მდებარეობა: მესტია, ზემო სვანეთი.
მანძილი თბილისიდან: 463 კმ.
მგზავრობის დრო ავტომობილით: 7-8 საათი
მესტიის მუზეუმის ბილეთის ფასი: 3 ლარი; გიდის მომსახურება – 10 ლ.
ზურულდზე საბაგიროთი ასვლა: 5 ლ.

მგზავრობა:

  • ავტოსტოპით
  • საკუთარი ავტომობილით (მესტიამდე ბეტონის გზაა): 7-8 საათი
  • თვითმფრინავით (ნატახტრის აეროდრომიდან): საშუალოდ 65 ლარი. დრო – 50 წუთი
  • ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით: 30 ლარი. დრო – 8-9 საათი

აქ დრო თვალის დასახამხამებლადაც კი გენანება – შიშობ, რომელიმე თვალისმომჭრელ ხედს არ მოაკლდე. თან ცდილობ, ყოველწამიერად ცვალებადი სანახაობა კადრში მოაქციო, თან ფოტოობიექტივიდან რომ უყურებ და სრულყოფილად ვერ აღიქვამ, ეგ გადარდებს. მოკლედ, სვანეთში მხოლოდ ეს დარდებია. თუმცა ესეც ტყუილად – აქ ცუდი ფოტო, პრაქტიკულად, არ გამოდის.

ნუ გგონიათ, რომ სვანეთში სამოგზაუროდ უკვე ცივა. თუ ჯერ ეს სასწაული არ გინახავთ, მისი გაცნობა ამ სეზონზე დაიწყეთ, ახლა იქაურობა მშვიდია, შეყუჟული, მისტიკური. თითქოს, ნატურალური, მაგრამ მაინც, სამშვენისების – მწვანე ფოთლებისა და თოვლის გარეშე დარჩენილი. ტურისტიც ცოტაა, გეჩვენება, რომ ეს მშვენიერება მარტო შენთვისაა. სულ შენია ეს მთაც, ჩანჩქერიც, ტყეც – ფოთლოვანი და წიწვოვანი, კოშკიც, გზად შემხვედრი საოცარი ადამიანიც, ფრესკაც, კლდეც, ისევ ჩანჩქერი და გარშემო 360 გრადუსით შემოჯარული მწვერვალები და მყინვარები, თან იმდენი, ყველას სახელს ვერც კი დაიმახსოვრებ.

თვითმფრინავით ჩასვლას სვანეთში კიდევ სხვა ეშხი აქვს: მარტო ის რად ღირს, 9-თავიან შხარას გვერდით რომ ჩაუფრენ. მაგრამ ამინდის გამო ფრენა ხშირად უქმდება და ძნელია ნდობა. არადა, ავტომობილით გზას იმდენი დრო სჭირდება, 2-დღიან ტურში ბევრი ვერაფრის დათვალიერებას მოასწრებ. ამიტომ მოგზაურობა 4 დღით მაინც დაგეგმე. შემოდგომის ფერები უკვე ძირს იქნება ჩამოსული, ხოლო წვიმა თუ დაგემთხვა, ნისლშიც მოგიწევს ცურვა (ძლიერი წვიმისას სიარულს ერიდე, გზებზე ქვისცვენა იცის).

მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმზე გაგონილი გექნება. მუზეუმში 4090 ექსპონატია – ჰადიშის ოთხთავიდან დაწყებული, ძველი სვანური ქსოვილის ნიმუშებითა და ჭურჭლით დამთავრებული. შემდეგი ჰაწვალია. სამთო-სათხილამურო საბაგიროს ქვედა სადგური მესტიიდან 8 კმ-შია. ადიხარ საბაგიროთი და კისერი უკან გეღრიცება. ქვევიდან უშბის მხოლოდ უნაგირს რომ ხედავდი, რაც მაღლა ადიხარ, უშბაც იზრდება და იზრდება.

2340 მ სიმაღლის ზურულდზე რომ ახვალ, აი, შოკი იქაა. დატრიალდი, ამ ხედს შენი გაჯეტის პანორამაც კი არ ეყოფა. უშბა, ბანგურიანი, „სვანეთის დედოფალი“ თეთნულდი, ლაილა, ლასდილი და კიდევ ბევრნი – გარშემო 360 გრადუსით სულ მწვერვალები და მყინვარებია. ზურულდის კაფეში თან ლატეც შეგიძლია მიირთვა და თან დაითვალო, ნახევარ საათში რამდენჯერ შეიცვალა უშბის პეიზაჟი.

პეიზაჟები სვანეთში რომ იცვლება, ასე სწრაფად არსად. ნისლიც კი სხვადასხვანაირია, ხან უფრო მეტად გამჭვირვალე, ხან რძესავით ბლანტი. ღრუბელი კიდევ ცალკე – ერთ წუთში ქუდად ეფარება მწვერვალს, მეორე წუთში ყელზე ეხვევა. ღამის მესტია კიდევ სხვა სასწაულია. ფეხით მთავარ და განათებულ ქუჩებს გაუყევი – შეგიძლია ისეირნო და კოშკების ცქერით დატკბე. თან ყველაზე ბევრ ვარსკვლავს, მგონი, აქ დაითვლი ღამით.

ვათევთ ღამეს:

  • საკუთარ კარავში (თუ სიცივის არ გეშინიათ)
  • საოჯახო სასტუმროში მესტიაში (ერთი ადამიანი 15-60 ლ.)
  • სასტუმრო „თეთნულდში“ (ორადგილიანი ნომერი – 170-210 ლ.)

 გასტრონომიული რუკა:

  • გზაში: რესტორანი „დიარონი“, ზუგდიდი, მეუნარგიას 9. ნამდვილი მეგრული სამზარეულო აქ უნდა გასინჯოთ.
  • მესტიაში: კაფე-ბარი „ლაილა“ – მესტია, სეტის მოედანი N7. ტრადიციულ სვანურ კერძებს დამატებული ევროპული კერძები შიდა დარბაზში შეგიძლიათ გასინჯოთ და თუ ხედებს ვერ შეელევით – ღია ცის ქვეშ სიცივეში დანთებულ კოცონთანაც.
  • საოჯახო სასტუმროს მასპინძლებთან – ნამდვილი, ოჯახური სვანური სამზარეულო.)
  • სასტუმრო „თეთნულდის“ რესტორანში – აქაც დააგემოვნებთ სვანურ კერძებს და თან დატკბებით საოცარი ხედებით.
  • სვანეთში აუცილებლად დასაგემოვნებელი: კუბდარი, ჭვიშტარი, თაშ მუჯაბ (კარტოფილის პიურე ყველით), ქართობლარი (ხაჭაპური ყველშერეული კარტოფილით), ფეტვიანი ხაჭაპური და კიდევ ერთი გემრიელობა – ხაჭაპური მწვანეხახვშერეული ყველით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს – ლუცფექ და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს – ხარშილ. არსებობს გადმოცემა – ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდებაო და აბა, თუ იპოვით, სცადეთ.
  • აუცილებლად უნდა წამოიღოთ სვანეთიდან: სვანური მარილი, თაფლი, სულგუნი და კარტოფილი.
ავტორი :
  • ნათია ახალაშვილი