ვალჟინა მორტი 1981 წელს მინსკში დაბადებული ბელორუსი პოეტია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლექსების პირველი კრებული 2005 წელს გამოსცა. 2004 წელს სლოვენიაში მიიღო კრისტალ ვილენსიას ჯილდო პოეტური პერფორმანსისთვის. 2005 წელს გაუდე პოლონიას სტიპენდია მიიღო პოლონეთში, ხოლო 2006 წელს ლიტერარიშეს კოლოკვიუმის სტიპენდია ბერლინში. უნიჭიერესი პოეტი ითვლება თანამედროვე მსოფლიო პოეზიის ამომავალ ვარსკვლავად. ვალჟინა მორტს ესაუბრა ლევან ბერძენიშვილი.

ვალჟინა, როგორია თქვენი ბავშვობის პირველი მოგონება? იყო თუ არა თქვენს ბავშვობაში მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ბედზე?

მე ქალაქელი ბავშვი ვარ, მაგრამ, სამი წლისა რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა იყიდეს ძველი სახლი პატარა, შორეულ სოფელში. ადრე გაზაფხულზე ჩავედით იქ და მახსოვს, რომ ხეივანი გამოიარა და მეზობელი სახლიდან გასაცნობად მოვიდა მოხუცი ქალი. ისტერიკაში ჩავვარდი, რადგან კუდიანი დედაბერი მეგონა. ჩემი ტირილი და ხეივანში მომავალი ქალი კარგად მახსოვს, თითქოს ეს სცენა ფილმში მენახოს – ალბათ იმიტომ, რომ მრავალი წლის შემდეგაც ამას სიზმარში ვხედავდი ხოლმე და ეს იქცა ჩემი ბავშვობის კოშმარად.

გახსოვთ თუ არა თქვენი პირველი ლექსი? როგორ დაიწერა? გაგაკვირვათ?

კი, გასაოცარია, მაგრამ მახსოვს. ავად გავხდი, ღამე მეღვიძებოდა და სიბნელე მაშინებდა. მაშინ ბებიამ ხელში ამიყვანა, ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: „რაკი მაინც არ გძინავს, აი, ღამეს შეხედე“. გადასწია თეთრი ფარდა და დავინახე ზაფხულის ლურჯი სიბნელე, ხეების დიდი ლაქები და სავსე მთვარე. ამ მთვარეს მაშინვე ვუპასუხე სტროფით. სიტყვა „მთვარე“ (луна) სიტყვა „მას“ (она) ერითმებოდა. ოთხი წლის ვიყავი.

თქვენ პოეზიაში მუსიკის სამყაროდან მოხვედით. როგორ იყო ეს?

კამიუს სადღაც უწერია, სიღარიბემ გამაგებინა, რომ ყველაფერი ასე კარგად არაა ცხოვრებასა და ისტორიაში, მაგრამ ალჟირის მზემ მასწავლა, რომ ისტორია ყველაფერი არ არისო. მინსკი სულაც არაა მზიური ქალაქი, ისტორია ბელორუსებისთვის კი ყველაფერია; მაგრამ ჩემთვის ასეთი მზე ყოველთვის იყო მუსიკა. მთელი ბავშვობა გაკვეთილების შემდეგ აკორდეონზე ვუკრავდი დღეში ოთხ საათს, ხოლო დასვენების დღეებში საოპერო თეატრის საბავშვო სტუდიაში დავდიოდი, ვმღეროდი რამდენიმე ოპერაში, სადაც საბავშვო გუნდი მონაწილეობდა. მუსიკამ აამაღლა ჩემი საბავშვო წარმოსახვის სამყარო, რწმენა და ენის სიზუსტე მომცა. სტრავინსკისთან წაკითხული მაქვს (მეხსიერებით პერიფრაზირებას ვახდენ): „მუსიკა სულაც არ არის აბსტრაქტული ენა, სიტყვებით მისი გადმოცემა რომ შეიძლებოდეს. მუსიკა – მეტისმეტად ზუსტი ენაა სიტყვებისათვის“.

როდის მიხვდით, რომ ნამდვილი პოეტი ხართ?

როდესაც ძალიან მომინდა, პოეტი არ ვყოფილიყავი და არ გამომივიდა.

ნიუ იორკერი წერდა: „მორტი ცდილობს, თავისი მშობლიური ქვეყნის წარგზავნილი იყოს, მშფოთვარე ხმით წერს ბელორუსის მყარი იდენტობისა და მისი ენისთვის ბრძოლაზე“. თქვენ გასაოცარი ლექსი დაწერეთ ბელორუსულ ენაზე. თქვით, რომ ეს თქვენი სისხლის ენაა. რატომ უნდა ვწეროთ სისხლით?

ხელები პროზისთვისაა. პოეზისთვისაა მუცელი და პულსი. მე ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა და კითხვა სამ ენაზე, მაგრამ წერა შემიძლია მხოლოდ ბელორუსულად და ინგლისურად – ორ ენაზე, რომლებიც შეგნებულ ასაკში შევისწავლე. სახლში ბებიასთან ტრასიანკაზე ვლაპარაკობდი, ეს ბელორუსული პინჯინია. ესაა ჩემთვის ყველაზე ახლობელი ბგერა. პინჯინი დეგრადირებულ ენად არ მიმაჩნია. ტრასიანკაში არის როგორც ენობრივი წინააღმდეგობის, ისე ენობრივი ურთიერთდახმარების ისტორია (აქ ვგულისხმობ ურთიერთობას რუსულ ენასთან, ასევე პოლონურსა და უკრაინულთან). ხოლო ის, რაც ითვლება ნორმალიზებულ, ლიტერატურულ ენად, ჩემთვის მკვდარი ენაა.

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში პერიოდები მთლიანად დაცლილი შემოქმედებისგან?

არა. უფრო მეტიც, პოეზიას შემოქმედებად არ მივიჩნევ. შესაძლოა, უბრალოდ, სწორად არ მესმის ეს სიტყვა. ჩემთვის სიტყვა „შემოქმედებაში“ ძალიან ბევრია ან ღმერთისგან, ან მხატვრული წრისგან. პოეზია რელიგიასავითაა. როდესაც მას მიიღებთ, იგი ყველაფერს, რაც ხდება, აზრსა და ფორმას ანიჭებს. დაწერო ლექსი – ამ ფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. პოეზიის კითხვა, მაგალითად, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია.

რომელმა ხუთმა წიგნმა მოახდინა თქვენზე გავლენა ბოლო ხანებში და რატომ? არის თუ არა წიგნები, რომელთაც კარდინარულად შეცვალეს თქვენი ცხოვრება და მსოფლმხედველობა?

მგონია, რომ ყველაზე კარდინარული ცვლილებები სულ დასაწყისში მოხდა, საბავშვო წიგნების გავლენით – ჟიულ ვერნი, შვედური საბავშვო ლიტერატურა, მეტერლინკის პიესები, ვერცხლის საუკუნის პოეტების კვადრატული კრებულები, რომელთა ენაც ყველაფრით ისე მაკვირვებდა, რომ სულ მეჩვენებოდა, რაღაც დიდი საიდუმლო გამომჟღავნდება-მეთქი. შემდეგ პოლონელი პოეტები – ნორვიდი, ლესმიანი, ბიალოშევსკი, შიმბორსკა, ჰერბერტი, მილოში, ლიპსკა; მაგრამ ყველაზე უფრო მეტად რაფაელ ვოიაჩეკი თავისი ამოტრიალებული სინტაქსით. ბოლო ხანებში – შვედი პოეტი ქალის ინგერ კრისტენსენის ლექსების კრებული, ამერიკელი პოეტის ილია კამინსკის ახალი წიგნი „ყრუთა რესპუბლიკა“, პოლინა ბარკოვას სხვადასხვა წიგნიდან ამოკრეფილი ლექსების კრებული „მზიანი დილა მოედანზე“, ოცდაათიან წლებში დახვრეტილი და ომისშემდგომ წლებში დავიწყებული ბელორუსი პოეტების მკითხველისთვის დაბრუნება. ძალიან მაინტერესებს კითხვა ბიოსფეროზე – ბიოსემიოტიკა, რომელსაც პოეტები მიმართავენ. ასე მაგალითად, ახლახან გამოიცა ამერიკელი პოეტი ქალის ს.დ. რაიტის წიგნი (სიკვდილის შემდეგ) ალვის ხეებზე, ხეებზე, როგორც სოციალურ არსებებზე, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და ადამიანური ისტორიის მოწმეები არიან.

რამდენად ძლიერია თქვენთვის სიტყვა? იყო თუ არა სიტუაცია, როდესაც სიტყვას თითქმის ფიზიკურად დაუჭრიხართ ან, პირიქით, აუმაღლებიხართ?

ჩემთვის მთავარია ყვირილი, ამოძახილი. არა ისტერიკა, არამედ გააზრებული ყვირილი, რაღაც რიტუალური ამოძახილის მსგავსი. მაგალითად, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში რომაა ყვირილი, რომელიც მოძრაობას ახლავს. რა თქმა უნდა, „კიაის“ საჭიროება შეიძლება აიხსნას ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ყვირილში არის რაღაც სხვა, განწმენდა, როგორც გარეცხვის წინ ამოვაბრუნებთ შარვლისა და პიჯაკის ჯიბეებს, რომ რამე წვრილმანი არ შეგვყვეს, რომლებიც სულ მიგვავიწყდა. ძველ საბერძნეთში ქალები აწყობდნენ ქალურ დღესასწაულებს, როდესაც პოლისის საზღვრებიდან გადიოდნენ და იქ სვამდნენ, ხტოდნენ და ყვიროდნენ. ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად ვიცოდეთ, რას აკეთებდნენ იქ, რადგან მამაკაცებს დასწრება არ შეეძლოთ, ხოლო ისტორია, როგორც ცნობილია, მამაკაცების თვალსაზრისითაა ჩაწერილი, მაგრამ ბედნიერი ყიჟინა ამ დღესასწაულების დროს პოლისამდე აღწევდა.

სევდიანი ადამიანი ხართ? რას შეუძლია, გაგახაროთ?

არა, მე ძალიან მოცინარი ვარ.

რაზე გინდებათ წერა ყველაზე უფრო ხშირად? სიტყვაშეთანხმებანი თავისთავად იბადებიან თუ ესაა პასუხი რამე მოვლენაზე, უსამართლობაზე, სილამაზეზე?

ლექსის წერაში ძალიან ბევრი რამ ხდება ქვეცნობიერ დონეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოუარო საკუთარ შინაგან ხმას, შინაგან აღქმასა და განცდას. მნიშვნელოვანია, ძალიან ყურადღებით ექცეოდე სამყაროს შენეულ ნაწილს, საკუთარ თავს, შენს მეხსიერებას, შენს წარმოსახვას, ფორმისა და იუმორის გრძნობას.

რა ადგილი უკავია შემოქმედებას თქვენს ცხოვრებაში? 

მაქვს საჭიროება, მოვუძებნო ყველაფერს კიდევ უფრო ზუსტი, უფრო გასაოცარი ფორმულირება. ენა ისეთი საცეცებია, რომლებსაც შეუძლია ისეთ რამეს შეეხოს, რასაც ხელი ვერ მისწვდება. ან კიდევ, მაგალითად, ბევრჯერ და დიდხანს ვზივარ. ამიტომ ყოველ კვირას დავდივარ ჯარაექიმთან (მასაჟისტთან). პოეტი ეს ენის ჯარაექიმია. ენამაც იცის ჩაჯდომა – მოსაწყენ ფორმულებში, კლიშეებში. პოეტი ენას აბრუნებს მოულოდნელობის, უსასრულო შესაძლებლობების მდგომარეობაში. ეს არ არის ადგილი ცხოვრებაში, ეს თვითონ ცხოვრებაა.

ვის გამოჰყოფდით თანამედროვე ავტორებიდან, ვინ გეჩვენებათ ყველაზე საინტერესოდ?

შექსპირს. ეს პოეტი ყველა ეპოქის თანამედროვეა. შექსპირის დრამა ახლაც თავის მკითხველზე უფრო საინტერესო და ჭკვიანია, მან მკითხველის თაობაზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე თავად მკითხველმა. ხლებნიკოვს რომ ვკითხულობ დღეს, ვხვდები, რომ იგი დღესაც მომავლის პოეტია.

შეიძლება თუ არა ლაჩრობის გამართლება?

არ მგონია, რომ ლაჩრობას გამართლება სჭირდებოდეს. ლაჩრობა ხომ შიშის დაძლევის შეუძლებლობაა, ხოლო შიში ასე ადამიანური მდგომარეობაა. პოლონელ პოეტ ქალ ანა სვირშჩინსკაის აქვს კრებული „ვაშენებდი ბარიკადებს“ ვარშავის აჯანყებაზე, სადაც რეფრენის სახით მეორდება აზრი: „ყველანი ლაჩრები ვართ“, „საშინლად გვეშინოდა, ბარიკადებს რომ ვაგებდით“.

როგორ გადის თქვენი დღე? როდის და როგორ მოდის ლექსი უფრო ხშირად?

რომ ვწერო, მჭირდება მარტოობის, როგორც მინიმუმ, ხუთი საათი. დიდ დროს ვხარჯავ სიტყვების სტრიქონებში გადაწევ-გადმოწევაზე, ვცვლი სტრიქონგასაყარებს, დავდივარ ოთახში, ვიმეორებ სიტყვებს. მჭირდება, რომ საკუთარი თავი ჩავწერო ენის გარკვეულ მდგომარეობაში – გასაოცარი ენის, სახის განსაზღვრულ მდგმარეობაში, მეტაფორები უნდა მივიყვანო უკიდურეს მოსახვევამდე, რომლის შემდეგაც გროტესკი იწყება. ვწერ სიჩუმეში, მაგრამ ხანდახან მიყვარს ლიტურგიული მუსიკის თანხლებით წერა.