როცა გასულ წელს ჟურნალ „არილში“ შენი ლექსები წარვადგინე, პუბლიკაციას სათაურად „პოეტი კარიატიდი“ დავარქვი. და ეს მხოლოდ იმის გამო არა, რომ თარგმნილ ლექსებს შორის, ერთს სათაურად „კარიატიდი“ ჰქონდა. შენ ბევრს წერ ქალის პრობლემებზე. რას ნიშნავს, ერთდროულად  იყო ქალი, დედა, პოეტი? 

მე განსაკუთრებული სიტუაცია მქონდა იმით, რომ ორი შვილი მარტომ გავზარდე. მათთვის დედაც მე ვიყავი და მამაც, განა მარტო ფსიქოლოგიურად, როგორც მარჩენალიც. სერიოზულად წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც პირველი შვილი გამიჩნდა.

ჩემი მანამდელი ლექსები და კრებულები დღეს ისე მეჩვენება, თითქოს სადღაც, სხვა ცხოვრებაში იყო, ჩემს ნამდვილ მეს იქ ვერ ვხედავ.

მშობიარობამ და იმის მომენტალურმა გაცნობიერებამ, რომ რაღაც წრებრუნვის ნაწილი გავხდი, რომელზეც აუცილებლად უნდა დავწერო და შთამომავლობას შემოვუნახო,  ინტესიურად წერა დამაწყებინა. თანაც ამ საქმის კეთება სახლიდან გაუსვლელად იყო შესაძლებელი. ლექსების წერა ხომ ბავშვის მოვლისა და კვების პარალელურადაც შეიძლებოდა. მე სხვანაირად არც ვიცი, წერა როგორ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ საფენების გამოცვლასა და მაკარონის მოხარშვას შორის, თავში მოსული აზრები საჩქაროდ უნდა ჩამენიშნა, რომელთაც მერე, როცა ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, დაიძინებდნენ, ლოგინში ჩაწოლილი ვუბრუნდებოდი და თუ გამიმართლებდა, დილისთვის უკვე ლექსის დასრულებული ვერსია მექნებოდა.  

პარალელურად იმაზეც უნდა მეზრუნა, შემოსავლის წყარო მქონოდა, სხვადასხვა წვრილ-წვრილი სამსახურის სახით, რომლებიც, საბედნიეროდ, ისევ წიგნებთან იყო დაკავშირებული. ვარედაქტირებდი ტექსტებს, ვთარგმნიდი, სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებდი, რათა ლექსის წერის ფუფუნება არ მომშლოდა. მშობლები არასდროს დამხმარებიან, შორს ცხოვრობდნენ, მეგობრებს კი საკუთარი ოჯახები და საკუთარი ცხოვრებაც ჰყოფნიდათ. რეალურად, მარტოხელას ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ ეს ძალასაც მაძლევდა, ლექსები დამეწერა. ლექსები ანუგეშებდნენ ჩემს მარტოობასაც.

სადებიუტო რომანში „მელოგინეთა ცხელება“, რომელიც 2005 წელს იურგენ პონტოს პრემიით დაჯილდოვდა, გვიყვები ოთხი თაობის ქალებზე, რომლებმაც შვილის გაჩენა და მისი თანამდევი მელოგინეთა ცხელება გადაიტანეს. ეს რომანიზოგადად ოჯახში ქალის როლის შესახებ არის. რა შეიცვალა ქალებისათვის ბოლო წლების გერმანიაში?

ეს რომანი ბიოგრაფიული ელემენტების შემცველია, რამდენადაც მასში მოცემული გარკვეული თარიღები ჩემი ოჯახის თარიღებს ემთხვევა. მინდოდა, ამ ოთხი ქალის მეშვეობით, ერთი საუკუნის გერმანიის ისტორია მომეყოლა, რომელიც, გარედან რომ შევხედით, ძალიან მოუსვენარი, ომებით სავსე საუკუნე იყო. ყველა ეს ქალი მტკიცედ არის მიბმული ოჯახის ბურჟუაზიულ სისტემაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ქალები არიან სახლში, თავს უძღვნიან ხელოვნებას, ზრდიან ბავშვებს და ქმრებს სიხარულს ანიჭებენ. ოჯახები, ქალაქადაც და სოფლადაც, ერთი მთლიანობა იყო. რაც დღეისათვის ძირეულად შეცვლილია. ეს 68-იანების თაობამ დაიწყო, რომლებმაც მშობლების სახლები დატოვეს. ახალგაზრდა კაცები დღეს საოჯახო საქმეებში ისევე არიან ჩაბმულები, როგორც ქალები, რაც მე საზოგადოების განვითარების ძალიან სწორი ფორმა მგონია. ქალის და კაცის თანასწორობა თანამედროვე თაობას უკვე გონებაში აქვს გამჯდარი. ორმოცდაათი წლის წინ აბსოლუტურად სხვანაირად იყო, მაშინდელ გერმანიაში ქალებს წერილობით უნდა მიეღოთ ქმრისგან თანხმობა, თუკი ცალკე ცხოვრება და ბანკში ანგარიშის გახსნა სურდათ.

შენი ახალი რომანის თემად ისევ ქალთა საკითხი რჩება?

ამჟამად ვმუშაობ ტექსტზე, სადაც მდინარე რაინი მონაწილეობს და ჰქვია „გადალახვა“ („შევსება“). ორმაგი მნიშვნელობის სათაური აქვს. რაინი, როგორც მდინარე, რომელიც ისტორიას წერდა, არის თემა, რომლითაც ბოლო დროს დავინტერესდი, თუმცა კი, ძალიან დიდი ხანია, რაც მის ნაპირას ვცხოვრობ. პირადად მე ერთი პატარა, უმნიშვნელო მდინარის ნაპირზე ვარ გაზრდილი, რომელსაც ვეზერი ჰქვია და მშვიდი, წყნარი რომანტიკული განწყობა აქვს. ბოლო ერთი წელია, ყოველდღე სამსახურში რაინის გასწვრივ მიწევს ველოსიპედით გავლა. მივდივარ ადგილამდე, რომელსაც სამხრეთის ხიდი ჰქვია. რაინი აქ განსაკუთრებით ფართოა, ასე რომ, კარგა ხანი მჭირდება, ვიდრე მეორე ნაპირზე გადავალ. ამ დროს თავში ბევრი აზრი მომდის, ვცდილობ, როგორღაც საღამომდე დავიმახსოვრო, ვიდრე სამსახურიდან უკან დავბრუნდებოდე და ჩავიწერდე.

მაგალითად, ვუყურებ ხოლმე ბარჟებს, როგორ მიარღვევენ დინებას, ან ვფიქრობ იმ გრაფიტებზე, ხიდის ბურჯებზე რომაა გამოსახული, ანდა იმ სახლების ცხოვრებას წარმოვიდგენ, ხიდიდან რომ ვხედავ. ყოველდღე ვწერ ცაზე და მდინარეზე და მცენარეთა სახეცვლილებაზე. როგორ ფორმას მიიღებს ეს ტექსტი, ამის თქმა ჯერ არ შემიძლია.

შენ პირველ რიგში პოეტი ხარ, რომელმაც რომანიც დაწერა. რამდენად დარჩი პროზაში პოეტად?

რომანი ინტენსიური ენით არის დაწერილი, გრძელი წინადადებებით, რომელსაც ბოლო არ უჩანს და თავიდან ბოლომდე შეთხზულია. ამ ტექსტში ის მუსიკალური ელემენტი გამოვიყენე, რასაც ჩემს პოეზიაში მივმართავ, თუმცა კი, ჩემს ლექსებში წინადადებები ასე უსაშველოდ დიდი არ არის. რეცენზიებში გაიჟღერა, რომ ვითომ ეს ძველმოდური ენაა, ანდა თომასმანისეულ სტილში წერა ვცადე. მე კი, პირველ რიგში, ის მინდოდა, რომ თხრობის ენა ლამაზი და მდიდარი ყოფილიყო. მინდოდა, მკითხველს მოქმედების დრო ენითაც ეგრძნო, ენა იმ წლების შესაბამისი ყოფილიყო, როგორც ასი, სამოცდაათი თუ ოცდაათი წლის წინათ ლაპარაკობდნენ. ამისათვის ჯერ ლექსიკონები და  მაშინდელი ლიტერატურული ტექსტები დავამუშავე. ამასვე ვაკეთებ ლექსებშიც, პატარა კვლევებს ვატარებ, ხშირად ისტორიულს, ხანდახან სამეცნიეროს და მერე იღებენ სტრიქონები პოეტურ ფორმას. სიტყვები, რომლებიც ლექსის წერის მიზეზია ჩემთვის, ბუნებრივია, რომ პროზაშიც მსგავსად გამოვიყენე. ისინი ხომ მუდამ რაღაცაზე მიანიშნებენ, რაღაც ხსოვნის მატარებლები არიან. მე ხომ იმიტომ ვწერ, რომ გავიხსენო და ამისათვის კი წარსული უნდა ჩავინიშნო.  

„ამის დაწერას ვერ შევძლებდი, კელნში რომ არ მეცხოვრა“, - ამბობ გერმანიის რადიოსათვის მიცემულ ერთ ინტერვიუში „მელოგინეთა ცხელების“ შესახებ.

რას ნიშნავს მწერალ ზაბინე შიფნერისთვის კელნში ცხოვრება?

კელნი ხელოვანთა ქალაქია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 80-90 იან წლებში, როცა აქ წარმოუდგენლად ცოცხალი, ავანგარდისტული იყო ხელოვანთა და ლიტერატორთა წრეები, რომელთა შორისაც აღმოვჩნდი და ჩამოვყალიბდი. როცა რომანს მშობლიურ მხარეზე წერ, ხანდახან ძალიან კარგია, მისგან შორს თუ წახვალ. დიდი ალბათობაა, ბრემენში რომ დავრჩენილიყავი, არასდროს გამებედა ამ ქალაქზე რომანის დაწერა.

შენი ბოლო ლექსების კრებული „შესანიშნავი“ ქალაქ კელნს ეძღვნება. რა გავლენა იქონია ამ ქალაქმა შენს პოეზიაზე? მხოლოდ ინსპირაციის წყაროა თუ ერთგვარი მთავარი ფიგურაც? რა შეგიძლია თქვა პოეზიაში ამგვარად აღბეჭდილ ადგილებზე?

ალბათ კელნზეც არასდროს დავწერდი, რამდენიმე წლით სხვაგან რომ არ გადავსულიყავი საცხოვრებლად. ამ დაშორებამ უფრო შესამჩნევი გახადა მისი მთავარი ღირსებები.  ეს ღია, კოსმოპოლიტური და სიმპათიური ქალაქია, სადაც ხელოვნებისთვის ბევრი სივრცეა. გარდა ამისა, ეს უძველესი ქალაქია, მისი ათასწლოვანი ისტორია ყველაფერში იგრძნობა. ჩვენც, აქაურებიც, ამ ათასწლოვანი ისტორიის ნაწილი ვართ, ეს არის ერთი ასპექტი, რაც კელნს ძალიან ძვირფასს ხდის.

რამდენიმე წელი ესპანეთშიც იცხოვრე, ასევე ცხოვრობდი ლოს-ანჯელესში, სადაც ვილა ავრორას სტიპენდიატი იყავი. რა გავლენა მოახდინეს შენზე ამ ადგილებმა, საერთოდაც, ახდენენ ადგილები გავლენას პოეზიაზე

მე ყოველთვის საკუთარ ამბებზე ვწერ. იშვიათად, რომ რამე გამოვიგონო. შეიძლება ითქვას, ნახევრადგამტარი მემბრანა ვარ, რომლის გავლითაც ცხოვრება პულსირებს და სიტყვებად იქცევა. შესაბამისად, ადგილები ყოველთვის განსაზღვრავენ ჩემს ნაწერებს. განსაკუთრებული ადგილები კი, განსაკუთრებულად მოქმედებენ. როგორც ლიონ ფოიხტვანგერის ვილაა ლოს-ანჯელესში, რომელსაც განა მარტო ადგილი აქვს განსაკუთრებული, არამედ განსაკუთრებული აურის მქონე ადამიანებმა იცხოვრეს იქ რთულ დროს. იმ საწოლში ძილი, სადაც მარტა ფოიხტვანგერი თავის ქმარს ელოდა ხოლმე, მართლაც ძალიან ემოციური უნდა იყოს.

ბრემენში დაბადებული და გაზრდილი ხარ, შენს რადიოპიესაშიც „საზღვაო ნისლი“ მოქმედება ჩრდილოეთ გერმანიაში ხდება, სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებსაც ჩრდილოეთზე აკეთებდი. ეს ნიშნავს, რომ სამშობლოსთან კავშირი ძალიან ძლიერია შენში?

როცა ადამიანი სახლიდან შორს მიდის, სამშობლო ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ჩემთვის კელნში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს 30 წლის წინ მოხდა, და აქ იმაზე დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე ბრემენში ვიცხოვრე, დღემდე მტკივნეულად რჩება. დღემდე მაქვს იმის განცდა, რომ ბრემენში ჩასვლისას სხვანაირად სუნთქვას ვიწყებ, ვიცი, რომ იქ ჩემი სამშობლოა, სადაც ყველაფერი ნაცნობია, ჩემი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ და მათი საფლავებიც იქაა. როცა ბრემენი დავტოვე, იქ ცხოვრება აუტანლად მეჩვენებოდა, თავს შებოჭილად ვგრძნობდი, სამყაროს ნახვა მინდოდა. მაგრამ ხანდახან შესაძლოა, ორი ქალაქი ერთმანეთისგან იმაზე მეტად განსხვავდებოდეს, ვიდრე ორი ქვეყანა. რაინის პირას მცხოვრები სრულიად სხვა ადამიანია, ვიდრე ზღვისპირელი. ამას უნდა შევჩვეოდი, თუმც ბოლომდე შეჩვევაც არ გამომივიდა. როცა საპორტო ქალაქში გაიზრდები, მთელ არდადეგებს ჩრდილოეთის ზღვის კუნძულზე გაატარებ და უკიდეგანო ჰორიზონტს გაქვს თვალი შეჩვეული, მერე მთაგორიანი ლანდშაფტი კელნისგარშემო, ქვანახშირის ქარხნები და რაფსის მინდვრები აღარ აღგაფრთოვანებს. ბრემენის მიმართ ამ ჩემს სენტიმენტალურ სიყვარულს ვინახავ, როგორც რაღაც ძალიან მშვენიერს, რაც, ამავე დროს, მისაწვდომია.

თეატრმცოდნეობას სწავლობდი და კელნის შაუშპილჰაუსის სცენაზე დიდი დრო გაატარე, როგორც რეჟისორის ასისტენტმა. რა როლს თამაშობენ წარმოსახვითი სურათები და ნათამაშები სურათები შენთვის?

ვიდრე პოეტი გავხდებოდი, რეჟისორი ვიყავი და ჩემს სამყაროს - დავარქვათ მას წარმოსახვითი სურათები - სცენაზე ვძენდი ფორმას. ამიტომაც დავიწყე თეატრმცოდნეობის სწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრში წავედი სამუშაოდ, ბავშვობაში კი ოპერის გუნდში ვმღეროდი. სტატისტადაც მიმუშავია. როცა რეჟისორის ასისტენტი გავხდი, დავინახე, რომ საკუთარი სამყაროს შექმნა რაღაც არ გამოდიოდა, იმდენი განსხვავებული ინტერესი და აუცილებლობაა თეატრებში. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი რეჟისორებისა და მსახიობების გვერდით რამდენიმე წელი ვიმუშავე, შექსპირის, შილერის, თომას ბერნარდის, ბრეხტის პიესებზე. თეატრი ნიშნავს შეპყრობილობას და ტოტალურ თავდადებას. ხშირად კვირაში 70 საათს ვატარებდი იქ და სხვა სამყარო არც მქონდა, გარდა თეატრალური ცხოვრებისა. როცა პირველი შვილი მეყოლა, შევამჩნიე, რომ სხვა სამყაროც არსებულა, რომელიც უფრო რეალური იყო, და სადაც მეც შემეძლო საკუთარის შექმნა, შეცვლა. საკუთარი სამყაროს შექმნა აქ უფრო გამომივიდა, ქაღალდზე, სიტყვებით.

შენ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევი. ბოლო წლებში ბწკარედული თარგმანის მიხედვით რამდენიმე ქართველი პოეტის ლექსებზე იმუშავე. რა იყო ამ საქმეში საინტერესო, როცა ტექსტების ორიგინალურ ენაზე წაკითხვა არ შეგეძლო? 

მე ბწკარედზე ვმუშაობდი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთარგმნელი ყოველი სიტყვის განმარტებას მაძლევდა, ყოველგვარი პოეტური ფორმების გარეშე. შემოქმედება იმის მიხვედრა იყო, გამეგო, ამ წინადადებების უკან რა იდგა. არა მხოლოდ ენა იყო უცნობი, არამედ აზრები, და მათზე მუშაობა იოლი არ იყო. თანაც, ქართული ერთადერთი ენაა, რაზეც მე ბწკარედული თარგმანით ვიმუშავე. მე რამდენიმე ენა ვიცი, და ყოველთვის იმ ენებიდან ვთარგმნიდი, რაც ვიცოდი. გარკვეული დროის შემდეგ კი, ქართულის მიმართ რაღაც გრძნობა გამიჩნდა, გავუგე მას, და დღეს ქართულ პოეზიას ისე ვუყურებ, თითქოს ეს ჩემი საკუთარი იყოს. 

რა აღმოაჩინე თანამედროვე ქართულ პოეზიაში? 

აღმოვაჩინე, რომ ქართული პოეზია თანამედროვე დასავლური პოეზიის თანასწორია. და რომ საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო პოეტი ქალია, რომელთაც მსგავსი პრობლემები და კითხვები აწუხებთ, რაც მათ გერმანელ ქალ კოლეგებს. ეს სულაც არ ჩამითვლია ბუნებრივ ამბად, საქართველოს მანამდე არც ვიცნობდი, ის ჩემთვის ერთი შორეული ქვეყანა იყო.

საინტერესო აღმოჩნდა რითმისა და რიტმის ჟღერადობა და ქართველთა აღტაცება,როცა ლექსებს ზეპირად კითხულობენ, ამ დროს ლექსის ფორმა სრულყოფილად წარმოჩინდება. ესეც დასავლური ფენომენია, რასაც, მაგალითად, მედიტერანულ კულტურებში, როგორიცაა ესპანეთი ან იტალია, ვერ შეხვდებით.

ახლა ქართულის სწავლაც დაიწყე. ახალი ენობრივი სისტემა რა სიურპრიზებს, რა იმპულებს იწვევს შენში?

გულწრფელად გითხრა, ძალიან ვნანობ, აქამდე რომ არ შევეცადე, ქართული მესწავლა, ეს ჩემს თარგმნილ ლექსებს სხვანაირს გახდიდა. ახალი ენა ისწავლო, სრულიად ახალი ანბანით, ეს ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს, როცა საიდუმლო ნიშნებს ვიგონებდით, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის იყო გასაგები. ქართული ასოები ამ მაგიური ელემენტის მატარებელია ჩემთვის, რაც ბავშვურ ნიშნებს, ჯადოსნურ ნიშნებს ახლავს ხოლმე. და, რასაკვირველია, ენის სწავლისას ადამიანი უფრო მეტს იგებს ქართულ კულტურაზე, აზროვნებაზე, რაც ენაში აღბეჭდილია და ამ ყველაფრის ცოდნა, როგორ მომეხმარებოდა თარგმნისას! მაგრამ ნანა ჭიღლაძე შესანიშნავი მთარგმნელია, ყველა განსაკუთრებულ შემთხვევას მიხსნიდა, შეიძლება ითქვას, ჩემთან ერთად ფიქრობდა. ამ ყველაფერს ახლა უფრო ვამჩნევ, ქართულის სწავლა რომ დავიწყე. 

როგორც კი ქართულად რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, შევეცადე, ზეპირად მესწავლა ერთი ლექსი მაინც, ენა რომ უკეთ შემეგრძნო. ერთი საბავშვო ლექსი ვისწავლე, მეორე კი გალაკტიონის „ქარი ქრის“... და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი რიტმისა და ენის შესახებ. ეს ორივე ლექსი სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებაში. ეს ის სიტყვებია, რასაც ვერ დაივიწყებ: ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...  სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ...