ვიზუალური კონცეფცია / დიზაინი: უტა ბექაია
ფოტო: დათო ქორიძე
ტექსტი: ნინო ლომაძე
მასალაზე მუშაობდა ელენე ასათიანი

 

 

არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა კონტრტენორი – საპირისპირო ტენორი! ბავშვს ყოველთვის ეცვლება ხმა გარდამავალ პერიოდში და მე დისკანტი თითქოს შემინარჩუნდა.

არასდროს მქონია ბარიტონალური, ბანის ან ტენორის რეგისტრები. სულ მინდოდა მემღერა, რაღაცნაირად ამომეხეთქა, ამიტომ მომწონდა მაღალი რეგისტრი. არასდროს ვიღლები, როცა კონტრტენორს ვმღერი. ამ დროს მამაკაცური რეგისტრები მღლის, ძალას მაცლის.

შეიძლება შინაგანი პროტესტიც იყო, რომ ის კი არ ვიმღერო, რასაც ყველა მღერის, არამედ ვიმღერო საპირისპირო. სინამდვილეში არავითარი საპირისპირო არ არსებობს. ყველაფერი დიდი ხნის წინ უკვე იყო. ახალი ჩემთვის მხოლოდ რეინკარნაციაა, როგორც ლაზარე გამოდის და საკუთარ როლს იბრუნებს უკან.

სადღაც წავიკითხე, რომ ოდითგანვე ქალებს და კაცებს, ორივეს დაბალი რეგისტრის ხმა ჰქონდათ. მამაკაცები ნადირობდნენ, ქალები ბავშვებთან რჩებოდნენ და მათ ბაძავდნენ ლაპარაკში, ამ ანგელოზურ, მაღალ რეგისტრს ნელ-ნელა ეჩვეოდნენ. შეიძლება მითია, მაგრამ ძალიან მომხიბლა, არა ქალის და მამაკაცის როლებზე წარმოდგენამ, არამედ ამ რაღაცნაირმა, ციურმა ინფანტილიზმმა, რომელიც ქალების ხმაში დარჩა.

 

 

ბაროკოს პერიოდში, ამ ხმას ბიჭებს კასტრაციით უნარჩუნებდნენ. ვისაც მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, კასტრირებას უკეთებდნენ, რომ ზრდასრულობაშიც შეენარჩუნებინათ დისკანტი. დასაჭურისებული მომღერლები მალე კვდებოდნენ, მაგრამ ეკლესიის, თეატრის თუ ხელოვნების მოთხოვნა იყო, სწორედ ამ მამაკაცის დიდ კორპუსში ჩასახლებულ ქალის ხმას დაეტკბო მაღალი საზოგადოება. ისინი კომპოზიტორებიც იყვნენ, მღეროდნენ და თან თხზავდნენ მუსიკას.

ეს ხმა არსებობს ჩვენთანაც - კრიმანჭულში.

მე საოპერო კრიმანჭული ვარ. თანაც, კრიმანჭულს მღერიან არა ტენორები, არამედ ბარიტონები და ბანები. იოგი ტექნიკურად ისე იკვრება ამ დროს, რომ კრინის რეგისტრში გადადის.

დღესაც კამათობენ, კონტრტენორი კრინია თუ ხმა.

ბაროკოს მუსიკა ხალხურიდან მოდის, მერე ნელ-ნელა შეაღწია სასულიერო მუსიკასა და ოპერაში. ბაროკოს პერიოდის მუსიკალურმა დამწერლობამაც მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ არ ვიცით ჟღერადობა. მაშინ ქალის და მამაკაცის პარტიებს კაცები ასრულებდნენ.

ბაროკო – ღვარჭნილია, უსწორმასწორო მარგალიტის ხვეული, ნიჟარის ნაკეცი. ის კლასიკურისგან განსხვავებით არ ითხოვს აკადემიურ ცოდნას.

ბაროკოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ კომპოზიციებში ტაქტის ხაზები არ არსებობს. ეს ისეთი თავისუფლებაა... ინტონაციური სისუფთავე მერე დაუმატეს და ნოტებში გადაწერეს, რომ ფორმა მიეცათ. მაგრამ თუ არის ოთხი ნოტი, შეიძლება იმპროვიზაციით ახვიდე სამოცდახუთ ნოტამდე, ან მეტიც – უსასრულობამდე. ამიტომ მიყვარს – იქ შეზღუდული არ ხარ.

ბაროკო ხავერდოვანია. იქ დაცურავ, კი არ მღერი, ლივლივებ. თავისთავად მოდის ბგერა. და ხარ ორკესტრის ნაწილი. ბაროკოს ინსტრუმენტებს ცხოველების მყესების სიმები აქვთ. რბილია ძალიან და მალე იშლება ხოლმე. იქვე აწყობენ. ამ დროს ჩერდება მუსიკა და ყველა სიმის გამართვას ელოდება. ისეთი ინტიმური და კამერულია ეს შესრულება.

ვმღერი ელექტრონულ მუსიკაზეც, ჯაზშიც, როკშიც და ალტერნატიულ ჯგუფებთანაც. ვარ მსახიობიც და ვმღერი აკაპელას.

 

თავიდან ვფიქრობდი, რადგან ხმა ასეთი გამორჩეულია, სამოსით ან გრიმით აღარ დავტვირთავ-მეთქი. მინდოდა, ორკესტრის ნაწილი, ინსტრუმენტი ვყოფილიყავი, მაგრამ მალე მომბეზრდა. უტასთან ვმეგობრობდი და შემპირდა, რამეს მოვიფიქრებო. იქვე ავაწყვეთ. თავის აქსესუარი იყო, ზღარბივით, თეთრი ელასტიკი, ზედა, რაღაც უცნაური ფორმის. დარბაზში რომ შევედი, ორკესტრის წევრებს ჩუმად ეცინებოდათ.

ბაროკოს ჩვენთან სინფონიეტას ორკესტრი ასრულებს. მათთან ერთად ვმუშაობ მეც.

ეს ორკესტრი ჩემთვის ფუფუნებაა.

ჩემთვის ეს არ არის ძველი მუსიკა, ეს უბრალოდ სტილია. ბაროკო თითქოს ჩემთვის დაიწერა, მე მერგება, მე ვარ ბაროკო.

 

ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტექნიკური მხარეა უპირატესი. შეიძლება მუსიკოსი ვირტუოზობის მწვერვალს აღწევდეს და იყოს მკვდარი. ბაროკო კი ისეთი ფაქიზი მუსიკაა, ის სახალხო მთქმელების ბგერებიდან მოდის, ამიტომ მხოლოდ ტექნიკურად ვერ შეასრულებ. მაშინვე კიჩად გექცევა.

ვარ მხატვარიც. ხშირად ვხატავ ხატებს. ოღონდაც უფრო არქაული სტილი მიტაცებს – სვანური ხატები, დავით გარეჯის ფერწერა, უბრალო, ხორცისგან დაცლილი ხატები მომწონს.

https://bit.ly/2UtpUjH