იმ დღეს, როცა ვატოს დაბრუნებას ვეღარავინ წარმოიდგენდა, ვატო დაბრუნდა. ის ოთხი წლის წინ გაუჩინარდა, მგონი ფერისცვალების ღამეს. გარემოვაჭრეები და მობირჟავე ტაქსის მძღოლები გამოვკითხეთ, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი გვითხრეს. შემოგარენში მდგომი შენობების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოვქექეთ, თუმცა ვატოს კვალს ვერსად მივაგენით. ალეკო ლაშხის დახმარებით, რომელიც პრეზიდენტის დაცვის აპარატში მუშაობდა და, შესაბამისად, ჩვენს უბანში ყველაზე დიდი კაცი იყო, საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც გამოვაცხადეთ მისი დაკარგვის შესახებ. მახსოვს, კადრშიც კი მოვხვდი – მალხაზის „ოპელ ომეგასთან“ ვიდექი და ვიღაცის მოყოლილ ანეკდოტზე ვიღრიჭებოდი. ჩემნაირ უიღბლოებს კამერა ყოველთვის შეუსაბამო მომენტში აფიქსირებს. ეს იყო ჩემი მეორე გამოჩენა ტელევიზორის ეკრანზე. პირველად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაჟორიტარი კანდიდატის სტუმრობისას დამაფიქსირა კამერამ და მთელმა უბანმა დაინახა, როგორ ვუყურებდი ჩემ წინ მდგომ ლედი ციმაკურიძეს ტრაკზე. სულ ესაა ჩემი დიდების ოთხი წამი.

დილით, როცა ბოლომდე ჯერაც ვერ გამოვსულიყავი იმ საშინელი სიზმრიდან, რომელშიც მაღაზიის გამყიდველს, მანონი გვრიტიშვილს ფეხებზე სქელ და გაყვითლებულ ფრჩხილებს ვაჭრიდი, ის კი – მიძალიანდებოდა, ოთახში მამაჩემი შემოვარდა და დაიყვირა: „ვატო დაბრუნდა“. ის მომენტი გამახსენდა, მილიციელი რო გათავისუფლებას ახარებს ზაზა ნაკაშიძეს და გაბადრული სახით დაუყვირებს სვეშამიო. თვალები მოვიფშვნიტე და პირში დაგროვებული ღამის სიმშრალე ჩავყლაპე.

– რა თქვა, სად ვიყავიო? – ისე მშვიდად ვკითხე, თითქოს ვატო ოთხი წლით კი არა, ოთხი საათით ყოფილიყო დაკარგული.

რა ვიცი, არ მინახავს ეგ მამაძაღლი. ნერსიკამ თქვა, დაბრუნდაო. უნდა გახეთქო ცემაში, ვირიშვილი მაიმუნი.

ნერსიკა, უბნის მთავარი მეწაღე, სამ კვადრატულ ჯიხურშიც ახერხებდა ჰოლივუდის ყველა ფუჩურის პლაკატი დაეტია კედლებზე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველა მეწაღეს, სინამდვილეში, ტერფების ფეტიში აქვს და სწორედ ამიტომ ხდებიან მეწაღეები. ლამაზი ქალების მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების შელამაზება კი მათთვის სამსახური კი არა, სექსუალური თავგადასავალია. ცხელი ზაფხული იდგა, შორტებში ჩავხტი, მაისური გადავიცვი და ნერსიკას ჯიხურისკენ გავვარდი. პირში თითქმის ჩამწვარი სიგარეტი ედო და უხასიათოდ კერავდა მამაკაცის უშველებელ და უშნო საზაფხულო ფეხსაცმელს. უფილტრო სიგარეტის კვამლი მის სახეს და ყურებიდან ბუჩქებივით აღმოცენებულ ბალანს იდუმალების საბურველში ხვევდა.

– გამარჯობა, ნერსიკა ძია.

– გევორქას გაუმარჯოს.

– ნაღდად გამოჩნდა ვატო?

– ნაღდად, მაშ.

– რა თქვა, სად ვიყავიო?

– ცოცხალი თავით არ იძახის. აი, სასამართლოში როა, ხო იცი, სიჩუმის უფლებას იყენებს.

– სიჩუმის კი არა, დუმილის.

– დუმულის… სიჩუმის… ერთი ხუია. არ ლაპარაკობს კაცი და რაც გინდა, ის დაუძახე.

– ახლა სად გდია?

– განყოფილებაში აუყვანიათ, დაკითხვაზე.

– დილით გამოჩნდა?

– ჰო, დილა იყო, – ნერსიკამ მარცხენა ხელით ყვერი გაისწორა, – მე ადრე გავხსენი ბუტკა, ზაირა როა, თორმეტიანში რო ცხოვრობს, მაგის ბასანოჩკები უნდა შემომეკერა, მითხრა დილაადრიანად მჭირდებაო, მეთქი – რა პრობლემაა, ზაირა ჯან. ქუსლს ვაწებებდი, გზიდან ხმა გავიგე, სათვალის ქვეშიდან ავიხედე და ეგ არ მოდის? მე ვთქვი ხო არ გავთაყვანდი. სათვალი გავისწორე, ეგაა. ვააა, მოდი აქ შე მამამიფსმულო, ვუთხარი.

– არ კითხე, სად იყავიო?

– გევორქ, გიჟი ვარ, არ მეკითხა? – ნერსიკამ წებოს სული შეუბერა.

– რა გიპასუხა?

– არსადო. ხუი ივო ზნაეტ, ვერაფერი გავიგე.

ვატოს კორპუსის სადარბაზოსთან შუადღემდე ვიჯექი იმ ხის ქვეშ, რომელსაც ბავშვობაში ბანანის ხეს ვეძახდით იმ უცნაურად მოგრეხილი, მომწვანო-მოყვითალო, პატარა ნაყოფის გამო, რომელსაც ბანანს ვამსგავსებდით. მის ძირში ჩაჭედებულ სკამზე, რომელიც სამ ათწლეულს ითვლიდა, ათი თაობის ბირჟავიკების სახელები და მეტსახელები იყო ამოტვიფრული. მათ შორის გახლდათ ვინმე „ავღანა“, რომლის ვინაობაც არავინ იცოდა. ის იდუმალი ისტორიული ფიგურა იყო, შეიძლება ითქვას, ლეგენდაც კი. ზახარა ამტკიცებდა, რომ ერთხელ ნახა, ამავე სკამთან, ოღონდ ვერ იხსენებდა, ვისთან ერთად. ზახარას სიტყვას არავინ ენდობოდა იმ ტყუილების კორიანტელის გამო, რომელსაც ყოველ საღამოს აყენებდა. მათ შორის იყო ამბავი, თუ როგორ გადააფსა საკუთარი ზურგის უკან ისე, რო ერთი წვეთიც კი არ დასხმია სხეულზე და როგორ მოტყნა ალა პუგაჩოვას ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე არტეკის ბანაკში.

ვატო არ გამოჩნდა, ამიტომაც სახლში წავედი და გზად შევამჩნიე, რომ ნერსიკას უკვე დაეკეტა ჯიხური. სახლის კართან ვიღაც ჰალსტუხიანი კაცი შემხვდა. გიორგი ურიადმყოფელი შენა ხარო? აი, ეს წერილი ჩაიბარეო. უწყება იყო ჯარიდან. „19 ივნისს, 10:00 საათზე გამოცხადდით ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატში საზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებით“. სახელმწიფო ორგანოებთან კარგი დამოკიდებულება არასოდეს მქონდა და ყოველთვის, როდესაც მათთან შეხება მიწევდა, რასაც შეძლებისდაგვარად კარგად ვარიდებდი თავს, მუცელი მტკივდებოდა. მუცლის ტკივილი შუაღამისას გამინელდა და დაძინებაც მხოლოდ მაშინღა შევძელი. 09:00-ზე უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი და იმ ხალხის მოსვლას ველოდი, რომლებსაც ჩემთვის თავისუფლების წართმევა უნდოდათ. მალე ჩემნაირი უიღბლოები შენობის წინ, პატარა მოედანზე შეიკრიბნენ და ცდილობდნენ დაეზეპირებინათ წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებული სიტყვა, თუ რა ძლიერ უნდოდათ, მაგრამ რატომ ვერ ჩადგებოდნენ სამშობლოს სამსახურში.

კომისარი ათი წუთის დაგვიანებით მოვიდა და გვარების მიხედვით გამოგვიძახა. „დედისერთა ვარ, თან ხერხემალი მაქვს გამრუდებული და უკანა კბილები მაკლია, აი, ნახეთ“, – ვუთხარი კომისარს, რომელმაც ზედაც არ შემომხედა და თაბახის ფურცელზე ჩემი სახელის გასწვრივ ჯვარი დასვა. „ეგ ჩემი საქმე არ არის, სამედიცინო შემოწმებაზე მოგხედავენ“.

სამედიცინო შემოწმება უკვე ორჯერ მქონდა გავლილი. მაშინ სასწაულებრივად გადავურჩი თავის გადახოტვრას. „გაიხადე, დედი“, – მითხრა ხინკლის კუჭივით ქალმა, რომელსაც უნდა ავეწონე. გამიმართლა, რომ დილით ლურჯი წინდები ჩავიცვი – ერთადერთი წყვილი, რომელსაც ნახვრეტი არ ჰქონდა თითებთან. სასწორმა 78.9 აჩვენა. „საჯიშე ბუღასავით ხარ, დედი, – მითხრა ქალმა, – უროლოგთან გადადი“. ეს უროლოგი ვიცოდი. ასე, ორმოც წლამდე ქალი იყო, მგონი მადონა უნდა რქმეოდა. ერთხელ მოვახერხე მისგან თავის დაძვრენა, მეორედ – ვერა. არა, ზომას არ ვუჩიოდი და არაფერი, ჩაბანილიც ვიყავი, მაგრამ მაინც მიტყდებოდა. მეთქი არ ამიდგეს ან რამე. მადონამ ყვერები ხელის გულზე შეათამაშა, მაგრამ გადავრჩი – ჩემს ჭუჭუას მაძღარი ანაკონდასავით ეძინა. ვერც გამრუდებულმა ხერხემალმა მიშველა. სტომატოლოგს ვუთხარი, უკანა კბილები საერთოდ არ მაქვს-მეთქი. არაფერს ვაჭარბებდი. მარცხენა მხარეს პაატა ჩანქსელიანის შანტრაპასთან ჩხუბის დროს ჩამომიყარეს კბილები, მარჯვენა ორი კიდე, ღობეს ჩამოვარტყი, როცა პოლიცია წაგვადგა მანაგუას ხარშვის დროს და მეორე სართულიდან გადმოვხტი. „რად უნდა ყარაულს კბილები?“ – მიპასუხა სტომატოლოგმა და გაიღრიჭა. მომდევნო დღეს ისევ კომისარიატთან დამიბარეს, მოხვალთ, მანქანებში შეგსხამთ და ორკვირიან კარანტინში გაგიშვებთო. მეთქი ამათ შიგ ხო არ აქვთ. არც პაციფისტი ვარ და არც პატრიოტი. ომი რო იყოს და ქვეყანა ინგრეოდეს, ალბათ ავიღებდი ავტომატს. ახლა რო ვუფიქრდები, შეიძლება აფხაზეთის ომშიც წავსულიყავი იმ მოხალისე მსახიობივით, გოგოები რო ანძრევენ, მაგრამ ამ მშვიდობის დროს, ყველა რო გულაობს, მე ყარაულად რა პონტში დავდგე-მეთქი. „მამაჩემსაც არავინ ყავს ნაცნობი, რო ხელი წამიკრას. მაგას რაც ის ცეხი დაუკეტეს კომუნისტების მერე, მგონი საერთოდ აღარავინ გაუცვნია“, – ვფიქრობდი გზაში და ამასობაში დაბნელებულიყო კიდეც. თავისუფლების თხუთმეტი საათი იმაში უნდა გამომეყენებინა, რო ეს თავისუფლება არ დამეკარგა. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ქვიშის საათიდან ჩამოვარდნილი ნამცეცების ხმა მესმოდა. ღამის სანათებს უკვე აეკრიფათ სიმძლავრე, მაგრამ გზას არავის უნათებდნენ – ჩვენი უბნისა და ზაფხულისთვის უჩვეულო სიმშვიდე იყო, ქუჩაში კაციშვილი არ დადიოდა. მხოლოდ ერთი ადამიანის ზურგს ვხედავდი დომინოს სათამაშო მაგიდასთან. ცოტა ხანში ჩიხიდან მანქანა გამოვიდა და მისმა შუქმა ამ ადამიანს ნათელი დაადგა. მაშინღა მივხვდი, რომ ეს მარტოსული ადამიანი ვატო იყო, ჩემი ტრუსიკის ძმაკაცი. კორპუსის ლიფტი მეცხრედან პირველამდე ჩასვლას ოცდაორ წამს ანდომებდა. ამ ოცდაორი წამის განმავლობაში ჩვენი შეხვედრის ასზე მეტი მომენტი წარმოვიდგინე და როცა მივუახლოვდი, თითქოს ტვინიდან ლექსიკონი ამომაცალეს, სიტყვა ვერ დავძარი. ერთმანეთს ისე არ შევხვედრივართ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმაკაცებს შეეფერებათ. უცნაური განცდა მქონდა. დარწმუნებული ვარ, იმასაც. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ეგ იყო და ეგ. ვატო სხვანაირი ტიპი გამხდარიყო – უაზროდ იცინოდა და თვალებს ახამხამებდა. ერთ დროს უბანში ყველაზე კარგი მოფინტავე და უძლიერესი დარტყმის პატრონი, როგორც ჩანს, მუხლს იტკიებდა.

– შიგ ხომ არ გაქვს, შეჩემა, სად იყავი?

– კაი, გააჯვი, გიო. ნუ შემეცით...

– მოიცა, პირველი არ ვარ, ვინც ამას გეკითხება? – ვუთხარი და ორივემ სიცილი ავტეხეთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხბურთის ამბები გამომკითხა. ჰენრიკ ლარსონი ისევ თამაშობსო? რაღა დროს ლარსონია, შეჩემა, მოედანზე მიაკითხა სოც. უზრუნველყოფამ და პირველი პენსია გადასცა-მეთქი. ოლივერ კანიო? ეგ შვილთაშვილს ელოდება დღე-დღეზე, აგერ, ჩაფიძეში უწევს რძალი-მეთქი. აბა, ვინღა დარჩაო? მეთქი ზიდანი, ოღონდ მწვრთნელად. ვაა, ნუ გაატრაკეო. მერე მაკაზე მკითხა, რას შვრება, როგორ არისო. მაკაზე ყველანი ვანძრევდით ბაღის სარდაფში. თან, ამას ერთად ვაკეთებდით, სინქრონში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვატოს სიგიჟემდე უყვარდა. ისე, არასდროს უღიარებია, ჩემთანაც კი. როცა მაკას ორი შვილის და პოლკოვნიკი ქმრის შესახებ ვუთხარი, კიდევ უფრო არაბუნებრივად გაიცინა.

– ბიჭო, შენი დახმარება მჭირდება.

– მეთქი მოვენატრე და იმიტო მოვიდა…

– ეე, ნუ გაახურე, ყელამდე მძღნერში ვარ. რო არ დამეხმარო, დავიღუპები.

– მითხარი მერე, რას ბუქსაობ.

– ბიჭო, ხვალ ჯარში უნდა გამაქანონ.

– ისევ იმ ძღრენის ბოჩკამ დაგიბარა?

– ხო.

– მე რა უნდა გიშველო?

– ვატოია, უნდა მითხრა, სად დავიმალო. აი, ხო ხვდები რა… მითხარი შენ სად იყავი და მეც იქ დავიმალები.

ფიქრი ვატოს ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაშინ ძალიან დიდხანს იფიქრა, ორჯერ ამოიხვნეშა კიდეც.

– დარწმუნებული ხარ?

– ასი პროცენტით.

– მერე დედაშენი? მამაშენი?

– გადაწყვეტილია უკვე.

– გიო, იოლი არ იქნება, იცოდე.

– ვიშკაზე დგომას ხო აჯობებს.

– რა ვიცი, აბა. აჯობებს რო? ... კაი, შენი ნებაა, ძმაო.

ვატომ ყველაფერი დაწვრილებით ჩამოალაგა, რჩევები მომცა, ბოლოს გადამეხვია და ღმერთი შენკენო – მითხრა. შუაღამისას, სახლიდან გამოსვლამდე ჩემი საფეხბურთო პლაკატების კოლექციას გადავავლე თვალი. იოლ გზაზე არ მივდიოდი და ვიფიქრე, რამე წამეღო თილისმად. პირველი, რაც თვალში მომხვდა, პატარა ლომი იყო, რომელიც ბავშვობაში ქინდერში ამომივიდა. მშობლების ოთახში შევიხედე. გულჩვილი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამეები ფილმებში მქონდა ნანახი და ვიფიქრე, ეტყობა ასეა საჭირო-მეთქი. მამაჩემს თავთან ორიენტის ძველისძველი მაჯის საათი ედო, რომლის წიკწიკმაც გული გამიწვრილა და ყელში ბურთულა გამეჩხირა. რკინის კარი უხმოდ გამოვიხურე და ოცდაორი წამის შემდეგ ქუჩაში აღმოვჩნდი. ყველაფერს ისე ვასრულებდი, როგორც ვატომ დამარიგა: კორპუსებთან ახლოს დავდიოდი, რო ვერავის დავენახე. კეპი მეხურა და თავჩახრილი მივდიოდი. აფთიაქებს, ბანკის ფილიალსა და სუპერმარკეტს, რომლებზეც სათვალთვალო კამერები იყო, გვერდი ავუარე. „გზაში სიგარეტი არ მოწიო, – მითხრა ვატომ, – სიბნელეში ყურადღებას იქცევს“. ნერვიულობისგან გული ყელში ამომივიდა. კუკიას სასაფლაომდე მისასვლელად საათ-ნახევარი დამჭირდა. ეკლესიის სატრაპეზოსა და მიტოვებულ ქარხანას შორის მიმავალ ბილიკს ავუყევი და წითელ, ბორბლებჩაფუშულ და შუშებჩამსხვრეულ ჟიგულისთან გავჩერდი, ზუსტად ისე, როგორც ვატომ მითხრა. გვერდითა საფლავზე დაწერილი სახელი და გვარიც დაემთხვა მის ნათქვამს – ვანიკო მაჩაბელი. საფლავთან ჩამოვჯექი და ანთებული ფარანი, როგორც დარიგებული ვიყავი, საფლავზე გამოსახულ ახალგაზრდა კაცს სახეში მივანათე. რამდენიმე წამში, ჩემ ზურგს უკან მდგომი წითელი „ჟიგული“ დაიქოქა. ძალიან მინდა იმის თქმა, რომ შარდი არ გამპარვია, მაგრამ ტყუილი რა საჭიროა. რის ვაივაგლახით გავბედე და მანქანას მივუახლოვდი. საჭესთან შუახნის ქალი იჯდა, რომელსაც თმაში ჭაღარა ერია და სარკეში იყურებოდა.

– თქვენ ის ხართ, ვისაც ჩემი გადამალვა შეუძლია?

ქალმა გამომხედა და კბილიდან საჭმლის ნარჩენი ნეკა თითით გამოიღო.

– არა, ის არ ვარ, მაგრამ მეც შემიძლია. მე მკვდრების გადაყვანაზე ვმუშაობ. იმან ვერ მოიცალა, მთხოვა და ჩავანაცვლე. ის ჩელუსკინელებიდან გადის ხოლმე. მე იქ არ ვჩერდები. იქაურ პატრულებთან ცოტა ვერ ვარ.

– მე მკვდარი არ ვარ.

– ვითომ? – მკითხა და დამაკვირდა, როგორ მეყინებოდა სახე. – კარგი, გეხუმრები, რა დაგემართა. ამ საჯიშე ბუღასავით კაცს რა მოგკლავდა. დაჯექი.

– ამით მივდივართ? ბორბლები ჩაფუშულია.

– მეტსაც  გეტყვი, მატორიც დასტუკებული აქვს.  ვულკანიზატორი ხარ თუ დეზერტირი? დაჯექი, ჰა, გვეჩქარება.

ქვაფენილს ჩავუყევით. მიკვირდა, როგორ არ იღვიძებდა ხალხი ამ ხმაურზე. საბჭოს მოედანზე რო ჩავედით, ქალმა რუბიკის კუბიკი გამომიწოდა. „აჰა, გაერთე“, – მითხრა. ბავშვობაში ამ საქმეში ძლიერი ვიყავი. ერთხელ ოლიმპიადაზეც კი უნდა წავეყვანე კლასის დამრიგებელს, მაგრამ ფილტვების ანთება დამემართა და ჩავწექი. კუბიკის აწყობას სამი წუთი მოვანდომე და ქალს გავუწოდე – „ადრე ცხრამეტი წამი მჭირდებოდა“. „ცხრამეტ წამს დამთქნარებას ვანდომებ, შეკაცო. დააგდე მანდ“. ფანჯარაში გავიხედე, საიდანაც უცხო ხედი იშლებოდა. ეს ნაღდად არ იყო თბილისი. შეუძლებელია, საბჭოს მოედნიდან ორი წუთის სავალზე ისეთ მიდამოში აღმოვჩენილიყავი, რომელიც არ მეცოდინებოდა.

– სად ვართ?

– ციურის ავიახაზები მადლობას გიხდის ჩემთან ერთად მგზავრობისთვის.

მანქანა ალაყაფთან გააჩერა და მრავალსართულიანი, ჩაბნელებული სახლისკენ გამიძღვა, რომლის მხოლოდ ერთ ფანჯარაში ბჟუტავდა შუქი. „რობიზონ, დააძინე ეს კაცი“, – უთხრა ციურიმ და ჟანგიანი მაცივრის თავიდან ვაშლი აიღო. რობიზონი საწოლიდან წამოდგა, ფეხები ჩაკეცილ ფეხსაცმელებში წაყო, ხრინწი ამოიღო და ხელით მანიშნა, გამომყევიო. გრძელი დერეფნის ბოლო ოთახის კარს გასაღები წვალებით მოარგო და კარი შეაჭრიალა. ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, არც სკამი იყო, არც კარადა, არც მაგიდა. კედლიდან გადმოშვერილ ონკანს ქვეშ არც ნიჟარა ედგა და არც ტრაპი ჩანდა სადმე.

– შუქი არ აანთო, დაიძინე, ხვალ გაგაფორმებთ, მაიტა შენი ტელეფონი, – დანაწევრებით მითხრა, ზუსტად ისე, როგორც დეპეშებს აგზავნიდნენ ხოლმე.

– ტელეფონის ქონა არ შეიძლება?

– აქ ტელეფონი ჯერ არ გამოუგონიათ, ოქრო.

– ბატონო რობიზონ, ეს რა ადგილია?

– ესა? ეს ჭორბიუროა.

– ბოდიში, უკაცრავად, შეიძლება უაზრობას გეკითხებით, მაგრამ ეს საქართველოა?

– საქართველო? – რობიზონი დაფიქრდა, – საქართველოა, მა რა ჩემი ყლეა.

დილით კარზე ბრახუნმა გამაღვიძა. „ადე, ბიჯოუ, ნაჩალნიკი გიცდის“. დერეფანში უამრავი ხალხი ირეოდა. „ნავიჩოკს გაუმარჯოს“, – მომაძახა ერთმა ცალთვალამ, რომელსაც ტანზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და პირში კბილის ჯაგრისი ედო. რობიზონმა მითხრა, შედი, პირი დაიბანეო. მერე დავიბან-მეთქი. რა მერე, ნაჩალნიკთან წირპლიანს არ შეგიყვანო. ნაჩალნიკს ადიდასის ჟაკეტი ეცვა. კაბინეტში რო შევედით, ახალ ამბებს უყურებდა. „რობო, ნახე რა ჯიგრულად მოვარტყით?“ – უთხრა დარაჯს და გადაიხარხარა.

– დაჯექი და შენი სახელი მიბოძე.

– გიორგი.

– გვარი ლომბარდში გაქვს? – ლამის ჩაბჟირდა თავის ხუმრობაზე.

– გიორგი ურიადმყოფელი.

– რამდენი წლისა ბრძანდები, ურიადმყოფელო?

– ოცის.

– ყლეზე ამომაცოცდი, – უფრო ჩაბჟირდა.

– ეგ ას ოცზეა, – შევუსწორე.

– გეხუმრები, ბიჭო, რა ნახეთ, რა ფეხზე ადექით დღეს. რას იღრინებით ყველანი.

– რობიზოოოონ! – დაიყვირა და დარაჯმაც მალევე შემოაღო კარი.

– ლაურას კამპოტი დაგვრჩა?

– ორ ბოთლს ვაციებ მაცივარში.

– მაიტა მერე, ყელი ჩავიგრილ-ჩავიკოკლოზინოთ. წუხანდელი ჟიპიტაურის მერე მძღნერის გემო ვერ გავიყვანე პირიდან.

– რობიზონმა, ემ წუთშიო, თქვა და კარი გაიხურა, მაგრამ აღარ შემოსულა.

– მე მირიანი ვარ, აქაურობის უსტაბაში. გამახსენე, შენ რა გქვია?

– გიორგი.

– გიუშკი, შვილი, იცი აქ რასაც ვმოღვაწეობთ?

– არა, არ ვიცი.

– ჭორებს ვიგონებთ, – მითხრა ჩურჩულით და მაშინღა გამახსენდა რობიზონის ნათქვამი.

– ეგ როგორ?

– როგორც დაგიბარებია. ჭორებს და მითებს ვიგონებთ. მერე, ამ შეკმაზულ მითებს ვაგზავნით ვისთანაც საჭიროა იქაურ საქართველოში. ჩვენი აგენტები ავრცელებენ ავტობუსებში, მეტროში, ბირჟებზე, მიტინგებზე.

– თქვენი აგენტები ვინ არიან?

– ძირითადად ხნიერი ქალები. ყვითელ მარშრუტკებში ხმამაღლა ვინც ლაპარაკობს, ჩათვალე, ჩვენი აგენტია. და, რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლები. ისე, აგენტების დრო მიდის, ინტერნეტის დრო დგება. რამდენიმე კარგი საიტი გვაქვს, ლიწინ-ლიწინით იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. 

უცებ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

– ახლა მე შენ ერთ კაი ჭაბუკს მოგამაგრებ და ის ყველაფერში გაგარკვევს. ზოგადი ამბავი კი ეგეთია: ვმუშაობთ დილის შვიდიდან ექვსამდე, სამჯერადი კვებით. სადილი 3 საათზეა. დუშის მიღება 3 დღეში ერთხელ სავალდებულოა. დანარჩენში პაპუნა გაგარკვევს.

პაპუნა 17 წლის ყოფილი ნარკომანი აღმოჩნდა. ნარკომანი რა, ნემსი არ გაუსინჯავს, მაგრამ ტაბლეტებს ყლაპავდა ოხრად. ეს რა არის-მეთქი, კედელზე გამოკრულ ფოტოებიან დაფაზე ვკითხე. „ეგენი აქაური ხუთოსნები არიან, ყველაზე მაგარი ჭორიკნები. ვარსკვლავებს თუ დაითვლი, მეჭეჭები რო ამოგივა, ეგ ამბავი ხო იცი? აი, იმის მოგონებულია, სუ თავში როა. მაგის ქვეშ გენადი საღარაძეა. მაგან მოიგონა, რო წვიმის დროს ხეებისგან სამ ჯვარს თუ გააკეთებ, წვიმა შეწყდება. ისიც მაგისია, ლოკოკინას თუ ფეხს დააბიჯებ, წვიმა რო წამოვა. მოკლედ, ეგ მეტეოროლოგიურ ამბებზე მუშაობდა. ლურჯსაროჩკიანი კოლია ესებუაა – მაგას საპატრიარქოს კრუპნი შეკვეთა ქონდა. მიცვალებულის სურათთან რო მარტო თხუთმეტლარიანი კელაპტრის დანთება შეიძლება, მაგის მოფიქრებულია. ჟორა ფირცხელანმა, აგე, სუ დაბლა, თხის წვერი რო აქვს, ხმა გაავრცელა, აინშტაინი ოროსანი იყოო. კაიფობ, რა ძმაა? ჰო, და ისიც მაგისია, რო ბერლინის კედელი შევარდნაძის დანგრეულია“.

– ნუ გაატრაკე. ის ვინ არის? კლეჩატი საროჩკა რო აცვია.

– აა, ხო. ეგ  ერეკლე ისაკაძეა. ის ამბავი გახსოვს? სააკაშვილმა რო სამი კილო კაიმაღი ჭამა.

– ტრაწი რო დაემართა?

– ჰო. ეტა ივო რუკ ძელა. ძელა რუკ მასწერა. ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოიფიქრა. მაგარი კუში მოვხსენით.

მაშინ მივხვდი, რო ზღაპრულ მძღნერში აღმოვჩნდი. დრო ისე ნელა გადიოდა, როგორც ზესტაფონი – ფოთის კოლხეთის თამაშის დროს. დილით გვაჭმევდნენ მოხარშულ კვერცხსა და ხაჭოს. თუ გაგვიმართლებდა, თაფლსაც. შუადღეს უხორცო წვნიანი იყო და საღამოს შავ პურზე გადასმული თაფლიანი კარაქი. ხანდახან მაკარონი და ლობიოც გვქონდა, შეკვეთების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. დავით თარხან-მოურავის წარმომავლობაზე იმხელა მაყუთი ჩამოვხსენით, ორი კვირა თევზეულს ვჭამდით.

მშობლებზე ხშირად ვფიქრობდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველი საათის მიწურულს ათწუთიანი შესვენება გვქონდა და უკანა ეზოში ვეწეოდი ციურის მოტანილ უფილტრო სიგარეტს. როცა წარმოვიდგენდი, როგორ დადიოდა დედაჩემი ჩემი ფოტოთი ხელში და ხალხს ეკითხებოდა, ნანახი ხო არ ვყავდი, ცრემლების შეკავება მიჭირდა. მაგრამ იმაზე ფიქრი უფრო მაგიჟებდა, რო დამივიწყეს და თავიანთი ცხოვრება გააგრძელეს. იქნებ ჩემი პლაკატების კოლექციაც გადაყარეს? აქ ზუსტად შვიდი წელი უნდა გამეტარებინა. მერე ოცდაშვიდის გავხდებოდი და ჯარის პრობლემაც მოიხსნებოდა. დეზერტირობა კი მეტენებოდა, მაგრამ მაგაზე ფიქრი ჯერ ნაადრევი იყო. უძილობა მაწუხებდა, რადგანაც ფეხებთან არ იწვა ჩემი ძაღლი, როქსანა პეტროვნა. აქ ფეხბურთზე ლაპარაკი აკრძალული იყო, ამიტომაც ინტერესი მკლავდა, რა ქნა „ბაიერნმა“ ლიგაზე. პერიოდულად აქაურ დამლაგებელს თითო მუჭა მათეთრებელს ვთხოვდი. ასე ვიხსენებდი ჩემი საძინებლის სუნს. აქაური ამბები მართლა საათივით იყო აწყობილი. ეს კანტორა დღეში ორასამდე ჭორსა და მითს აგროვებდა, რომელსაც დირექტორი არჩევდა და დღეში ხუთ საუკეთესოს აგზავნიდა იქაურ საქართველოში. ამ მითებს კი ოსტატურად ავრცელებდნენ პოლიტიკური პარტიის კოორდინატორები, აქციებზე მისული ადამიანები, ტაქსის მძღოლები, ეკლესიის მაღაზიებში მოვაჭრე ქალები. იყვნენ ისეთებიც, ვინც მთელ დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარებდა, ხაზიდან ხაზზე გადადიოდა და ახალ-ახალ მითებს ყრიდა გზადაგზა. ხან გვერდით მჯდომს გამოელაპარაკებოდა ხმამაღლა, ისე, რომ მთელ ავტობუსს გაეგო და ასე შოულობდა ბონუსებს. ისეთი აგენტებიც ყავდათ, ორღობის ტელევიზიებში რო იწვევენ და იქიდან ქადაგებდნენ ჩვენს ნააზრევს. ამ შენობაში სულ ორას რვა ოთახი იყო – რვა პერსონალის, დანარჩენები კი ჩვენთვის, ფუტკრებისთვის. თითო ოთახში მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა ეცხოვრა, რო გონება არ გაქცეოდა და ღამითაც მეორე დღის შესასრულებელ გეგმაზე ეფიქრა. ვინც ყოველდღიურად ათ მითს არ მოიგონებდა, ტუალეტების ხეხვა უწევდა. ძირითადად პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის შეკვეთებს ვასრულებდით. როგორც აქ მითხრეს, ის გენიალური მითიც აქ დაიბადა, „კოკა-კოლით“ რო უნიტაზებს ხეხავენ. „პეპსის“ შეკვეთა ყოფილა, რა თქმა უნდა. თანამშრომლებზეც ვერაფერს დავიჩივლებდი. საერთო ჯამში, ასატანი ხალხი იყო. ხანდახან კოცონის პირასაც კი ვიკრიბებოდით ხოლმე და აქაურობის უხუცესის, შუქრი დარსაველიძის აკორდეონით ვერთობოდით. შუქრი ძველი დამკვრელი იყო, ათას ქორწილზე გადამხტარი. ამბობდა, ხუთი ქორწილის შაბაშით ახალი „მოსკვიჩის“ ყიდვა შემეძლოო. აქ ყველაზე სტაჟიანი იყო. ზვიადი რო გადააგდეს, კიტოვანის ბანდიტებს გამოქცევია. ვერ ვიტყვი, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით-მეთქი, მაგრამ ხანდახან ეგეთი ატმოსფეროც იქმნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. მითების თხოვებაც მოსული პონტი იყო. ერთი-ორი მიგაკლდებოდა? გათხოვებდა ვინმე და მაშინ დაუბრუნებდი, როცა მუზა მოგაწვებოდა. მხოლოდ რობიზონა ტყნავდა ტვინს, ციურის მსგავსი გადამყვანებისთვის დაბარებული პროდუქტებიდან, რაც კონტრაბანდად ითვლებოდა, წილი უნდა მიგეცა, თორემ დირექტორთან დაგაბეზღებდა. თუმცა, ერთი საერთო მაინც აღმოვაჩინე მაგ პარაზიტთან – იმასაც ქინდერის ლომების კოლექცია ჰქონდა. ორი წლის შემდეგ, ჩემს ანგარიშზე ჩვიდმეტი ვარგისი ჭორი იყო. თუმცა საპატიო დაფაზე მაინც ვერცერთხელ ვერ მოვხვდი. ყველაზე მეტად ვამაყობდი იმ მითით, თითქოს სტალინს ოცი ათასი წიგნი ჰქონდა წაკითხული და თვითონაც მიკვირს, რა იოლად ჭამა ხალხმა ეს ამბავი.

იმ პერიოდში ბევრ შეკითხვაზე ვიპოვე პასუხი. ერთ კაცს დავუმეგობრდი, ჩემზე ბევრად უფროსს. დიდი ვერაფერი ჭორიკანა იყო, მაგრამ გულიანი ვინმე ჩანდა. ერთხელ ფილტრიანიც კი მომაწევინა. აქ რატო აღმოჩნდი-მეთქი და მიპასუხა, თბილისში ჩემი ადგილი ვერ ვიპოვეო. ნახალოვკელი ვარ, მარა იქ ვერავის დავუძმაკაცდიო. ხან ერთ უბანში მივდიოდი, ხან მეორეში, ბირჟებზე ვდგებოდი, იქაურ ანეკდოტებს ვისმენდი, იმათ ხუმრობებზე ვიცინოდი, მაგრამ ჩემიანი ვერსად დავიგულეო. შენა და, რა გქვია-მეთქი და ავთო მქვიაო. ცოტა ხანში დააყოლა, კაი ოცი წელია, ავთო არავის დაუძახია ჩემთვისო. აბა რას გეძახიან-მეთქი და ავღანასო.

როცა სამი წელი მოვიხადე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ აქაურობას ვეკუთვნოდი, სწორედ იმ დღეს გამიჩნდა სურვილი, სადმე სხვაგან ვყოფილიყავი ერთ შავგვრემან და პუტკუნა გოგოსთან ერთად. მარიკო ჩვენთან გვიან შემოდგომაზე მოვიდა. სადილობისას გავიცანი, როცა ამრეზით უყურებდა მსხვილად დაჭრილი ბადრიჯნით მომზადებულ აჯაფსანდალს. სქელი ტუჩები ჰქონდა, გარშემო ბუნებრივი კონტურით. ასეთ ტუჩებს ხატვის მასწავლებელი გვახატვინებდა ხოლმე რაღაც თაბაშირის ქანდაკებიდან. მარიკოს თვალისა და თმის ფერი მახსენებდა გოგოს ფილმიდან „ღმერთის ქალაქი“, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც ვერ ამომეგდო თავიდან. „ჭამე, გემრიელია“, – ვუთხარი და ვაჟიშვილივით გავუღიმე. „დიეტაზე ვარ, თექვსმეტი კილო მაქვს დასაკლები“. „მე ოცდაათი მაქვს დასაკლები და მაინც ვათოხლავებ“, – ვუპასუხე. ალბათ ვატო და ბიჭები დამცინებდნენ, რო მეთქვა, ეს გოგო მომეწონა-მეთქი. პირველად გამიხარდა, რომ ისინი ჩემ გვერდით არ იყვნენ. ერთმანეთის ახლოს გასაცნობად ერთი თვეც არ დაგვჭირვებია. ის გოგო ბავშვების აღზრდაზე იგონებდა მითებს და მალე საპატიო დაფაზეც მოხვდა. საღამოობით, როცა სამუშაო მთავრდებოდა, მივდიოდით შენობიდან ყველაზე შორს, ნებადართული ტერიტორიის უკიდურეს ნაწილში. ქოხის თავზე ავდიოდით და ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ამბებს. არ ვიცი, რატომ ვიქცეოდით ასე. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი თავებისთვის შეგვეხსენებინა ისინი.

გაზაფხულის ერთ საღამოს, როცა ნიავს ჩვენკენ ლაურას გაკეთებული ახალი ტყემლის სურნელი მოჰქონდა და ერთმანეთის სიახლოვეს ისე მძაფრად ვგრძნობდით, როგორც იქამდე არასოდეს გვეგრძნო, მარიკომ მთხოვა სიგარეტი გამასინჯეო. შარვლის უკანა ჯიბიდან დაჭყლეტილი უფილტრო ამოვიღე და მივეცი.

– არა, ეგრე არ მინდა, – მითხრა მან.

– აბა, როგორ?

– შენ გამოქაჩე და პირში შემომაბოლე.

კანკალმა ამიტანა. სიგარეტს მოვუკიდე, მწარე ნაფაზი დავარტყი, სახე მარიკოს სქელ ტუჩებთან მივიტანე და მორიდებით შევუბერე. მარიკომ შეისუნთქა და თვალები დახუჭა.

– კიდევ გინდა?

– მინდა.

ძლიერად ამოვცხე, მარიკოს მივუახლოვდი და შებოლება ვერც მოვასწარი, ისე მწვდა ქვედა ტუჩზე. ხელი კეფაზე მოვკიდე და მთელი ტანით მოვიზიდე. პირველად მან შემოყო ენა ჩემს პირში, მერე მეც გავბედე. რკინის გახურებულ სახურავზე გადავაწვინე და ხელი ტრუსიკში ჩავუცურე, სადაც ოდნავ ხაოიანი ბედნიერება დამხვდა. სიმხურვალემ და სისველემ სისხლი ამიდუღა და ტუჩზე ვუკბინე. მარიკომ კაბა გაიხსნა, თავზე ხელი დამადო, ქვემოთ ჩამწია და ძუძუ თავისივე ხელით ჩამიდო პირში. სიხარბემ შემიპყრო და ვცდილობდი, მისი მკვრივი და ბანანივით ამოწვერილი ძუძუ მთლიანად ჩამედო პირში. მალე, როცა მის მხურვალე სხეულში აღმოვჩნდი, გამახსენდა გაზეთ ძინ-ძინში წაკითხული რჩევა: თუ გინდათ, რომ სწრაფად არ გაათავოთ, მცენარეებზე იფიქრეთ. ვცდილობდი, ბოლომდე შევსულიყავი მარიკოში და თან ბალახებსა და ხეებზე მეფიქრა, თუმცა არ გამომდიოდა. მან თითები თითებში გამიყარა და მეორე ხელით საკუთარი ძუძუ მოჭმუჭნა. ბოლოს, როცა ვნება დაიცალა, მან ზურგზე ხელი მომიჭირა და ნიკაპზე მაკოცა. რამდენიმე წამში გულაღმა ვიწექით ქოხის სახურავზე და უფილტრო სიგარეტს ვაფუილებდით.

– აქედან უნდა გავაჯვათ, – ვუთხარი მე.

– ჰო, – მიპასუხა მან.

– რაც შეიძლება მალე.

– ჰო, – გაიმეორა მან.

ზარის დარეკვამდე ათი წუთით ადრე მარიკო ოთახთან მივაცილე. „ხვალ ყველაფერი დავგეგმოთ“, – ვუთხარი და კოცნა ვცადე, თუმცა ხელით მომიშორა და ჩურჩულით თქვა: „არავინ დაგვინახოს... დავგეგმოთ“.

მომდევნო დღეს, როცა მის ოთახთან მივედი და დაკაკუნება ვცადე, რობიზონმა მითხრა, ეგ ჩიტი დილით გაფრინდაო.

– როგორ თუ გაფრინდა?

– თავისი სროკი ამოწურა და გაფრინდა, რა.

– მეც უნდა წავიდე.

– ჯერ შენი სვეშამის დრო არ არის, ოქრო.

– არ მაინტერესებს.

– შენ არ გაინტერესებს, ნაჩალნიკს აინტერესებს.

შუაღამისას რობიზონს მივუკაკუნე. არ გამიღვიძებია, „პოლე ჩუძესს“ უყურებდა რუსეთის პირველ არხზე.

– რობიზონ, ვიცი, რო შენს კოლექციას ერთი ლომი აკლია – შერიფი.

– მერე შენ რა, რო აკლია?

– აი, ეგ შერიფი, – ჩემი თილისმა ვანახე, – გამაპარე და შენია.

დარაჯმა შუაღამისას გამაპარა. ციურის მოურიგდა და იმავე მანქანით წამიყვანა შინისკენ. გზაში, უწინდელის მსგავსად, რუბიკის კუბიკის აწყობა მთხოვა. ამჯერად წუთ-ნახევარში ჩავეტიე და როცა ფანჯარაში გავიხედე, უკვე საბჭოს მოედანზე ვიყავით. „შენ სადღაც გეჩქარება, გიოჯან, არა?“ – მითხრა ციურიმ და ვანიკო მაჩაბლის საფლავთან გააჩერა. „ისევ აქ უნდა ჩამოგსვა, ხო იცი, მე და პატრული ერთად ვერა ვძოვთ“. დამშვიდობებისას გადავეხვიე. უბანში რო მივედი, უკვე გათენებული იყო. აღმართი ავიარე, ნერსიკას ჯიხურთან შევჩერდი და იქ სურსათის მაღაზია დამხვდა. ჩანთა მიწაზე დავდე და დაველოდე, სანამ მოვაჭრე ქალი ამომხედავდა.

– ნერსიკას სახელოსნო სად წავიდა?

– არ ვიცი, ნერსიკა ვინ არის, – მიპასუხა და პურის დათვლა გააგრძელა.

– დიდი ხანია, რაც ეს მაღაზია გაიხსნა?

– მე სამი თვეა ვმუშაობ. ისე, არ ვიცი.

როგორც მოგვიანებით გავიგე, ნერსიკა ორი წლის წინ გარდაიცვალა, ჩემი ძაღლის სიკვდილამდე და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე. მამაჩემმა, რომელსაც არცერთი შავი თმა აღარ დარჩენოდა თავზე, დანახვისთანავე გამაწნა სილა. დედაჩემი ჯერ ჩაიკეცა, შემდეგ კი, როცა გონზე მოვიდა, ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა ხატების კუთხეს, თხუთმეტლარიანი კელაპტარი აანთო და ჩემი გადიდებული ფოტო პირქვე დააწვინა. ვატომ, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდი, მკითხა, მამა ნიფონტი როგორ არისო. ეგ ვიღაა-მეთქი, ვკითხე. რა ვინაა, შეჩემა, მონასტერში არ იყავიო? გავშტერდი, ძლივს დალაგებული გონება ყირაზე დამიდგა. „ჰო, მონასტერში ვიყავი, კარგადაა მამა ნიფონტი“, – ვუთხარი და გავუღიმე. ბანანის ხის ქვეშ მდგომი სკამისთვის ფიცარი შეეცვალათ. ახლა იქ მხოლოდ ერთი სახელი ეწერა ლათინური ასოებით – MESSI. რაც შეეხება მარიკოს, მე ის მხოლოდ ერთხელღა ვნახე, შემთხვევით, იმ ამბებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, როცა გულის პრობლემების გამო წონის სწრაფი დაკლება დამჭირდა. დიეტოლოგის ოფისში, საპატიო დაფაზე, მისი ორი ფოტო იყო გამოკრული. ზედ კი ეწერა: 16 კილო, 3 თვეში. გამეცინა, რადგანაც დავრწმუნდი, რომ იქ გატარებული სამი წელი, ხუთი თვე და თოთხმეტი დღე, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი  არ იყო და გამიხარდა, რადგანაც მარიკომ, ჩემ გარდა, საკუთარ ოცნებასაც ჩახადა.