გურამ მაცხონაშვილმა კარგად იცის, რაზეც წერს და რასაც წერს; და რასაც წერს, იგრძნობა, რომ მისი გამოცდილების ნაყოფია.

თანამედროვე ხელოვნებას შეიძლება უამრავი რამ მოშორდეს, მაგრამ ჯერაც შეუძლებელია იარსებოს პირადი ბიოგრაფიისა და გეოგრაფიის გარეშე. გლდანი კი მისთვის ორივეა.

რომანი დინამიკურად იწყება: სამშობიაროს რიგში პურებივით ჩამწკრივებულან ქალები, რომელთაგანაც თითოეულმა სამშობლოს პურივით აუცილებელი „ვაჟი მისი არსობისა“ უნდა აჩუქოს; მშობიარობს საქართველო, თბილისი, გლდანი. იჩეკებიან სისტემის ჯარისკაცები და ფაფუკ ყიფლიბანდებზე მაშინვე მუზარადები ეხურებათ. მაგრამ, როგორც ყველა სისტემას, „გლდანსაც“ ეპარება ხარვეზი სახელად „ამიკო“, რომელსაც მერე მივუბრუნდები.

მაცხონაშვილი თხრობის რამდენიმე ტექნიკას გვთავაზობს, ძირითადად კი მაინც თამთა მელაშვილის სამწერლო ენის გავლენას განიცდის. თუმცა ავტორი ქმნის არა იმ ენის ასლს, არამედ მისგან ოდნავ დაშორებულ მოდელს, რითაც 200-ზე მეტგვერდიან წიგნს, ავად თუ კარგად, მალე გვაკითხებს. თხრობა საგრძნობლად უკეთესია რომანის პირველ ნახევარში, რომელშიც კარგად მუშავდება ტექსტის ურბანული ხაზი: გლდანი აქ არა მხოლოდ მიკროებად დაყოფილი უბანი ან ხიზანიშვილის თუ ქერჩის ქუჩებია თავიანთი განტოტებებით, არამედ ერთგვარი მითიური ლაბირინთი, ხელოვნური, ავტორის მიერ წარმოებული ფოლკლორით. აქ ვხვდებით როგორც კულა გლდანელს – რეალური გლდანური ფოლკლორის ერთადერთ ექსპონატს, ასევე ყურშას – გლდანელ ამალთეას, საბერძნეთში გადახვეწილ მედეასა და აქაურობას ორგანულად შერწყმულ ჩინელ ბოზებს*. ყოველივე ეს ტექსტს რიგ შემთხვევებში იგავურ სახეს აძლევს და გლდანი წარმოგვიდგება, როგორც მიკროსამყარო გადატიხრული დანარჩენი თბილისისგან. მაგრამ ეს არ არის აღმოჩენა და არც მაცხონაშვილი გახლავთ გლდანის პირველი მემატიანე ჩვენს დროებაში. საერთოდაც, „გლდანი“ ლიტერატურული თვალსაზრისითაც ვერ არის სრულიად ახალი სიტყვა; ენა, როგორც ზემოთ ვახსენე, თამთა მელაშვილისგანაა ნასესხები; აკა მორჩილაძის და არჩილ ქიქოძის შემდეგ, ურბანული ხაზის კარგად დამუშავებაც აღარაა გასაკვირი; გეტოებზე ბოლო სამი წელიწადია ცოტნე ცხვედიანიც გველაპარაკება და ხელოვნური პროგრამა თუ ქვეყანა თავისი ხარვეზი პერსონაჟით წლევანდელ დებიუტანტ დათო სამნიაშვილსაც აქვს შექმნილი. თუმცა, რაც მაცხონაშვილის ტექსტს განასხვავებს წინამორბედებისგან – უმთავრესად კი გლდანის მემატიანეებისგან, არის ის, რომ რომანში ეს დასახლება არ წარმოგვიდგება, როგორც უცხო თვალის მიერ აღწერილი ეგზოტიკური მიწა, არამედ ავტორი ცდილობს, გლდანის ფენომენი უპირველესად ადგილობრივი მოსახლის პოზიციიდან გადაიაზროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედოს მას, როგორც გარეშე თვალმა; ამიტომაც არის, რომ თხრობას, რომელსაც არაერთი ნაკლი მოეპოვება, შეძლებისდაგვარად ანეიტრალებს ავტორის გულწრფელობა.

მივუბრუნდეთ ისევ ამიკოს; ამიკო ზემოთ აღწერილი სივრცის შვილია, მისგან ყველა მხოლოდ იმას მოელის, რომ ახალი კულა იყოს, მაგრამ, ის რთულად სამართავი ბიოლოგიური პროდუქტია, რომელიც იმედგაცრუებად, საფრთხედ და ნგრევის წინაპირობად ევლინება „გლდანის“ ავტორებს. ამას პირველი დედამისი ლანა ხვდება, ის თავადაა იმედგაცრუებული და უფრო მეტიც – ვერ პოულობს ძალას, შეიფაროს სისტემისთვის მიუღებელი ელემენტი.

და რა წამს ამიკო გამოგონილ საფრთხედ ფიქსირდება, ის ტექსტიდან ქრება; ქრება მისი მეგობარი და შეყვარებული ბადრიც, რომლის პორტრეტის დასრულებასაც ისევე მიუჯახუნეს ცხვირწინ კარი, როგორც თავად პერსონაჟს. სწორედ ამ მომენტში ირევა თხრობა და დაახლოებით 40-50 გვერდი მაცხონაშვილი დაბნეულია; მასავით დაბნეულია ლანაც, უარყოფილი შვილის უკეთ შესაცნობად, ნანი მორეტის პერსონაჟივით (ფილმი „ვაჟის ოთახი“ ტექსტშიცაა ნახსენები) რომ იზუთხავს მთელ გლდანს თავის იუზერებიანად. მთელ ამ ქაოსს მივყავართ ძალიან სუბიექტური დასასრულისკენ, რითაც ავტორი რომანს ერთგვარ „ტრუმენის შოუდ“ კრავს: „გლდანის“ პერსონაჟებიდან არცერთმა არ იცის, რომ მისი ბედი ასე წინასწარ გაწერილ ბიოგრაფიას მიუყვება, მაგრამ ნელ-ნელა ბიოგრაფიებიც უმართავი ხდება, იშლება მათი კალაპოტები, რაც ქმნის განცდას, რომ ამიკო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხილული წუნია; და შემოქმედმაც კი არ უწყის, თუ რამდენი ამიკოთი არის „დაზიანებული“ მისი პროგრამა.

ტექსტი ჯერ უბან გლდანზე გვგონია დაწერილი, მერე ამიკოზე და მერე ლანაზე, რომელიც შვილს, გაჩენის შემდეგ, ერთხელაც აგდებს. მკითხველს აინტერესებს, თუ სად გაქრა ამიკო, მაგრამ ავტორი არ გვაძლევს საშუალებას, ვიცოდეთ მისი ადგილსამყოფელი და ამიტომაც, მისივე ნებით, ლანას ავედევნებით, შეიძლება იძულებითაც კი. სინამდვილეში ეს არის რომანი ფალსიფიცირებულ პროდუქტზე, წარუმატებელ, ჩანასახშივე შეუძლებელ (რომანის ქვესათაურშიც ეს სიტყვა გვხვდება) პროექტზე სახელად „გლდანი“, რომელიც აქ უშველებელ საძოვარზე, სახნავ-სათესსა და ძველ საფლავებზე დაშენებული ქართული „პრუიტ-აიგოა“. თუმცა, თუკი ამერიკას ეყო ძალა, ეღიარებინა დანაშაული და მისთვის საკუთარი ხელით გამოეყვანა წირვა, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა საქართველო ვერ აღიარებს ამ პროექტის ჩავარდნას. ის უკვე წლებია, მარაზმის ზღვარზე გადის, როგორც „ნიჭიერი“ თუ „ჩემი ცოლის დაქალები“, მწარმოებლები რომ ვერ ან არ წყვეტენ დიდი და რთულად სამართავი აუდიტორიის გამო. გლდანი, როგორც ყველა სხვა აქტიური, მაგრამ ჩანაფიქრს დაშორებული პროექტი, ოდნავღა თუ ეკუთვნის შემქმნელს. ის ვერაღიარებული დანაშაულია – უკვე უმართავი პროცესი, რომელიც კაცმა არ იცის, საით მიექანება.

ამას მაფიქრებინებს გურამ მაცხონაშვილის რომანი „გლდანი“.

 

* და რადგანაც ავტორი დოკუმენტალისტიკის ნაცვლად სწორედ ფოლკლორს ქმნის, მის ადგილას ორიოდე აბზაცს პანკ-ჯგუფის „ვოდკა ვტრაიომ“ პერსონაჟს, „ზაპრავკაზე“ მომუშავე ანზორსაც დავუთმობდი.