მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომის რაიონი
მანძილი თბილისიდან: 180 კმ
მგზავრობის დრო ავტომობილით: 2 საათი და 15 წუთი
ერთდღიანი სქი-პასი: 30 ლ; მოზარდები ‒ 20 ლ, 5 წლამდე ბავშვი ‒ უფასო
თხილამურის ქირაობა: 15-30 ლ.

ზამთარი კი დასაზარია, ტანსაცმელი ცალკე გამძიმებს, მოღუშული ამინდი ცალკე, მაგრამ ნოემბრიდან თოვლს ყოველ დილას პატარა ბავშვივით ველი, მზეც რომ არ იყოს, მაინც ათეთრებს მოქუფრულ განწყობას.

თბილისის თოვლის რა ვთქვა, მაგრამ ზუსტად იმ დროში, რა დროშიც ქალაქური თოვლი დნება, ისეთ ადგილას მოასწრებთ ასვლას, სადაც თოვლი გაზაფხულამდე დარჩება. პირველი თოვლის მოსვლა-დადების მონიტორინგს, მე პირადად, ყოველდღე ლაივკამერის საშუალებით ვაწარმოებ (ბებიაჩემი წამოსული ღრუბლით ხვდებოდა, ილარიონი მოქროლილი სიოთი და ასე).

ბაკურიანში სეზონი წელს 13 დეკემბერს გაიხსნება დიდველზე, 15-ში – ჯოილენდში და 27-დან კოხტაც დაუბრუნდება სცენას. არ დაგავიწყდეთ, დიდველზეც და კოხტაზეც ერთი სქი-პასით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

სიახლეები ასეთია: კოხტა ცოცხლდება ახალი, კარგი 6-ადგილიანი საბაგიროთი და შუალედური სადგურით. ძველი „ხიჟინა“ გახსოვთ? ახვალთ და ისიც გახსნილი დაგხვდებათ.

დიდველი პირველად საქართველოში დაგახვედრებთ ტობოგანის (მთის ციგის) ახალ ატრაქციონს, რომელიც 1350 მეტრი სიგრძის იქნება. ტობოგანზე სრიალი რთული არაა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებიც კი დამოუკიდებლად დაიშვებიან, უფრო პატარები – მხოლოდ უფროსის თანხლებით.

საბაგირო დილის 10-დან 5 საათამდე იმუშავებს. 5-დან კი, ტრადიციულად, ღამის სრიალითაც შეგიძლიათ დატკბეთ.  

ახლა კიდევ ძველი, მაგრამ საჭირო ამბები: ისევ შარშანდელი მანქანით დაგხვდებათ ტაქსის ყველაზე ცქვიტი და ყოჩაღი მძღოლი აბო. ძველებურად და ერთგულად თავ-თავიანთ ადგილებს გაამაგრებენ: ინსტრუქტორები, დახლებზე ‒ გირჩის მურაბა, ნაძვის მტვერი, ტყლაპი, იქვე ‒ ცხენები, ფაეტონები, ამირანის პარკი, 25-იანები, ბურანები და კვადროციკლები.

არ უნდა გამოტოვოთ, დიდველის კენწეროზე, ანუ მეოთხე სადგურზე ასვლა. ბოლო ბაზაზე დახრილი ლიფტი ადის და საშიშს არ ჰგავს. ახვალთ და მართალია, ალპური ყვავილები არსად იქნება, მაგრამ თქვენ წინაშე გადაიშლება ‒ იქით – ჯავახეთის ზეგანი და ტაბაწყური, აქეთ – ხელისგულივით ‒ ბაკურიანი და ბევრი, ბევრი თოვლიანი მთა.

ბაკურიანის სასტუმრო სახლებს, აპარტჰოტელებს, კოტეჯებსა თუ სასტუმროებს ყველანაირი გემოვნების, საჭიროებისა და ბიუჯეტის მქონე ადამიანი მოირგებს და იმაზეც წინასწარ შევთანხმდეთ, რომ უფასოდ მხოლოდ ჰაერი შეგიძლიათ შეისუნთქოთ ბაკურიანში.

ღამის აქტიური ცხოვრება აქ არ გამოგივათ, თუმცა ეს მეგაპოლისების პრეროგატივად დავტოვოთ, ბაკურიანში კი უხვთოვლიანი სეზონი ვისურვოთ და არ დავივიწყოთ, რომ საახალწლო ჯავშნის ნაადრევად გაკეთება უფრო სარფიანია.

ვათევთ ღამეს:

  • სასტუმრო სახლში: 70-380 ლ. (2 ადამიანი)
  • აპარტჰოტელში: 100-350 ლ. (2-4 პერსონა)
  • კოტეჯში: 200-750 ლ. (4-6-8 პერსონა)
  • სასტუმროში: 100-340 ლ. (ორადგილიანი ნომერი)

გასტრონომიული რუკა:

  • „ლე პონჩიკი“ – რა სჯობია თოვლში ცხელ გლინტვეინსა და თხელცომა და ბევრკრემა „პონჩიკებს“?
  • „ორენჯი“ – მზეზე მისაფიცხებელი ტერასებითა და ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელით, დიდველის ძირში მოგათქმევინებთ სულს.
  • „ორბი პალასის“ რესტორანი: დღისით კვების და ღამით გართობის ადგილი.