სანკა ჟურავლიოვი მოჰყვა საოცარ ისტორიას. ქალაქში ყოფილა (მოტოციკლეტის საყიდლად) და რესტორანში შესულა, საჭმელად. შევიდა, გარდერობში ლაბადა გაიხადა, დარბაზისკენ გაემართა... მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ დარბაზი მინის კედლით იყო გაყოფილი და... პირდაპირ ამ კედლისკენ გაეშურა. ჰოდა გაიტანა. მინა პირდაპირ გადმოეშვა, სანკას წინ დავარდა და ზრიალით დაიმსხვრა. ბუნებრივია, მოირბინეს. სანკა სრულიად ფხიზელი იყო და ამიტომ მილიცია არ გამოიძახეს, არამედ წაიყვანეს რესტორნის დირექტორთან, მეორე სართულზე. კაცმა, რომელიც რბილ კიბეზე მიუძღოდა, დაიანგარიშა:

– ორ ხელფასს დადებ. ეგებ – სამსაც.

– მე ხომ განგებ არ მიქნია.

– მერე რა, რო?

შევიდნენ დირექტორის კაბინეტში... და აი, აქ იწყება საოცრება, რასაც სოფლის ხალხი ისმენდა და ერთმანეთს უცქერდა – არ იჯერებდა. სანკა ასე ჰყვებოდა:

– შევედით – ზის ახალგაზრდა ქალი. ფუმფულა, ოდნავ გადმოკარკლული თვალებით, ტუჩები – გაბანტული, ოქროს საათი. „რა მოხდა?“ იმ ამხანაგმა მოხსენება დაიწყო, რომ აი, კედელი გავიტანეთ... ეს ქალი კი მე მიყურებს, – აქ სანკა ყოველთვის ცდილობდა, ეჩვენებინა, როგორ უყურებდა: ტუჩებს მოკუმავდა, ქათმის კურტუმოსავით, და თვალებს გადმოკარკლავდა. და ყველას შეხედავდა. ხალხი იცინოდა და კვლავ არ იჯერებდა.

– მერე, მერე?

– ქალი ეუბნება იმ ამხანაგს: „კარგი, წადი. გავერკვევით“. ხოლო კაბინეტი!.. აი, ჩემი, ალბათ მინისტრებს აქვთ ასეთი: ირგვლივ რბილი სავარძლები, დივნები, კედლებზე – სურათები... „საიდან ხართ?“ – მეკითხება. მე ავუხსენი.

– ჰო, ჰო, – იძახის, – ეს როგორ მოგივიდათ?“ თვითონ კი მიყურე-ებს, მიყურე-ებს.. დი-იდხანს მიყურებდა.

კიდევ იმიტომ არ იჯერებდნენ თანასოფლელები სანკასას, რომ აბა, რა ჰქონდა საყურებელი? თან, როგორც თავად ირწმუნებოდა, დიდხანს საყურებელი? მით უმეტეს, ქალაქელი ქალისთვის – რატომ, ღმერთო ჩემო?! რა ჰქონდა საყურებელი, რა?! აწოწილი, გრძელცხვირა, ნაადრევად დანაოჭებული... ხვდებოდნენ, რომ სანკამ ეს ისტორია თავის დასამკვიდრებლად მოიგონა, ვინაიდან სოფლელ გოგოებს არ უყვარდათ.

– მერე, მერე, სანია? შემდეგ?

შემდეგ იყო დამაგდებელი დარტყმა; ამბავი იწყებდა წკრიალსა და ციალს, ზუსტად როგორც ის კედელი რესტორანში...

– მერე ერთად მივდივართ მის სამოთახიან ბინაში და ვლაღობთ! სამი დღე! ვიღვიძებ, აი, აი, ასე ვიწყებ ლოგინთან ხელების ფათურს, მოვნახავ შამპანურის ბოთლს – ჩავაბუყბუყებ!.. ქალი მეუბნება: „ფუჟერიდან მაინც გექნა, სანიოკ, ხომ ხედავ, რამდენი ფუჟერია!“ სამი დღე და სამი ღამე ვლაღობდით! თითქოს სიზმარში ვცხოვრობდი: ქალი საღამოს სამსახურში შეივლის, მე მანამდე ბინაში მარტო ვარ. აბაზანას ვიღებ, ტუალეტში ვზივარ... აბაზანა მოპირკეთებულია ცისფერი კაფელით, ტუალეტი – ყვითლით. ყველაფერი პრიალებს, მთელი ავეჯი ლაქითაა დაფარული. თავიდან ფრთხილად ვეკიდებოდი, ქალმა ეს შეამჩნია, სასაცილოდ ამიგდო. „არ გინდა ასე, სანიოკ! – მეუბნება. ნივთი შენ უნდა გემსახურებოდეს და არა შენ – ნივთს. მე რა, ამ ყველაფერს თან წავიღებ, თუ?“ ფარდები ასეთი, მწვანე, ფოთლებიანი... გადმოწევ – ნახევრად ბნელა ოთახებში. თქვენგან რომელიმე წოლილა კარელიის არყის ხის საძინებელში? ჩვენ ხომ არიფები ვართ. ჩვენ გვგონია, რომ ზამბარიან საწოლზე წოლა – ეს ცხოვრების ოცნებაა. ახლა უბრალო არყის ხის საწოლს ვიკეთებ... ქალაქი, დიდი ხანია, ხის საწოლზე გადავიდა. თუ ყოველდღიურად გიგანტურ სტრესს იღებ, ხომ უნდა გამოიძინო მაინც!

– მერე, მერე, სან?

ასე გადის ეს სამი დღე. საღამოს ქალს ტაქსით მოაქვს ქათმები, ათასნაირი დალაბულები... მიპიპინებენ, ჩავდივარ, მიმაქვს აი, ასეთი, პატარა გადასატანი მაცივარი, მომაქვს... და ისევ ვლაღობთ. რადიოლას ვრთავთ დაბალ ხმაზე, შამპანურს ვწრუპავთ... რასაც კი მოისურვებს ჩემი მარცხენა ფეხი, მაშინათვე ვიღებ. ერთხელ ვუთხარი: აი, კინოში მაქვს ნანახი: კაცი ჭიქაში ასხამს ცოტა ვისკის, მერე ზედ სიფონიდან... შენ ასე შეგიძლია? ამასო, მითხრა, ჰქვია ვისკი სოდით. სიფონი მაქვს, ვისკის ახლავე მოიტანენ“. მართლაც, თხუთმეტი წუთის მერე მოიტანეს ვისკი. ვისკი მე, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. მე ვსვამდი არაყს სოდით. აი, ასე, დააჭერ სიფონის ღილაკს, იქიდან უეცრად ჭიქაში ჭავლს დაუშვებს... მშვენიერებაა.

– მინის ამბავი მაინც როგორ დამთავრდა?

– რომელი მინის?

– რომ დაამტვრიე და...

– აა... როგორ და არაფრით. მერე ქალი მთლიანად მათვალიერებდა და უკვირდა: მაინც როგორ მოხდა, რომ არსად დაიჭერიო. მოტოციკლეტი კი – ქალს ფული მივეცი და პირდაპირ სადარბაზოსთან მომიგორეს...

აი, ასეთი ამბავი შეემთხვა ვითომ სანკა ჟურავლიოვს. აქედან უეჭველი სიმართლე იყო, რომ: სანკა ნამდვილად წავიდა ქალაქში, სამი დღე სახლში არ ყოფილა, მოტოციკლეტი ზუსტად ისეთი მოიყვანა, როგორიც უნდოდა და როგორის ფულიც წაიღო – მეტი ფული არ ჰქონია. ეს ყველაფერი სიმართლეა. დანარჩენს თანასოფლელები არაფრით იჯერებდნენ. სანკა ნერვიულობდა, წყრებოდა... და დაწვრილებით უყვებოდა კაცებს ისეთ ბინძურ წვრილმანებს, რასაც ბოღმით ნამდვილად ვერ მოიფიქრებდა. მაგრამ ხალხი მაინც მიიჩნევდა, რომ სანკამ ეს ყველაფერი სადღაც მოისმინა.

– აუ, ჩემი! – ცხარობდა სანკა, – აბა, მაინც სად ვიყავი ეს სამი დღე?! სად?

– იქნებ, გამოსაფხიზლებელში.

– აბა, გამოსაფხიზლებელში როგორ მოვხვდებოდი?! როგორ? ზედმეტი მანეთიც არ მქონია!

– ააა, ეგ... ღორი ტალახს მონახავს.

– მიდი, აბა, მონახე! მიდი, თუნდაც ხუთკაპიკიანი იპოვე ისე, უბრალოდ. მაინც, რით უნდა მეცხოვრა ეს სამი დღე?

ამის ახსნა კი არ შეეძლოთ. მაგრამ რესტორნის ფუმფულა დირექტორისა და მისი სამოთახიანი ბინის ამბავს არ იჯერებდნენ. ეს უკვე ეშმაკმა იცის, რაა, ასეთი ქალები ამქვეყნად არც არსებობენ.

– დისტროფიკებო! – ლანძღავდა ყველას სანკა, – ნეხვის ხოჭოებო. თქვენ რა გესმით? აბა, რა გესმით თანამედროვე ცხოვრებისა?

ერთხელაც ისე მოხდა, რომ ეს ისტორია მოისმინა ეგორკა იურლოვმა, ოდნავ პირქუშმა, უშიშარმა ბიჭმა, საბჭოთა მეურნეობის მძღოლმა. ბოლომდე მოისმინა, შხამიანად ჩაიქირქილა. ყველანი მისკენ მიტრიალდნენ, იმიტომ, რომ მის აზრს – რატომღაც ასე დამკვიდრებულიყო – პატივს სცემდნენ. და, სიმართლე უნდა ითქვას, ბიჭი არ იყო უჭკუო.

– რას იტყვი, ეგორკა?

– ვერსია, – მოკლედ თქვა ეგორკამ.

– რა ვერსია? – ვერ გაიგო სანკამ.

– თავს რად ისულელებ? – პირდაპირ ჰკითხა ეგორკამ, – ხალხი შეცდომაში რატომ შეგყავს?

სანკა პირდაპირ გაფითრდა... იფიქრეს, რომ იჩხუბებდნენ. მაგრამ სანკამ წყენას კბილი დააჭირა. და ასევე პირდაპირ ჰკითხა:

– შენ, მანქანა წესრიგში გყავს?

– რად გინდა?

– მე გეკითხები, მანქანა წესრიგში გყავს? – სანკა მუქარით მიიწია ეგორკასკენ, – თქვი!

ეგორკამ დააყოვნა, თავს ხომ არ დამესხმებაო სანკა; დააყოვნა და უპასუხა:

– წესრიგშია.

– წავედით, – მბრძანებლური ტონით თქვა სანკამ, – მომბეზრდა მე ეს კომედია. ვუყვები, როგორც პატიოსან ხალხს, ესენი კი, საზიზღრები, ხითხითებენ. წავიდეთ იმ ქალთან, განახებ, როგორ ცხოვრობს ხალხი მეოცე საუკუნეში. გაფრთხილებ: ჩემი ნებართვის გარეშე არავის დაუწყო ხელების ფათური და ძვირფას ღვინოს ჭიქებით ნუ დალევ. შეიძლება, საზოგადოება შეიკრიბოს – იქნებ მისი დაქალებიც მოვიდნენ. კიდევ ვის უნდა წამოსვლა, არიფებო? – სანკა როლში შეჭრილიყო, უყვარდა ხანდახან „გამოსვლები“, მაგრამ, ამავე დროს... ამავე დროს, იმის შემოწმებას სთავაზობდა, სიმართლეს ამბობდა თუ იტყუებოდა. ეს კი სერიოზული ამბავი იყო.

ეგორკას დიდხანს არ უფიქრია, თქვა:

– წავედით.

– კიდევ ვის უნდა? – ერთხელაც იკითხა სანკამ.

სხვამ არავინ მოისურვა წასვლა. ისედაც ბნელი ამბავია, და თან ორი ისეთი მიდის, კაცმა არ იცის, შარია...

სანკა და ეგორკა კი წავიდნენ.

გზაში კიდევ ერთხელ იჩხუბეს. სანკამ ისევ გაუგრძელა ეგორკას იმის სწავლება, რომ ქალაქში ხელების ფათური არ უნდა დაეწყო და ძვირფასი ღვინო ჭიქებით არ დაელია.

– თორემ მე ხომ გიცნობთ...

– წადი, შენი! – გაჯავრდა ეგორკა, – თავი რაღაცა ჰგონია, დამჯდარა აქ... „მე – თქვენ...“ ეს ვის, „თქვენ“? შენ თვითონ ვინ ხარ?

– მე შენ გასწავლი, როგორაც გმართებს ახალ გარემოში ორიენტირება, გაიგე?

– ჯობს, შენს თავს ასწავლო – როგორ არ უნდა იყბედო, არ მოიტყუო. თორემ ატეხე აქ ალიაქოთი... ახლა, რომ მივალთ და იქ არავითარი სამოთახიანი ბინა არ აღმოჩნდება, – ეგორკამ თითით საჭეზე დააკაკუნა, – უკან ფეხით წახვალ.

– კეთილი. მაგრამ თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გეუბნებოდი, შენ ხალხის თანდასწრებით, კლუბის სცენიდან იტყვი: „ამხანაგებო, ტყუილად არ დავუჯერეთ სანკა ჟურავლიოვს – მას ტყუილი არ უთქვამს“. მოსულა?

– მოსულა, – ჩაიბურტყუნა პირქუშმა ეგორკამ.

– ეშმაკები! – თქვა გაგულისებით სანკამ, – თვითონ ისე ცხოვრობენ... როგორც ქვის ხანაში, და არც სხვას ანებებენ.

ქალაქში დაღამებამდე ჩავიდნენ.

„მარჯვნივ“, „მარცხნივ“, „პირდაპირ“! – განკარგულებებს იძლეოდა სანკა. უკვე ბოლომდე მოყოჩაღებულიყო, თვალებში გამბედაობა ჩადგომოდა, თუმცა შიშს ოდნავ მაინც აეტანა. ეგორკა ალმაცერად გადახედავდა ხოლმე და მორჩილად უხვევდა „მარცხნივ“, „მარჯვნივ“... ხედავდა, რომ სანკა ძაგძაგებდა, მაგრამ დუმდა. თვითონაც ერთი-ორჯერ გული შეეკუმშა ავი წინათგრძნობისგან.

– რესტორან „კოლოსს“ ეგრევე ვცნობ, – საზეიმოდ თქვა სანკამ, – აქ, მგონი, ისევ მარცხნივ. ჰო, მარცხნივ გადი.

– რა, მისამართი არ იცი?

– მისამართებს ვერასოდეს ვიმახსოვრებ – თვალით ჩაბეჭდილი ყველაფერს სჯობს.

კიდევ იტრიალეს ცამდე წამოყუდებულ ასანთის კოლოფებს შორის... და ერთთან მივიდნენ, და გაჩერდნენ.

– აი, ისაა, ის სადარბაზო, – ხმადაბლა თქვა სანკამ, – ცისფერი, წინაფრიანი.

ერთხანს კაბინაში ისხდნენ.

– აბა? – იკითხა ეგორკამ.

– ახლავე... ალბათ, სამსახურშია, – ყოყმანით თქვა სანკამ, – რომელია ახლა.

– ცხრას აკლია ოცი.

– გაგანია სამუშაო აქვს...

– აჰა... დაიწყო. უკვე გაფუჭდი?

– წავედით! – ბრძანა სანკამ, – წამო, ბოჩოლა, წამო. თუ სახლში არ იქნა, რესტორანში წავიდეთ.

მეოთხე სართულზე ფეხით ავიდნენ.

– ასე, – თქვა სანკამ. ღელავდა, – მე მიყურე – როგორც მე ვიზამ, ისე მოიქეცი, ოღონდ ოდნავ უფრო მოკრძალებულად. ვითომ ჩემი ღარიბი ნათესავი ხარ... ფუი! ვღელავ, ეს ოხერი. რა მაღელვებს? ნაბიჯით იარ! – და თითი ზარის თეთრ ღილაკს დააჭირა.

კარს მიღმა, სიჩუმეში, ნაბიჯები გაისმა.

– რა პარკეტია, იცი?!. – მოასწრო წაჩურჩულება სანკამ.

კარში გასაღები ძალიან დიდხანს ტრიალებდა და ტრიალებდა – იქნებ, მარტო ერთი საკეტიც არ იყო?

სანკამ ნერვიულად ჩაუკრა თვალი ეგორკას.

როგორც იქნა, კარი ოდნავ გაიღო... სანკამ დიდი პირით ფართოდ გაიღიმა, უნდოდა, კარს მისწოლოდა, რომ უფრო გულღიად შეეღო, მაგრამ კარი ჯაჭვზე აღმოჩნდა აღებული.

– ვინ არის? – გაისმა კარსუკნიდან დამფრთხალი და უკმაყოფილო ხმა. ქალმა იკითხა.

– ირა... მე ვარ! – თქვა სანკამ არაბუნებრივი ხმით. და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა. შეიძლება ითქვას, რომ იმწუთას მის სახეზე იყო ცხვირი და ღიმილი, დანარჩენი – ნაოჭები.

– ღმერთო ჩემო! – ავად და დაცინვით გაისმა კარსმიღმა (სანკას გამო ეგორკა ქალის სახეს ვერ ხედავდა), და კარი მოჯახუნდა და მკვეთრად, მშრალად დაიტკაცუნა.

სანკა გაოგნდა... დაბნეულმა შეხედა ეგორკას.

– ჩემი კაი! – თქვა მან, – ეს რა, გამხეცდა?

– იქნებ ვერ გიცნო? – სრულიად უბოროტოდ უკარნახა ეგორკამ.

სანკამ კიდევ ერთხელ დააჭირა თითი თეთრ ღილაკს. კარსუკან დუმდნენ. სანკა ღილაკს აწვებოდა და აწვებოდა. ბოლოს გაისმა ნაბიჯები – მძიმე, მამაკაცისა. კარი ისევ გაიღო, მაგრამ ისევ ჯაჭვი უშლიდა. გამოიხედა მამაკაცის ვარდისფერმა სახემ. მამაკაცმა სანკას მკაცრი მზერით ურქინა... შემდეგ მისმა თვალებმა მოპირქუშო ეგორკაც აღმოაჩინეს და – ჩქარ-ჩქარა – დაძებნეს, კიდევ ვინმე ხომ არ იყო? და კაცი შეეცადა, ბზარიანად და საშიშად გამოსვლოდა:

– რაშია საქმე?!

– ირინას დაუძახე, – უთხრა სანკამ. მამაკაცი ერთხანს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო... ბინის სიღრმიდან რაღაც უთხრეს და მამაკაცმა კარი მკვეთრად მოაჯახუნა. სანკა მაშინვე დააწვა ზარის ღილაკს და აღარ აუშვია. კარი ისევ გაიღო.

– რა, გამოვიდე და გირტყა?! – უკვე სერიოზული სიავით თქვა მამაკაცმა.

სანკამ კარს ფეხი დაუდო, რომ მამაკაცს არ დაეხურა.

– გამოდი ერთი წუთით, – უთხრა სანკამ. – რაღაცას გკითხავ.

მამაკაცმა ოდნავ უკან დაიწია და მთელი ტანით მიაწყდა კარს... სანკამ დაიღრიალა. აქედან ეგორკა – ზუსტად ისევე, როგორც კარსუკან მდგომი – გადაიხარა და კარს მხრით მიეხალა. სანკამ ფეხი გამოაძრო და ისიც მხრით მიაწვა კარს.

– სემიონ! – აწიოკდა მამაკაცი.

სანამ სემიონი ჩუსტებით გამორბოდა ამხანაგის საშველად, ახალგაზრდა სოფლელი ბუღები მიაწვნენ და... ჯაჭვი გაწყდა.

– ხელები მაღლა! – დაიღრიალა დერეფანში შეჭრილმა სანკამ.

ვარდისფერსახიანმა კაცმა უკან-უკან დაიხია... ჩუსტებიანმა კაცმაც მკვეთრად შეწყვიტა სირბილი, მაგრამ ამ დროს წივილით გამოვარდა მოკლეფეხება, მძლავრტორსიანი ქალი.

– გაეთრიეთ! – საკვირველია, როგორი მსუბუქი იყო ეს მოსული ქალი და როგორ ყურისწამღებად წიოდა, – გაეთრიეთ, ნაძირალებო!! დარეკეთ მილიციაში! მილიციაში ვრეკავ! – ქალი ასევე მსუბუქად გაჭენდა დასარეკად.

– წავედით, სანკა, – თქვა ეგორკამ.

სანკამ არ იცოდა, რაღა ეფიქრა.

– წავედით, – ერთხელაც თქვა ეგორკამ.

– არა, არ წავედით, – მრისხანედ თქვა ვარდისფერსახიანმა. და სანკასკენ დაიძრა, – არა, არ წავედით... ასე, უბრალოდ, ხომ? სემიონ, იმ მხრიდან შემოუარე. ალყა შემოვარტყათ ხულიგნებს!

ჩუსტებიანი შემოვლას აპირებდა, მაგრამ ამ დროს კარიდან ეგორი შემობრუნდა...

...ჩვენმა „არწივებმა“ ალყა გაარღვიეს, მაგრამ თხუთმეტ-თხუთმეტი დღით კი ჩასხდნენ. ეგორკას მართვის მოწმობაც ჩამოართვეს ნახევარი წლით – ქალაქში თვითნებურად გამგზავრებისთვის. უცნაური კია, მაგრამ ამის მერე სოფლელებმა სანკას ისტორია მთლიანად დაიჯერეს. და ხშირად სთხოვდნენ, მოეყოლა, როგორ ლაღობდა ქალაქში სამი დღე და სამი ღამე. და იცინოდნენ.

მხოლოდ ეგორკა არ იცინოდა: უმანქანოდ ნაკლებ ფულს აკეთებდა.

– სულელი რომ ვარ და წავეხეტე, – ბუზღუნებდა, – რა ძალა მადგა?

– ეგორ, და ქალი როგორი იყო? მართლა ძალიან ლამაზია?

– წესიერად ვერც შევათვალიერე – ბინაში რაღაც ბუფეტი დახტოდა...

– და ბინა რა, მართლა ასეთი საუცხოოა?

– ბინა საუცხოოა. ბინის დათვალიერება კი მოვასწარი. ბინა საუცხოოა.

სანკა კიდევ დიდხანს დადიოდა სოფელში გმირის იერით.