> მანძილი თბილისიდან: 375 კმ
> მგზავრობის დრო ავტომობილით: 4,5-5,5 საათი
> მგზავრობის დრო ჩქაროსნული მატარებლით: 4,25 საათი (გადის დღეში 2-3-ჯერ)
> მგზავრობის დრო სამარშრუტო ტაქსით: 5-6 საათი (ავტოსადგურ "დიდუბიდან", გასვლა ყოველ სრულ საათზე)
> მატარებლის ბილეთის ფასი: 19-26 ¢
> სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასი: 20 ¢
> ბოტანიკური ბაღის ბილეთი: 8 ლარი (სტუდენტებისთვის 2 ¢, მოსწავლეებისთვის 1 ¢).

გასტრონომიული რუკა:
> „ბალაგანი“ (თევზის ბაზართან) – იქ სხვადასხვანაირად მოგიმზადებენ ბაზარში ნაყიდ თევზს და თევზი სულ რომ არ გიყვარდეთ, გურული აჯიკის კიტრთან ერთად გასასინჯად ღირს მისვლა.
> „რეტრო“ – აჭარული ხაჭაპურის შემსრულებელთა უპირობო ლიდერი (ბათუმი, გორგილაძის ქ. N54/62)
> „ღელე-ღურდანი“ – ბათუმიდან არც ისე შორს ნამდვილი აჭარული გემრიელობების, კაიმაღის, ბორანოს, სინორის და ძმათა მისთა გასინჯვა აქ შეგიძლიათ ბზების ტყეში და ჩქარი მდინარის ნაპირზე (ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ზედა ჯოჭო).

ბათუმი ვისაც გიყვართ, ახლა უნდა ნახოთ და სიყვარული გაგიათკეცდებათ. ვისაც არ გიყვართ და, მაინც ახლა უნდა ესტუმროთ, არ არსებობს, არ შეგიყვარდეთ.

„გოიმურ-ქაჯური ეკლექტიკა“, „ქართული გაუდიზმი“, „დისნეი ლენდი“ და კიდევ ბევრნაირად „ამკობენ“ ამ ქალაქს, მაგრამ მაინც იმდენი ხიბლი აქვს, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს. მე ყველაზე მეტად მიყვარს, თავისი ძველი ეზოებით, ვიწრო ქუჩებით, შუშის ახალი, უცნაური და მაღალი შენობებითა თუ უსუფთაო პლაჟით. ვნატრობ, სიბერე მაინც გავატარო ამ ქალაქში.

ბათუმი ის ქალაქია, სადაც ისეთი ცხოვრებაა შესაძლებელი, როგორზეც თბილისში ვოცნებობთ. სიმშვიდით, ბევრი სეირნობით, ველოსიპედით სიარულით, დელფინებით, თოლიებით და გაცილებით სუფთა ჰაერით, ვიდრე დედაქალაქშია.

არანაირი სპეციალური საზომით არ გამიზომავს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ვსუნთქავ და ვხედავ, ჩემი გასარეცხი მანქანა წვიმის შემდეგ როგორ გამოიყურება ახალგარეცხილივით.

კიდევ ის ქალაქია, სადაც პარკში გაივლი და ყირაზე გადასვლაში მოვარჯიშე ბიჭებს ნახავ, ქუჩის ჭადრაკით მოთამაშე გოგოებს, ბულვარში მორბენალ ადამიანებს, ფილმებში რომ შენატრი, ზუსტად ისე და ხვდები, ეს მათი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. ორ ნაბიჯს გადადგამ და სიმწვანე-სიმშვიდეში ხვდები. კიდევ ორსაც მიამატებ და ის დაგხვდება, ლურჯი რომაა და ჩვენ შავს ვეძახით. დაჯდები უკვე გამთბარ ქვებზე და მოუყვებით ერთმანეთს, როგორ გაატარეთ უერთმანეთოდ დრო. ის ნაპირზე გამორიყულ თავის ახალ სუვენირებს გაჩვენებს, შენ შენს დაგროვილებზე უამბობ. ჰორიზონტზე თითქმის არავინ ჭაჭანებს, მარტო შენნაირი უპირობოდ შეყვარებული შეიძლება ჩაგეზიაროს ერთი ერთზე ყოფნაში, მაგრამ, სულ ცოტა, 100 მეტრი მაინც მარტო შენია. იმათაც ესმით, „მარტო შენთვის“ რომაა ეს ამბავი და არ იჭრებიან „შენს“ ტერიტორიაზე. არც „ცივი სასმელები-ცხელი სიმინდი“ გიწვრილებს გულს, არც სიცხით დაოსებული ან წვიმა-ღრუბლით უკმაყოფილო დამსვენებლების წუწუნი, არც კაფეში თავისუფალი ადგილის პოვნისთვის გჭირდება ძალისხმევა, მომსახურებაც მშვენიერია და ფასებიც ერთობ დემოკრატიული. თან ამ სეზონზე განსაკუთრებით ხასხასა და აყვავებულია ბათუმი, თავისი გლიცინიებით, ვარდებით, კამელიებით და საკურით. სულ ყვავის, მთელი ქალაქი – ბულვარიც, სკვერიც, კლუმბაც, სიმწვანისა და ნაირფეროვნების ბუდე ბოტანიკური ბაღიც.

მარტო ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები კი არ ყვავის, ბევრი აივანი და ეზოც. აი, კიდევ ერთი ქულა ბათუმის სასარგებლოდ.

ახლა ადამიანებზე. ავტობუსში მთელი ქალაქი გეპატიჟება, იმიტომ კი არა, რომ ფული არ გაქვს, უბრალოდ იკითხე, ბილეთი როგორ აგეღო. არც გზის სწავლებაზე დაგზარდებიან, არც რამე კითხვაზე დაგცინებენ ზღვით და მზით გაჟღენთილი მეზღვაურ-მეთევზეები, მათთვის ყოველდღიურ და შენთვის უცნობ ამბავზე რომ სულელურ და მარტივ რამეს ჰკითხავ. ასაკოვანი ქალბატონისგან თმის ფერთან დაკავშირებული კომპლიმენტიც და ხვდები, რომ 1 დღეში დაისვენე, სხვა რეჟიმზე გადახვედი, თბილისის ტემპიც დაივიწყე და მისი თანამდევი თავის გატანა-დამკვიდრების მუდმივმოქმედი ინსტინქტებიც.

„ბერეგზე“, იახტ-კლუბთან ჩავლა არ გამოტოვოთ, რომ იცოდეთ რა გელით – უამრავი დელფინი. მეთევზეები ამბობენ, რომ მაისში კიდევ უფრო მეტი მოდის ნაპირთან, თამამად, გუნდ-გუნდად. თვალს რომ არ დაუჯერებ, იმდენი არიან.

ვიჯექი და ველოდი, როდის ამოხტებოდა რომელიმე და დიდ სალტოს გააკეთებდა, მაგრამ მეთევზეებისგან გავიგე, რომ შავი ზღვის დელფინები, დელფინარიუმის ზორბებისგან განსხვავებით, პატარა ზომისები ყოფილან და დიდ სალტოებს მათგან არ უნდა ელოდო.

მართალია, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბიჭი ოფიციალურად ვერ ადასტურებს, რომ დელფინები მაისშიც იქნებიან ნაპირთან, მაგრამ მეთევზეებმა ეს ყველაზე კარგად იციან და უნდა ვენდოთ.

ამ სეზონზე ზღვაში იახტით გასეირნებაც საკმაოდ იაფია, ნახევარი საათი 50 ლარი.

მართალია, მაისში ქვირითობა იწყება და ბათუმის ცნობილ თევზის ბაზარში ზღვის ახალ-ახალ თევზს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ რამე საინტერესოს მაინც იპოვით. ნაბახუსევს „მარსელის“ ჩიხირთმასა და ორდიპლომიან სულგუნსაც ნუ გამოტოვებთ.

ევროპის მოედანზე, ცნობილი ძველი წიგნის მაღაზიის შენობაში გახსნილ კაფე BK-ში ყავის წრუპვა და აქაური ჭრელი იატაკისა და ანტრესოლების ცქერა კიდევ ცალკე რიტუალია და ბევრ სხვა სასიამოვნო საქმეს მირჩევნია.  

თუ მანქანით ხართ, არ დაგავიწყდეთ პარკირების ბარათის შეძენა ინტერნეტბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატით.