მახსოვს, როგორ ამიჩქარდა გული როცა დაახლოებით სამი წლის წინ მეგობარმა მომწერა: „დღეს BOILER ROOM-ის სიაში ხარ.“ გული სწრაფად მიცემდა მაშინაც, როცა ყვითელ მატარებელში ჩავჯექი და ბერლინის ჩრდილოეთით მდებარე უბან ვედინგისკენ წავედი. ყოფილ საცურაო კომპლექსთან დაცვამ ძვლივს ამოიკითხა ჩემი სახელი  და დიდი რკინის კარი გამიღო. ვიწრო, ბნელ დერეფანს გავუყევი და ნელ-ელა ჩემი გულის ცემის ხმა ბასების ხმამ გადაფარა.

პატარა ოთახში, პირდაპირ დიჯეის პულტთან აღმოვჩნდი. უკან, კედელზე  BOILER ROOM-ის ლოგო ციმციმებდა. MAX COOPER უკრავდა, მერე DAVID AUGUST დადგა და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სეტი დაუკრა. მელოდიური ჰაუსის ბიტებს ნელ-ნელა აჰყვნენ სხეულები და მალე, თამბაქოს და ხელოვნურ კვამლში გახვეულებს, სულ დაგვავიწყდა, რომ კამერებს მიღმა ათასობით, ან ათიათასობის თვალი გვიყურებდა. 

მუსიკა, გარემო და იქ დაგროვილი ენერგიაც, ალბათ, ისეთივე უშუალო და ნაღდი იყო, როგორც 2010 წელს, როცა BLAISE BELLVILLE -იმ  ლონდონში, სახლის სარდაფში, რომელსაც კარზე BOILER ROOM ეწერა, მეგობრები დაპატიჟა, კედელზე მიმაგრებული ვებკამერა დიჯეის მიუშვირა და ვიდეო USTREAM-ზე გაუშვა. მალე ამ ივენთებმა რეგულარული სახე მიიღო და შეიქმნა ელექტრონული მუსიკის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც, იმ წარწერის მსგავსად, BOILER ROOM დაარქვეს და ახლა უკვე ასზე მეტი ქალაქიდან მაუწყებლობს. 

დროთა განმავლობაში პროექტის სახედ და ხმად ბერლინის BOILER ROOM-ის დამფუძნებელი და მოდერატორი MICHAIL STANGL იქცა, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენის ყველა კუთხე-კუნჭულში შეგხვდებათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების და ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალ CTM-ის კურატორი და ლეიბლ LEISURE SYSTEM-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. თვითონ OPIUM HUM-ის სახელით უკრავს. 

ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე სტატუსს გადავაწყდი - „ასე მგონია, BOILER ROOM-ის ტიპს, ბავშობიდან ვიცნობ-ო.“  ის ბიჭი ხუმრობდა, მაგრამ  MICHAIL STANGL  ინტერნეტის ჭეშმარიტი ვარსკვლავივით ისე ხშირად ჩანს ჩვენი ლეპტოპების ეკრანებზე, რომ ალბათ ადვილია დაიჯერო, რომ ბევრჯერ გინახავს კლუბში და მის გვერდით თვალებდახუჭულსაც გიცეკვია.

მინდოდა ამ სტატუსის შესახებ მისთვისაც მომეყოლა, მაგრამ როცა თებერვლის წვიმიან დილას, ბერლინის ერთ-ერთი ცნობილი კლუბის უკანა შესასვლელი გამიღო, ცეკვით პირგამომშრალი ქლაბერებისგან გამოცლილ ლუდის ბოთლებს გადავაბიჯეთ და ვიწრო კიბით BOILER ROOM-ის ოფისისკენ ავედით, გული ისევ ისე ამიჩქარდა, როგორც იმ დღეს და დამავიწყდა..

მარიამი - მარტო შენს ფეისბუკის გვერდზე რამდენიმე საქმიანობა გაქვს მითითებული - Boiler Room, CTM-Festival, Leisure System. სამივე ბერლინის, და არა მარტო ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორ მოხვდი ამ ინდუსტრიაში?

Michail Stangl - ალბათ ბევრმა არ იცის რომ რუსი ვარ. მოსკოვში დავიბადე, სოციალისტურ გარემოში გავიზარდე და ოთხმოცდაათიან წლებში ოჯხთან ერთად, გერმანიაში გადმოვედი საცხოვრებლად, პატარა ქალაქში სადაც სულ 8000 ადამიანი ცხოვრობდა და მგონი, მარტო ჩვენ ვიყავით ემიგრანტები. სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი, ახალი ენა, კულტურა – დიდი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც გამიმართლა. ფრანკფურტთან ახლოს ვცხოვრობით და იმ დროს იქ საინტერესო მუსიკალური პროცესები ვითარდებოდა. ტექნოს დედაქალაქსაც კი ეძახდნენ და რადიოშიც ხშირად ისმოდა ელექტრონული მუსიკა. ჩემი მამინაცვალის საქმიანობის გამო, ერთ-ერთი პირველი ბავშვი ვიყავი, ვისაც იმ ქალაქში სახლში ინტერნეტი ჰქონდა. მაშინ იქ არც კლუბები იყო, არც ვინილების მაღაზია. კასეტებს ან დისკებს ვუკვეთავდით და მერე თვეობით ველოდებოდით და უცებ ინტერნეტთან აღმოვჩნდი. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ამ სივრცეში, ისეთები, რომლებსაც მერე Boiler Room-შიც დაუკრავთ. მაშინ, ჩვენ ყველა მუწუკებიანი თინეიჯერები ვიყავით. ჩვენს ოთახებში ვისხედით, მუსიკას ვუსმენდით და მერე ერთმანეთს ვუზიარებდით. ინტერნეტმა და ელექტრონულმა მუსიკამ მომცა საშუალება საერთო ენა გამომენახა ჩემს თანატოლებთან და იმ უცხო გარემოსთან, რომელშიც აღმოვჩნდი. ვირტუალურად გავიქეცი იმ მოსაწყენი ქალაქიდან და თავი მუსიკას შევაფარე.

მარიამი - რეალურად როგორ გაიქეცი იმ მოსაწენი ქალაქიდან ბერლინში?

Michail Stangl -  სკოლის დამთავრების შემდეგ დრამატურგიის სწავლა მინდოდა. საბუთებიც გაგზავნილი მქონდა უნივერსიტეტში, მიუნხენში. ერთ დღეს ჩემს ოთახში ვიჯექი. ერთ-ერთ საიტზე რაღაც პოსტერს გადავაწყდი. CTM-ფესტივალის ივენთის ლაინაპი იყო – ზედ ყველა იმ არტისტით, რომელზეც მაშინ ვგიჟდებოდი. ხოდა, ვიფიქრე - იმ ქალაქში მინდა ვიცხოვრო, სადაც ასეთი ამბები ხდება-მეთქი. ყველაფერი მივატოვე. ავდექი და წამოვედი სულ ორი ნაცნობის და იმის იმედით რომ ბერლინში ცოცხლად მოვისმენდი იმ მუსიკას, რასაც მანამდე მარტო ინტერნეტში ვეძებდი. 2005 წელი იყო. დავიწყე კლუბებში სიარული, მაგრამ დიდი ქლაბერი არასდროს ვყოფილვარ. კლუბი ჩემთვის ყოველთვის უფრო მუსიკის მოსასმენი ადგილი იყო, ვიდრე დილამდე ცეკვის და გართობის. აი, დინამიკიდან გამოსროლილი 5000 ვატიანი ბასი გულზე რომ მოგხვდება და მთელ სხეულში დაგივლის, შეიძლება მთელი ცხოვრება ამ შეგრძნებაზე გახდე დამოკიდებული და ეს იყოს ნებისმიერ ნარკოდამოკიდებულებაზე ძლიერი. ერთხელაც რაღაც ივენთზე მოვხვდი, ორი ქერათმიანი, ჰიპურად ჩაცმული ქალი დაუჯერებელ მუსიკას უკრავდა. პერიფერიიდან ჩამოსულს, ასეთი რამ მანამდე არასდროს მენახა. Sick Girls აღმოჩნდნენ. Alexandra Dröner, კლუბის Tresor ერთ-ერთი პირველი ბუქერი და Johanna Grabsch, რომელმაც ბერლინში სრულიად ახალი ჟღერადობა შემოიტანა. გაშტერებული ვიდექი და ვკითხულობდი - ეს რა არის? „Dubstep“ მითხრა ვიღაცამ და მაშინვე ვიცოდი, რომ თუ ოდესმე მუსიკას გავაკეთებდი, აუცილებლად რამე მსგავსს დავუკრავდი. მალევე დავიწყე ივენთების ორგანიზება. პირველი იყო კლუბი zentrale randlage, maria, berghain kantine, მერე ისევ maria, wmf, ostkreuzberg და ბოლოს berghain. ერთი ვენიუდან მეორეში გადავდიოდი, სულ ვცდილობდი ახალი მუსიკა მომეძებნა და დიჯეის პულტთან ისეთი ხალხი დამეყენებინა ვისი მოსმენაც თვითონ მომინდებოდა. ასე, ნელ-ნელა ვიქეცი ჩვეულებრივი მელომანიდან პრომოუტერად.

მარიამი - მე რომ პირველად Boiler room ვნახე, მახსოვს დიდი ხანი ვერ მივხვდი კლუბი იყო თუ ერთჯერადი ივენთი. შენ თუ გახსოვს რა გაიფიქრე, როცა პირველად ნახე და მოისმინე Boiler Room?

Michail Stangl - გავიფიქრე, რომ ეს იყო ის, რაც ძალიან აკლდა და სჭირდებოდა ბერლინს. ლონდონი დიდი ხანი იყო კლუბური მუსიკის ცენტრი, სულ ახალი ფორმებით და ექსპერიმენტებით. მე სულ ვცდილობდი ბრიტანელი არტისტების ჩამოყვანას. ხოდა, ერთხელაც 2010 წელს რაღაც პოდკასტს გადავაწყდი. ლონდონის სარდაფში დიჯეები იდგნენ და უკრავდნენ Onemen, hessel audio, არტისტები, რომლებსაც ბერლინში არასდროს ჰქონდათ დაკრული. ჩვეულებრივი ვებკამერით იღებდნენ და ustream-ით გადასცემდნენ. ეს იყო ლონდონის ანდერგრაუნდი პირდაპირ ეთერში. მაშინვე მივხვდი, რომ ბერლინსაც ძალიან მოუხდებოდა ეს ფორმატი. თან, იმ დროს ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენა მარტო bar 25-სა და berghain-ს შორის აღიქმებოდა. ნაწილობრივ, ეს კლუბები მართლაც ქმნიდნენ მკვეთრ მუსიკალურ ამინდს, მაგრამ ჩემთვის ეს სცენა ყოველთვის უფრო ღრმა იყო, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. 

ეს ქალაქი იმით არის საინტერესო, რომ ყველაზე მივარდნილ ადგილებში ისეთი მუსიკა შეიძლება მოისმინო, სხვაგან რომ ვესად ნახავ. აი, ამ მტვრიან სარდაფებში ჩამალული მუსიკის მზის შუქზე ამოტანა მინდოდა, ყოველგვარი გადაპრანჭული ჟღერადობისგან დაცლილის და ნაღდის. მაშინ უკვე leisure system-ის ივენთებზე ვმუშაობდი. გავარკვიე ვინ იყვნენ ის ბიჭები ლონდონში, დავუკავშირდი და თანამშრომლობა შევთავაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა boiler room სხვა ქვეყანაში გადავიდა და შოუების რეგულარულად მოწყობა დაიყწო. სულ სამი ადამიანი ვიყავით ბერლინში, არც საიტი გვქონდა, მარტო ერთი ლეპტოპი, ვებკამერა და ორი ათასი ლაიქი ფეისბუკზე, მაგრამ მალევე მოექცა ყურადღების ქვეშ და სრულიად განსხვავებული სივრცე შეიქმნა. პლატფორმა, რომელიც ანდერგრაუდ კულტურის დოკუმენტალისტი გახდა. ელექტრონული მუსიკის სნეპჩეტივით არის, რომელიც აჩვენებს როგორ იხლართებიან ერთმანეთში სუბკულტურები და როგორი მრავალფეროვანია კლუბური მუსიკა.

მარიამი - ეს მრავალფეროვნებაა, რაც ამ პროექტში ყველაზე მეტად მოგწონს?

Michail Stangl - ერთის მხრივ ეს ნამდვილად არის თავისუფალი პლატფორმა, რომელიც კულტურულ მრავალფერონებას აჩვენებს. თუმცა, ის პოლიტიკური და სოციალური ფასეულობებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ელექტრონულ მუსიკასთან არის დაკავშირებული. ჩემთვის არ არსებობს ცალკე აღებული მუსიკა. ის ყოველთვის ჩვენი გარემოს და სოციუმის ნაწილია. როდესაც კლუბებზე ვსაუბრობთ, გარკვეულწილად ხომ თავშესაფრებს ვგულისხმობთ. კლუბები ხომ სექსუალური უმცირესობების, ფერადკანიანების ან სხვადასხვა სუბკულტურის დასაცავად იქმნებოდა. Boiler room-იც სუბკულტურების ვირტუალურ თავშესაფრად იქცა და ამას განსაკუთრებულად ვაფასებ. ჩვენი მაყურებლების უმეტესობა, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მოსწონთ ელექტრონული მუსიკა, მაგრამ ფინანსური, ან სხვა მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ ახერხებენ ბერლინში, ლონდონში, ან კლუბური მუსიკის სხვა მეტროპოლში ჩასვლას.

არადა, სულაც არ ნიშნავს რომ კამჩატკაზე მცხოვრები ახალგაზრდები ამ კულტურის განვითარებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვნები არიან, ვიდრე ის ათიათასობით პრივილეგირებული გოგო-ბიჭი, როლებიც ყოველ შაბათ-კვირას ბერლინის დენსფლორებზე ცეკვავენ.

სახალინი ხომ იცი? ბოლო კუნძულია რუსეთ-იაპონიის საზღვარზე. პირველივე შოუზე ორი ბიჭი შემოვიდა იქიდან ონლაინ, მოგვწერეს რომ გვიყურებდნენ და იმის მერე თითქმის სულ ჩვენთან ერთად არიან. ალბათ, სახალინზე არასდროს ჩავა, მაგალთად, Marcel Dettmann, მაგრამ ისინი მაინც უსმენენ მის მუსიკას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. გვინდა, ყველას ერთნაირი შანსი ჰქონდეს რაღაც ფორმით მაინც მიიღონ მონაწილეობა კულტურის განვითარებაში. აი, ზუსტად ეს არის ჩემი არგუმენტი, როცა გვაკრიტიკებენ, რომ Boiler Room კლუბურ კულტურას ანადგურებს. კლუბი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ხშირად მხოლოდ გარკვეული ნიშნით პრივილეგირებული წრისთვის არის ხელმისაწვდომი, არადა ნებისმიერ კულტურასთან მისასვლელი გზა დემოკრატიული უნდა იყოს. სულ ჩემი თავი მახსენდება, იმ პერიფერიის ნაცრისფერ ოთახში რომ ვიჯექი და თვეობით ველოდებოდი ახალ მუსიკას.

მარიამი - უკვე მილიონობით მაყურებელი გყავთ, საიტზე კი ისევ წერია: „Broadcastin the undergraund“ შეიძლება ამდენი მაყურებლის ფონზე, ამ ყველაფერს ისევ ანდერგრაუნდი ეწოდოს?

Michail Stangl - ანდერგრაუნდი ჩემთვის იდეოლოგიაა და მისი არსებობა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ადამიანს მიუწვდება ხელი მასზე. ეს მენტალიტეტია, გარკვეული ღირებულებები. ძალიანაც კარგია, რომ ამდენი მაყურებელი გვყავს.

მე მინდა, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ ფასეულობებზე, თავისუფლებაზე და გამბედაობაზე, რომელიც ელექტრონულ მუსიკაში დევს. აი, ამ ღირებულებებს რომ დაივიწყებ და მარტო კომერციაზე დაიწყებ ფიქრს, მაშინ ჩამოშორდები ანდერგრაუნდს.

მარიამი - ფაქტია რომ ძალიან მალე შოუ ძალიან პოპულარული გახდა. ხომ არ ფიქრობ, რომ ამაში რეალური შოუს ელემენტებმაც ითამაშეს როლი? ზიხარ შენს ოთახში, შეიძლება რომელიმე მოსაწყენ ქალაქში და უყურებ როგორ ერთობიან, მაგალითად, ბერლინელი ახალაგზრდები, თან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება.

Michail Stangl - სინამდვილეში boiler room-ში ნაკლებად ხდება ისეთი რამ, რასაც ნამდვილ ბერლინულ კლუბში შეიძლება წააწყდე. შეიძლება ვიღაცას მოსწონს, რომ ეკრანთან ზის და უყურებს როგორ ცეკვავს, ერთობა და ზოგჯერ არაადეკვატურად იქცევა დიჯეის ირგვლივ შეკრებილი ხალხი, მაგრამ აქ დადგმული არაფერია. ზოგი დღემდე ვერ ხვდება, რატომ შეიძლება შოუზე მხოლოდ სტუმრების სიით მოხვედრა. ამით სულ არ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ აქ მხოლოდ კარგი ტიპები ხვდებიან. უბრალოდ, ისეთი გარემოს შექმნა გვსურდა, სადაც არტისტები ყველანაირი წნეხის გარეშე დაუკრავდნენ იმას, რაც მოუნდებოდათ. ამიტომ ვეუბნებით – დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები და მათი მეგობრები და თავი იგრძენით ისე, როგორც თქვენს home party-ზე.  

მარიამი - არ გგონია, რომ ბოლო პერიოდში დიჯეები სუპერვარსკვლავებად იქცნენ?  მგონი, ერთი წლის წინ ვიღაცას Ebey-ზე Ben Klock-ის ბანანის გაყიდვა უნდოდა დ ხალხიც ფულს სთავაზობდა. რას ფიქრობ ამ, ცოტა უცნაურ, ტენდენციაზე?

Michail Stangl- ჩვენთან კამერა ისეა დამონტაჟებული რომ ვიდეოს ცენტრში დიჯეი დგას, რადგან გვინდა რომ მაყურებელმა კარგად დაინახოს რას და რგორ აკეთებენ ისინი. ბევრი მათგანისთვის Boiler room გახდა სივრცე სადაც ყველაზე ბუნებრივები და რადიკალურები არიან, რადგან ეს არის პირდაპირი ეთერი. შემდეგ ვიდეო ჩვენს საიტზე და youtube-ზე იდება და სულ იქ რჩება. ეს არ არის პატარა კლუბი, სადაც შეიძლება ბოლომდე არ დაიხარჯო და ეს მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეამჩნიოს. აქ ყველაფერი ხელის გულზე დევს. გეთანხმები, რომ დიჯეები სუპერვარსკვლავები გახდნენ, ამიტომ მათ აუცილებლად უნდა ჰკითხონ საკთარ თავს რა ღირებულებები აქვს.

კლუბები ე.წ. Safe Space იყო. პოლიტიკურ სივრცედ აღიქმებოდა და სულ მიდიოდა სოციალურ პრობლემებზე მჯელობა.

ჰედონიზმი და გართობა კი, უბრალოდ ამ ყველაფრის თანმდევი ელემენტი იყო. მაშინ, როდესაც კლუბის გარეთ ცხოვრება არც ისე მარტივი იყო, დისკრიმინაცია და უამრავი წნეხი არსებობდა, ჰედონიზმი თავისუფლებას განიჭებდა და სულ რამდენიმე საათით მაინც შეგეძლო დარჩენილიყავი საკუთარ თავთან და სურვლებთან. ბოლო ხუთი-ათი წლის მანძილზე მსგავსი დისკუსიებისთვის ნაკლებად რჩება კლუბში სივრცე და მის ადგილს მთლიანად გართობა იკავებს. გაროკვარსკვლავებული დიჯეებიც ამ ტენდენციის ნაწილია, რასაც მე ძალიან სეჭვოდ ვუყურებ. არასდროს ვერიდები ამაზე ლაპარაკს, პირადად მათთანაც კი. ჩვენს არქივში უკვე 5000-დე არტისტია და მათი მხოლოდ ხუთი პროცენტია ასეთი ვარსკვლავი. მათთანაც რათქმაუნდა ვმუშაობთ, რადგან ისინიც ამ კულტურინ ნაწილები და თან ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ ისინიც მათთვის ჩვეული გრანდიოზული კლუბებიდან გამოგვყავს, რომელიმე სარდაფში ორასი-სამასი ადამიანის წინ ვაყენებთ და ვაკვრევინებთ იქ, სადაც ანდერგრაუნდკლუბის რეალობას ვერსად გაექცევიან.

მარიამი - შენ ხშირად ახსენებ ექსპერიმენტულ მუსიკას. საინტერესოა, რამდენად დარჩა სივრცე ასეთი მუსიკისთის. რას ელოდება ხალხი, როდესაც კლუბში მიდის - ექსპერიმენტს თუ მუსიკას, რომელზეც უბრალოდ კარგად იცეკვებს?

Michail Stangl -  რთულია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა. ბოლო წლებში კლუბურ კულტურაში ორი რამ შეიცვალა. ერთი ის, რომ გაქრა მომენტი, როცა ორი დინამიკი და რამდენიმე ყუთი ლუდი უკვე კლუბად ითვლებოდა. ეს დიდი ინფრასტრუქტურაა და ახლა კლუბის გასახსნელად უფრო სერიოზული ფინანსური და ტექნიკური ბაზაა საჭირო. მეორე ის, რომ ბერლინში უამრავი ტურისტი ჩამოდის და მათი უმეტესობა საერთოდ არ იცნობს ექსპერიმენტულ მუსიკას. გაუგიათ, რომ აქ კარგ ტექნოს უკრავენ, ხოდა ჩამოდიან, მიდიან კლუბში და უნდათ ტექნოს მოსმენა. კლუბებიც ხედავენ ამას და ლაინაპებს ტექნო და ჰაუზ-არტისტებით ავსებენ. ამასთან არსებობს მეორე ნაწილი – ახალგაზრდები, რომლებიც ინტერნეტის სამყაროში გაიზარდნენ და მუსიკალურადაც ბევრად უფრო განათლებულები არიან. სულ ვაკვირდები ხალხს დენსფლორზე. ახალგაზრდები, 25 წლის ქვემოთ, ბევრად უფრო გახსნილები არიან მუსიკალური ექსპერიმენტების მიმართ, რასაც მათზე უფროსებზე ხშირ შემთხვევაში ვერ იტყვი. ასეთი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პუბლიკა იკრიბება ბერლინში და ყველა მათგანის ინტერესის დაკმაყოფილება ნებისმიერი კლუბისთვის დიდი გამოწვევაა. ამიტომაც მომწონს Berghain-თან მუშაობა. სრულიად გასაგიჟებელია ის ხარისხი, რომელსაც ეს კლუბი გთავაზობს. აქ ყველაზე წარმოუდგენელი მუსიკალური იდეის განხორციელებაც კი შესაძლებელია. ბევრისთვის ეს კლუბი მარტო ტექნო და სექსია, რაც ჩემთისაც სრულიად მისაღებია და ვთვლი რომ ეს თავისუფლება, რომელსაც ამ ბეტონის კედლებში გრძნობ კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ამ ადგილს, მაგრამ ეს ვენიუ პირველ რიგში ხარისხი და მუსიკალური შესაძლებლობების ზღვაა.

მარიამი - ბოლო წლებში ელექტრონული მუსიკის სცენა თბილისშიც ძალიან განვითარდა. ამაზე ბევრი ცნობილი გამოცემაც წერს და მალე იქაც დადგება Boiler Room-ის კვამლი. თქვენ როდის დაინტერესდით თბილისით?

Michail Stangl - საქართველოში Boiler Room- ის წაღება ჩემთვის პირადად ორი რამის გამო იყო საინტერესო. მე ტექნოს გარდა კიდევ ერთი დიდი სიყვარული მაქვს – ფოლკლორი. ვიცი, რომ რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი ტრადიციები აქვს. სულ მინდოდა მისი უფრო კარგად გაცნობა და გამოკვლევა. გარდა ამისა, ბევრი კარგი რამ გავიგე ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებ. სტატიებს ვკითხულობდი, ვიდეოებს ვუყურებდი, თან ბევრი არტისტი ჩადიოდა დასაკრავად, მერე ბრუნდებოდნენ და აღფრთოვანებულები ჰყვებოდნენ ამბებს თბილისურ კლუბებზე. ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ ამ პროცესში ჩართვა ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხერთ. მერე საქართველოდანაც დაგვიკავშირდნენ, თანამშრომლობა შემოგვთავაზეს და ახლა, აპრილში პირველი იფიციალური Boiler Room შედგება თბილიში. პირველი შოუ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ კლუბში, კაფე-გალერიში იგეგმება, მეორე შოუ ბასიანზე. ამ კლუბზეც იმდენი რამ მსმენია. ვიცი, რომ აქ შექმნილი ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის და ეს ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ დღეს მარტო ქართველი არტისტები დაუკრავენ, რაგდან მათ აჩვენონ რა შეუძლიათ და როგორ ვითარდებიან. თუმცა, მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ საერთოდ, სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობთ ხოლმე და ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები. რამდენიმე წლის წინ პირველად მოვისმინე ჰამლეტ გონაშვილი. ცხოვრებაში ალბათ სულ თითზე ჩამოსათვლელად მიმიღია ასეთი მძაფრი მუსიკალური შთაბეჭდილება. გვინდა, ეს ქართული მუსიკალური ტრადიციები ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ – აი, მიხაილი ბერლიდან, მსოფლიოს ქართულ მუსიკაც აცნობს. არა, ეს უბრალოდ ჩვენი პლატფორმის ხასიათია, რომელიც კულტურებს შორის ურთიერთგაცვლას და დიალოგს უწყობს ხელს.

მარიამი - თანაც, თბილისი პირველი ქალაქი იქნება კავკასიაში, სადაც ოფიციალური Boiler Room ჩატარდება.

Michail Stangl - შეიძლება ბერლინში, ლონდონში და თბილისში ერმანეთის მსგავსი მუსიკალური პროცესები მიდის. ერთნაირი იდეოლოგიით და ესთეტიკით, მაგრამ ის 170 მილიონამდე ადამიანი, ვინც ყოველ თვე გვიყურებს, შეიძლება არ კითხულობს Resident Advisor-ს და ვერ გებულობს, რომ თბილისშიც ისეთივე მუსიკას აკეთებენ და უსმენენ, როგორც მათ ქვეყნებში. აი, ეს ხალხი თავიანთ მენტალურ რუქაზე ახალ ქვეყანას აღმოაჩენენ და ეს იქნება თითქოს აბსტრაქტული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული დიალოგის დასაწყისი. ამასთან, თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდივართ, ადგილობრივი მუსიკალური ბაზარი და ინფრასტრუქტრურა უფრო უკეთ ყალიბდება და არტისტებიც უფრო ხშირად გადიან საზღვრებს გარეთ. არ მინდა Boiler Room-ის შესაძლებლობების შეფასებისას გადავაჭარბო, მაგრამ წლების განმავლობაში გარკვეულ სტანდარტად ვიქეცით ამ ინდუსტრიაში და მუსიკოსებისთვის კარგი სავიზიტო ბარათების დამზადება დავიწყეთ. ნებისმიერ პრომოუტერს შეუძლიათ დაუდონ ვიდეო და აჩვენონ რა შეუძლიათ. იმედი მაქვს, Boiler Room თბილისს ელექტრონული მუსიკის სცენის კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება, მალე მეტ ქართველ დიჯეის ვნახავთ სხვადასხვა ევროპულ კლუბში და მსოფლიოც უკეთ გაიცნობს და დაინტერესდება თქვენი ქვეყნით.