ნაწყვეტი რომანიდან "შესწორებები"

თარგმნა ირმა ტაველიძემ

შემოდგომით პრერიებში გავრცელებული ცივი ფრონტის თავგასულობა უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანდა. უმალვე იგრძნობდი, რომ რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. მზე დაბლა დაშვებულიყო – ოდნავღა ბჟუტავდა გაცივების გზაზე დამდგარი ვარსკვლავი. ქარის ყოველი ამოვარდნა ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. ხეებს მოსვენება დაეკარგათ, ტემპერატურა სულ უფრო ქვემოთ იწევდა, მთელი ჩრდილოეთ რეგიონის რელიგია – ნივთების გაღმერთება – გარდაუვალი დასასრულისკენ მიექანებოდა. ბავშვებს ეზოში სათამაშოდ აღარ უშვებდნენ. გაზონების შეყვითლებულ ბალახზე ჩრდილები გაწოლილიყო. წითელ მუხებს, მთის მუხებსა და ჭაობის ორფერა მუხებს სცვიოდათ და სცვიოდათ რკოები – პირდაპირ თავზე აყრიდნენ იპოთეკით დაუტვირთავ სახლებს. ცარიელი საძინებლების ორმაგი ფანჯრები გამუდმებით ცახცახებდნენ. თეთრეულის საშრობი ხმაურიანად ძაგძაგებდა, ფოთლების სახვეტი მექანიზმი სხვადასხვა ხმაზე ზუზუნებდა. ადგილობრივი ვაშლები ქაღალდის პარკში მწიფდებოდა, ალფრედ ლამბერტს კი ხელებზე ბენზინის სუნი ასდიოდა – იმ დილით სწორედ ბენზინით გაწმინდა ფუნჯი, რომლითაც პატარა მოწნული დივანი შეღება.

დღის სამი საათი საშიში დრო იყო სენტ-ჯუდის გარეუბნებში, სადაც უმეტესად ასაკოვანი ხალხი სახლობდა. ალფრედს დიდ ცისფერ სკამზე გამოეღვიძა – ლანჩის შემდეგ ჩასძინებოდა. უკვე გამოიძინა, ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემა კი მხოლოდ ხუთ საათზე დაიწყებოდა. თავისუფალი ორი საათი იმ ღრუს წააგავდა, ინფექციები რომ ბუდობს და მრავლდება. ძლივს წამოდგა და იქვე, პინგ-პონგის მაგიდასთან დადგა. ამაოდ მიუგდო ყური ინიდის ფეხის ხმას. მთელ სახლში განგაშის ზარი რეკავდა, რასაც მხოლოდ ინიდი და ალფრედი თუ გაიგონებდნენ.

ეს შფოთვის, საფრთხის მოლოდინის მაუწყებელი ზარი იყო.

იმ თუჯის მექანიზმის ხმას ჰგავდა, სკოლებში სასწავლო სახანძრო განგაშის დროს რომ იყენებენ. უკვე იმდენ ხანს რეკავდა, რომ ლამბერტები „ზარის რეკვად“ ვეღარ აღიქვამდნენ. როცა რაიმე ხმას ასე დიდხანს უსმენ, მისი შემადგენელი ბგერების გარჩევას იწყებ (ასევეა, როცა სიტყვას აშტერდები და ბოლოს მკვდარი ასოების მწკრივსღა ხედავ). მათაც მხოლოდ იმ მომცრო ენის ხმა ესმოდათ, ლითონის რეზონატორს სწრაფად რომ ეხლებოდა – სუფთა ტონი კი არა, პატარ-პატარა დარტყმების თანმიმდევრობა ნახევარტონების მკაფიო ფონით. იმდენი დღე გავიდა ამ ზარის რეკვაში, რომ მისმა ხმამ სადღაც სიღრმეში გადაინაცვლა. მხოლოდ გამთენიისას გამოღვიძებულები, გაოფლილები თუ აცნობიერებდნენ, რომ რაც თავი ახსოვდათ, ზარიც რეკავდა და რეკავდა ერთისა თუ მეორის თავში. ეს იმდენი თვის მანძილზე გრძელდებოდა, რომ ხმის ნაცვლად ერთგვარი მეტახმა ჩაესმოდათ, რომლის გაძლიერება თუ შესუსტება შეკუმშული ჰაერის ტალღების მოძრაობაზე კი აღარ იყო დამოკიდებული, არამედ ბგერების გაცნობიერების ხარისხზე – მის ზრდასა და კლებაზე. გაცნობიერების უნარი განსაკუთრებით უმახვილდებოდათ ასეთ დროს, როცა თავად ამინდიც კი ერთობ უხასიათოდ გახლდათ. სასადილო ოთახში მუხლებზე დამდგარი ინიდი, რომელიც ერთიმეორის მიყოლებით აღებდა უჯრებს და სარდაფში პინგ-პონგის მაგიდის საბედისწერო ზედაპირს მიშტერებული ალფრედი – ორივე გრძნობდა, რომ სადაც იყო, გული გაუსკდებოდა მღელვარებისგან.

ღელავდნენ სუპერმარკეტის კუპონებიც – იმ უჯრაში, სადაც შემოდგომის დახვეწილ ფერებში გადაწყვეტილი სანთლები ეწყო. სანთლები რეზინის ზონრით შეეკრათ. ინიდმა აღმოაჩინა, რომ კუპონებს ვადა მრავალი თვისა და წლის წინ გასვლოდა (თარიღი ხშირად სახელდახელოდ შემოხაზულ წითელ წრეში წერია ხოლმე). ასიოდე კუპონი, რომელთა საერთო ღირებულებაც სამოც დოლარს აღემატებოდა (ჩილტსვილის სუპერმარკეტი ღირებულებას აორმაგებდა და, სავარაუდოდ, ას ოც დოლარად ჩათვლიდა), საბოლოოდ გაუფასურებულიყო. „ტილექსი“ – სამოცი ცენტით იაფი. „ექსედრინი“ – დოლარით იაფი. ყველაფერი – დიდი ხნის წინ ვადაგასული. ისტორიული თარიღებით.

განგაშის ზარი წლების მანძილზე რეკავდა.

კუპონები უკანვე ჩააბრუნა, სანთლებთან, და უჯრა დაკეტა. იმ დაზღვეულ წერილს ეძებდა, რამდენიმე დღის წინ რომ მოვიდა. ალფრედმა გაიგონა, როგორ აკაკუნებდა ფოსტალიონი კარზე და ყვიროდა: „ინიდ! ინიდ!“ ის კი ვეღარ გაიგონა, ქალმა რომ დაუყვირა: „მე გავაღებ, ალ!“ ცოლს ისევ ეძახდა, თან მისკენ მიდიოდა. ჰოდა, რადგან წერილი კორპორაცია „ექსონს“ (24, ისტ-ინდასტრიელ-სეპნტაინი, შუენკსვილი, პენსილვანიის შტატი) გამოეგზავნა და რადგან იმედი ჰქონდა, რომ „ექსონთან“ დაკავშირებულ ამბავზე ქმარზე მეტი იცოდა, წერილი სასწრაფოდ დამალა იქვე, კართან ახლოს. სარდაფიდან ამოსულმა ალფრედმა ექსკავატორის ხმით დაიღრიალა: „ვიღაცაა კართან!“ ქალმა ნაზად წამოიყვირა: „ფოსტალიონი! ფოსტალიონი!“ კაცი კი დაბნეულობისგან თავის ქნევას მოჰყვა.

ინიდი დარწმუნებული იყო, უსიამოვნო აზრები გაეფანტებოდა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ რომ არ ეკითხა საკუთარი თავისთვის, ნეტა ალფრედი რაზე ფიქრობსო. თუმცა რაც უნდა მოენდომებინა, ქმარს ცხოვრების მიმართ ინტერესს მაინც ვერ გაუჩენდა. როცა მხარში ამოდგომა მოინდომა და უთხრა, იქნებ მეტალურგიას დაუბრუნდეო, კაცმა ისე შეხედა, თითქოს ჭკუიდან გადასულიყო. როცა ჰკითხა, ეზოში რაღაც-რაღაცების შეკეთება ხომ მაინც შეგიძლიაო, კაცმა უპასუხა, ფეხები მტკივაო. როცა შეახსენა, ყველა ჩემი მეგობრის ქმარს რაღაც ჰობი აქვსო – დეივ შუმპერტი ვიტრაჟებს ამზადებს, კერბი რუტი ჩიტბატონებს უშენებს ნატიფ სახლებს, ჩაკ მეისნერი კი ყოველ საათში ერთხელ ამოწმებს ფასიანი ქაღალდების პორტფელსო – ალფრედმა ჩათვალა, რომ ცოლი ცდილობდა, მისი ყურადღება რაღაც დიდი საქმისთვის მოეწყვიტა. და რა საქმე იყო ეს? ვერანდის ავეჯის გადაღებვა? პატარა მოწნული დივნის შეღებვა შრომის დღეს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა. როგორც ინიდმა გაიხსენა, ავეჯი ბოლოს რომ გადაღება, ამ დივანს მისმა ქმარმა მხოლოდ ორი საათი მოანდომა. ახლა კი დილაობით განმარტოვდებოდა ხოლმე სახელოსნო კუთხეში და ერთი თვის შემდეგ ქალმა რომ გაბედა და სარდაფში შეიხედა – ერთი ვნახო, რას აკეთებსო – აღმოაჩინა, რომ დივანს მხოლოდ ფეხები ჰქონდა შეღებილი.

ჩანდა, რომ მისი წასვლა უნდოდა. უთხრა, ფუნჯი მიშრება ხოლმეო, აი, ამაში მეკარგება დროო.

წნელისთვის ძველი საღებავის გაცლა მოცვის გაფცქვნას ჰგავსო. ისიც უთხრა, აქ ჭრიჭინები არიანო. უცებ ქალს სული შეეხუთა, ალბათ სახელოსნო კუთხის ნესტისა და ბენზინის სუნის ნარევი იყო, შარდის სუნს რომ აგონებდა (შარდისა როგორ უნდა ყოფილიყო?!). სწრაფად ამოირბინა კიბეზე და „ექსონისგან“ მიღებულ წერილს დაუწყო ძებნა.

კვირაში ექვსი დღის განმავლობაში მრავალი წერილი ვარდებოდა კარის ჭრილში – რამდენიმე ფუნტი მაინც; და რადგან ქვედა სართულზე შემთხვევით მოხვედრილი რამეები არ გროვდებოდა ხოლმე – ამ სახლში ცხოვრების ფანტასტიკური ამბავი ხომ ის იყო, რომ აქ არავინაც არ ცხოვრობდა – ინიდი მნიშვნელოვანი ტაქტიკური ამოცანის პირისპირ აღმოჩნდა. თავი პარტიზანად ვერ წარმოედგინა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ პარტიზანი იყო. დღისით საბრძოლო მასალა საწყობიდან საწყობში გადაჰქონდა, ხშირად მხოლოდ ცალი ფეხით ასწრებდა მმართველ ძალას. ღამით სამზარეულოს მეტისმეტად პატარა მაგიდასთან მიმჯდარი, მომხიბვლელი, თუმცა კი ერთობ დაბურული სანათის შუქზე, სხვადასხვა ქმედებას ასრულებდა: გადასახადებს იხდიდა, ჩეკის წიგნაკებსა და ბალანსს ამოწმებდა, ცდილობდა გაეშიფრა ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ჩანაწერები და აზრი გამოეტანა სამედიცინო ლაბორატორიიდან მიღებული, მუქარის შემცველი მესამე გამაფრთხილებელი წერილიდან, ოცდაორი ცენტის დაუყოვნებლივ გადახდას რომ ითხოვდა. იქვე ისიც აღენიშნათ, რომ ანგარიში გასწორებული ჰქონდა, ამრიგად, ერთი ცენტიც არავისი ემართა. თან არც ეწერა, ეს თანხა სად უნდა ჩაერიცხა. პირველი და მეორე გამაფრთხილებელი წერილები ალბათ სარდაფის რომელიღაც კუთხეში ეყრებოდა და იმ მუდმივი დაძაბულობის გამო, რომლითაც ინიდი თავის კამპანიას ატარებდა, მხოლოდ სულ მცირე წარმოდგენა თუ ჰქონდა იმის თაობაზე, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს წერილები. იქნებ ეჭვი გასჩენოდა, სასტუმრო ოთახის კარადაში ხომ არ აწყვიაო, მაგრამ მმართველი ძალა, ალფრედის სახით, ამ დროს საინფორმაციო გადაცემის ყურებით იქნებოდა გართული, თან ხმას ბოლომდე აუწევდა, რომ არ ჩასძინებოდა, სასტუმრო ოთახსაც ერთიანად გააჩახჩახებდა; გარდა ამისა, კარადის კარის გაღებისას, დიდი ალბათობით, კატალოგები და „ჰაუს ბიუთიფულის“ ნომრები გადმოცვივდებოდა, „მერილ ლინჩის“ ბიულეტენებთან ერთად, ეს ყველაფერი კი უდავოდ ალფრედის რისხვას გამოიწვევდა. შეიძლებოდა გამაფრთხილებელი წერილები იქ სულაც არ ყოფილიყო – მმართველი ძალა ხომ დროდადრო თავს ესხმოდა ხოლმე ქალის საწყობებს, ემუქრებოდა, ყველაფერს გადაგიყრი, თუ კარგად არ მოუვლიო. ის კი ამ თავდასხმების თავიდან აცილებას უფრო ცდილობდა, ვიდრე რაიმეს მოვლასა და მოწესრიგებას. არაერთი იძულებითი მიგრაციისა და დეპორტაციის გამო წესრიგის ნასახიც კი აღარსად დარჩა, ჰოდა, „ნორდსტრომის“ შემთხვევით არჩეული პარკი, პლასტმასის სანახევროდ აწყვეტილი ცალი ყურით, იატაკზე ჩამოშვებულ ზეწრის არშიას ამოფარებოდა და დევნილობის მთელ სევდას გულით ატარებდა – „გუდ ჰაუსქიფინგის“ ნომრებს, 40-იან წლებში გადაღებულ ინიდის შავ-თეთრ ფოტოებს, მაღალი მჟავიანობით გამორჩეულ ქაღალდზე ჩაწერილ რეცეპტებს, სალათის მომჭკნარ ფურცლებს რომ ითხოვდნენ, მიმდინარე თვის გაზისა და ტელეფონის გადასახადების ქვითრებს, სამედიცინო ლაბორატორიიდან გამოგზავნილ პირველ წერილს, სადაც ახსნილი იყო, რომ თანაგადამხდელს ყურადღება არ უნდა მიექცია იმ ფურცლებისთვის, რომლებზეც ორმოცდაათ ცენტზე ნაკლები იქნებოდა გამოწერილი, ინიდისა და ალფრედის უფასო კრუიზის ფოტოს, ყელზე ყვავილების ასხმულები რომ ეკიდათ და ქოქოსის თასებიდან წრუპავდნენ სასმელს, და ორივე შვილის დაბადების მოწმობების შემორჩენილ ასლებს. 

მართალია, ინიდის თვალსაჩინო მტერი ალფრედი იყო, მაგრამ პარტიზანად ამ სახლმა აქცია, რომელიც მათ ცხოვრებას საბოლოოდ დაეუფლა. ასეთი ავეჯი უწესრიგობას ვერ იტანდა. მაგიდები და სკამები – „ითან ალენისა“. ბუფეტში – სფოუდის ფაიფური და უოთერფორდის შუშა. სავალდებულო ფიკუსები, სავალდებულო არაუკარიები. მინის ზედაპირიან დაბალ მაგიდაზე – „არქითექჩრელ დაიჯესტის“ მარაოსებურად დალაგებული ნომრები. ტურისტული ნადავლი: ჩინური მინანქრით მოპირკეთებული ნაკეთობები, ვენური მუსიკალური ზარდახშა, რომელსაც ინიდი მოვალეობისა და სიბრალულის გამო დროდადრო სახურავს ახდიდა ხოლმე.

„უცნობები ღამეში“ – ეს იყო მისი მელოდია.

სამწუხაროდ, ინიდის ტემპერამენტი საკმარისი არ იყო ასეთი სახლის მოვლა-პატრონობისთვის, ალფრედს კი ნერვები არ ჰყოფნიდა. მისი მრისხანება და ყვირილი პარტიზანული მოქმედების შედეგის აღმოჩენისას – დღისით-მზისით სარდაფის კიბეზე „ნორდსტრომის“ პარკისთვის ფეხის წამოკვრისას – იმ მთავრობის ყვირილს ჰგავდა, რომელსაც მართვა აღარ შეუძლია. მაინც მოახერხა და კალკულატორს არაფრისმთქმელი რვანიშნა რიცხვები დააწერინა. თითქმის მთელი შუადღე გამოთვლებს მოანდომა – ხუთჯერ იანგარიშა ქალთა სოციალური დაზღვევისთვის გადახდილი თანხა; ოთხჯერ მიიღო სხვადასხვა რიცხვი, ბოლოს კი ერთ-ერთზე (635,78 დოლარი) შეჩერდა, რომელიც ორჯერ უჩვენა კალკულატორმა (სწორი პასუხი 70 დოლარი იყო). ღამით ინიდი თავს დაესხა კარადას, სადაც კაცი საბუთებს ინახავდა და ყველა ქვითარი, ყველა საგადასახადო უწყება გააქრო. ეს უდავოდ დადებითად აისახებოდა ოჯახურ ყოფაზე, ბოლოს საბუთები „ნორდსტრომის“ პარკში რომ არ აღმოჩენილიყო „გუდ ჰაუსქიფინგის“ არცთუ ძველი ნომრების ქვეშ. ისინი სხვა ასეთივე ქაღალდებსაც მალავდნენ – ომმა მოიტანა იმ საბუთების გაქრობის აუცილებლობა, რომლებიც ქალს თავისი ხელით შეევსო. ინიდი უბრალოდ ჩეკს გამოწერდა ხოლმე, ალფრედი კი დაბნეულობისგან თავის ქნევას იწყებდა.

სარდაფში ჩატანილი პინგ-პონგის მაგიდების ბედი ესაა – ბოლოს, სხვა, უფრო სასოწარმკვეთი თამაშების ადგილად აქცევენ ხოლმე. პენსიაზე გასვლის შემდეგ ალფრედმა მაგიდის აღმოსავლეთი მხარე მიისაკუთრა – საბანკო ოპერაციებისა და მიმოწერისთვის. დასავლეთი მხარე ფერად ტელევიზორს დაეკავებინა, რომელშიც ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემის ყურებას აპირებდა, დიდ ცისფერ სკამზე ჩამომჯდარი. თუმცა ახლა სკამი თავისუფალი არ იყო – ზედ „გუდ ჰაუსქიფინგის“ ნომრები, ხილის კანფეტების კოლოფები და ბაროკოს სტილის იაფფასიანი შანდლები ეყარა. ინიდმა დრო ვერ გამონახა, რომ ეს შანდლები წაეღო და მეორადი ნივთების მაღაზიაში ჩაებარებინა. პინგ-პონგის მაგიდა ერთ-ერთი ბრძოლის ველი იყო, სადაც სამოქალაქო ომი ღიად ბობოქრობდა. აღმოსავლეთით ალფრედის კალკულატორი ალყაში მოექციათ ყვავილებით მოჩითულ მართკუთხა ქსოვილებს, ქვაბის თავსახურის ასაღებად რომ იყენებენ, დისნეის თემატური პარკიდან სამახსოვროდ წარმოღებულ პატარა გემებს და ალუბლის კურკის გამოსაცლელ ხელსაწყოს, რომელიც ინიდს ოცდაათი წლის მანძილზე ერთხელაც არ გამოუყენებია. არც ქმარი ჩამორჩა და დასავლეთ ნაწილში, ქალისთვის გაურკვეველი მიზეზით, ნაგლეჯებად აქცია გვირგვინი, ფიჭვის გირჩებისგან, შეღებილი თხილებისა და ბრაზილიური კაკლებისგან რომ შედგებოდა.

პინგ-პონგის მაგიდის აღმოსავლეთით სახელოსნო კუთხე იყო, სადაც ალფრედს მეტალურგიული ლაბორატორია მოეწყო. ამ კუთხეში ახლა დამუნჯებული მტვრისფერი ჭრიჭინების კოლონია ცხოვრობდა. თუ დააფრთხობდი, მთელ ოთახს მოეფინებოდნენ იატაკზე დაყრილი მარმარილოს ბურთულებივით – ზოგი წარმოუდგენელი მიმართულებით გაიჭრებოდა, ზოგი კი ამოტრიალდებოდა და პროტოპლაზმით დამძიმებულ სხეულს ვეღარაფერს უხერხებდა. სულ ფეხებში გედებოდნენ და იოლად იჭყლიტებოდნენ, მათი ნარჩენების გაცლას კი ერთი „კლინექსი“ არ ჰყოფნიდა. ინიდსა და ალფრედს ბევრი რამ აწუხებდათ, რაც უცნაურად, გაუსაძლისად, მეტიც, სამარცხვინოდაც კი მიაჩნდათ.

ჭრიჭინებიც მათ შორის იყო.  

ძველ ელექტრობრძმედზე სქლად დაფენილი ავბედითი წყევლის მორუხო მტვერი და რაღაც გრძნეულების აბლაბუდა, ეგზოტიკური როდიუმით, საბედისწერო კადმიუმითა და ყველაფრის ამტანი ბისმუტით სავსე ქილები, აქუა რეგია-ს ჰერმეტულად თავდახურული ბოთლიდან გამოღწეული ორთქლით გამუქებული, ხელნაწერიანი ეტიკეტებით, და უჯრებიანი რვეული, რომელშიც ალფრედს ბოლო ჩანაწერი თხუთმეტი წლის წინ გაეკეთებინა ‒ მანამ, სანამ უღალატებდნენ... დაზგაზე ისეთი უწყინარი და კეთილგანწყობილი ნივთიც კი ეგდო, როგორიც ჩვეულებრივი ფანქარია, თუმცა ათ წელზე მეტი იქნებოდა, რაც კაცს ამ ადგილას დაედო და წელთა სიმრავლეს მასში რაღაც მტრული გამოეღვიძებინა. ლურსმანზე აზბესტის ხელთათმანები ეკიდა, ზუსტად პატენტის მოწმობების ქვეშ, რომელთა ჩარჩოებიც სინესტისგან დაბერილიყო და დაბრეცილიყო. ბინოკულარულ მიკროსკოპზე ჭერიდან ჩამოცვენილი საღებავის მსხვილ-მსხვილი ნაფლეთები ეყარა. მხოლოდ პატარა მოწნულ დივანზე, ოლიუმის ქილასა და რამდენიმე ფუნჯზე არ იდო მტვერი, ასევე „იუბენის“ ყავის ქილებზე. მიუხედავად მეტისმეტად მძაფრი სუნისა, ინიდმა მაინც ვერ დაიჯერა, რომ ეს ქილები მისი ქმრის შარდით იყო სავსე ‒ აბა, რატომ უნდა ჩაეფსა „იუბენის“ ქილებში, როცა იქვე, რამდენიმე ნაბიჯში, მშვენიერი პატარა ტუალეტი იყო?

პინგ-პონგის მაგიდის დასავლეთით ალფრედის დიდი ცისფერი სკამი იდგა. რბილი სკამი იყო, საგუბერნატორო. ტყავგადაკრულს, სუნი „ლექსუსის“ სალონისა უდიოდა. თანამედროვე, წყალგაუმტარ, სამედიცინო დანიშნულების ნივთს ჰგავდა ‒ ისეთს, სიკვდილის სუნს რომ იოლად მოაცილებ ნოტიო ჩვრით, სანამ მომდევნო პაციენტი დაჯდება და სულს განუტევებს. 

სკამი ერთადერთი ნივთი იყო, რომელიც ინიდის თანხმობის გარეშე შეიძინა. როცა ჩინეთში გაემგზავრა ჩინელ რკინიგზის ინჟინრებთან მოსალაპარაკებლად, ცოლიც გაჰყვა და ერთად წავიდნენ ხალიჩების ფაბრიკაში, სასტუმრო ოთახისთვის ხალიჩის შესაძენად. საკუთარი სიამოვნებისთვის ფულის ხარჯვა არ სჩვეოდათ და ამიტომ ყველაზე იაფფასიანი ხალიჩა აირჩიეს ‒ მუქ კრემისფერ ფონზე „ცვლილებათა წიგნის“ მარტივი ცისფერი სიმბოლოებით. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ალფრედს საპენსიო ასაკმა უწია და „მიდლენდ პესიფიკ რეილროუდიდან“ წამოვიდა, მაშინვე მოინდომა იმ ძველი, სუნდაკრული, შავი ტყავის სავარძლის შეცვლა, რომელში ჩაფლულიც ტელევიზორს უყურებდა და თვლემდა ხოლმე. რა თქმა უნდა, კომფორტული ნივთი სურდა, თუმცა სხვების მომარაგებაში გატარებული ცხოვრების მერე უბრალო კომფორტზე მეტი უნდოდა: ამ მოთხოვნილებისთვის ძეგლის დადგმა. მარტო წავიდა ავეჯის მაღაზიაში, სადაც ფასდაკლებით არაფერი იყიდებოდა, და გამძლე სკამი წამოიღო. მექანიკოსის სკამი. ისეთი დიდი სკამი, რომ შიგ ბრგე კაციც კი ჩაიკარგებოდა. სკამი, რომელიც იმისთვის შექმნეს, რომ წარმოუდგენელი ზეწოლისთვის გაეძლო.

ჰოდა, რადგან ცისფერი ტყავი ჩინური ხალიჩის ცისფერს ეხამებოდა, ინიდს სხვა გზა აღარ დარჩენოდა ‒ სასტუმრო ოთახში მისი ყოფნა უნდა აეტანა.

თუმცა ალფრედს მალევე დაექცა უკოფეინო ყავა მუქ კრემისფერ ხალიჩაზე, გადარეულმა შვილიშვილებმა კი ხან კენკრა მიასრისეს ფეხით, ხან ‒ ფერადი ცარცის ნატეხები. ჰოდა, ინიდმაც იფიქრა, ხალიჩის ყიდვა შეცდომა იყოო. ეჩვენებოდა, რომ ფულის დაზოგვის მცდელობისას მრავალი ამგვარი შეცდომა დაეშვა ცხოვრებაში. ამ ხალიჩის ყიდვას სჯობდა, სულ არაფერი გვეყიდაო ‒ ესეც კი გაიფიქრა. ბოლოს, როცა ალფრედმა თვლემას მოუხშირა, თვითონაც უფრო გამბედავი გახდა. წლების წინ დედამისს მისთვის ცოტაოდენი ფული დაეტოვებინა. ამ თანხას პროცენტებიც დამატებოდა, აქციებს მოგება მოეტანა და ახლა ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. სასტუმრო ოთახი მწვანე და ყვითელ ფერებში წარმოიდგინა. ქსოვილები შეუკვეთა კიდეც. როცა შპალერის გამკვრელი მოვიდა, სასადილო ოთახში ჩაძინებული ალფრედი ისე წამოხტა, თითქოს ცუდი სიზმარი ენახა.

‒ ისევ რემონტი წამოიწყე?

‒ ჩემი ფულით ვაკეთებ, ‒ უთხრა ინიდმა, ‒ ამაზე ვხარჯავ.

‒ ჩემს ფულზე რაღას იტყვი? ჩემს შრომაზე?

ეს არგუმენტი წარსულში ჭრიდა ‒ ასე ვთქვათ, ტირანიის კონსტიტუციური საფუძველი გახლდათ ‒ მაგრამ ახლა ვეღარ გაჭრა.

‒ ათი წელი მაინცაა, რაც ეს ხალიჩა გვაქვს, და ყავის ლაქებსაც ვეღარ ამოვიყვანთ, ‒ უპასუხა ინიდმა.

კაცმა ხელი გაიშვირა ცისფერი სკამისკენ, რომელზეც შპალერის გამკვრელს ცელოფანი გადაეფარებინა და რაღაც ისეთისთვის დაემსგავსებინა, ელექტროსადგურებში სატვირთო მანქანებით რომ მიაქვთ ხოლმე. ეჭვებით გატანჯული ალფრედი კანკალებდა ‒ ვერ იჯერებდა, რომ ქალს დავიწყებოდა, როგორ უცამტვერებდა ხოლმე ქმარი არგუმენტებს, როგორ ეღობებოდა წინ მის გეგმებს. თითქოს რაც კი რამ განეცადა სამოცდაათი წლის მანძილზე, ყველაფერი ექვსი წლის წინ ნაყიდ, მაგრამ მაინც საკმაოდ ახალ სკამში განსხეულებულიყო. კბილები დაეკრიჭა, სახე წამოსწითლებოდა, საკუთარი ლოგიკის სრულყოფილებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

‒ და სკამს რა ვუყოთ? ‒ ჰკითხა ცოლს. ‒ რა ვუყოთ სკამს?

ინიდმა სკამს გახედა. ემჩნეოდა, რომ ცოტა ნაწყენი იყო.

‒ არასდროს მომწონდა ეგ სკამი.

ამაზე საშინელს ალფრედს ვერაფერს ეტყოდა. ეს სკამი ხომ ერთადერთი ნიშანი გახლდათ იმისა, რომ კაცი მომავალზე ზრუნავდა. ინიდის სიტყვებმა ისე ატკინა გული, ისე შეეცოდა ეს სკამი, ისე თანაუგრძნო მას, ისეთი საოცარი დარდი შემოეყარა ამ ღალატის გამო, რომ მაშინვე ცელოფანი მოაცილა, შიგ ჩაეფლო და დაიძინა.

(მოჯადოებული ადგილების გამოცნობას რა უნდა: იქ მოხვედრილებს, სწორედ ასე ეძინებათ). 

როცა ცხადი გახდა, რომ ხალიჩასაც და სკამსაც უნდა დამშვიდობებოდნენ, ხალიჩის შესანარჩუნებლად კაცს თავი არ გამოუდია. ინიდმა უფასო განცხადება გამოაქვეყნა ადგილობრივ გაზეთში და სამოც წელს მიტანებული ერთი ნერვებაშლილი ქალი გამოიჭირა, ვისაც შეცდომების დაშვება ვერ მოეშალა ‒ საფულიდან უწესრიგოდ დახვეული ბანკნოტები ამოიღო და აკანკალებული თითებით შეუდგა მათ გაშლა-გასწორებას.

სკამი? სკამი ხომ ძეგლი და სიმბოლო იყო და სულ ალფრედთან უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ადგილის შეცვლა შეიძლებოდა ‒ აი, ასე მოხვდა სარდაფში და ალფრედიც თან მიჰყვა. ასე გადაინაცვლა ცხოვრებამ მიწის ქვეშ ლამბერტების სახლში, სენტ-ჯუდში და, საერთოდ, მთელ ქვეყანაში.

ახლა ქმრის ხმა ინიდს ზედა სართულზე ესმოდა, უჯრებს რომ აღებდა და კეტავდა. როცა შვილები უნდა ენახათ, კაცი სულ ასეთი აფორიაქებული იყო ხოლმე.

შვილების ნახვა ერთადერთი რამ გახლდათ, რაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

სასადილო ოთახის უნაკლოდ დაწმენდილი ფანჯრებიდან მხოლოდ სრული უწესრიგობის დანახვა შეიძლებოდა. მძვინვარე ქარი, ავბედითი ჩრდილები. ინიდმა სად აღარ მოძებნა კორპორაცია „ექსონისგან“ მიღებული წერილი, მაგრამ ვერსად იპოვა.

ალფრედი დიდ საძინებელში იდგა და უკვირდა, რატომ იყო ღია კომოდის უჯრები, ვინ გააღო, თვითონ ხომ არ გააღო და დაავიწყდა? ამ დაბნეულობის გამოც ინიდი უნდა დაედანაშაულებინა ‒ აბა, სხვა ვინ? დაბნეულობის გამოწვევისთვის. კიდევ იმისთვის, რომ არსებობდა და უჯრების გაღება შეეძლო.

‒ რას აკეთებ, ალ?

კაცი კარისკენ შებრუნდა. კართან მისი ცოლი გამოჩნდა.

‒ მე-ე... ‒ დაიწყო და ვეღარ დაამთავრა.

როცა საგონებელში ვარდებოდა, ყოველი წინადადება თავგადასავალს, უღრან ტყეში დაკარგვას ემსგავსებოდა ხოლმე. თვალწინ უბნელდებოდა და ვეღარ არჩევდა მდელოს, საიდანაც ამ ადგილას მოხვდა. უკან დასაბრუნებლად ნამცეცებს კი ყრიდა, მაგრამ მათ ჩიტები კენკავდნენ ‒ ეს ჩუმი, სწრაფი, მოხერხებული არსებები, რომლებსაც სიბნელეში კარგად ვერ ხედავდა. ისინი კი იმდენნი იყვნენ და თან ისეთი დამშეულები, რომ თითქოს თავად სიბნელედ ქცეულიყვნენ. თითქოს სიბნელე ერთგვაროვანი გამხდარიყო ‒ სინათლის არარსებობა კი აღარ იყო, არამედ რაღაც გაბერილი, უწვრილესი ნაწილაკებისგან შედგენილი. და მწუხარე იყო ეს სიბნელე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბეჯითი ყმაწვილი გახლდათ და ერთ დღესაც მაკკეის შედგენილ ინგლისური ლექსის ანთოლოგიაში სიტყვა „მწუხრს“ გადაეყარა, მაშინვე სხვა სიტყვა ‒ „მწუხარება“ გახსენდა. მერეც, მოწიფულობისასაც, ბინდბუნდს ყოველთვის მწუხარებას უკავშირებდა; ამავე დროს, ის ზემგრძნობიარე ფირიც ახსენდებოდა, დაბალი განათების დროს ფოტოების გადასაღებად რომ იყენებენ; საბედისწერო დაცემაზე, ხრწნაზე იწყებდა ფიქრს... აქედან მოდიოდა უღრან ტყეში გზააბნეული კაცის შიში, ვისთვისაც სიბნელე მზეს გადაფარებული შოშიების სიბნელე იყო, ან მკვდარ ოპოსუმს დახვეული შავი ჭიანჭველების სიბნელე, რომელიც არა მხოლოდ არსებობდა, არამედ გზის გასაგნებად გამიზნულ ნიშნებს ანადგურებდა ‒ იმ ნამცეცებსაც, წინდახედულად რომ დაყარა ბილიკებზე, ვაითუ ტყეში დავიკარგოო. როგორც კი მიხვდა, რომ გზა აებნა, დრო საოცრად შენელდა და წარმოუდგენელი რამ აღმოაჩინა ‒ მთელი მარადისობები იმ უსაზღვრო სივრცეში, ერთ სიტყვას მეორისაგან რომ აშორებდა. ამ სიტყვებშორისი სივრცის ტყვედ იქცა და მხოლოდ ის შეეძლო, რომ მდგარიყო და თვალი ედევნებინა დროისათვის, რომელიც მის გარეშე მიედინებოდა. უგუნური ბიჭი ბრმად, ხელის ცეცებით დადიოდა ტყეში, ზრდასრული ალფრედი კი უცნაური გულგრილობითა და დაძაბულობით ადევნებდა თვალს ‒ უნდოდა ენახა, შეძლებდა თუ არა გულგახეთქილი, გზააბნეული ბიჭუნა, რომელსაც აღარ ახსოვდა, როგორ მოხვდა წინადადების უღრან ტყეში, იმ მდელოზე გასვლას, სადაც ელოდა ინიდი, ვინც საერთოდ არაფერი იცოდა ტყეებზე.

‒ ჩემოდანს ვალაგებდი, ‒ შემოესმა საკუთარი ხმა. სწორი წინადადება იყო. ქვემდებარე, შემასმენელი. წინ მართლაც ჩემოდანი ედო ‒ ესეც მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ტყუილი არ უთქვამს.

ინიდმა კი ისევ უთხრა რაღაც. ოტოლარინგოლოგის თქმით, ცოტა ყურთ აკლდა. ცოლს წყრომით შეხედა ‒ ვერ გავიგეო.

‒ დღეს ხუთშაბათია, ‒ უფრო ხმამაღლა უთხრა ინიდმა, ‒ ჩვენ კი შაბათს მივდივართ.

‒ შაბათს! ‒ გაიმეორა კაცმა. 

მერე ქალი მის ლანძღვას მოჰყვა. მწუხრის ჩიტები მცირე ხნით შეეშვნენ. გარეთ კი ქარმა მზე ჩააქრო და ძალიან აცივდა.  

 

თარგმანი :
  • ირმა ტაველიძე
ავტორი :
  • ჯონათან ფრენზენი