„საღეჭი განთიადები“ არ წამიკითხავს. ასე რომ, მასზე ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, ვიტყვი ორიოდ სიტყვას მის ავტორზე, ზურა ჯიშკარიანზე, რომელიც ბრმად მიყვარს. მიყვარს, რასაც იგი აკეთებდა და აკეთებს. წინსწრებით ვიტყოდი, ისიც მეყვარება, რასაც მომავალში გააკეთებს-მეთქი, მაგრამ ასეც არ გამოვა. პესიმისტი კაცი ვარ, ჩემთვის ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია. ოდესღაც ზურა იყო „ზომბი“, დღეს არის „დილა“... ხვალ რა იქნება, თვითონაც არ იცის. ცოტა ხნის წინ ზურამ მთხოვა, ზომბი აღარ დამიძახო, ზომბი მოკვდაო... როგორ პატივსაც უნდა ვცემდე ზურას, ჩემთვის იგი დღემდე ზომბია. არა იმიტომ, რომ ზომბის სიკვდილი შეუძლებელია, რადგან იგი ისედაც უკვე მკვდარია. უბრალოდ, მენატრება, ძალიან მენატრება „კუნგ-ფუ ჯანკი“... მისი სრულიად კოლორიტული და განუმეორებელი თაზო ლიპარტელიანით, იგივე გრინჩით. ალბათ, არავინ ელოდება ზურასგან „დავარცხნილ“ პროზას. გამომცემლობაში თუ არ დაუვარცხნეს და ელვის პრესლისას არ დაამსგავსეს. ინტუიცია თუ არ მღალატობს, ეს იქნება საეჭვო იმედებით გაჟღენთილი ყივილი. ანუ როგორიც უნდა იყოს ხმა გეტოდან. აქ კიდევ ბევრს ვიტყოდი ზურაზე, მაგრამ არ მინდა სადღეგრძელო გამომივიდეს. როგორც ვთქვი, წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ამ წიგნში, მაგრამ შემიძლია ბრმად და დაჟინებით გირჩიოთ მისი წაკითხვა. იმიტომ, რომ პირადად ვიცნობ ზურას. და ასე თუ ისე ვიცი, რაც ხდება მის ქაოტურ, ქარიშხლებიან, წყვდიადებიან, შავხვრელებიან ტვინში... და მერწმუნეთ, ეს მიმზიდველია, ძალიან მიმზიდველი!