცვაში, როგორებიც ვიყავით ქალბატონი გალას რიკულებიან საწოლში ერთად მიყრილი მე, ბათუმელი ზიკო და ბოზი ანანო.

– ხვალ დილით გალა მოეთრევა და ბინის ქირა უნდა მივცეთ რამდენიმე თვის, სახლია მისალაგებელი... პლუს დოხრენა ზაკაზებია შემოსული, ხალხს გულაობა უნდა, პარასკევია ხვალ.

– ხვალ მოდის გალა? – K-Hole-იდან ამოიხედა ანანომ და საბანიშივე ამოიცვა შარვალი, გეგონება, მისი გახუნებული ვარდისფერი ტრუსიკი მანამდე არავის ენახა. ზიკომაც იგივე გაიმეორა.

– ხვალ მოდის და თუ გინდათ, დახვდით და იმუსაიფეთ, წიგნის თაროებზე სულ კეტამინია მიყრილ-მოყრილი, მცენარეებს მოუარეთო, რო დაგვიტოვა – გახმა, ბალიშებზე სპერმებია!

– სპერმები შენი მოსაგვარებელია, მე სპერმას ხელს არ მოვკიდებ! – გავაპროტესტე და ისევ National Geographic-ზე გადავრთე. აქ ახლა ადამიანთა ერთ ტომზე ყვებოდნენ, ფანტასტიკურ არსებებზე, რომლებსაც ძაღლის თავები ჰქონდათ. მათგან ზოგი ქრისტიან წმინდანადაცაა შერაცხილი, თუმცა ამ გადაცემამ ვერ გადაფარა ჩემი ტვინის ეკრანი, სადაც ამჯერად ქალბატონი გალა ამოტივტივდა.

კოპლებიანი ხალათით, მოკლედ შეჭრილი მუქი წაბლისფერი თმით, საბჭოთა და ძველბერძნულ სტანდარტზე დაყენებული დიდი ტრაკით, რომელიც უცებ ისეთი დიდი გახდა, რომ ტროის ცხენივით თავის თავში პოლიციის მთელ შენაერთებს დაიტევდა. დავინახე: დილით მთელი ღამის ნაყლაპ-მოწეულებს თავზე გვადგება ქალბატონი გალა, იწყებს წივილ-კივილს და ფრაზა „მე თქვენ განახებთ სეირს, თქვე ბოზებო და ნარკომანებოს“ მერე სასტიკად იჭინთება და მისი უზარმაზარი ტრაკი-ტროის ცხენიდან განრისხებული ღიპიანი პოლიციელები იჩეკებიან და დაუნდობლად გვირტყამენ შავ დუბინკა-ფალოიმიტატორებს.

ასე შეჰყავხარ ხოლმე მიქსტურიან ფიქრებს წარმოსახვის უცნობ ტერიტორიებზე.

– კაროჩე, მე და ზიკო ვალაგებთ, ჩუჟოი და ანანო საქმეს მიხედავენ... – დაადგინა რამაზიკომ და ზიკოს ანიშნა, შენი პეპელასავით თხელი ტრაკი საწოლიდან ააფარფატეო.

რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება „ქართული ოცნება“, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს ზონდერად ნამუშევარი.

მოკლედ, ბრწყინვალე და სრულიად სასიამოვნო ადამიანი.

განსაკუთრებული პრიხოდის ან ატხადნიაკების სევდიანი ფაზების დროს, თითქოს თვითირონიით, თითქოს სევდით – ვერ დაადგენდი ზუსტად, როგორი ემოციით – ხანდახან წაიჩურჩულებდა ხოლმე: „ქალაქ თბილისის უკანასკნელი ბარიგა...“ და სულ მეგონა, რომ ამ დროს თვითონაც იმას ხედავდა თავის წარმოსახვაში, რასაც მე:

რამაზიკო კინგკონგი,

კრისტალებისა და მოსაწევის ფორმის პატარა ქანდაკებით ოსკარის სტილში, მხურვალე აპლოდისმენტებისა და მგზნებარე ცრემლების თანხლებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლაზერული განათებების ქვეშ:

– ქალაქ თბილისის უკანასკნელი ბარიგა! – აცხადებს არწივის ფორმაში ჩაცმული თემურ წიკლაური და ისმის მქუხარე ტაში.

– ქალაქ თბილისის უკანასკნელი ბარიგა... – ჩურჩულებს ხალხი.

– უკანასკნელი... უკანასკნელი... – ედება ჩუმ ექოდ ფილარმონიის მბრწყინავ კედლებს. რამაზ კინგკონგი სამადლობელ სიტყვას ამბობს, ჩვენ ისეთ კაიფში ვართ და მთელი ეს სიტუაცია, ეს სცენა, განათებები, მელიისქურქიანი დეიდები, მნიშვნელოვანი ძიების სოლარიუმის პერედოზით კიბოაკიდებული ცოლები, რომლებსაც უიქენდებზე ჩვენი მშიერი მეგობრები ტყნავენ, ბუსთავიანი საზოგადო მოღვაწეები, აპლოდისმენტების ცუნამი – ისეთი უკიდეგანო და დიდებულია, რომ ჩვენ, რამაზ კინგკონგის ფსიქობრიგადა, სკამიდან ძირს ვცვივდებით, ძირს დაყრილები კი ვცდილობთ, ისევ სკამებზე ავხოხდეთ.

– უკანასკნელი... უკანასკნელი... – ჩამესმის ყურში სიამაყით სავსეს და კუნთებდაჭიმულს..

– პლანეტის ნებისმიერ წერტილში, GPS ნავიგატორის გააქტიურების დროს – მიღების ზონაში მინიმუმ ოთხი თანამგზავრია. მალე ჩვენ ყველას ჩამოვაგდებთ – ფხიზელი ანდრეი, აუღელვებელად, თავის ჩვეულ სააგიტაციო ტექსტებს პატარა რაციით გადასცემს უცნობ თინეიჯერებს მთელი ევრაზიის პატარა, მივიწყებულ ქალაქებში: აბაშიდან ვიდრე სახალინამდე, კოლდინგიდან მუმბაის გარეუბნებამდე და ქვევით – გოა ტრანსის ვეჩერინკებზე.

– იდი ნახუი, ანდრეი, – ვლუღლუღებ ტკბილი ქართულით და ისევ ფილარმონიის იატაკზე ვეცემი, როგორც ფოთოლი შემოდგომის, ფანტელი თოვლის, ყუმბარა, ჩამოგდებული მშენებარე სახლის სახურავიდან.

თავის დროზე ბათუმის მერიაში მუშაობდა კულტურული პროექტების განხრით, აქ გაიცნო ზიკო, როცა ზიკომ ბათუმის პანკროკ-ბარის გასახსნელად ფული სთხოვა მერიას. საშინლად დაწერილი პროექტი შეიტანა, რომელსაც ქალაქის ყველა პანკის ხელმოწერა ამშვენებდა – სულ 10 ცალი. „პანკროკი ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის კულტურულ განვითარებას“, – ეწერა პროექტში. შემდეგ ციხეშიც მოასწრო გასეირნება ქრთამის აღებისთვის. თინეიჯერულ ასაკში შექმნა როკჯგუფი სახელად „ჰორიზონტი“ და ცდილობდა ბიძამისის Yamaha-ზე ფსიქოდელიური პროგრესივი დაეკრა, ამჟამად, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ტურისტულ კომპანია „ფლაი ჰაი თრეველის“ რიგით მუშად ითვლებოდა, თუმცა თავისი დაუდეგარი ბუნების გამო, რა თქმა უნდა, აქაც ვერაფრით ეტეოდა ერთი კომპანიის ფარგლებში და თავისუფალ დროს – ჩვენთან ერთად ქიმიით ამარაგებდა ნახევარ ქალაქს. მისი მოუსვენარი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული საეჭვო ნაცნობების სია ძალიან გვეხმარებოდა ბიზნესის გამართვაში.

ზიკო ტანსაცმელს ყრიდა „ადიდასის“ უშნო ჩანთაში. ტელევიზორში ისევ ძროხას აჩვენებდნენ, რომელმაც ჩემი ჭიანჭველა უკვე შეჭამა და ახლა თვითონ გახდა ლუციფერული პარაზიტის გადამტანი. კალი იუგა დასრულდა, ციკლი განახლდა.

ანანოს კეტამინით გაფითრებული სახე აიფონის ციფრულმა სიცივემ გაანათა. ის ბანკის ოპერატორისა და ერთგვარი ქოლცენტრის ფუნქციას ითავსებდა ჩვენს მიკროორგანიზაციაში.

– გამარჯობა, ბარიგა ანანო გისმენთ, რით შეგვიძლია მოგემსახუროთ?

– გვინდა ორი გრამი ემდი და ორი მარკაც ჰოფმანი.

– ჰოფმანის პარტია შემდეგ კვირას შემოვა, მაგრამ შეგვიძლია, მისი დაბალხარისხიანი სინთეტიკური შემცვლელი – NBOME შემოგთავაზოთ. უფრო ლეტალურია.

ზაკაზები ხან ვაიბერით მოდიოდა, ხან სკაიპით. მოკლე საუბრიდან ვადგენდით, რომელი ნარკოტიკი სჭირდება მომხმარებელს და ველოდებოდით ფულის გადმორიცხვას. ანგარიშზე ფული რომ დაჯდებოდა, მე და ანანო ბაღებსა და კორპუსებში ვფანტავდით ფაქტებს: ვმალავდით მრიცხველების უკან, დრონით ვყრიდით მომხმარებლის სახლების სახურავებზე, ვდებდით სანაგვე ურნაში ვაკის პარკთან, შემდეგ კი მოვდიოდით და მისი ფაქტის ადგილსამყოფელს ვუმესიჯებდით მომხმარებელს. სქემა მარტივია, ფული და თრიფი – ბევრი. მთავარია, აქაც, ისევე როგორც მარკეტინგში, ორი მთავარი მცნება დაიცვა:

1. მომხმარებელი „მეფეა“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს აუცილებლად კარგი ტავარი უნდა მიაწოდო და მილიგრამები არ დააკლო, რასაც ბრწყინვალედ ვართმევდით თავს.

და

2. როგორც Notorious BIG იტყოდა: “Never get high on your own supply”. ანუ საკუთარ ტავარზე არ შეჯდეო. რასაც ასევე ბრწყინვალედ ვართმევდით თავს, ოღონდ პირიქით – ვიჯექით გიჟებივით.

– შენ რა, აქ აპირებ დარჩენას?

ანანომ დაჭმუჭნილი, დადორბლილი ბალიში გაასწორა და საბნის ქვეშიდან ქაღალდში გახვეული მოსაწევი ამოაძვრინა. საწოლი უკვე დალაგებული იყო, სპერმიანი ბალიშები – სარეცხის მანქანაში, სარეცხი – გაკიდებული.

– არავინ არსად არ დარჩება, ქალაქი გულაობას აპირებს და პოლიცია ნერვიულობას, – თქვა ჩვენმა დევმა და ტლანქ ხელში გალას გასაღებები ააჩხრიალა რკინის გველებივით, რომლებიც თითქოს მცხუნვარე მზესა და სუბტროპიკულ ხილვებზე მისისინებდნენ განთიადის ქალაქის დახუთულ ერთოთახიანში.

 

ფოტო: ოლიკო კულაეშვილი (www.olgakulaeva.com)