გასტრონომიული რუკა:
გზაში:       

< თუ საგარეჯოს გავლით წახვალთ, ბადიაურში შეგიძლიათ გაჩერდეთ ცხელ კახურ შოთსა და გუდის ყველზე;

< ანდა შეხვიდეთ რესტორან „ნიკალაში“ შუამთა-თელავის გზაზე. მარტო ერთს გეტყვით, კახური სუფრის არსის წვდომა აქ იწყება. არ დაგავიწყდეთ დესერტად ბატი-ბუტის მოთხოვნა.

< თუ კახურ გემოს აყოლილებს, თან რამის წამოღება მოგინდათ, გაჩერდით გომბორზე და მოკრიფეთ ღანძილი. საკმაოდ რთული გასარჩევია, თუმცა, თუ გიყვართ, გარისკავთ, თუ არ გაგისინჯავთ, ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ.

< კარგ ჩურჩხელას და გუდის ყველს თელავის ბაზარში შეხვდებით; ღვინოს კი გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით რომელიმე მარანში ნახავთ.

კახეთის ხსენებაზე ყველას შემოდგომა და რთველი ახსენდება, მაგრამ თუ დამიჯერებთ, გაზაფხულის კახეთს არაფერი სჯობს, თუ გსურთ, შეიგრძნოთ, რას ნიშნავს მომავლისთვის მზადება; თუ გსურთ, შეიგრძნოთ, რამდენად მკაფიო და რეალური შეიძლება იყოს მომავლის ხედვა. მთავარი გზიდანვე კარგად ჩანს აქეთ-იქით ჩამწკრივებულ ვენახებში მიმოფანტული მანქანები და ექოდ, კანტი-კუნტად მოდის ადამიანების ხმაც. ეს ერთგვარი რადარია, კარგად დააკვირდები იმ მიდამოს და აღმოაჩენ, რომ ყველა ვენახში ვიღაცაა. გამოზამთრებულ, ჯერ კიდევ შეციებულ ვაზის რიგებში გლეხები ფუსფუსებენ – ზოგი სხლავს, ზოგი წალამს აგროვებს, ზოგიც ძეძვს წვავს, მოკლედ, დიდი სამზადისია. 

რამდენიმე წლის წინ ტოსკანის გაწიკწიკებულ-ჩავარცხნილი ვენახების რომ მშურდა, ახლა კახეთშიც თითქმის ვეღარსად ნახავ მოუვლელ ვენახს, მიბრეცილ რიგსა თუ ვაზის საყრდენს. 

„ღვინის გზა“ ეს ის ჯადოსნული ნიშანია (ყავისფერ ფონზე თეთრი შრიფტით), რომელიც ყველა სოფელში, ზოგან რამდენჯერმეც კი შეგხვდება და ღვინის პატარა ან დიდ ოაზისს აღმოგაჩენინებს. ეს ნიშანი იმას მიუთითებს, რომ ამ ადგილას ღვინის დიდი კომპანია, მცირე საწარმო ან საოჯახო მარანია და მათი კარი შენთვის ღიაა. „ღვინის გზას“ მას შემდეგ გავუდექი, რაც უცხოელი მეგობრებისთვის ტურის დაგეგმვა დამჭირდა. დავიწყე და ვეღარ ვანებებ თავს, მითრევს და მითრევს. უკვე წესივით მაქვს ქცეული, წლის ოთხივე სეზონზე თითოჯერ მაინც უნდა ჩავიდე კახეთში და რამე ახალი აღმოვაჩინო, ან უკვე ნანახი და მოწონებული გავიმეორო უკეთ შესაგრძნობად.

კახეთში ღვინის ტური, ნებისმიერი გემოვნების, მოთხოვნებისა და ბიუჯეტის მქონე ადამიანს შეუძლია მოირგოს. მართალია, ღვინის გარდა, უკვე სხვადასხვა აქტივობა და სერვისიც აქვთ პროგრამაში კახურ მარნებს, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას, მთავარ ფაქტორად მაინც ღვინო რჩება – ქარხნის თუ სახლის, ამ მიკროზონის თუ იმ მიკროზონის. ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება, მაგალითად, ე.წ. შინ დაყენებული, ქვევრის, უხეში, სრულტანიანი ღვინოებია და მარნებსაც შესაბამისად ვარჩევ.   

ღვინო ღვინოდ და ნამდვილი კახური ოჯახის მასპინძლობა კიდევ ცალკე სანახაობაა. თუ ნათესავი ან მეგობარი არ გყავს, ამ მარნებში მაინც კარგი ახლობლებივით დაგხვდებიან, ქვევრსაც გაგიხსნიან, კარგ ღვინოსაც გაგასინჯებენ, ახალგამოხდილ ცხელ-ცხელ ჭაჭასაც „ჩაგარტყმევინებენ“, თონეში პურსაც გამოგაცხობინებენ, წალამზე კარგ მწვადსაც შეგიწვავენ ან შენი ხელით შეგაწვევინებენ და, თუ სურვილი გექნება, ჩურჩხელასაც ამოგავლებინებენ. ზოგიერთ მარანს თავისი პატარა სასტუმროც აქვს და ღამესაც იქვე გაათევ. თუ ბევრნი მიდიხართ, სასურველია წინასწარ შეუთანხმდეთ მასპინძელს, თუ ცოტა და – „3-4 კაცის მასპინძლობა, განა რა უნდა გახდეს“, რომ კახურმა ოჯახმა ვერ შეძლოს.

მარნების უმრავლესობაში ღვინის პატარა მუზეუმებია მოწყობილი ღვინისა და ქვევრის ძველი ატრიბუტიკით. თითქმის ყველას მოეძევება ჭრელ-ჭრელი ფარდაგები, ჭინჭილები, ქვევრები, ორშიმოები, ქვევრის საწმენდები და ა.შ.

მოკლედ, ამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გზას, რასაც ღვინის გზა ჰქვია, აუცილებლად უნდა დაადგეთ, ბევრი დადებითი ემოცია, ახალი გამოცდილება დააგროვოთ და ამაზე აღარ გაჩერდეთ, მერე სხვებიც წაიყვანოთ.   

კი, მართალია – მთელი ალაზნის ველი და კავკასიონი ცივ სეზონზე უკეთესად ჩანს, ნისლი და გამონაბოლქვის სქელი ფენა ხელს არ შეგიშლის. ისიც მართალია, რომ წინა წლის დაწურული ღვინო, ზაფხულში უკეთესი დასაგემოვნებელია, რთველის ჟრიამული, თათარობა – შემოდგომის გართობაა, „მიჩინა“ და „ზავოდი“ კი ცალსახად ზამთრულია. თუმცა დამიჯერეთ, გაზაფხულის კახეთს სხვა მუღამი აქვს, პირველი ფუსფუსი გამოზამთრებულ ვენახებში და ამით მომავლის შეგრძნების გაცოცხლება, ღანძილის კრეფა და გომბორის სილამაზით ტკბობა – ეს ყველაფერი „ღვინის გზაზე“ ახლა დაგხვდებათ. ასე რომ, ის დროა, ბარგს ალაგებდეთ!

"ღვინის გზა": შალოშვილის მარანი (შილდა, ყვარელი), "ტყუპების მარანი" (ნაფარეული, მარანი-მუზეუმი "ნუმისი" (ველისციხე, გურჯაანი), "ხოხბის ცრემლები" (სიღნაღი), "ყვარლის გვირაბი" (ყვარელი), ღვინის სპა სასტუმროში "ყვარლის ედემი" (ყვარელი), "ველისციხის ვერანდა" ("კახური ტრადიციული მეღვინეობა", ველისციხე), "თელავის ღვინის მარანი" (კურდღელაური, თელავი), "წინანდლის მარანი" (წინანდალი, თელავი), "სიმონაი ზაოტი" (ჩუმლაყი, გურჯაანი) და კიდევ ბევრი, ყველას ეს გვერდი ვერ დაიტევდა და ნუ მიწყენთ, კახეთში კიდევ დავბრუნდებით.