დიახ, დროის მიღმა მჭვრეტელო, სამზარეულოს კარი ახლახან შეღებეს (მეშვიდედ მისი სამოცდაორწლიანი ცხოვრების განმავლობაში). სურნელოვანი და უტყვი, ცხრამეტრიან სივრცეს დარაჯობს. აქ ოჯახი ამზადებს სადილს, ჭამს და საუბრობს. კარის ბრტყელ სხეულზე ბრწყინავს ახალი ნაწვეთურები. შუშა სქლადაა შეღებილი, სპილენძის სახელური ათასობით შეხებამ გააპრიალა. მას მხოლოდ ღამით კეტავენ (ოთახებში თაგვები რომ არ შეძვრნენ) და მაშინ, როცა სადილს ამზადებენ (სუნი რომ არ იდგეს).

სასიამოვნოა, როცა დილით ხელს კრავ კარს: ის ამოძრავდება, როგორც წარღვნამდელი დრეზინა. ერწყმის დღეს. განწირულად ხავის, ეხეთქება მაცივარს. და სადილამდე კვდება. ღიპიანი „ზილი“, წვიმის ქვეშ მძინარე „ზაპოროჟეცის“ ღვიძლი ძმა, კრთება, მაგრამ უმალ ეგება გონს. მრისხანედ გუგუნებს. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ჩაჭყლეტილი, ჩამტვრეული და დაჯღაბნილი ადგილებისა, სამზარეულოს ის მეთაურობს. სწორედ ამიტომ იკავებს ყველაზე მნიშვნელოვან კუთხეს. ზემოდან შავი და ყვითელი პლასტმასის რადიომიმღები ადევს. რადიომიმღების ქვეშ – რგოლებიანი ხელსახოცია. რადიომიმღებში ერთი პროგრამაა.

როგორც კი სახელურს გადაწევ, მსუყე ბარიტონი გიბრძანებს, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალო, უხილავი კლავიშები გამამხნევებელი მარშით ახმაურდებიან. რადიომიმღების სადენი შტეფსელისკენ იწელება. ის უფრო პატარაა, ვიდრე მეორე – ელექტრონული, ლურჯი იზოლენტით გადახვეული და გადამყვანით გახლეჩილი. ამიტომაც გამოიყურება ასე ნატიფად. გვერდით, მწვანე კედელზე ჰკიდია ნათეგი: წვრილთვალებიანი ქალი სპორტული აღნაგობით ზღვაში ჩამავალ უზარმაზარ მზეს შესცქერის. მის თავზე მარადჟამ ორი თოლია დანავარდობს. მარჯვნიდან, ბებიასთან ერთად მიტიშიდან ჩამოტანილი, გამომშრალი ბუფეტი მოღოღავს. თუმცა, მართალია, ის მაცივარზე დიდია, სამზარეულოს იერარქიაში სქელოს კონკურენციას მაინც ვერ უწევს. მისი ხვედრია, მსხვილი მოპირკეთებული მინებით, რომლის უკანაც თეთრად მოჩანს ჭიქები და ბრწყინავს შინნაკეთი სითხით სავსე დოქის გვერდი (სპირტი + წყალი + ლიმონის კანი + წიფლის კვირტები + შაქარი), მდუმარედ აშტერდებოდეს მაგიდასთან მსხდომთ.

დროდადრო ბუფეტი ხმაურიანად გამოსწევს ქვედა ყბას: მისი შავბნელი პირი სავსეა მელქიორით, ალუმინით, ფოლადითა და ვერცხლით. ხოლო მარჯვენა ზემო კუთხეში, სიბრძნის კბილის ადგილას, განისვენებს ორი ტარსიკონის ზარდახშა: მოოქროვილი ყავის კოვზებითა და ჩაის ოქროსფერი ტილოთი. მათ მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებენ. ამ დროს ბუფეტი ამაყად ცახცახებს. მისი განიერი სტომაქი, გამოტენილი მარცვლეულით, მაკარონითა და ფქვილით, უყვართ თაგვებს. ღამით ფუსფუსებენ. დაშრიალებენ. მფრთხალად მოტკაცუნე ბუფეტს სძინავს. მის გაშავებულ ფერდს მაგიდა ებჯინება. ასაკით ის მაცივრის შვილი და ბუფეტის შვილთაშვილია. ის – პროგრესის პირმშოა. გაკეთებულია დიქტისგან და გადაკრული აქვს თეთრი, ლურჯყვავილიანი პლასტიკი. ქალები კმაყოფილნი არიან – გადასაფარებელიც არ სჭირდება!

გადაწმინდე სველი ნაჭრით – და მორჩა. მაგიდაზე – კერამიკული ვაზა მარადგამხმარი კალუნის ტოტით. კედელზე, მაგიდის თავზე – გუცულელი ხისმჭრელების ნამუშევარია: მრისხანე არწივი, კარპატის მთების ფონზე ლაქწასმული ცაცხვის გაშლილი ფრთებით. არწივის თავზე – მოდური ოვალური ფორმის საათია – დედის თანამშრომლების საჩუქარი. ხოლო ქვემოთ, პატარა ლურსმანზე, – კაცუნა, შრომის გაკვეთილზე ნაძვის გირჩის, ფიჩხისა და რკოსაგან გაკეთებული. დაკოჟრილ ხელში ჟურნალ „Наука и жизнь“-იდან ამოჭრილი კუბური დროშა უჭირავს. მაგიდას გარს აკრავს სამი ახალი ტაბურეტი და ძველი სკამი, გაცვეთილი რბილი საჯდომით: მასზე ბებია ზის. მაგიდიდან ბავშვის ხელის გაწვდენაზე – ფანჯრის რაფის წვერია. ის ისეთივეა, როგორიც კარი – მკრთალი, უსწორმასწორო, მაგრამ მასიური. და განიერი. მასზე დგას: ხის საპურე, რომელსაც შეუძლია თავისი მომრგვალო უკბილო პირის გაღება და დახურვა, სამლიტრიანი ქილა ჩაის სოკოთი, კერამიკული ქოთანი მტვრიანი კაქტუსით (ექინოფსისი), სამი თუნუქის ქილა მწვანე მუხუდოთი, რაპანის ნიჟარის საფერფლე, „მუკუზნის“ ბოთლი, ქაღალდის პაკეტი კარტოფილით. რაფის ქვეშ ორთქლის გათბობის კუთხოვანი ბატარეა ჩასაფრებულა. მასზე ყოველთვის რაღაც შრება: ჩვრები, ნადუღის ტილოები, პირსახოცები. იქვე იატაკზე – უწყლო აკვარიუმი დგას.

აკვარიუმში ნახერხებზე და ბამბისა და ძონძის ნაგლეჯებზე სძინავს ზაზუნა ტიშკას. თუ მას მთვლემარეს, ხელში აიყვან, მაშინვე გამოფხიზლდება და თავისი ვარდისფერი ცხვირით გარემომცველი სამყაროს ყნოსვას დაიწყებს. შეგიძლია, ტიშკა პირთან ახლოს მიიტანო და ადამიანური სითბო ფრთხილად დაასუნთქო. ის შეიშმუშნება და კვლავ ჩასთვლემს. თეთრ მუცელზე რომ წაუღიტინო, თავისი პაწია ბრჭყალებით უწყინრად ჩაეჭიდება თქვენს თითს. საღამოობით ოთახში სარბენად უშვებენ. ტიშკა პერიმეტრზე დარბის, და შავი თვალები აღგზნებულად უთამაშებს. შემდეგ ჭამს. ღამით სძინავს და არავითარ ყურადღებას არ აქცევს სამზარეულოში მოსეირნე თაგვებს. კუთხეში – ოთხი ცარიელი ბოთლი დევს. მათ გვერდით – ცოცხი, აქანდაზი და დამტვერილი სათაგური ძეხვის გაშავებული ნაჭრით. და აქედან იწყება გაზქურის მძვინვარე სამეფო. ის აღმართულია ყავისფერ ლინოლეუმზე ცისფერი ცეცხლის შავ-თეთრი ტაძრით. ქურაზე ყოველთვის რაღაც დგას, რომელიც მსხვერპლის ხვედრს მოთმინებით ელოდება. დღეს ეს ვარდისფერი ქვაბია, ბებოს განსაკუთრებული ბორშით (ჟიტომირელმა ებრაელებმა ბებოს ბორშში შავი ქლიავისა და დანაყული ნივრის ჩამატება ასწავლეს). ქვაბი მთავარი ქურატიდან ამაყად იმზირება. პატარა ქურატაზე მოკრძალებულად მოთავსდა ძველი ტაფა, დაუმთავრებელი ტოლმით. თეთრცხიმმომდგარი ტოლმა ფრთხილად იხედება ალუმინის სახურავს ქვეშიდან. ქურიდან კედლისკენ გადაჭიმულა გაზის მილი სტოპ-ონკანით. მილზე ფანერის საასანთე მავთულითაა მიმაგრებული, რომელიც ერთბაშად 4 (!) ასანთის კოლოფს იტევს.

საასანთე ამპარტავნად დასცქერის ყველას, ზიზღით კრეჭს ასანთის კბილებს, დამწვარ ღერებს ისვრის. მაგრამ კეთილშობილი თეფშების საშრობი ყურადღებას არ აქცევს. მოსახერხებელი, ჭაობისფერი პლასტმასის, მამის მიერ „Бытхимпром-76“-ის გამოფენაზე სრულიად შემთხვევით ნაყიდი. ის უხმოდ, ხმამაღლა და სუფთად, პლასტიკის თავდაჯერებული ხმით მღერის: „მოიწევს ახალი დროება!“ მის სათავსებში თეფშები ყოველთვის სუფთაა, ოპტიმისტურად ბრჭყვიალებენ. საშრობი უმზერს მომავალს. რასაც ვერ ვიტყვით ქვემოთ გაშხლართულ მუდმივად ავადმყოფ ნიჟარაზე. მისი სხვადასხვა ფერის (წითელი და ლურჯი) ონკანები ნაწყენად იცქირებიან, ჩამოკიდებული ცხვირი მუდმივად წვეთავს. მასზე თითქმის ყოველთვის სველი ტილო ჰკიდია. გაყვითლებული ნიჟარა ხშირად იჭედება და არ ატარებს წყალს. ასეთ დროს მას რეზინის ტუმბოთი წმენდენ. ან მის დაჟანგებულ ხორხში მსხვილი მავთულით იქექებიან. ნიჟარა იჭედება, აბოყინებს, ძალით ყლაპავს საპნიან წყალს. ნიჟარაში თითქმის ყოველთვის ობდება ჭუჭყიანი ჭურჭელი. მის უკან ტარაკნები ცხოვრობენ. მათი ჟღალი ანტენები ხვრელებიდან იჭყიტებიან. ნიჟარის ქვეშ, მოძველებული კარის უკან ბორდოსფერი ნაგვის ურნა გაშოტილა. ის – ყოველთვის კმაყოფილია. მისი პლასტმასის უძღები პირი ღიაა. „ვყლააააპავ!“ – თვალსაჩინოდ უხარია ურნას. და ყლაპავს ყველაფერს – თევზის ნაწლავებიდან – გადამწვარ ნათურებამდე. ნიჟარასთან, ძველი გადასაფარებლის ქვეშ, მჭიდროდაა მიდგმული პატარა კარადა. ის მოკრძალებული და მორჩილია, როგორც პროვინციელი რძალი. და ყოველთვის უიმედოდ ორსული. დიდრონი ქილები შარშანდელი, შარშანწინდელი და უბრალოდ ძველი მურაბით არღვევენ მის საშოს. მასზე ჭრიან, ნაყავენ, აბრტყელებენ, თქვეფენ და კეპავენ. და ამ ყველაფრის თავზე ნავარდობს მიუწვდომელი მუქი პლაფონი, ასვატიანი ნათურით. ის მშვენიერია თავის სიწმინდესა და მიუწვდომლობაში. ყველაზე ამაღლებულია. მას არაფერი ესაქმება მაცივრის ბუზღუნთან, ნიჟარის ქვითინთან და ბუფეტის ოხვრასთან. ის მხოლოდ მზეს ესაუბრება, როცა დილით სხივები ეხება. პლაფონი არამიწიერად ბედნიერია. უბადრუკ ბუზებსაც კი, რომლებიც გარს ეხვევიან და ზოგჯერ ასხდებიან მის მუქ ზედაპირს, არ ძალუძთ თავდავიწყების ხელყოფა...

სულ ესაა?

არა, დროის მიღმა მჭვრეტელო, ჩვენ დავივიწყეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ფანჯარა!

დიდი, თითქმის კვადრატული, ჯვრის ფორმის ჩარჩოთი, პირქუშად ჭრელი სტალინის თანამედროვეთა მიერ ჩადგმული. სარკმელი ნახევრად ღიაა. დილის ჰაერი აუჩქარებლად ჟონავს სამზარეულოში. გაღვიძებული ქალაქის ხმაური. შეგიძლია, მიხვიდე ფანჯარასთან, ცხვირით მიეკრა არც ისე სუფთა მინას, ის ყოველთვის ცივია. მის სახელურზე ხშირად ჰკიდია ნასვრეტებიანი ხელჩანთა: სამზარეულოში რომ არ ეძებონ, როცა სასწრაფოდ საფუნთუშეში ან რძის მაღაზიაში გაქცევა უწევთ. შეიძლება სოკოს დალევაც. დილით აფხიზლებს. მოპირკეთებული ჭიქა საშრობში თეფშებზე დევს. ხელი იღებს მას და რაფაზე, ყვითელი სამლიტრიანი ქილის გვერდით დგამს. მასში თავისუფლად დაცურავს სოკო. ის კეთილ გრძნობებს აღძრავს. ისევე, როგორც ზაზუნა. ხელები ქილას ჭიქის თავზე დახრიან. ყვითელი ნაკადი დოლბანდში იწრიტება. სოკო მძიმედ ქანაობს ქილაში. თავს ვიწროდ გრძნობს. მაგრამ არ წუწუნებს. ჭიქა სავსეა. ხელი მასში ორ კოვზ შაქარს ყრის, ურევს და მიაქვს ტუჩებთან. ერთი პატარა ყლუპი. და სამი დიდი. სიამოვნებით ათამაშებს ღაწვებს. ცხვირი ეწვის. თვალები უსველდება. და უცებ უკეთ ხედავ.

რა ჩანს სამზარეულოს ფანჯრიდან? მოპირდაპირედ მდგარი შვიდსართულიანი სახლი. ჭადრის კენწეროები. სხვისი სამზარეულოს ფანჯარა. იქ დგას ბიჭუნა ჭიქით ხელში, და ცხვირი მინაზე მიუკრავს.

და გვიყურებს. მე და შენ.