დიდი ხნის წინ, შორეული 70-იანების დასაწყისში, ერთ-ერთმა საუკეთესო პოპმკვლევარმა ნიკ კონმა აღნიშნა, რომ პოპმუსიკას (იგულისხმე იგივე როკი და ა.შ.), ჭეშმარიტად კარგ მუსიკასთან სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს, სამაგიეროდ, ეს მუსიკა იდეალურად გრძნობს და აფიქსირებს იმ განწყობილებებს, ტენდენციებს, გემოვნებებსა და მოდას, რომელიც ამა თუ იმ ეპოქასა თუ თაობაში ვლინდება. უფრო სწორად, კი არ ვლინდება, არამედ ქმნის კარიკატურებს, მაგრამ ეს არის ყველაზე დამაჯერებელი და ქმედითი კარიკატურები, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. რა თქმა უნდა, ნიკ კონი მაშინ ბოლომდე ვერ იწინასწარმეტყველებდა იმას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მისი ეს განმარტება დღემდე მუშაობს. ფაქტია ისიც, რომ (ერთ დროს) ახალგაზრდული მუსიკალური კულტურა თაობების მენტორი გახდა – გარდაქმნებს მოწყურებული ქმედითი ახალგაზრდობის იდეური გამოკვება ითავა და, შესაბამისად, ბოლო 60 წლის განმავლობაში (თანაც, არა მხოლოდ დასავლეთში) თაობების მენტალური ტრანსფორმაციების ციკლს ბიძგი მისცა. ამიტომ ჯერ კიდევ საკითხავია, ისეთი ფასეულობების პოპულარიზაციაში,  როგორიცაა ლიბერალიზმი, პოლიტკორექტულობა და საყოველთაო ემპათია, რას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის – ამ ე.წ. პოპმუსიკას, თავისი მყისიერი რეაქციების უნარებით, თუ, მაგალითად, დროში გაწელილ კინოს ან ლიტერატურას. ამ მუსიკას აქვს ერთი უდიდესი პლუსიც, ის არათუ ოპერატიულად გრძნობს ეპოქის, თაობის მაჯისცემას, ხშირად წინ უსწრებს და განაპირობებს მოვლენების განვითარებასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ ახალ და თან სწრაფად ცვალებად თაობას, თავისი ახალი მუსიკა უნდა, თავისი ახალი იდეოლოგია და ფასეულობებიც კი.

შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ის, რაც ადრე ინტელექტუალური ელიტების და სახელოვნებო წრეების პრეროგატივა იყო, იგივე როკ’ნ’როლმა, საერთო სახალხო მონაპოვრად აქცია, თანაც სპონტანურად, ინტუიტიურად და წინასწარი განზრახვის გარეშე. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ მშობლების დიქტატისგან გათავისუფლების მცდელობა, სავსე ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და დიდი კონტროვერსიულობით. ეს ვლინდებოდა თუნდაც ცეკვაში, ანდაც თინეიჯერულ ჰედონიზმში. იგივე ნიკ კონი, მაგალითად, 1950-იანების როკ’ნ’როლს ადარებს სკოლაზე გაგულისებული მოზარდის რეაქციას, ქვას რომ ესვრის და ამსხვრევს საძულველი საკლასო ოთახის ფანჯარას. პირველი მეტ-ნაკლებად სოციალური საპროტესტო ტექსტიც კი, უფრო იუმორით და მოზარდული კაპრიზებით იყო სავსე, ვიდრე გააზრებული პრინციპულობითა და შეუვალი მეამბოხეობით:

„მენეჯერი დღეში მხოლოდ ერთ დოლარს მიხდის, გერლფრენდის დაპატიჟებაც არ შემიძლია კინოში, არც იმის ფული მაქვს, რომ ზაფხულში ხოშიანად დავისვენო, ამიტომაც გაეროში უნდა ვიჩივლო, უკვე მივმართე სენატორს ჩემი ქალაქიდან, მან კიდევ, შენ ჯერ საარჩევნო ასაკი არ გაქვს, ხმას ვერ მომცემ, ასე რომ, ვერ დაგეხმარებიო და ა.შ. (Summertime Blues, 1958 – ედი კოკრენი).

სიმღერის გმირიც ცვლილებისთვის კი არ იბრძვის, არამედ წუხს, რომ მისი ბედი არავის ადარდებს, ამიტომაც აკეთებს იმას, რაც დარდს გაუქარვებს, ლაზღანდარობს და უკრავს როკ’ნ’როლს. 

ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, როცა ბობ დილანმა განაცხადა:

„მე არ მჭირდება სინოპტიკოსი, რათა გავერკვე, თუ საიდან დაუბერავს (ცვლილებების) ქარი“ (Blowin in the Wind, 1962).

 

ამის შემდეგ არტისტები უკვე აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ კომენტირებით, ისინი ცდილობენ მოვლენათა არსში, პრობლემათა გულში წვდომას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან უკვე გრძნობენ პასუხისმგებლობას თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვანი არმიის  წინაშე და  თავს ვალდებულად მიიჩნევენ, სათქმელი ხმამაღალი სიმღერებით თქვან. ასე მოიპოვეს ნდობის უზარმაზარი მანდატი სხვადასხვა ეპოქის მენტორმა-არტისტებმა. ბევრ მათგანს, მაგალითად, ჯო სტრამერს, პოლ უელერსა თუ ჯო დემერსს, დღეს, ბრიტანეთში, „ნაციის სინდისს“ ეძახიან. მიზეზი მარტივია – სწორედ მათი და მათი კოლეგა თანამებრძოლების დამსახურებაა ის ძირეული ტრანსფორმაციები, ნაციონალიზმის სენით შეპყრობილ ბრიტანულ საზოგადოებაში 70-იანების მიწურულს რომ მოხდა. მაშინ, ეკონომიკური კრიზისით გატანჯული ბრიტანელი ახალგაზრდები ალმაცერად უყურებდნენ მასობრივი ემიგრაციის პროცესს ყოფილი კოლონიური ქვეყნებიდან და სწორედ იმ ეპოქის ახალი ტალღის ბრიტანელი პოპ- თუ როკარტისტების შემოქმედების უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ახალმა თაობამ ემპათია და თანაგრძობა დააყენა უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე მატერიალური თუ ეთნიკური ეგოცენტრიზმი.

ეს ძველი ბრიტანული ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ იმავე თაობამ, რომელმაც თავის დროზე ბრიტანეთის კარი მთელ სამყაროს გაუხსნა, 35 წლის შემდეგ ამ კარის ჩარაზვა ბრექსიტის რეფერენდუმზე მოინდომა. ამ აქტით მათ, თითქოს, შეანჯღრიეს და გამოაფხიზლეს ნარცისისტულ ძილში მოძიგძიგე „შვილები“, რომლებიც პოსტ-ფაქტუმ აღშფოთდნენ „მამების“ გადაწყვეტილებაზე. თურმე, ვერ ხვდებოდნენ,  რომ საკუთარი წვლილი თვითონაც უნდა შეიტანონ ღირებულებების გადახალისების პროცესში და არ დაკმაყოფილდნენ იმ მონაპოვრით, რომელიც წინა თაობებმა უშეღავათო ბრძოლის შემდეგ გაჰიპსტერებულ „შვილებს“ ლანგრით მიართვეს.

სიმბოლურია, რომ თავის დროზე პანკკულტურაზე დაქოქილმა ბებერმა ბრიტანელებმა სწორედ „შვილების“ პასიურობის ფონზე აიღეს ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე, შეიძლება შეცდნენ კიდეც, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თურმე დღეს, ეს გაუთავებელი პათეტიკა ახალ პოლიტკორექტულობაზე, ლიბერალიზმსა და საყოველთაო ჰუმანიზმზე – მხოლოდ მზა შაბლონებია, ცარიელი რიტორიკა, ხოლო ის „ახალგაზრდული“ მუსიკალური კულტურა, რომელიც მათ კვებავს და ახალი ფასეულობების ავანგარდს ქმნის, სინამდვილეში ვერაფერს ცვლის. ის მხოლოდ ავრცელებს სპეკულაციებს სოციალურ პრობლემებზე, ამჟღავნებს უმწეობას ტაბუების წინაშე, თეორემებით დამტკიცებულ ნარატივებს ანაცვლებს გაუაზრებლად დაზეპირებული აქსიომებით. ასეთი ვექტორი კი ვერასდროს იქნება ქმედითი, რადგანაც ნებისმიერი ღირებულება, აშკარად პოზიტიურიც კი, ცნობიერების ევოლუციის რეზულტატია და მუდმივ განახლებას მოითხოვს – ციკლურად, სწორედ ისე, როგორც თავად ახალგაზრდული მუსიკის ისტორია იცვლის ეტაპებს. ამიტომაცაა, რომ დღეს ეს მუსიკა ვერ ახერხებს, შეიჭრას თაობების ცნობიერებაში და შეცვალოს რაკურსები. იმის თქმაც შეიძლება, რომ ამგვარ გამოწვევას თანამედროვე მუსიკა საკუთარ თავს არც უყენებს. და ვერც დაუყენებს, რადგან იძულებულია, რევიზიის გარეშე მიიღოს პოსტულატები, რომელთაც დღეს კონიუნქტურული ფსევდოიდეოლოგია ქადაგებს. რევიზიის გარეშე კი შეუძლებელია ახალი გარღვევები. თუ არ გაჩნდა ახალი შიდა წინააღმდეგობები, ეს კულტურა კასტრირდება. შეიძლება იყოს ხარისხიანი, ეფექტური, მომხიბლავი და აკუსტიკურად უფრო აქტუალურიც კი, მაგრამ – იდეურად სტატიკური, სიმძიმის ცენტრდაკარგული და ყალბი.

ამის მკაფიო ნიმუშია თანამედროვე არ’ნ’ბი-ჰიპ ჰოპი, ხელოვნურად გაჰაიპებული, გასოციალურებული, ექსპლუატაციას რომ უწევს რასობრივ პრობლემებს, გაცვეთილ იდეებს რომ ისვრის პოლიტკორექტულ თემებზე. ეს შემთხვევებიც იმის დასტურია, რომ თანამედროვე მუსიკა პულსაციას ვერ გრძნობს, კვარცხლბეკს ვერ თმობს, ამიტომაც იძირება ყბადაღებულ მეინსტრიმში, ან ჩხირკედელაობს და მწვალებლობს ექსპერიმენტებში.

თუმცა, ეს ყველაფერი იქ, „ზაპადში“, რა ხდება აქ, ჩვენში, საქართველოში?

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სოციალურ-მენტალური პერიპეტიებიდან გამომდინარე, აქ უფრო დიდია ობიექტური შანსები, შეიქმნას ლოკალური, მაგრამ უაღრესად ქმედითი და ეფექტური ახალგაზრდული მუსიკალური კულტურა, ვიდრე დასავლეთში. რა თქმა უნდა, ე.წ. ფსევდოლიბერალურ-კორექტული შიშები ჩვენშიც ბევრია, მაგრამ ჩვენში ამ ყველაფერს არ აქვს კულტურულ-(კონტრკულტურული) ისტორია, არ ახასიათებს მემკვიდრეობითობა. იქ, დასავლეთში, უფრთხილდებიან უკვე შექმნილს, უფრთხიან იდეურ კონტროვერსიებს,  ჩვენ კი ჯერ შექმნის პროცესში ვართ და შეგვიძლია, ჯერაც ყველაფერი გავბედოთ განახლებული კულტურული იდენტობისა და საკუთარი გზების ძიების პროცესში. ის დაუსრულებელი შინაგანი წინააღმდეგობები და პარადოქსულად მძაფრი ვნებებით გაჯერებული მოვლენები, რომლებიც კარგა ხანია ჩვენს რეალობაში დუღს, იდეალურ გარემოს ქმნის ახალგაზრდული, სოციალურ-პოლიტიკურად აქტუალური მუსიკალური კულტურის ასაფეთქებლად. სამამულო საკლუბო კულტურის აღმავლობა და მისი პოპულარობა დასავლეთში, ამის მკაფიო მაგალითია. ის საკლუბო კულტურა, რომელიც დასავლეთში უკვე ანაქრონიზმად აღიქმებოდა, ჩვენში სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლის, თანადგომისა და ღირებულებების გადაფასების მედროშედ იქცა. ეს მოხდა იმიტომ, რომ დრომ მოიტანა, გარემომ განაპირობა და ისეთი ხალხი ჩაუდგა ამ მოძრაობას სათავეში, რომელთაც იცოდნენ, თუ რა ფუნქცია ენიჭება სოციალურ სუბკულტურულ ფონს საცეკვაო მოედანსა და ტექნოკულტურაში.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ასპექტია და არასაკმარისი, უფრო მეტი სწორი აქცენტის, სწორი ორიენტირის მოძებნაა საჭირო, ისეთის, რომელიც ზუსტად ასახავს დროის პულსაციას, გულწრფელად გამოხატავს რეალობას, რომელშიც ვარსებობთ.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, აბსტრაქტულ-აქტუალურ-კოსმოპოლიტური და, თუნდაც, ხარისხიანი მუსიკის შექმნა ამიტომაც არის ბევრის არაფრის მომცემი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში „ჩვენ“ უნდა ვიკვებოთ დასავლური, უკვე არსებული და გასტერილებული აკუსტიკური ანარეკლებით, შედეგად კი მივიღოთ მხოლოდ მეორედ გადამუშავებული პროდუქტი.

ახალი ქართული აქტუალური და რელევანტური მუსიკალური კულტურა შეიქმნება მხოლოდ მაშინ, როცა მის მკვებავ წყაროდ ჩვენში განვითარებული პროცესები იქცევა – კულტურული რყევები და მენტალური ჯახი. ეს ათუხთუხებული რეალობაა სწორედ ჩვენი მთავარი კოზირი და პოტენციური უპირატესობაც.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ახალი არტისტები არ რეაგირებენ რეალობაზე, მაგრამ, თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, მათი ნამუშევრები ნაკლებად რეზონანსულია. შეგვიძლია ამაში დავადანაშაულოთ პუბლიკა, რადგან პუბლიკას არ ესმის? ნაკლებად. ყოველთვის, ყველგან, რეზონანსული ხდება სიმღერა, რომელიც ხალხს, თაობას, მისთვის გასაგებ ენაზე, მისთვის გასაგებ პრობლემებზე, მისთვის გასაგები ფორმატით მიმართავს, ოღონდ ისე, რომ არც არტისტი ეშვება ვულგარულ, პაპსა ბანალურობაში და, პირიქით, მასობრივ მსმენელს ექაჩება ზევით. აი, სწორედ ამის შემდეგ იწყება კითხვების დასმა და ფასეულობების გადაფასება.

ამის პრეცედენტები ქართულ მუსიკას დამოუკიდებლობის წინა პერიოდშიც კი ჰქონდა, როდესაც ქართულმა ალტერნატიულმა სცენამ ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა და რომანტიზმი ბოლომდე გამოაცალა ქართველი საბჭოთა ობივატელისა და ანაქრონისტი ტრადიციონალისტისთვის საამაყო ფასეულობებს. თუ რამდენად მძიმედ აწვება ადამიანის პირად ცხოვრებასაც კი გაბატონებული ფასეულობები; თუ როგორ ბოჭავს ინდივიდუალიზმს და თრგუნავს თავისუფალი თვითდამკვიდრების მცდელობებს, ამაზე ჩვენთან უკვე მღეროდნენ 30 წლის წინ. მღეროდნენ სხვა საჭირბოროტო და სოციალურ თემებზეც და გარკვეულწილად იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ამ ხალხმა უმძიმესი და ბნელი 90-იანებიც იწინასწარმეტყველა. 90-იანები,

„რომელშიც მეფობდნენ მგლები, და რომელშიც თავისუფლება მოკლეს“ („რეცეპტი“, 1989).

პირველად და ყველაზე მკვეთრად სწორედ ამ თაობის მუსიკოსებმა გამოაჩინეს ჩვენთან, თუ რა არის სინამდვილეში ახალგაზრდული მუსიკის ძალა და ფუნქცია. ეს მძლავრი პათოსი 90-იანების მუსიკოსებშიც არ შენელდა. ერთადერთი, რაც მათ ვერ მოახერხეს, საკუთარი მუსიკის დაფორმატება იყო. ამის გამო მოხდა ისტორიული წყვეტა, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ყველა ადგეს და სოციალურ პრობლემებზე, სისტემის გარდაქმნებსა და პოლიტიკაზე დაუკრას, იმღეროს და იყვიროს, მაგრამ როგორც ბრაიან ინომ – ამ ყველაზე ნაკლებად სოციალურ-პოლიტიკურმა მუსიკოსმა აღნიშნა ერთხელ: „ნებისმიერი მუსიკა პოლიტიკურია, რადგანაც ნებისმიერი მუსიკა ქადაგებს გარკვეულ იდეებსა და ღირებულებებს, თუნდაც უტექსტოდ“. 

უფრო მეტიც, ესკაპიზმიც კი, გარკვეულწილად, სწორედაც სოციალური პოზიციაა და ამიტომაც, ამ ყველაფრის გარეშე, ამ სოციალური, თუნდაც პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე, ყველაფერი ის, რასაც ვეძახით თანამედროვე მუსიკას – როკი იქნება, პოპი, ჰიპ ჰოპი, ელექტრონიკა, ავანგარდი თუ ანდეგრაუნდი – თავის ძლევამოსილებასა და მისიას კარგავს და გადაიქცევა, უბრალოდ, ჟანრულ მუსიკად, უფრო სწორად, უფუნქციო მუსიკალურ პროდუქტად და თუ ეს პროდუქტი ხარისხიანია, გვანიჭებს ისეთივე სიამოვნებას, როგორსაც – ჩეხური ლუდი, ანდაც ხარისხიანი ფრანგული კრუასანი.

ისე, პირადად მე, ერთიც და მეორეც უფრო მიყვარს, ვიდრე „ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკალური პროდუქტი“.