ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

მარადიული მომენტი | ინტერვიუ ნუგზარ ზაზანაშვილთან

ინტერვიუ ნუგზარ ზაზანაშვილთან
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი, კონსერვაციის პროგრამის დირექტორი

ინდიგო: პანდემიის დროს ბუნებამ დაისვენაო – ხშირად ამბობენ და თქვენთვის ამის ხილული ნიშნები რა არის? გაგიჩნდათ თუ არა იმედი, რომ ადამიანები თავიანთ ცხოვრების წესს პანდემიის მერეც გადავაფასებთ?

ნ.ზ.: პატარა ვიდეო ვნახე და მარტო იმ ვიდეოს მიხედვითაც შემიძლია გითხრა. ბორჯომში, სკვერშია გადაღებული, ჩანს, როგორ ნავარდობს მტკვარში წავების მთელი ოჯახი, სამნი არიან თუ ოთხნი. სად ვნახავდით ამგვარ სურათს პანდემიამდე? წავი არის გლობალურ საფრთხესთან ახლოს მყოფი ცხოველი და ჩვენთან წითელ ნუსხაშია შეტანილი. მაინცდამაინც წავზე სანადიროდ არავინ დადიოდა, მაგრამ გარემო ხომაა გადაგვარებული, სადაც ცხოვრობდა? წავი იქნება თუ სხვა ცხოველი, სანამ ჩვენ გამოვჩნდებოდით, თავიანთი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდათ, რასაც ადამიანები ჰაბიტატს ვეძახით. მერე კი ისე ჩავერიეთ ყველაფერში, რომ ბევრ ცხოველს ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ჩვენ გამო აღარ დარჩა. ახლაც ხელახლა გაიხსნება ყველაფერი, ატყდება მანქანების ხმაური, იქვე ტექნიკური ნაგებობებია, ჰესები, გამონაბოლქვი გაძლიერდება, მეთევზეები ისევ გადაისვრიან მტკვარში ბადეებს და ისევ გაქრება წავი. ერთია პირდაპირი საფრთხე – ბრაკონიერობა და მეორე – ადგილსამყოფლის განადგურება ან შემცირება. საერთოდ, ძნელად სწავლობს ადამიანი. თავის თავზე გამოსცდის ამ ეპიდემიებს, მაგრამ მაინც ძნელად სწავლობს, რადგან მთლიანად ეკონომიკას მიაბა ცხოვრება.

ინდიგო: თუმცა, თუ მოინდომებ, რისი სწავლა შეიძლება აქედან?

ნ.ზ.: აქამდეც და ახლაც მთავარია, მდგრადი განვითარების პარადიგმა გქონდეს გაცნობიერებული. მგონი, ეს არის კაცობრიობის გადარჩენა 21-ე საუკუნეში, არ იქნება მისი პრინციპები დაცული და თვითონ კაცობრიობა დაიღუპავს თავს.

ძალიან მარტივია, თითქოს, მაგრამ რთულია შესასრულებლად – სამი შემადგენლის ერთდროულად გათვალისწინება გვაძლევს მდგრად განვითარებას: ეკონომიკური შემადგენელი, ეკოლოგიური და სოციალურ-კულტურული შემადგენელი. როცა სამივე გათვალისწინებულია და ბალანსირებულია მთელი ქვეყნისა თუ ცალკეული დარგების განვითარების დოკუმენტებსა და სტრატეგიებში, მით უფრო დაცული ხარ, რომ არ ჩამოგექცეს ბუნება. პანკისის შემთხვევა გახსოვს? – რატომ აპროტესტებდა ხალხი ჰესის მშენებლობას? შეიძლება, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკოლოგიურად არ იყო რთულად საქმე, მაგრამ სოციალურ-კულტურული პრინციპი არ დაიცვეს, ეს კი დიდი ძალის მქონე პრინციპია, ადგილობრივი მოსახლეობა, თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობითა და ტრადიციებით, ტოლძალოვანი პრინციპია მდგრადი განვითარების დროს. უნდა გაითვალისწინო ადამიანები, ვის რესურსსაც იყენებ. ის მდინარე შენი ხომ არ არის, მიდიხარ ინვესტორი და ამბობ, აქ უნდა გავაკეთო რაღაც, ეს ხალხი კიდევ იმ მდინარემ გამოზარდა, იმ გარემომ ჩამოაყალიბა, როგორებიც არიან, იმ ხეობაში საუკუნეებია, ცხოვრობენ. თავიდანვე, დაგეგმვის პროცესშივე უნდა ჩართო, ფაქტის წინაშე კი არ უნდა დააყენო – აი, მივიღე ნებართვა და ახლა ჰესს ავაშენებ. სვანეთშიც გვაქვს ასეთი მაგალითები.

თითქოს, ხომ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, მაგრამ ყველაზე დიდი ფილოსოფიაა ამ სამ პრინციპს შორის ბალანსის პოვნა.

ჩვენი გონება კი ისედაც ტექნოკრატიულად არის მომართული. ვინც თვითონ არ არის ბიზნესმენი, გაუცნობიერებლად მაინც ისეთ გადაწყვეტილებებს გულშემატკივრობს, მდგრადი განვითარების საპირისპირო რომაა, იმიტომ, რომ საზოგადოება ვართ მომხმარებლური.

იმ სამი პრინციპიდან მხოლოდ ეკონომიკური განვითარებაა მნიშვნელოვანი. არადა, საიდან უნდა მიიღო ეკონომიკური სარგებელი? ფული რამ უნდა გაშოვნინოს? ციდან ხომ არ ჩამოვარდება, რესურსი ხომ უნდა ჰქონდეს ამ განვითარებას და ისევ ბუნება უნდა მოიხმარო, არა? მომხმარებლური შეგნების მცირედი ცვლილება გვინდა, რომ ადამიანის ცნობიერება ამაღლდეს, რომ მან კვლავაც გაიცნობიეროს გარემო და საკმარისობის პრინციპით იცხოვროს, გაუთავებელი მოხმარების კი არა. მალთუსი წერდა ორი-სამი საუკუნის წინ და არსებითად სწორი იყო, რომ პლანეტის რესურსები მოსახლეობის გაუთავებელ ზრდას ვერ გაუძლებსო და ასეა – მოხმარების გაუთავებელი ზრდაა, თან ხალხის რაოდენობაც იზრდება.

ინდიგო: როდის აჩქარდა დრო პლანეტაზე და რა მოიტანა ინდუსტრიალიზაციამ ბიოსამყაროში?

ნ.ზ.: თუ წარსულს ჩავყვებით, გავიხსენებთ, რომ დრო ამ წარსულში გეოლოგიურ ეპოქებადაა დაყოფილი, გვქონდა გეოლოგიური დრო და მისი სახელებით იზომებოდა სხვადასხვა ეტაპი. ახლა კი საუბრობენ, რომ შევედით სულ ახალ დროში, რომელსაც ანთროპოცენი ჰქვია – ესაა ადამიანის მიერ შექმნილი ეტაპი, როცა ვიწყებთ ცხოვრებას არა ბუნებრივ გარემოში, რაც პლანეტას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, არამედ ხელოვნურად, ადამიანის მიერ შექმნილ გარემოში. ოღონდ თავიდანვე კი ვერ მივხვდით ამას. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ნელ-ნელა ვიწყებთ გარემოს სწრაფ ტრანსფორმაციას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი უკვე უკიდურესად ვაჩქარებთ ტემპს, მაგრამ დიდხანს, ძალიან დიდხანს სიტყვა ეკოლოგიაც კი არ გვაქვს, ტერმინი 1930-იან წლებში გაჩნდა და როცა სერიოზულად დაიწყეს ამაზე ფიქრი, უკვე 1970-80-იანი წლები იყო. გამოდის, სულ 50 წელია, რაც გლობალური ფინანსური მექანიზმები, ორგანიზაციები, ინსტიტუციები შეიქმნა ამ ახალ დროში ეკოლოგიის გასათვალისწინებლად.

ამ ანთროპოცენში ყოფნა ჩვენი არჩევანია და გასააზრებელი გვაქვს ერთი რამ:

შენ თუ არაფერი გააკეთე და მხოლოდ მოიხმარე, სადამდე მოვალთ?

განვითარებულ ქვეყნებში ეს შეგნება უკვე შეცვლილია, მაგრამ მგონია, რომ იქაც დააგვიანეს, გერმანიის მაგალითს გაგახსენებ – როდის მივიდნენ აქამდე? როცა ბუნებრივი ტყე აღარ დარჩათ და ხელოვნურად გაშენება მოუწიათ; როცა მტაცებელი აღარ დარჩათ ამ ტყეებში და მდინარეებიც დაბინძურდა. რატომ უნდა გავიაროთ ჩვენც იგივე? სხვა ქვეყნების მაგალითები უკვე ხომ გვაქვს. არადა, ზუსტად იმ გზით მივდივართ, თურქეთის გზით თუნდაც. საზღვარზე რომ გადახვალ, ჯერ კიდევ კოლხურ მხარეში – ართვინისკენ, რიზესკენ, რომელ ხეობაშიც არ უნდა შეხვიდე, სულ მთლად ინდუსტრიალიზებულია.   ხან ტყეა გაჩეხილი, ხან მილებშია მდინარე მოქცეული, სულ ზემოთ, მთაში თუ არ ახვალ, ქვემოთ სულ ინდუსტრიული ზონებია.

ამაზე როცა ვფიქრობ, ზურაბ კაკაბაძის წერილი მახსენდება, რომელსაც ასე ჰქვია „გარემოს დაცვის ერთი უცნობი საკითხი“ და იქ წერია, რომ ერების კულტურა და ფსიქოლოგია ბუნებრივ გარემოში ყალიბდება. ამ სწრაფი მდინარეების, ამ მთების გარემოცვაში, ამ ტყიან ლანდშაფტებში, ამ წყაროებში, ამ ცხოველებში – ნიამორები იქნებიან თუ ჯიხვები, ვიქეცით ისეთებად, როგორებიც ვართ. ჰოდა, ამ მდინარეებს რომ დააგუბებ და ჩრდილოეთის მდორე მდინარეებს დაამსგავსებ, ტყეებს გაჩეხავ, ფსიქოტიპიც შეიცვლება და რაღა დარჩება შენგან, მხოლოდ უთვისებო ადამიანი? სად გექნება საფუძველი? ინტერნაციონალიზმი შიგნით უნდა გვქონდეს, გლობალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ვინაობა დაკარგო. პირიქით, რაც უფრო ახლოს მიდის კაცობრიობა ერთმანეთთან, რაც უფრო მჭიდრო და იოლი ურთიერთობა შეიძლება იყოს ერებს შორის, ამ ეთნო-ფსიქოლოგიის შენარჩუნება მით უფრო მნიშვნელოვანია. მხოლოდ სამომხმარებლო თვალითაც რომ შეხედო და ტურიზმის პოტენციალით შეაფასო, აბა, დასვი კითხვა – ჰესისა და გაჩეხილი ტყეების სანახავად შენთან ვინ ჩამოვა?

ინდიგო: ინდუსტრიალიზაციის, მრეწველობის სწრაფად განვითარების ხანა ჩვენს შემთხვევაში საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. რა დამატებითი სპეციფიკური თვისებები გაუჩნდა საზოგადოებას ამის გამო? როგორ განაპირობა გლეხის, ანდა მეცნიერის, ანდა ქალაქების დამგეგმარებლის აღქმა ბუნების საბჭოურმა ხედვამ?

ნ.ზ.: მარქსის დამოკიდებულება ბუნების მიმართ ცალსახაა ისევე, როგორც ბოლშევიკებისა და ზოგადად ტექნოკრატიულად მოაზროვნე საზოგადოებებისა. სულ ებრძოდნენ ბუნებას, თითქოს, ბუნება მტერია და იმდენი უნდა ქნა, რომ გამოგლიჯო ყველაფერი, დაუოკებელია, სტიქიაა და უნდა დააოკო. ფაქტობრივად, კომუნისტების დროს ეკოლოგიაზე საუბარი არ ყოფილა, სულ ბოლოს წარმოიშვა, 1980-იან წლებში და ვიყავით კიდეც იმ გაერთიანებაში რაღაც ნაწილი.

მანამდე მხოლოდ იმაზე იყო ლაპარაკი, თუ როგორ უნდა შეაბრუნონ ჩრდილოეთის მდინარე სამხრეთისკენ თუ პირიქით, როგორ ააშენონ უზარმაზარი ჰესები და ატომური სადგურები. თვითონ რუსეთი იმხელაა, რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც შენარჩუნდა ბუნება, ასეულობით კილომეტრზე მიდიხარ და დასახლება არ გხვდება რუსეთში, მხოლოდ ამიტომ შემორჩათ, თორემ სადაც კი ხელი მიუწვდათ კომუნისტებს, ყველგან ანტიეკოლოგიური საქმეები ჩაიდინეს.

ეს გლეხობაზეც აისახა. პირადი პასუხისმგებლობის განცდა დაჩლუნგდა. მანამდე სულ სხვანაირად ეპყრობოდა გლეხი მიწას, იმიტომ რომ ბევრი შვილი ჰყავდა და შთამომავლობაზე ფიქრობდა, იმდენ ხეს არ მოჭრიდა, რომ შვილისთვის ტყე არ დაეტოვებინა, ისე არ აძოვებდა საქონელს, რომ ეროზია დაწყებოდა მიწას, იმდენ ნადირს არ დახოცავდა, რომ სულიერის ჭაჭანება არ ყოფილიყო მთელ მიდამოში. ჰქონდა ტყე საკუთრებაში თუ არა, მისი იყო, თემის, სოფლის. მერმე კიდევ კოლმეურნეობებმა და ქონების ასე გაყოფამ ძირფესვიანად შეცვალა ხედვა – რაც ყველასია, ესე იგი, არავისია. კოლმეურნეობა აკეთებს ყველაფერს, ის წყვეტს შენ მაგივრად, შენ ფიქრი არ გჭირდება, მხოლოდ რასაც გეტყვიან, ის უნდა შეასრულო. ამან იმოქმედა, ცხადია. თუმცა, პრინციპულად, ეკოლოგიური ხედვის აღორძინება შესაძლებელია გლეხობაში და სპონტანურად კიდეც აღორძინდა და კიდევაც უფრო აღორძინდება. სხვანაირად წარმოუდგენელია. გლეხმა ნელ-ნელა გაიხსენა მიწის და გარემოს ფასი. მცდარი შეხედულებაა, რომ გლეხი რამეს განსაკუთრებულს გააფუჭებს ბუნებაში. თუნდაც ტყის მოხმარებაზე რომ ვთქვათ, ვიცით, რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ მოჭრის იმდენს, რომ გარემოს დეგრადაცია გამოიწვიოს. დეგრადაცია მასშტაბურად თუ ხდება სადმე, ადგილობრივი მოსახლების ხარჯზე იშვიათად, უფრო ინდუსტრიების ხარჯზე ხდება. ჩვენს გლეხობას უბრალოდ აღდგენა უნდა იმ პასუხისმგებლობის, სწორი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები სჭირდება, რომ დაბრუნდეს სოფელში და მიწა დაამუშაოს.

ინდიგო: WWF-ის განცხადებაში, რომელიც რაჭაში ახალი ჰესის აშენების პროექტს ეხება, წერია, რომ „მდინარე რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა – ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება“.

ზუთხისებრთა სახეობებზე გვიამბეთ – რატომ უნდა მივიჩნიოთ მათი გადაშენება საფრთხედ?

ნ.ზ.: კი, ზუთხისებრები განადგურდებაო რომ ვწერთ, ბევრი ფიქრობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს. არადა, ბოლოს, ამ „მერე რა“-ს პასუხი ისაა, რომ შემცირებული ჯაჭვი შენამდეც მოვა. მთელი სახეობები ქრება და თუ ერთი ამოწყდა, მეორე ამოწყდა, შენ რა გადაგარჩენს – ჯაჭვია ეკოლოგია, ყველაფერი კავშირშია.

სანამ მინგეჩაურის წყალსაცავს გააკეთებდნენ, სხვათა შორის, კასპიის ზღვიდან თბილისამდე აღწევდა ზუთხი იმიტომ, რომ ე.წ. ანადრომული სახეობაა, ზღვაში ცხოვრობს და მტკნარ წყლებში შემოდის საქვირითედ. იქაც, რიონზეც, ზემოთამდე, რაჭამდე ადიოდა, ახლა დაბლა დამბებია გაკეთებული, რიონჰესი ხომ კომუნისტების დროს აშენდა და სულ ას კილომეტრამდე მონაკვეთი აქვს დარჩენილი ზღვის შესართავიდან. არსად სხვაგან, მარტო საქართველოში კი არა, მთელ შავ ზღვაში, საქვირითე ადგილი აღარ დარჩა რიონის ამ მონაკვეთის გარდა – ორი ასეთი ადგილი აქვს ამ ეტაპზე, დუნაი და რიონი, მეტი აღარ.

თუმცა, იქნებ მომხმარებელ საზოგადოებას ეს საფრთხეები ისევ სამომხმარებლო პრიზმიდან უნდა დაანახო? ზუთხს მხოლოდ გამომყენებლის თვალითაც რომ შეხედო, უძვირფასესი რესურსია, სტრატეგიული რესურსი, რომელიც საუკუნების განმავლობაში არსებობდა. ფულით გაზომვამ იქნებ დააფიქროს ამ ტიპის ადამიანი, როცა ეტყვი, რომ შავი ხიზილალა მხოლოდ ზუთხისებრებიდან მზადდება; რომ ეს ის ხიზილალაა, რომელიც 1 კილოგრამი რამდენიმე ათასი ევრო ღირს. ის 200-მეგავატიანი ჰესი კი, რომელიც 30 წელიწადს იმუშავებს, რას მოგვცემს ამდენს? რომელი ჰესია, რომ სულ მუშაობს? ანდა, თანამედროვე ჰესს რად სჭირდება დიდი პერსონალი? ახლა ყველაფერი ისეა მექანიზებული, რომ ათი ადამიანი მუშაობს ჰესზე, ასე რომ, არც ადგილობრივების დასაქმებაა არგუმენტი ასეთი ნაგებობის მიზანშეწონილობის განხილვისას.

აი, ასეთია ზუთხის ფისკალური გამოსახულება. და ამას ტურიზმი დავუმატოთ – ბევრად ნაკლები ტურისტი ივლის, რადგან იქ ჰესი იქნება. შეიძლება დაირღვეს რაჭის ამ ნაწილის აგრობიომრავალფეროვნებაც. მსოფლიოში უნიკალური ვაზის ჯიშებს, სხვაგან რომ არ არის, მხოლოდ აქ არის, შეექმნებათ საფრთხე. ისიც ხომ დასათვლელია, რომ ესეც ამ მხარის სიმდიდრეა და მევენახეობა-მეღვინეობაში ადგილობრივები არიან ჩართული, თანაც ეს მათი ტრადიციაა, ამით ამ რეგიონის ხასიათს, ჩვევებს, კულტურას ინარჩუნებენ? ახლა გააკეთე წესიერი გამოკვლევა, არსებობს შესაბამისი მეთოდოლოგიაც, მას ჰქვია – economy of ecosystems and biodiversity, რომელიც სპეციალურად მოიგონეს ეკოლოგებმა და ეკოლოგიურად მოაზროვნე ეკონომისტებმა ზუსტად მათთან სასაუბროდ, ვისაც მხოლოდ ფინანსური გათვლები აინტერესებს. გამოითვალე ფისკალურად, რამდენს მოიტანს საშუალოვადიან პერსპექტივაში – 10-15 წელიწადში, მაგალითად, ჰესი რაჭისთვის, ანდა საქართველოსთვის? და დათვალე ისიც პარალელურად, რამდენს მოუტანს ამ ჰესების გარეშე რეგიონს და საქართველოს ტურიზმის, მევენახეობისა და სხვა ადგილობრივ ტრადიციებზე დაფუძნებული დარგების განვითარება? რის ფასად ვიწყებთ პროექტს, იქნებ, უფრო მოგებიანია, რომ არ აშენდეს? ასეთი შედარებაც კი არ არის გაკეთებული.



გამწვანებულ სამუხის ველზე, კახეთში, ქურციკების ნაშიერები, ლიკლიკები გამოჩნდნენ, წელს საქართველოს
ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა. ფოტო: WWF

ინდიგო: მრავლდება თუ არა წითელი ნუსხა და შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რა პროცესებმა შეუწყო ხელი სახეობების გადაშენების პირამდე მიყვანას?

ნ.ზ.: წითელი ნუსხა სახეობების დონეზე იმდენად არ იზრდება, რამდენადაც მცირდება სახეობების რაოდენობა. ზოგი სახეობა მთლიანად ქრება და არის საფრთხის სხვა კატეგორიაც.

წითელი ნუსხა ცოცხალი დოკუმენტია, 3-5 წელიწადში უნდა განაახლო, ახალი მონაცემების კვალდაკვალ. მაგალითად, ამ ნუსხაში შეტანილია ქურციკი – ანუ ჯეირანი, რომელიც 1960-70-იან წლებში ბრაკონიერობის შედეგად მთლიანად გაწყვიტეს საქართველოში ისევე, როგორც ლეოპარდი გაწყვიტეს, იგივე ჯიქი. არც ერთი ინდივიდი აღარ დარჩა ჩვენს მიწაზე. ჯეირნის ხორცს თბილისის ბაზარზეც კი ჰყიდდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ესე იგი, რა გამოდის, არა მხოლოდ ესთეტიკური და ტურისტული რესურსია ეს ცხოველი, არამედ, რომ გაგიჭირდეს, საკვები რესურსიც არის. და რა? დაგვრჩა მხოლოდ საძოვრები, სადაც ცხვრის ფარებს ვაბალახებდით. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, იმ ცხვარსაც ფასი იმდენად აღარ აქვს. ლეოპარდი ჯერჯერობით ვეღარ აღვადგინეთ, ჯეირნების პოპულაციის მცირედით აღდგენას კი დიდი დრო დასჭირდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომრავლდა და იქიდან გადმოვიყვანეთ ნელ-ნელა, გამოვიყენეთ ველურ ბუნებაში პირდაპირ გაშვების მეთოდი, გადმოყვანა-გაშვება, ნოლიდან აღდგა ჯეირნების პოპულაცია, ფაქტობრივად, ახლა 100-120 სული გვყავს სამუხის ველზე, ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიდამოებში და ალბათ ეს ერთადერთი ადგილია დღეისათვის საქართველოში, სადაც ვიზიტორი ჩავა და ბუნებაში ცხოველს უთუოდ ნახავს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ლეოპარდიც კვლავ გამოჩნდება საქართველოში. ერთი ცალი გამოჩნდა ვაშლოვანში 2003 წელს, 2008 წლამდე ვხედავდით და მერე გაქრა.

დარწმუნებული ვარ, რომ თუშეთში და ხევსურეთში კიდევ არის, ანდა იქ არ ცხოვრობს, მაგრამ შემოდის ხოლმე, განსაკუთრებით დაღესტნიდან, მაგრამ უტყუარი ფაქტი აღარ გვაქვს, ცხოველებმა არ იციან საზღვრები, უსაფრთხო გარემო პირობებს დაეძებენ მხოლოდ. წლებია უკვე, ჩვენთან აღარ მოსწონს, სამხრეთ სომხეთის და აზერბაიჯანში – ნახიჭევანის ტერიტორიაზე, ასევე, თალიშის მთებში კი ბოლო დროს მრავლდება კიდეც. ოცზე მეტი ლეოპარდის და მისი ბოკვრების ორასზე მეტი ფოტო გვაქვს ამ ადგილებიდან. ვიღაც იმასაც იტყვის, რომ ან მისი აღდგენა რა საჭიროაო, მაგრამ ეს ხომ იგივე ცხოველია, ვეფხი (არა ვეფხვი), რომელიც არაერთხელაა მოხსენიებული ჩვენს ფოლკლორში. ასეთი კულტურული, ისტორიული კავშირები ბუნებასთან არაფრით არ უნდა გაწყდეს, ჩემი აზრით, ეს ჩვენი განვითარების ხაზია, ჩვენს გარემოსთან მჭიდრო, ხანგრძლივი კავშირის ამსახველი.

სხვა ფაუნაც არ უნდა დავკარგოთ. მაგალითად, ნიამორი ძალიან ცოტაა საქართველოში, და ბოლო ხუთი წელიწადია, ოდნავ მოიმატა – ხევსურებმა დაიფიცეს ხატზე, რომ აღარ ინადირებდნენ ნიამორზე და დაეტყო კიდეც მათ პოპულაციას.

ჩემი თვალითაც ვნახე, ბოლოს ხევსურეთში რომ ვიყავი 2-3 წლის წინ. მესაზღვრეებმა შემიშვეს თავიანთ სასაზღვრო პუნქტში და ბინოკლით შევხედე, გადმომდგარი იყო კლდეზე ეს მშვენიერი ნიამორი.

ინდიგო: „ცხელ შოკოლადთან“ თქვენს ინტერვიუში 2013 წელს ამბობთ, რომ 2020 წლამდე უნდა გაიზარდოს საქართველოში ეროვნული პარკების რიცხვი. მოხდა თუ არა ასე?

ნ.ზ.: ეს ამბავი ასე იყო. ბიომრავალფეროვნების დარგში მთავარი საერთაშორისო დოკუმენტია კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ, რომელსაც, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, რაც დედამიწის ზურგზეა, ყველა ქვეყანა აწერს ხელს. სწორედ ამ კონვენციის თანახმად, 2020 წლამდე ქვეყნების საშუალოდ 17 პროცენტი დაცული ტერიტორიებით უნდა ყოფილიყო დაფარული. ეს იყო საერთაშორისო მიზანი. ჩვენ შეგვეძლო ჩვენი მიზანი ჩაგვეწერა ამავე ხასიათის ეროვნულ დოკუმენტში, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მისი სამოქმედო ვადაც 2020 წლამდე განისაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ იმხანად დაცული ტერიტორიების მხოლოდ 7.5 პროცენტს ვფლობდით, ვალდებულებად 17 პროცენტამდე გაზრდა ვერ ავიღეთ, შეუძლებელი მოგვეჩვენა, ამის ნაცვლად, ვთქვით, რომ 12 პროცენტამდე გავზრდიდით დაცული ტერიტორიების ფართს. ვერც ეს შესრულდა. ახლა საშუალოდ 9 პროცენტამდე გვაქვს. ვერ შესრულდა, რადგან ეკოლოგიურ პროექტებს განვითარების პროექტები ჩაგრავს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი დაცული ტერიტორია არ შექმნილა – ერთადერთი ასეთი აღკვეთილი მოეწყო მხოლოდ, ისიც 500-ჰექტარიანი და 500 ჰექტარი არაფერია. დაგეგმილია, განხილულია, მოწონებულია, პარლამენტის კანონის საფუძველზე დგება დაცული ტერიტორიების პროექტები, მაგრამ საბოლოოდ არ კეთდება. მაგალითად, გვაქვს რაჭის ეროვნული პარკის პროექტი, ასევე, ერუშეთის ეროვნული პარკის პროექტიც არის მზად – საუბარია ჯავახეთსა და აჭარას შორის, ახალციხის ზედა მხარეს, თურქეთის საზღვართან ტერიტორიაზე. მზად არის ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების გეგმაც – ტბები უნდა შევიდეს მის საზღვრებში ოფიციალურად, ფარავანიცა და საღამოს ტბაც. გარდა ამისა, ზუსტად იმ ზუთხისთვის, წეღან რომ ვახსენეთ, მომზადებულია ტერიტორია რიონზე და ისიც დაბლოკილია. ამ გაჩერებული ეკოლოგიური პროექტების პარალელურად, ნახეთ, დათვალეთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენი ჰესი შენდება. სულ ბოლო დროს ამ მიმართულებით საიმედო ნიშნებია, მგონი, დაიძრა ყინული, თუმცა ვნახოთ.

საქართველოს დღეს ტყის პრობლემაც აქვს. 60 პროცენტი ტყეებისა თითქმის გამოშიგნულია, გარედან ხშირი გგონია, მაგრამ შიგნით გამეჩხრებულია.

ყველაზე დიდი დარტყმა ტყეებმა 1990-იან წლებში მიიღო. კომუნისტების დროს ტყე დიდად არ ირგვებოდა, მაგრამ არც იჩეხებოდა – ინდუსტრიული ჭრა იკრძალებოდა, ციმბირიდან მოჰქონდათ ხე-ტყის მასალა – არ ითვლიდნენ და ანგარიშობდნენ – ერთი ქვეყანა იყო. მაშინ არსებობდა ასეთი ტერმინი – პირველი კატეგორიის ტყე, და ჩვენი ბუნებრივი ტყეების 90 პროცენტი – რაც მთებზე იყო შეფენილი – ამ პირველ კატეგორიაში შედიოდა. ამან გადაარჩინა ჩეხვას. თუმცა 1990-იან წლებში ყველაფერი განადგურდა, მერე, ოდნავ გამოსწორდა სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ ნახო, ასაკოვანი ხე ძალიან ცოტაა. პატარა ხეებია დარჩენილი, ზაფხულსა და გაზაფხულზე თვალს ჭრის – როცა მწვანეშია ყველაფერი ჩაფლული, აბა, ზამთარში ნახეთ – ასანთის ღერებივითაა. და ასეა ბევრ ადგილას.

ინდიგო: პირადად თქვენ როდის ბრუნდებით ბუნებაში და რას გაძლევთ ყოველი მორიგი შეხვედრა ნაცნობ ადგილებთან?

ნ.ზ.: ერთმნიშვნელოვანი არჩევანია ბუნებაში ყოფნა, ამის საპირისპიროდ არასდროს მიფიქრია და არანაკლები სიამოვნებაა იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც ბუნებაში ცხოვრობს. მთელი კავკასია ფეხით მაქვს მოვლილი და არ მახსოვს, სადმე მივსულიყავი, გინდაც ყველაზე მიყრუებულ სოფელში, და გულგახსნილად, მეგობრულად, სტუმართმოყვარედ არ შემხვედროდნენ ადამიანები. ერთ-ერთთან, ჩვენი პროექტის ადგილობრივ დამხმარესთან, ბაბახან რახმანოვთან ახლაც ვმეგობრობ. თალიშის მთებში ცხოვრობს – ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე – დაახლოებით ისეთზე, როგორიც ჩვენთანაა კოლხეთის მთები. პირველი შეხვედრისას ბაბახანს უნდა წავეყვანე ერთ ადგილზე, ძნელად მისადგომი იყო და ცხენზე დამსვეს, თვითონაც შემოახტა ცხენს და მიდის, წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გაჯირითდა, მერე მობრუნდა, მერე ისევ გაქროლდა, ნამდვილი ცირკის ცხენოსანივით იქცევა. დიდი, 200-300 წლის ხეებია გარშემო, ჩამოზნექს ტოტს, ახტება, გადახტება მეორე ტოტზე, მერე ისკუპებს ცხენზე, გააგრძელებს ჯირითს. ნამდვილი ტარზანია, ტყის ადამიანი, ადგილზე რომ მივედით, ჭრილობაც მანახა – თურმე, ლეოპარდი დასხმია თავს ადრე, იქვე, წყაროსთან ლეოპარდის ახალი ნაფეხურებიც მაჩვენა.

ზოგჯერ ასეთი შეხვედრებია დაუვიწყარი, ზოგჯერ თვითონ ადგილი. ერთია ასეთი, სტუდენტობის დროს ჩამებეჭდა მეხსიერებაში. 1980-იან წლებში ვნახე, როცა საველე კვლევაზე ყიზლარის საძოვრებზე დავდიოდი. აი, მაშინ ვნახე, ამ თვალუწვდენელ, გაშლილ მინდვრებზე, როგორ ბალახობდა საიგაკების ჯოგები. სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან იყვნენ და თან მოფენილი იყო მიწა მათი რქებით.

300 ათას ჰექტარზეა ყიზლარის საძოვრები გაჭიმული, ზუსტად იმხელაა, რამხელაცაა აჭარის ფართობი, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროიდან, თუ კიდევ უფრო ადრიდან, ზამთრის საძოვრებზე დაჰყავდათ იქ ყაზბეგის, დუშეთის, ზნაურის, ახალგორის ცხვარი. ეს ის ადგილია, სადაც გადასახლებული იყო ზვიად გამსახურდია. დავკარგეთ მერე ეს ტერიტორია. საიგაკები დღეს იმ მხარეში აღარ არიან, სულ მთლად გაუწყვეტიათ ნადირობის გამო. ეს რქები კიდევ უცხოეთშია გაზიდული და გაყიდული.

ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობის მტვრის ჩამორეცხვა ადამიანისთვის, ეს ტემპი და ურთიერთობები ხომ პერმანენტული სტრესია. სწორედ ამ სტრესისგან თავდაღწევის საშუალებაა მთა, ტყე, მდინარე, ზღვა. წყლის პირას რომ მიხვიდე და ცოტა ხანს წამოწვე, უკვე სხვა თვალით უყურებ სამყაროს.

თან აჭარა უნიკალურია ბუნებაში ყოფნის მხრივ, იქვე, ბათუმიდან სულ 12 კილომეტრშია მტირალას ეროვნული პარკი. იქ შესვლა იგივეა, რაც დროში უკან სიარული.

იქ რომ დადიხარ, უნდა გაიხსენო, რომ უყურებ ტყეს, რომელიც დიდად არ შეცვლილა – ასეთი იქნებოდა აქაურობა რამდენიმე მილიონი წლის წინ. ძალიან მალე უნდა იყოს პასუხი, სხვათა შორის, და კოლხურ ტყეს იუნესკოს ბუნების ძეგლების მსოფლიო ნუსხაში შეიტანენ. მართლა უნიკალური ფენომენია და ამიტომაც.

დაცული ტერიტორიების ისტორია, საერთოდ, განვითარების ორ მიმართულებას ცნობს, პირველია დასავლური გზა, როცა 1874 წელს შეიქმნა იელოუსტოუნის ეროვნული პარკი და მთელი იდეა იყო ის, რომ ბუნება ადამიანის სანახავად შეენახათ; რომ ადამიანებისთვის ბუნებაში რეკრეაციისა და სულიერი ძალების მოკრების შესაძლებლობა მიეცათ. ცხადია, იელოუსტოუნშიც არის ადგილები, სადაც შესვლა არ შეიძლება, მაგრამ დიდი ნაწილი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. და გვაქვს მეორე, რუსული მოდელი – „ზაპოვედნიკი“ – ნაკრძალი – მკაცრად დაცული ტერიტორია – რომლის კონცეფციაშიც ადამიანი გათვალისწინებული არ არის, იქაურობა მხოლოდ კვლევისა და ბუნებრივ პროცესებზე მონიტორინგისთვის არის. ახლა უკვე ვიცით, რომ პარკების კონცეფციის შემქმნელები თავიდანვე მიხვდნენ, რა აუცილებელია ადამიანისთვის ბუნებასთან კონტაქტი. მედიტაციაც არის, დაფიქრების საშუალებაც და ყოველდღიურობისგან გაწმენდაც. იქ აღმოაჩენ, რომ შენი ყოველდღიურობის გარდა, აგერ სხვა სამყაროა, მაგრამ რატომ სხვა – ესეც შენი სამყაროა. მარტო ის კი არ გეკუთვნის შენ, სადაც ყოველდღიურობაში ცხოვრობ, მარტო ის კი არ შეეფერება შენს ადამიანურ ბუნებას – კარიერა, თავის გატანა, დაწინაურება, კონფლიქტები და მათი გადაწყვეტები. ესეც შენი სამყაროა, სადაც მიხვალ და არავინ გაწუხებს; სადაც გესმის, მდინარე როგორ მოედინება, სადაც დაიხედავ მდელოზე და ჭიანჭველების და ხოჭოების სამყაროში აღმოჩნდები. ეს ყველაფერიც შენ ხარ, ხო? ესეც შენი არსია – მეტიც, აქ უფრო მჟღავნდება შენი არსი, შენი მარადიული მომენტი.


ტექსტი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ანნა ძიაპშიპა