გეოპოლიტიკური და შიდა სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილებები ენაში ილექება. თანამედროვე ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებული ინგლისურენოვანი ნეოლოგიზმები, ქართული საზოგადოების შინაგანი ტრანსფორმაციის, ფასეულობების გადაფასების პროცესს ააშკარავებს.  

ბოლო ორი საუკუნე საქართველო რუსულ ენაზე იყო მიბმული. ოცდაათი წლის წინ რუსულს lingua franca-ს მნიშვნელობა დაეკარგა და ის ინგლისურმა ჩაანაცვლა. ამ სამ ათწლეულში ქართულმა ენამ ისეთივე მასშტაბის ცვლილებები განიცადა, როგორიც თავად ქვეყანამ, რომელიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაიქცა, ერთპარტიული მმართველობა არჩევნებით შეცვალა, სახელმწიფოს გეგმური ეკონომიკა პრივატიზაციითა და კერძო საკუთრებით. შეიცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტიც: იდეოლოგიურად ორადი გაყოფილი და დაპირისპირებული სამყაროდან მივედით გლობალიზაციამდე, რომელშიც დომინანტი დასავლური ცივილიზაციაა, თავისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ინსტიტუციებით, აგრეთვე საერთაშორისო საკომუნიკაციო ენით ინგლისურით. 

Lingua franca

ის, რასაც lingua franca ეწოდა, თავდაპირველად, რომანული ენების საფუძველზე გაჩენილი ენობრივი ნაზავი იყო, რომელზეც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში მეტყველებდნენ ძირითადად, არაბები და რომანულენოვანი ევროპელები. ახალი ეპოქის დამდეგს ეს ხელოვნური წარმონაქმნი მთელ ევროპაში და მის გარეთაც ფრანგულმა ენამ ჩაანაცვლა, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიის მთავარ ენად XX საუკუნის ბოლომდე დარჩა. სხვადასხვა დროსა და პოლიტიკურ-კულტურულ გარემოებაში lingua franca-ს ფუნქცია სხვა ენებსაც ჰქონდა: ლათინურს შუა საუკუნეების ევროპაში, ბერძნულს ბიზანტიურ-მართლმადიდებლურ სამყაროში, ასევე, კლასიკურ არაბულს, თურქულსა და ესპანურს, ხოლო „ცივი ომის“ ხანაში, საბჭოთა კავშირისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში lingua franca-ს რუსული წარმოადგენდა.  

ინგლისური ენის აღზევება ბრიტანეთის იმპერიით და მისი კოლონიური ექსპანსიით დაიწყო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ბრიტანეთი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდ იმპერიად იქცა, თუმცა ინგლისური ენა საყოველთაო lingua franca-დ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოგვევლინა და კულმინაციას 1990-იანი წლებიდან მიაღწია. დღეს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ოცი პროცენტი ინგლისურად მეტყველებს. ის საერთაშორისო პოლიტიკისა და ბიზნესის, ინტერნეტის და მასკულტურის ანუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გლობალიზაციის ენაა. ინგლისური ნასესხობები არა მხოლოდ „განვითარებადი ქვეყნების“ ენებში  დამკვიდრდა, არამედ მაღალინდუსტრიული სახელმწიფოების ენებშიც გერმანიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა თუ ჩინეთში. 

ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა და მისი ენა

გვიანი საბჭოთა პერიოდის საქართველოში ინგლისურის ცოდნა სოციალური და კულტურული პრივილეგირებულობის ნიშანიც კი იყო. ის კარგად ცოტამ იცოდა, ამიტომ ინგლისური სახელების ქართული ვერსიებიც ხშირად ჩნდებოდა. ამის გამოხატულება იყო „ბიტლების“ (The Beatles) გაქართულებაც.

ეს რადიკალურად შეიცვალა 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც სსრკ-ში დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სთან დაახლოების პროცესი დაიწყო. საბჭოთა ტელევიზიებში გაჩნდა ამერიკასთან ტელეხიდები, ტელეეთერში გაუშვეს ამერიკული, ძირითადად, საეჭვო ღირებულების ფილმები. ამ ცვლილებამ და მისმა თანმდევმა პროცესმა მცირე დოზებით კერძო საწარმოების გაჩენამ ჩვენს ყოველდღიურობაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური ტერმინი შემოიტანა. ეს იყო „ჯოინთ ვენჩერი“ (Joint venture), რომელიც აქამდე სრულიად უცნობ მოვლენას ერთობლივ საწარმოს აღნიშნავდა. 

მალე საბჭოთა მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ, მიტინგები მოაწყვეს და 1988 წლის ბოლოს ქართულში ახალი უცხო სიტყვების მთელი ნაკადი შემოიჭრა: „კოლაბორაციონიზმი“ იმდროინდელ ქართულ კონტექსტში საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა; 

„ოკუპაცია“ – „ოკუპანტი“ – „დეოკუპაცია“ საბჭოთა არმია და მისი საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა; 

„ელექტორატი“ სიტყვა, რომლის ქართული შესატყვისიც „ამომრჩეველი“, ქართულ ლექსიკურ ფონდს გათავისებული დიდი ხნით ადრე ჰქონდა (იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა მოქალაქემ არ იცოდა, რას ნიშნავდა დემოკრატიული არჩევნები), მაგრამ, როგორც ჩანს, ინგლისურად ახლებურად და ისევე უცხოდ და სანატრელად ჟღერდა, როგორც ყველაფერი დასავლურ-კაპიტალისტური. 

დასავლეთის, ზოგადად, კაპიტალისტური სამყაროს იდეალიზაციამ, რაც საბჭოთა საშუალო და მაღალი ფენების საყვარელი მითოსი იყო, ხელი შეუწყო ისეთი ქართული სიტყვების ინგლისურით ჩანაცვლებას, რომლებიც მანამდე ყოველდღიურ ლექსიკაში უხვად გვხვდებოდა. 

მაგალითად, გაჩნდა „მარკეტი“, რომელიც ჩვეულებრივი „მაღაზია“ იყო, უბრალოდ, ახლებური ჟღერადობითა და, შესაძლოა, დახლებზე გამოფენილი ახლებური პროდუქციით. 

გაჩნდა „კოტონიც“ რაც სხვა არაფერია, თუ არა ძირძველი ქართული „ბამბა“.

საქართველოში უცხოური საქონლის ლეგალური იმპორტი დაიწყო. ამ შეუქცევადმა პროცესმა კი არსებობის უფლება წაართვა მანამდე ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს არალეგალური მოვაჭრის აღმნიშვნელ, რუსულიდან ნასესხებ „ბარიგას“ და „სპეკულიანტს“. ამ ტერმინების ფონზე ქართული „გადამყიდველი“ ბოლომდე უშინაარსოდ დარჩა, რადგან 1990-იანების მთელი ქართული გარე თუ შიდა ვაჭრობა, თითქმის ბოლომდე გაჩერებული საბჭოთა წარმოების ფონზე, ისედაც მხოლოდ გადამყიდველობა იყო. იმ მოვაჭრეთათვის კი, რომელთა სამოქმედო არეალი ლეგალურ ჩარჩოებს სცდებოდა, მოიძებნა ახალი ინგლისური სიტყვა „დილერი“. ასე გადაარქვეს სახელი, მაგალითად, ნარკოტიკის ბარიგას. 

ამავე პერიოდში, ჩნდება ინგლისური სიტყვა „დენტისტიც“, რომელიც საერთაშორისო ტერმინ „სტომატოლოგს“ და ქართულ „კბილის ექიმს“ კონკურენტად გამოუჩნდა. მისი ენაში დამკვიდრება სარეკლამო ეფექტით თუ აიხსნება: „დენტისტთან“ პაციენტს იმისი განცდა უნდა შექმნოდა, რომ ჩვეულებრივ კბილის ექიმთან კი არაა მისული, არამედ ზეაღმატებულ სპეციალისტთან უცხო და ამით უფრო პროფესიონალ დენტისტთან. 

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან ერთად, სულ მალე ახალი სოციალური ფენაც გაჩნდა „ბიზნესმენები“, რომელთა ზუსტი შესატყვისი საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული, მაგრამ არცთუ კარგი რეპუტაციის „საქმოსანია“. შეიძლება სწორედ ამ საბჭოთა რეპუტაციის გამო, „საქმოსანმა“ ადვილად დაუთმო ადგილი „ბიზნესმენს“. მალე „ბიზნესი“ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის მთავარ სიმბოლოდ, აგრეთვე, ყველაზე მოთხოვნად სასწავლო-საუნივერსიტეტო საგნად იქცა. 

1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოებისა თუ მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა, ანუ პრივატიზაცია, რაც, წესით, საბაზრო ურთიერთობების სახელმწიფო მონოპოლიაზე საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. თუმცა, ამ არცთუ უმტკივნეულო პროცესს უკმაყოფილო მოსახლეობამ კვლავაც რუსული ენის მოშველიებით, „პრიხვატიზაცია“ უწოდა, რაც უკვე „მიტაცებად“ ითარგმნება. ეს სიტყვა დასტურია იმისა, რომ რუსეთთან ორსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ პოსტსაბჭოთა ქართველები ამ ერთ დროს უცხო ენასთან, რუსულთან, მშობლიურივით შეათამაშა. „პრიხვატიზაცია“ ეს ქართულ სინამდვილეში გამოგონილი, პოსტსაბჭოთა რეალობასთან შესატყვისობაში მყოფი, ორი ენის გაერთიანებით შექმნილი ტერმინია, რომელიც გვაჩვენებს, თუ ჯერაც რა ახლობელია ქართული სახალხო აზროვნებისთვის რუსული ენა და როგორ იწყება დაახლოების პროცესი ინგლისურთან.

მწვავე ეკონომიკური ძვრების ტალღამ მოიტანა კიდევ ერთი ინგლისურიდან ნასესხები სიტყვა „ვაუჩერი“ ისევ როგორც უცხოს და კარგის სიმბოლო. სახელმწიფომ  მაშინ მოსახლეობას სწორედ ვაუჩერები დაურიგა. მათი საშუალებით მოქალაქეები კერძო მესაკუთრეებად უნდა ქცეულიყვნენ. თუმცა, მალე ეს დაპირებაც ისევე გაქრა ფართო მოხმარებიდან, როგორც თავად სიტყვა ვაუჩერი ის იმდენად გაიგივდა მოსახლეობის მოტყუებასთან, რომ წლები დასჭირდა თავისი ნეიტრალური რეპუტაციის დასაბრუნებლად. 

ვაუჩერთან პირდაპირ კავშირშია 90-იანი წლების ეკონომიკური ქაოსისა და განუკითხაობის კიდევ ერთი სიმბოლო ინგლისურიდან ნასესხები კიდევ ერთი სიტყვა „ბროკერი“, რომელიც ახლად გაჩენილ ბირჟებზე უცხოური ვალუტით ან ფასიანი ქაღალდებით სწრაფ გამდიდრებას გვპირდებოდა. ჰიპერინფლაციის დროს, საბირჟო მაქინაციებით თუ სააქციო საზოგადოებებით, კაპიტალიზმს მიუჩვეველ მოსახლეობას ბევრმა ახალმა „ბიზნესმენმა“ დააკარგვინა უკანასკნელი დანაზოგი. გამდიდრებული ბროკერები კი, თაღლითობისთვის ციხეს ან მათივე მსგავსი თაღლითებისგან სისხლიან ანგარიშსწორებას რომ გადაურჩნენ, 1990-იანების ბოლოს უკვე სოლიდურ ბანკირებად ან ბიზნესმენებად იქცნენ.

ახალი დროება და ახალი „ფეისები“ 

1995 წლიდან საქართველოში დიდი ხნის ნანატრი სტაბილურობა დაიწყო. „მხედრიონის“, საძმოების თუ სხვა „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების“ განადგურებას, მყარი ეროვნული ვალუტის შემოღებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსების გაცოცხლებას ქვეყნის ცხოვრებაში ახალი, მეტ-ნაკლებად წყნარი პერიოდი მოჰყვა. ამგვარი სტაბილურობის ხანაში გაჩნდა სუპერმარკეტები (მაგალითად, სუპერმარკეტი „ბაბილონი“, რომლის გახსნაზეც, პრეზიდენტთან ერთად, კათალიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა), „ბუტიკები“, კაზინოები, კლუბები, ბარები, ლაუნჯები, საფირმო მაღაზიათა ქსელები, რომლებმაც „სეილის“ (Sale) დამკვიდრებით ქართული სიტყვა „ფასდაკლება“ კინაღამ დავიწყებას მისცეს. 

და, იმავე პერიოდში, გაჩნდა ახალი საზოგადოებრივი ფენა ახალი ბურჟუაზია, რომელიც მანამდეც ცნობილი სახეებისგან შედგებოდა, თუმცა სხვა სახელი დაირქვა ელიტა. თავშეყრისა და გართობის მთავარ ადგილებს უკვე პირდაპირ  „ელიტკლუბებს“ არქმევდნენ. 

ამავე პერიოდში საზოგადოებაში კიდევ ერთი სეგმენტი გამოიკვეთა ელიტებთან დაახლოებული, მაგრამ უფულო ახალი თაობა, ვინც ამ „ელიტკლუბობანას“  გოიმობად მიიჩნევდა. სწორედ ეს ახალგაზრდა და მაშინ ჯერ კიდევ უფულო, მაგრამ უკვე ცნობადი ადამიანები აღმოჩნდნენ ახალი „ლაიFსთაილის“ (Lifestyle), ანუ ცხოვრების სტილის შემქმნელ-გამავრცელებლები საქართველოში, შესაბამისად, ქართული ენის ახალი ინგლისური სიტყვებით განაყოფიერებაც ამ ახალგაზრდებმა ითავეს. 

მათი ყოველდღიური სასაუბრო ლექსიკონის დამსახურებით გადაიქცა: 

მოზარდი თინეიჯერად, 

საყიდლებზე სიარული შოპინგად, 

ღონისძიება ივენთად, 

რედაქტორი ედიტორად, 

რეგბისტი რაგბისტად, 

ხელოვნება არტად, 

ახალი ამბავი ამბები „ნიუსებად“,

წვეულება Party-დ (და მერე ქართული კვეცა-კუმშვის თავისებურებებიდან გამომდინარე უხერხულობებიც წარმოშვა „ფართზე წავედი“ თუ „ფართიზე წავედი“ როგორ იტყოდი, ამან ინგლისურის უკეთ და ნაკლებად მცოდნეები კიდევ ერთხელ გადაახარისხა).

სიმბოლურია, რომ ახალი ეპოქის გარიჟრაჟის პირველი მაცნე ახალი სატელევიზიო პროგრამა „ჭორ-NEWS-ი“ იყო, რომელიც სწორედ ამ ახალი, „საზღვარგარეთ ნამყოფი“ ცნობადი სახეების ცხოვრებასა და „ივენთებზე“, მათ ახალ „ლაიFსთაილზე“ მოგვითხრობდა და მათი პირით აცნობდა საზოგადოებას, თუ რა იყო ახლა ევროპასა და ამერიკაში მოდური და აქტუალური. ამ ცნობადი სახეების აღმნიშვნელი სიტყვაც მალე ინგლისურად ითარგმნა და „fეისი“ ეწოდა. 

ინგლისური ფრაზეოლოგიის შემოჭრას ხელი შეუწყო კაბელური ტელევიზიების ფართოდ გავრცელებამ. CNN-მა, Eurosport-მა, განსაკუთრებით კი MTV-მ საქართველოში ინგლისურის ინტერვენციას დაუდეს სათავე. MTV-ს მაყურებელმა თაობამ, რომელიც „ლაით“ სიგარეტებს ეწეოდა, პაემანების ნაცვლად „დეითებზე“ (date) დადიოდა, კმაყოფილების გამოსახატავად „ქულს“ (cool) ამბობდა, ორგანულ ქართულ სიტყვად აქცია ამერიკული გამოთქმა „ოქეიც“ (ok), ხოლო მოგვიანებით რუსულიდან ნასესხები „პრივეტის“ ინგლისური „ჰაითი“ (hi) ჩანაცვლებაც სცადა, თუმცა ეს ორთაბრძოლა ისევე, როგორც დუელი „ბაისა“ (bye) და „პაკას“ შორის დღემდე არ დასრულებულა. რამდენადაც მისალმებისა თუ დამშვიდობების მოკლე ფორმა ქართულ ენას არ გამოუმუშავებია, „გაუ“ იმდენად ხელოვნური და ნაძალადევია, რომ მისი დამკვიდრება შეუძლებელი აღმოჩნდა, რუსული „პრივეტ“ და „პაკა“ საყოველთაო ბარბარიზმად შემოვიდა, თუმცა, განსაკუთრებით „პაკა“ საბჭოთა საქართველოს საშუალო ფენების ჟარგონად იქცა, რომლის ფუნქცია, გარდა ამ სიტყვების პირველადი მნიშვნელობისა, სოციალურ მიკუთვნებულობაზე მინიშნებაცაა. „ჰაი“ და „ბაი“ იმავე ტენდენციის მაჩვენებელია, თუმცა მისი გავრცელების სოციალური არეალი კიდევ უფრო ვიწროა და ისეთივე ხელოვნური, როგორიც თანამედროვე თბილისის დასპონსორებული „ალტერნატიული სივრცეები“.  

აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი სიახლე მსოფლიო მედიაში, რომელსაც განსაკუთრებული ლექსიკური სიახლეები საქართველოში მოჰყვა. 1997 წელს საფრანგეთში დაარსდა ინგლისურენოვანი საერთაშორისო ტელეარხი Fashion TV და, საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით, იმავე წელს ქართულ ტელესივრცეშიც გამოჩნდა. Fashion TV-მ, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოსახლეობამ მოდის სამყარო და წამყვანი დიზაინერების სახელები გაიცნო, არა მხოლოდ „ფეშენი“ და „ბრენდი“ დაამკვიდრა სასაუბრო ენაში, არამედ, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც, კიდევ ერთი ინგლისური სიტყვის გავრცელებაზეც იმოქმედა:  

1997 წელს ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ჰომოსექსუალ მეძავად მუშაობდა, მოკლა საკაბელო ტელევიზიების ქართველი მაყურებლისთვის Fashion TV-დან ცნობილი მოდის დიზაინერი ჯანი ვერსაჩე. იმ დროს მოწინავე დამოუკიდებელმა ქართულმა ტელეარხმა, რუსთავი 2-მა, როცა ამ ამბის შესახებ ტელემაყურებელს ამცნო, დასძინა, რომ ჯანი ვერსაჩე გეი იყო. აქამდე თუ სიტყვა gay უფროსი თაობის ინგლისურის მცოდნეებისთვის ძირითადად „მხიარულს“ ნიშნავდა, ყველაზე ფართო აუდიტორიის მქონე ტელეარხის ეთერიდან წარმოთქმულმა „გეიმ“ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ქართულმა ენამ ის ისეთივე სისათუთით გაითავისა, როგორც არტი და ფეშენი. ამიერიდან გეი ქართულში რაღაც უცხოს და განსაკუთრებულს გამოხატავდა, რაც მას ჰომოსექსუალის აღმნიშვნელი სხვა ქართული სიტყვებისგან განასხვავებდა. ერთი იმდროინდელი ქუთაისურად შერაცხული ანეკდოტიც ამ კულტურულ სხვაობას გამოხატავს:

  • გაიგეთ, ჭიჭიკია გეი ყოფილა?

  • გეი, ბიჭო, ჯანი იყო ვერსაჩე, ჭიჭიკია პიდარასტია!

მალე გეი ახალი სატელევიზიო ჟანრის ტოქშოუების პოპულარული თემა გახდა, სანამ უკვე 21-ე საუკუნის პირველსავე ათწლეულის მიწურულს LGBT-მ არ ჩაანაცვლა. 

ასე დაიბადა მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველოში ახალი სოციალური კლასი, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი ნიშანი გამოარჩევს სხვათაგან: ქართულად მეტყველებისას ინგლისური სიტყვების გულუხვად ხმარება. ეს კლასი დაბადებიდან ათიოდე წელიწადში ლიბერალებად შეირაცხა, ან საკუთარი თავი თვითონვე შერაცხა ასე უფრო თანამედროვე, კვლავაც ინგლისურიდან ნასესხები გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, დაქამინგაუტდა

21-ე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურმა ცვლილებებმა, რომელთაც საქართველოში სწორედ „ლიბერალებად“ წოდებული ახალი თაობა ახორციელებდა და მიზნად საქართველოს გაევროპულებას ისახავდა, ოფიციალურ დონეზე დაამკვიდრა უამრავი ინგლისური ტერმინი და მათი ინსტიტუციონალური შესატყვისებიც შექმნა. ამ რევოლუციურად წოდებული გარდაქმნების შედეგად, საქართველოში გაჩნდნენ „დეველოპერები“, როგორც საქართველოს ქალაქებისთვის „ევროპული“ იერ-სახის მიმცემი მთავარი ძალა. ამ დეველოპერების მიერ გაჩაღებული სამშენებლო ბუმის პროდუქტია არა მხოლოდ სიღნაღის, ბათუმის, ქუთაისისა თუ თბილისის გარეგნული გაევროპულება, არამედ ნეოლიბერალიზმის კიდევ ერთი ინგლისურსახელწოდებიანი ფენომენი - ჯენტრიფიკაციაც რაც სწორედ ამგვარი დეველოპერული პროექტებით ქალაქის ცენტრებიდან დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის განდევნას ნიშნავს. თუმცა ეს ტერმინი კაპიტალიზმის მაკრიტიკებელთა მეტყველებაში გაჩნდა, როგორც დეველოპერთა წინააღმდეგ საბრძოლო პაროლი.

2004 წლიდან დაწყებულ სწრაფ ვესტერნიზაციას ამ „ფორსმაჟორულ რეჟიმში“  უამრავი ახალი ტერმინი შემოჰყვა. გაინგლისურება იდენტობის მომნიჭებელ სახელმწიფო დოკუმენტებსაც შეეხო, რამაც იდენტობის წართმევის პანიკაც წარმოშვა: მაგალითად, ასეთი იყო ID (Identitiy Document) ბარათი, რომელმაც პირადობის მოწმობის ადგილი დაიკავა და ინგლისურ ტერმინოლოგიას მიუჩვეველ ტრადიციონალისტებში რელიგიური პარანოია გააჩინა საზოგადოების ამ ნაწილმა ეს ინგლისური ტერმინი ანტიქრისტეს ნიშნის მატარებელ სიმბოლოდ აღიქვა. ერთმა მაღალმა საეკლესიო იერარქმა, მიტროპოლიტმა იობმა, ID-ში I demon (მე დემონი) ამოიკითხა და „მრევლს“ დაუმორჩილებლობისკენაც მოუწოდა. ბევრი ადამიანი დააბნია ავტობიოგრაფიის ლათინური ტერმინის CV-ის – curriculum vitae ინგლისურმა წაკითხვამაც, ამ აბრევიატურას – „სივის“ ბევრი ისე ამბობდა, რომ მნიშვნელობა არც ესმოდა, ამიტომ „სივის“ დაწერაც რთულ, უცხო პროცესად მიაჩნდა. იგივე შეიძლება ვთქვათ IQ-ს (Intelligence quotient – ინტელექტის კოეფიციენტი) და სხვა მსგავსი ტერმინების შესახებაც, რომელთა გაჩენას საზოგადოების „არალიბერალურ“ ნაწილში ჯერ კულტურული, შემდგომ კი პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ინგლისურის ინტერვენციას ამან ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, პირიქით, სოციალური ქსელები რაც უფრო გავრცელდა, ყველაზე რადიკალი ნაციონალისტების წრეც ინგლისურ ტერმინოლოგიაზე უფრო დამოკიდებული გახდა.

ახალი კომუნიკაცია და მისი ლექსიკონი

ენერგოკრიზისის მიუხედავად 90-იანების ბოლოს შემოსულმა ახალმა ტექნოლოგიებმა ინგლისური სიტყვების ახალი კორიანტელი დააყენა. უდღეური პეიჯერი, რომელიც მალე გაქრა, მობილურმა ტელეფონმა შეცვალა და ქართულ ენას ახალი სიტყვა „ესემესი“ (sms), მოგვიანებით კი „სელფიც“ შეემატა. 

ინტერნეტმა იმდენი ახალი ინგლისური სიტყვა მოიტანა, რომ მათი გათავისებით, მომხმარებელი მინიმალურ ინგლისურსაც ეუფლება. „იმეილი“, „მეილ-ბოქსი“, „სეტინგი“, „აპი“, „დაუნლოუდი“, „რესტარტი“, სპამი“ ამ თარგმნადი თუ უთარგმნელი სიტყვების ქართულ ენაში ინტერვენციამ, შეიძლება ითქვას, ქართულენოვანი მოსახლეობის ენობრივი გახლეჩვაც გამოიწვია: ისინი, ვინც ინგლისურ ტერმინებს მშობლიურ ენასთან ერთად ითვისებენ და ისინი, ვისთვისაც ეს ტერმინოლოგია უცხო და მოგვიანებით დასწავლილია. ამგვარი გაორება არა იმდენად თაობათა პრობლემად იქცა, რამდენადაც – სოციალურ-ეკონომიკურ ფენომენად – ინტერნეტით სარგებლობა ტექნიკის ფლობას საჭიროებს, რაც ხშირად ძვირადღირებული და ბევრისთვის ხელმიუწვდომელია. 

დაიწყო უთარგმნელი ინგლისური სიტყვების ქართულ ენაში ინტეგრაციაც და მათთვის გრამატიკული ნიშნების მიკერებაც. ასე გაჩნდა ინგლისურფუძიანი სახელზმნები: დაგუგლვა (google-ში მოძებნა), დამესიჯება (შეტყობინება), დაპოსტვა (ნაწერის ან ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნება), დასეივება (save – შენახვა), დაჰაიდება (ფეისბუკზე „ფრენდის“ მოშორება ისე, რომ ერთმანეთისას ვეღარაფერს ნახავთ), ტროლი (სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც დამახინჯებულ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს), დასქრინშოთება (screen shot – კომპიუტერის ან მობილურის ეკრანზე ფოტოს გადაღება), დაშეარება (სხვისი „პოსტის“ გაზიარება), დალაიქება (მოწონება). გადამწყვეტი როლი ამ პროცესში სოციალური ქსელების გაჩენამ შეასრულა. სწორედ ამ ვირტუალურ სივრცეებში წარმოიშვა პარალელური ენა, რომელშიც ინგლისური სიტყვები მათ ქართულ შესატყვისებს კი არ აღნიშნავს, არამედ პარალელურ მნიშვნელობებს ქმნის. მაგალითად, „ფრენდი“ (friend) ჩვეულებრივ „მეგობარს“ კი არ ნიშნავს, არამედ ფეისბუკზე დამეგობრებულ, ხშირად უცნობ, მაგრამ ვირტუალურ მეგობარს. 

სოციალური ქსელების გავრცელებას სულ თხუთმეტიოდე წლის ისტორია აქვს, მაგრამ ახალი თაობები, რომელთა სოციალიზაციაც ამ პერიოდს ემთხვევა, უკვე ბუნებრივად ეუფლებიან სოციალური ქსელების ჟარგონს და მეტყველებაში ახალ, ინგლისურ-ქართულ მუტაციებს ამკვიდრებენ. ამდენად, ამ ნეოლოგიზმთა სიუცხოვე მალე გაუჩინარდება. 

ვესტერნიზაცია პროდუქტი და კონტრპროდუქცია

საზოგადოების „ვესტერნიზაციამ“, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკური გეგმა იყო, საქართველოში შექმნა საკმაოდ ზედაპირული „მედასავლეთე“ ქართველთა კატეგორია, რომელიც დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა, მატერიალურ კეთილდღეობასა და გარკვეულ კულტურულ თავისუფლებებთან – ღია სექსუალობასთან, ნარკოტიკებთან თუ თავისუფალი გართობის კულტურასთან, აიგივებდა, ოღონდ ისე, რომ ამ თავისუფლებებისა თუ კეთილდღეობის ეკონომიკური თუ პოლიტიკური საფუძვლების გააზრებაზე თავს აღარ იწუხებდა. მედასავლეთეობის განმსაზღვრელად დასავლური ბიურგერული ყოფის მიბაძვა და ლაპარაკში ინგლისური ფრაზების თუ მთელი წინადადებების გამოყენება გახდა. ამით ისინი პირდაპირ იმეორებენ მათივე წინაპრების, ანუ საბჭოთა საზოგადოების საშუალო და მაღალი ფენების მახასიათებელ თვისებას: ერთმანეთში ქართულად საუბრისას რუსული წინადადებების ჩართვას. როგორც ადრე რუსული, ისე ახლა ინგლისური სხვანაირობის და მასებზე აღმატებულობის ნიშანია. 

თუმცა კი, ამ ზედაპირულ მედასავლეთეობას, რომელიც ახალი პრივილეგირებული ფენების ცხოვრების სტილად იქცა და, ძირითადად, მმართველ პოლიტიკურ კლასთან გაიგივდა, მოწინააღმდეგეთა ახალი კატეგორიის გაჩენა მოჰყვა. ნელ-ნელა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დასავლეთსაც უფრო აკადემიური კუთხიდან იცნობდნენ და კრიტიკის დროსაც დასავლური ბიურგერული ყოფის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფუძვლებს ეყრდნობოდნენ. ესენი იყვნენ აკადემიური სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლები – ინგლისურენოვან გაცვლით საუნივერსიტეტო პროგრამებში მიღებული განათლებით, რომლებმაც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები თანდათანობით შექმნეს და იმთავითვე ანგლიზმებით გაჯერებული ქართული მეტყველების მედროშეებად იქცნენ. არაფორმალურ დონეზე მათ ენას „ენჯეოს ენადაც“ მოიხსენიებენ და მასში შედის არა მხოლოდ საერთაშორისო აკადემიური ჟარგონი, როგორიცაა ვორკშოპი (სამუშაო შეხვედრა), აბსტრაქტი (სტატიის ან მოხსენების მოკლე შინაარსი), „ფიეიჩდი“ (PhD – ლათ. philosophiae doctor – ფილოსოფიის დოქტორი), ანდა დედლაინი (ბოლო ვადა), არამედ ისეთი ანგლიზმებიც, რომლებიც იდენტური ქართული სიტყვების ადგილს იკავებს: „კონტენტი“, რაც არაფრით განსხვავდება ქართული „შინაარსისგან“, ისევე, როგორც „ნარატორი“ – მთხრობელი და „სპიკერი“ – მომხსენებელი. 

ინგლისურად განათლებამიღებულობას კიდევ ერთი სპეციფიკური თავისებურება აქვს: ესაა შეგნებულად თუ უნებლიეთ ყველგან იმის მინიშნება, რომ ადამიანი სწორედ ინგლისურ ენაზე განათლდა. ასეთი მინიშნებაა, მაგალითად, ყველანაირი წარმომავლობის უცხო სახელისა თუ ტერმინის მხოლოდ ინგლისური ტრანსლიტერაციის წესით გადმოტანა: გერმანელი ვალტერ ბენიამინის მოხსენიება (Walter Benjamin) „უოლტერ ბენჯამინად“, რიხარდ ვაგნერისა რიჩარდ ვაგნერად და სხვა. ეს ტენდენცია, რომ თითქოს ყველაფერი, რაც უცხოა, მხოლოდ ინგლისური ფონეტიკის კანონებს უნდა ემორჩილებოდეს, პირდაპირ იმეორებს საბჭოთა პერიოდის რუსულ თარგმანებში წიგნებნაკითხთა თვისებას, უცხო სახელები რუსული ტრანსლიტერაციით გადმოეცათ. ასე გამოთქვამდა წიგნიერი ქართველი ფროიდს ფრეიდად, ჰეგელს გეგელად, ჰაინრიჰ ჰაინეს გენრიხ გეინედ, ჰიტლერს გიტლერად. უცხო სახელების რუსულად წარმოთქმა რუსულის ცოდნასა და განათლების რუსულად მიღებაზე მიუთითებდა. თანამედროვე საქართველოში წიგნიერების ენად რუსულს ინგლისური ჩაენაცვლა, ქართული კი კვლავ აბსაიტში დარჩა.  

ინგლისური სიტყვების თუ ფრაზების გავრცელების არეალი აკადემიურ-ინტელექტუალური სფეროდან პოლიტიკური აქტივიზმის მეშვეობით ფართოვდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალი თაობის აკადემიური პერსონალი მნიშვნელოვანწილად თავადვე წარმოადგენენ აქტივისტურ ჯგუფებს. თუმცა ეს ჯგუფები საკუთარი მეტყველებით იმდენად გაუცხოებულნი არიან თავიანთი სამიზნე ჯგუფებისგან, რომ ხშირად მათ შორის კომუნიკაცია შეუძლებელიც ხდება. ამდენად, აქტივიზმის შედეგი, პოლიტიკურ თუ სოციალურ იდეებზე მეტად, ინგლისური ნასესხობების გავრცელება უფროა. ანგლიზმები ამ სფეროში ყველაზე ხშირად ხმარებადი ჟარგონებია, რომელიც არასამთავრობო-აქტივისტურ მეტყველებას სპეციფიკურ ენად აქცევს. ამ სამეტყველო სისტემის ერთ-ერთი მთავარი კოდური სიტყვაა „ქეისი“ (case – „შემთხვევა“, იურიდიულ კონტექსტში - „სასამართლო საქმე“, „პრეცედენტი“), რომლის ხმარება, ფაქტობრივად, პროგრესულობის ამოსაცნობი ნიშანია. ამავე თემატური სფეროდანაა ინგლისური სიტყვა „ბულინგი“ (bullying), რომელიც დაცინვასაც ნიშნავს და ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ჩაგვრას თუ ზეწოლასაც. 

არასამთავრობოების და აქტივისტების ლექსიკა ხშირად იკვეთება მედიისა და მარკეტინგის სფეროებში დამკვიდრებულ ანგლიზმებთან. ასეთებია „პიარი“ („საზოგადოებასთან ურთიერთობა“) და მისი ზმნური ფორმა – „გაპიარება“; „ჩელენჯი“ („გამოწვევა“), „ფეიკი“ („ყალბი“), „სტაფი“ („თანამშრომლები“), „თიმი“ (team) – „გუნდი“, „ფიდბეკი“ (feedback) – „უკუკავშირი“ და სხვა. 

არასამთავრობოები, აქტივისტები, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები მენტალურად თუ ჰაბიტუსით ყველაზე ახლოს დგანან თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო თუ საკლუბო სცენის წარმომადგენლებთან თუ მათთან დაახლოებულ წრეებთან. ამ სრულიად ჭრელ და ჰეტეროგენულ საზოგადოებას ასეთი – ნახევრად ირონიული კრებითი სახელიც – „პრადვინუტობა“ – აერთიანებს. პარადოქსული ისაა, რომ რუსულიდან ნასესხებ-ნაწარმოები სიტყვები „პრადვინუტი“ და „მოხოდილი“ (ზმნური ფორმა „მოხოდვა“), რაც ყველაზე პროგრესულისა და აქტიური ცხოვრების მქონეთა აღმნიშვნელია, იმ ახალგაზრდულ სუბკულტურაში გაჩნდა, რომელიც არ ლაპარაკობს რუსულად და საკუთარ თავს ყველაზე მეტად დასავლურ კულტურასთან აიგივებს. ეს საკმაოდ არაერთგვაროვანი სოციალური ჯგუფი, რომელიც მრავალი ახალგაზრდული სუბკულტურის ჯამი უფროა, სხვადასხვა ინგლისურსახელწოდებიან კატეგორიას, როგორებიცაა ქლაბერები, ჰიპსტერები, ბაიკერები, სკეიტერები, რეივერები და ა.შ., აერთიანებს. ციფრული ტექნოლოგიების ხანის ეს თაობა საკუთარ მეტყველებაში, რომელიც ისედაც საკმაოდ მცირე ლექსიკური მარაგით შემოიფარგლება, ისეთ გაუცხოებულ ენას ქმნის, რომ ამავე სუბკულტურაში გავრცელებული სიტყვით რომ შევაფასოთ, სამეტყველო სისტემის „ერორს იწვევს. 

Error ინგლისურად შეცდომას, დაზიანებას ან სისტემის მოშლას თუ წყობიდან გამოსვლას ნიშნავს. კომპიუტერულ თუ ინტერნეტის სფეროში ის ოპერაციის ან კომუნიკაციის შეუძლებლობას აღნიშნავს. თუ ამ ტერმინს ენასაც მივუსადაგებთ, შეგვიძლია ისეთი სიტუაციის წარმოდგენაც, როდესაც ორ, ერთსა და იმავე ენაზე მეტყველ ადამიანსა თუ სოციალურ ჯგუფს შორის ენა დამაკავშირებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს და მათ შორის კავშირი აღარ მყარდება. გაგებინების შეუძლებლობა, კომუნიკაციის რღვევა კი თავად ამ ენაზე მეტყველ საზოგადოებაში დაწყებულ გაუცხოების პროცესს აღნიშნავს. ინგლისური ნასესხობებით გადატვირთული ქართული ენა ცალკეული ფენების სოციოლექტად ყალიბდება და ამ ენობრივ ნაზავზე არამეტყველ ფენებს კოლონიზატორივით უბრუნდება.  

უცხო სიტყვების ნასესხობით იკვებება ყველა ენა, თუმცა თანამედროვე ქართულში ჩასახლებული უცხოენოვანი სიტყვები, ჯერ მოუნელებელ საკვებს უფრო ჰგავს. 

პროგრესი დღესაც ყველაფერ რუსულისგან გამიჯვნასთანაა გაიგივებული. ამ გამიჯვნისა და სხვებზე წინ დგომის აღმნიშვნელი ჟარგონი კი, ისევ რუსული ენიდანაა ნაწარმოები. ვფიქრობ, სწორედ ეს პარადოქსია გასაღები ქართული ენის პროგრესირებადი გაინგლისურების საიდუმლოს ამოსახსნელად. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართულში გადმონერგილი ინგლისური ჯერ ისევ რუსული კონსტრუქციებია, ოღონდ ინგლისური სიტყვებით გამოხატული. რუსული ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უცხო ენა, არამედ იმ იმპერიის ენაა, რომლის წიაღში ყოფნისასაც გაჩნდა თანამედროვე ქართველი ერიც და ახალი ქართული ენაც. კოლონიზატორი იმპერიის ენა არა უბრალოდ დამპყრობლის ენაა, რომლის დაუფლებაც აუცილებელია სოციალურ იერარქიებში მაღალ საფეხურზე მოხვედრისათვის, არამედ კოლონიზატორი, მისივე პროპაგანდიდან გამომდინარე, პროგრესსა და ცივილიზებულობასთან იგივდება, ხოლო ადგილობრიობა, ანუ კოლონიურ მდგომარეობაში ყოფნა, ჩამორჩენილობასა და ლამის ბარბაროსობასთან. საკუთარ ენასთან გაუცხოება და კოლონიზატორის ენობრივად მიბაძვა საკუთარი კულტურული და პოლიტიკური არასრულფასოვნების განცდის აღიარებაცაა და ცივილიზებულობის მხარეს დგომაც, მხოლოდ მშობლიურის გადაფარვის ხარჯზე. კოლონიზატორი, ერთი მხრივ, ბოროტი დამპყრობელიცაა, რომელსაც კოლონიის მოსახლეობა ებრძვის, მათ შორის, ენობრივ დონეზე. მეორე მხრივ, ამის პარალელური პროცესია იმპერიის მიმიკრია, მისი მიბაძვა და მის ყაიდაზე გადაწყობა, იმდენად, რომ კოლონიზატორსა და კოლონიზებულს შორის ზღვარი იშლება. იმპერიის ენა ორგანულად ეკვრის კოლონიის ენას და იმპერიასთან განშორების შემდეგაც, როგორც დედმამინაცვლის ენა, მეორე მშობლიურად რჩება, მაშინაც კი, როდესაც ეს ენა დავიწყების გზაზეა.    

ასეთი ენობრივი მოდელი პოსტკოლონიურ ქვეყნებში გვხვდება. პოსტკოლონიურ მდგომარეობას ახასიათებს ანტიიმპერიული აფექტი – ყველაფრის, რაც კოლონიურ წარსულს გახსენებს, რადიკალური უარყოფა. თუმცა, უცვლელი რჩება თავად არასრულფასოვნების განცდა და იმპერიის მიმიკრია. ქვეყანა უკვე თავადვე იწყებს იმპერიის, შესაბამისად, საკუთარი კოლონიურობის რეპროდუქციას, მათ შორის, ენაშიც. ამიტომაც, ყოფილი კოლონია, საკუთარი კოლონიური ჩვევებისგან გათავისუფლების ნაცვლად, მის ჩანაცვლებას ცდილობს ახალი, სხვა იმპერიის მიმიკრიით. ენაში ეს ყველაზე ცხადად აისახება: თანამედროვე ქართული ანგლიზმები სწორედ ამ თვითკოლონიზაციის ღია და პირდაპირი გამოხატულებაა.

მულტიმეიდა მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.