მდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი, გრიშაშვილის ქ. #5
ნომრის ფასი: 1 საათი – 30-დან 220 ლ.
მექისეს მომსახურება: 10 ლ.
ახალი ქისა: 10 ლ.
განუმეორებელი ჩაი: უფასო
WiFi: აქვთ
ტერმინალი: არ აქვთ
თმის ფენი: აქვთ
პარკინგი: არის

საჰაეროებიდან ორთქლი ამოდის, ესე იგი, სეზონი დამდგარა!

თბილისის გოგირდის აბანოებში ბევრი ნამყოფია, ბევრი – ჯერ კიდევ არა და თუ ჯერ არც თქვენ ყოფილხართ, სწორედ ახლა – ზამთარში და თან დღესასწაულებისას უნდა ეზიაროთ ამ სიამოვნებას.

რატომ უნდა წახვიდეთ? იმიტომ რომ, აქედან გამოსულს, გგონია, რომ მარტო ცხვირით კი არა, მთელი ტანით სუნთქავ, ჰაეროვანი გახდი და წონაშიც დაიკელი, რომ შენი კანი კარგად მოვლილი ბავშვის კანს დაემსგავსა; ასეთ ჩაის თბილისში ვერსად დალევ, თან ასეთ მურაბასთან ერთად, რომელსაც გულო აკეთებს; კიდევ იმიტომ, რომ დაახლოებით მსგავსი სპა-მომსახურება სულ ცოტა ორჯერ ძვირი მაინც დაგიჯდება სხვა ნებისმიერი მსგავსი პროფილის ცენტრში. დღესასწაულებზე იმიტომ, რომ თავისუფალი დრო მეტია, საცივს, გოზინაყსა და სასმელს ცოტა ხანს მოსცილდები/მოინატრებ და მათი ჭარბი ოდენობით მიღების შედეგებს გაიქარვებ. ოღონდ, ნასვამი და მძიმედ ნაბახუსევი გოგირდის აბანოში არ დაიშვება!

ცხელი გოგირდის თუ ცივი წყლის აუზები, ძირითადად, ჭრელი მოზაიკითაა მოპირკეთებული, ზოგან იტალიური ფილაქანი, ზოგან ქართული აგური, ზოგან მარმარილოს დიდი ფილები, საერთო ჯამში, მაინც აღმოსავლური იერსახის გარემოს ქმნის. ნომრები ბოლო დროს განახლებულია და სისუფთავე და თხელეკრანიანი ტელევიზორებიც კი დაგხვდებათ. გოგირდის წყალი შხაპებშიც მოდის და ზოგიერთ ნომერს ორთქლის საუნაც აქვს.

რა თქმა უნდა, აბანოში პირადი ჰიგიენის ნივთებით (პირსახოცი, ქოში, შამპუნი და ა.შ.) ჯობია წასვლა, თუმცა, გულოსთან იდეალური გახამებული თეთრი ზეწრებიც აქვთ ტანის შესამშრალებლად და ერთჯერადი ჩუსტები და შამპუნიც. გოგირდის შემდეგ თმას კონდიციონერი და ბალზამი არ სჭირდება.

გოგოს და ბიჭის ერთად სტუმრობის შემთხვევაში მექისეს შემოსვლის ფორმატმა არ დაგაფიქროთ, უხერხულობის გარეშე ხერხდება ყველაფერი. 

ცივი ზამთრის სუსხიდან შესულს გოგირდის წყლის აუზის იდეალური ტემპერატურა რამდენიმე წუთში გაგითბობთ ძვლებს, შემდეგ ნომერში გესტუმრება ნიზამა, ფიზულა, ელჩინა, ტოფიკა, რუსლანა, სამირა ან ელმირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის არანაირი ოფიციალური სერტიფიკატი არ აქვთ, ეს ადამიანები გოგირდის აბანოების განუყრელი პროცედურების – ე.წ. ქისის (პილინგი) და ქაფის მასაჟის ტექნიკას ვირტუოზულად ფლობენ. იმიტომ, რომ მათი დედებიც, მამებიც და პაპებიც აქ მუშაობდნენ და ეს საქმე სწორედ მათგან ისწავლეს.

„პირსახოცივით რომ დამკეცონ და თაროზე რომ შემომდონ, მაინც არაფერი მეტკინებაო“, – სწორედ ამ წინაპრების ხელობაზე წერდა დიუმა და მჯერა, კარგი ქისისა და ქაფის მასაჟის შემდეგ, ისევ დიუმას თქმის არ იყოს, თქვენც გეგონებათ, რომ „მთელ კავკასიას ხელებით ასწევთ“.

დიუმას გარდა, თბილისის აბანოების შესახებ ბევრ მოგზაურს, გეოგრაფს, ისტორიკოსს, მწერალსა თუ ჟურნალისტს დაუწერია. „აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“ ყველას აღაფრთოვანებს და არ არსებობს, იქიდან გამოსულს, უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს.

ახლანდელ აბანოს ძირითადი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ისევ ის აქვს, რაც ძველს ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ფუნქცია კი აშკარად დაკარგა. აქ აღარც სარძლოს სილამაზეს აკვირდებიან სადედამთილოები. ნომრები ჩაკეტილი, მყუდრო და ინტიმურია – თანამედროვე ადამიანებს მეტი რა გვინდა.

ეს აბანო სხვადასხვა სახელწოდებით მე-17 საუკუნიდან არსებობს. ერთ დროს ის გარნიზონის აბანოც ყოფილა. თურმე, უბრალო ჯარისკაცები და გენერლები აქაურობას პარასკევს, შაბათსა და კვირას სტუმრობდნენ, დანარჩენ დღეებში კი ჩვეულებრივი ხალხი დადიოდა. გულოს სახელი ბოლო 25 წელია ჰქვია. რომ გაიცნობთ, მიხვდებით, რატომაც. 

მოკლედ, სქემა ასეთია: დარეკვა და ნომრის დაჯავშნა, აბანოში წასვლა, გოგირდის აუზში განცხრომა, ქისა, ქაფი, ჩაი და 10-ნაირი მურაბიდან საყვარელი მურაბის ამორჩევა. წელს გულოს სამოთხის ვაშლიც გაუკეთებია, ლეღვიც და შინდიც.

აბანოს შემდეგ, როგორც ერთ ქართულ ფილმშია, არ დაგავიწყდეთ სიყვარულის ახსნა! სუფთა და სასიამოვნო წელს გისურვებთ!