ბიორკზე დიდი მოქმედი მუსიკოსი არ არსებობს. ანუ, ახლაც რომ მეტ-ნაკლები პერიოდულობით უშვებენ ალბომებს. ეგეთივე დიდი – კი, ბატონო. რამდენიმე, ალბათ. მაგაზე დიდი – არავინ!

ძალიან საკამათო და, პრინციპში, არაზუსტი რამ გავაკეთოთ და მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები ერთ დიდ პირამიდად წარმოვიდგინოთ, რომელიც ამათი სიკარგის, გავლენის და პოპულარობის მიხედვითაა დალაგებული (კლასიკა და ჯაზი არ გვინდა, პოპ-როკ-ეგეთები). სულ მთლად წვერში, ცხადია, „ბითლზია“. შემდეგ, მეორე საფეხურზე, რამდენიმე ათეული ჯგუფი და შემსრულებელი. მათ შორისაა ბიორკიც.

ბიორკი იმ მცირერიცხოვან მუსიკოსთა ჯგუფშია (დევიდ ბოუისა და პრინცთან ერთად), რომლებიც მთელი შემოქმედება თან ექსპერიმენტულ მუსიკას აკეთებენ და ამასთან ძალიან პოპულარულებიც არიან. ბოუის მსგავსად, ბიორკი ყოველთვის სიმბიოზურ ურთიერთობაში იყო ანდეგრაუნდთან – თან შთაგონებას იღებდა მისგან და თან თავადაც შთააგონებდა. განსხვავებით, ვთქვათ, მადონასგან, რომელიც მოაქამომდე ოსტატურად იყენებდა ხოლმე უახლეს მუსიკალურ ტენდენციებს, მაგრამ თავად მას ბევრს არაფერს აძლევდა.

რა ჟანრია ბიორკი? ეგეთი ჟანრი არ არსებობს! თან ჯაზია, თან ელექტრონიკა, თან პოპი, თან ყველაფერი...

ყველაფერი გაუკეთებია. მუსიკალური ვუნდერკინდიც იყო (პირველი ალბომი 12 წლისამ გამოუშვა), პანკ-ჯგუფის ლიდერიც, პოსტპანკ-ჯგუფის ლიდერიც, სცენაზეც ხულიგნობდა (მისი ერთ-ერთი ბენდის, K.U.K.L.-ის ლაივზე ორსული ნახევრად შიშველი იდგა სცენაზე). Sugarcubes-ის წევრი იყო, რომელიც ისლანდიის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ კოლექტივად მიიჩნეოდა (მათ ფანებს შორის ბოუი და იგი პოპი იყვნენ).

Sugarcubes-ის საქმე ბოლოსკენ იყო წასული, როდესაც ბიორკი ლონდონში გადასახლდა და ეისიდ ჰაუსის და კეიტ ბუშის სმენა დაიწყო. თინეიჯერობისას დაწერილი სიმღერები გადაამუშავა – ისინი, თავის დროზე, არაპანკურობის გამო დაიწუნა.

ბენდის წევრები, მათ შორის პირველი ქმარი, ურჩევდნენ, შეეშვი ელექტრონულ მუსიკას, საშენო არ არისო.

ბიორკმა Debut გამოუშვა. ამ ალბომიდან ზოგი სიმღერა თანამედროვე როკის ჩარტში მოხვდა, ზოგი – საცეკვაო ჩარტებში, ზოგი – პოპჩარტებში. რამდენიმე – სამივეგან.

დებიუტი კარგი იყო. შემდგომი, Post – კიდევ უკეთესი. კიდევ უკეთესი კი არა, თუ სადმე 1990-იანი წლების საუკეთესო ალბომების ჩამონათვალი შეგხვდებათ და იქ სადმე თავში Post არ იქნა – თამამად შეგიძლიათ, ეგ სია უგულებელყოთ.

ამ დროს გამოსულმა ბიორკის მუსიკალურმა ვიდეოკლიპებმა კი მთლიანად მუსიკალური ვიდეოს ჟანრი აიყვანა ახალ საფეხურზე.

1999 წლის Homogenic უზადო ალბომია. თავიდან ბოლომდე სრულყოფილი. აი, ის 90-იანი წლების საუკეთესო ალბომების ჰიპოთეტური ჩამონათვალი რომ ვახსენეთ – ამ სიის ავტორმა პირველზე რომ Homogenic გაიყვანოს, არავისთვის იქნება გასაკვირი. (თუმცა, საკამათო, ცხადია, იქნება. შეიძლება OK Computer ჯობდეს პირველზე. ან Nevermind. ყოველ შემთხვევაში, Homogenic ნამდვილად ამ ალბომების გვერდით განიხილება).

Post და Homogenic ბიორკის საუკეთესო ალბომებია, მაგრამ ესენი სულ რომ არ გამოეშვა და მხოლოდ დანარჩენი დისკოგრაფია ჰქონოდა, მაინც უდიდესი მუსიკოსი იქნებოდა. ეს იმიტომ, რომ დანარჩენებიც ძალიან, ძალიან კარგებია.

ყველა განსხვავებულია. ერთი სიყვარულზეა (Vespertine), მეორე – განშორებაზე (Vulnicura), მესამე – მუსიკალურ ალბომთან ერთად „აიპედის“ აპების კოლექციაა, სადაც ვიზუალური და ინტერაქტიული ელემენტი ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც მუსიკალური მხარე...

ახალი ალბომი, Utopia, ნოემბრის ბოლოს გამოვა. ბიორკი ამბობს, სიყვარულის ძიებაზეაო. პირველი სინგლი, Gate, სექტემბერში გამოვიდა და სიმღერაც და ვიდეოც სრული სიგიჟეა.

მოკლედ, იმის ახსნა მინდა და ვერ ვახერხებ, რომ თბილისის ფილარმონიის და ოპერის სცენებზე მომღერალი კი არ იდგება, არამედ კოლოსი! ადამიანი ინსტიტუცია, რომლის კვალი მთელ თანამედროვე პოპსივრცეს ამჩნევია – მისი ელიოტიდან კანიე ვესტამდე, მადონადან ლეიდი გაგამდე... ბიორკმა გავლენა მოახდინა მოდაზე, (მაიკლ გონდრისთან ერთად) შეცვალა მუსიკალური ვიდეოების გადაღების სტილი და ის ხელოვნების დონეზე აიყვანა.

ბიორკი ვერცხლისწყალია, ტყის ელფი, ცოცხალი ლეგენდა, სხვა განზომილებიდან გადმოსული სული. ასე რომ, რა ვიცი, მეც გული მწყდება, რომ შედარებით იაფ ბილეთებს ვერ მივუსწარი, არც მე მგონია სამართლიანი, რომ ორი ბილეთი ლამის მანქანის ფასი ღირდეს, მაგრამ რა ვიცი, ეგრე ღირს. ბიორკი მომღერალი არ არის, ბიორკია. მისი კონცერტი კონცერტი კი არა, ერთხელ რომ ხდება, ეგეთი მოვლენაა. ამიტომაც ღირს მისი შოუ ის, რაც ღირს. თან ამბობენ, ცოცხლადაც საოცრად მღერისო...