ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მშვიდობისმყოფელები - ვიაჩესლავ გობოზოვი

ვიაჩესლავ გობოზოვი, „ადამონ ნიხასის“ წევრი, ცხინვალი

საქართველოში ეროვნული მოძრაობა უმცირესობების მიმართ თავიდანვე შეუწყნარებელი იყო. საზოგადოებასაც სწორედ ეს შეუწყნარებლობა აერთიანებდა. ამ პოზიციას კომუნისტი ლიდერები ღიად ვერ ამჟღავნებდნენ და ახმოვანებდნენ მოძრაობის წევრები. მათ გზავნილებს კი ყველაზე პოპულარული გამოცემები აქვეყნებდნენ. არავითარი იდეური შეუთავსებლობა კომუნისტი ხელისუფლების წევრებსა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის არ არსებობდა. 

ამიტომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საქართველოში, ნელ-ნელა გადაიქცა ეროვნული უმცირესობების ასიმილაციისთვის, მათი განდევნისთვის ბრძოლად. უცნაური ისაა, რომ ამაზე შეუნიღბავად, ღიად საუბრობდნენ. ხმამაღლა ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში არ იყო ადგილი ეროვნული უმცირესობებისთვის. არავის უცდია მათთან საერთო ენის გამონახვა, უმცირესობების მოკავშირეებად, თანამოაზრეებად ქცევა.

1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, ავტონომიის სტატუსი რესპუბლიკის სტატუსამდე აემაღლებინა, თუმცა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო. საქართველოდან გამოყოფაზე მაშინ საუბარიც არ ყოფილა. საქართველოს მთავრობა არც კი დაელოდა ოფიციალურ დოკუმენტებს, მაშინვე შეკრიბეს უმაღლესი საბჭო და სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება ბათილად ცნეს. მალე კი ეროვნული მოძრაობის წევრებმა გამოაცხადეს, რომ 23 ნოემბერს, ცხინვალში ასიათასიან მიტინგს გამართავდნენ.

ეს დღე ჩვენთვის – სამხრეთოსეთელებისთვის, ყველაფერთან ერთად, ილუზიების მსხვრევის დღე იყო. 23 ნოემბერს გამოჩნდა, რომ ცენტრი აღარ არსებობდა. თუ საკუთარი თავის დაცვა არ შეგეძლო, ვერავინ გიშველიდა. გამოჩნდა, რომ ეს ცინიკური ბრძოლა იყო, სადაც ჩვენ განტევების ვაცად გვაქციეს. „ადამონ ნიხასის“ მნიშვნელოვანი დამსახურება ისიცაა, რომ ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა ეს სიმართლე გარეთ გამოეტანათ.

1990 წლის ზაფხულში საქართველომ კანონების მთელი პაკეტი მიიღო, რომელიც საბჭოთა მთავრობის ყველა მიღებულ კანონს უარყოფდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უქმდებოდა ასევე 1922 წლის გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსს ანიჭებდა. გამოდის, საქართველომ თავად თქვა უარი სამხრეთ ოსეთზე.

ჩვენ, „ადამონ ნიხასი“, არ ვჩქარობდით, არავითარ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ ვიღებდით. რომ არა „ადამონ ნიხასი“, ისევ განმეორდებოდა 20-იანი წლები და ათობითათასი დაღუპული გვეყოლებოდა.

სამხრეთი ოსეთი სულ ღია იყო დიალოგისთვის საქართველოსთან. უბრალოდ, მის ამ სურვილს არასდროს პასუხობდნენ. პირიქით, სამხრეთ ოსეთს მუდმივად თავის დაცვა უწევდა, რომ არ გაენადგურებინათ, მიწასთან არ გაესწორებინათ ფიზიკურადაც და პოლიტიკურადაც.

1992 წლიდან კონფლიქტი მწვავე ფაზაში შევიდა. 22 მაისი ძარის ტრაგედიის დღეა, სადაც 33 ადამიანი დახვრიტეს. 29 მაისს კი, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დაგომისის შეთანხმება იყო. მშვიდობისმყოფელების შემოსვლამ მოგვიტანა მშვიდობა, რომელიც ნახეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა.