ვიდრე მუსიკით დაინტერესდებოდი, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში? რა იყო შენი პირველი მუსიკალური გამოცდილება?

ბავშვობის რაღაც პერიოდი ახლო აღმოსავლეთში გავატარე, აბუ დაბიში ვცხოვრობდი და ყოველ დილას მეჩეთიდან მომავალი ხმა მაღვიძებდა. იმ ეპიზოდიდან, დღემდე, ყველაზე ძლიერი მეხსიერება სწორედ ის ხმაა. მგონი ეგაა ჩემი პირველი კავშირიც ხმოვან სიგნალთან, თუ ვოკალურობასთან.

პირველი მუსიკალური შთაბეჭდილებები.. მანქანიდანაა, მშობლებთან ერთად სამოგზაუროდ რომ მივდიოდი, მანქანაში განუწყვეტლივ უკრავდა მუსიკა.

არა, მუსიკალური ოჯახი არ გვერქვა, მაგრამ მშობლები ხშირად ყიდულობდნენ ფირფიტებს და მერე, ერთად ვუსმენდით სახლში. ამან, ალბათ, მოახდინა ჩემზე რაღაც გავლენა.

11-12 წლის ასაკში ჰიპ ჰოპ კულტურით დავინტერესდი, სასწრაფოდ შევიძინე NAS და Wu-Tang Clan-ის ფირფიტები. ჩემ უფროს ძმას და მის მეგობრებს, ამ დროს, ტექნო აინტერესებდათ. 14 წლის ვიყავი, როდესაც, პირველად, მათი წყალობით ღამის კლუბში აღმოვჩნდი. პარალელურად, ჩემი სკოლის მეგობრები Drum n Bass-ით იყვნენ გატაცებულები. ერთ-ერთთან, სახლში საათობით ვისხედით ხოლმე და ვუსმენდით Moving Shadow და Metalheadz-ის ადრინდელ ფირფიტებს. იქიდან წამოვიღე Goldie-ს სადებიუტო ალბომის, Timeless-ის სეტ ვერსია, რომელსაც სახლში, მერე, მარტო ვუსმენდი. მალე დავიწყე ფირფიტების მაღაზიებში სიარული, სადაც, რატომღაც, სულ უხარისხო მუსიკას მტენიდნენ, მაგრამ მაშინ უკვე ვიცოდი რა მინდოდა.

მიუხედავად იმ წარმატებისა, რასაც Commix-თან ერთად მიაღწიე, რაღაც პერიოდის მერე, პროექტიდან წასვლა მოგინდა. მიზეზად ხშირად ასახელებ იმას, რომ  Drum n Bass საკუთარი თავის პაროდიულ ვერსიად იქცა.

მე Drum n Bass-ს ინტროვერტული ხასიათის მუსიკად აღვიქვამდი, სწორედ ამიტომ ვუსმენდი Photek-ს, Source Direct-ს, Goldie-ს. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ის მოსაწყენი და პრიმიტიული გახდა. 10 წელი დავდიოდი ტურნეში როგორც Drum n Bass დიჯეი და ერთხელაც მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იქ ყოფნა, სადაც ვიყავი. პარალელურად, უკვე იმ პერიოდის ტექნოც მიზიდავდა.

რატომ აკეთებდი მუსიკას ანონიმურად?   

დისტანცირება მინდოდა ყველაფერთან, რასაც ადრე ვაკეთებდი. როდესაც დიდი ხანი ერთ პროექტზე მუშაობ და შემდეგ მეორეს იწყებ, ადამიანები მათ შორის კავშირის დანახვას ცდილობენ. Commix სრულიად განსხვავებული მიმართულებისაა, მისი ძველ პროექტებთან დაკავშირება არაფერში მჭირდებოდა, ამიტომ, ანონიმური დავრჩი.

ბერლინმა შეცვალა შენი მუსიკა?

არა მგონია. ალბათ ყველაფერს, მუსიკასაც ისე ვაკეთებ, როგორც ამას ინგლისში ვაკეთებდი.

არ გაგიჭირდა საკუთარი თავის და ადგილის პოვნა ახალ სივრცეში, სადაც ამდენი ადამიანი ცდილობს თავის დამკვიდრებას?

ახლა გაცილებით უფრო რთულია თავიდან დაწყება. მაშინ, საკლუბო სცენაზე ამდენი მუსიკოსს ვერ შეხვდებოდი. ქალაქი, ამ თვალსაზრისით, ძალიან შეიცვალა. პირველად რომ ჩავედი, მარტო კლუბებში დავდიოდი, დღეს სახლში ყოფნა მირჩევნია, ისედაც ძალიან დაკავებული ვიქენდები მაქვს, სულ ტურნეში ვარ.

და ამ გრაფიკის მიუხედავად მაინც გადაწყვიტე საკუთარი ლეიბლის შექმნა. პროდუსერები ლეიბლს იმიტომ ქმნიან, რომ საკუთარი მუსიკა დაარელიზონ. შენ კი ადვილად მიგიწვდებოდა ხელი სხვადასხვა ლეიბლებზე. რატომ გადაწყვიტე Avian-ის შექმნა და რის მიღწევას ცდილობ ამ პლატფორმით?

თავიდან Avian-ს ჩემი მუსიკის მხარდამჭერ პლატფორმად ვხედავდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, თუმცა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა მუსიკის გამოცემა - სულ სხვის გრაფიკზე ვიყავი დამოკიდებული. ზოგჯერ 6, 9 თვე ველოდებოდი ლეიბლზე ჩემი მუსიკის დარელიზებას, რაც საშინლად დამთრგუნველი იყო.

Avian-მა კი ყველაფერი შეცვალა. ერთ დღეს ტრეკს დავწერდი და რამდენიმე დღეში შემეძლო გამომეცა, რაც პროდიუსერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Avian-ის მუსიკალური პოლიტიკაც ხომ მნიშვნელოვნად შეიცვალა?

კი, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. დასაწყისში ლეიბლის მართვა მარტივი იყო, რადგან მხოლოდ ჩემს მუსიკაზე ვიყავი კონცენტრირებული. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობრებსაც ჰქონდათ ისეთი ტრეკები, რომლების გამოცემაც მინდოდა და ჩემს ლეიბლზე მოვიწვიე. დღეს, ლეიბლზე ძირითადად მოწვეულ არტისტებს შეხვდებით.

ლეიბლის გარდა, მუდმივად გიწევს ტურნეში ყოფნა. პერიოდულად წერ მუსიკას სტუდიაში. სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

ალბათ, ყველაფერი ერთად ქმნის იმ სამყაროს, რომელიც მაბედნიერებს. თუმცა, თუკი არჩევანის გაკეთება მომიწევს, მაინც მუსიკის წერას ავირჩევ. პირველ რიგში პროდუსერი ვარ და შემდეგ დიჯეი. პრინციპში დიჯეინგი ამით უფრო საინტერესო ხდება.

მომავალ ალბომი Appropriation Stories-ს თითქოს ყველაფრის  შეჯამებაა. შენს სადებიუტო ალბომში (Crossed Paths) ნაკლებად იყო ანალოგური ჟღერადობა, რაც მომდევნო ალბომში (Under A Single Banner) მნიშვნელოვნად შეიცვალა. აქ ყველაფერი ძალიან კომპლექსურია. ტრადიციული ტექნო ორიენტაციის ნაცვლად გვხდება ნოისით, ექსპერიმენტალით გაჟღენთილი კომპოზიციები, სადაც რიტმულ სტრუქტურაზე მეტად აქცენტი სხვა დრამატურგიულ დეტალებზე კეთდება.

გეთანხმები და სიმართლე გითხრა ყველაზე მეტად სწორედ იმ პატარა ტექსტურებზე მუშაობა მომწონს. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად სხვადასხვა მარტივი ნიუანსების საერთო დრამატურგიულ სურათში ჩასმა გამომდის. Appropriation Stories-ში კარგად ჩანს, რომ ჩემთვის სემპლინგი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მუდმივად ვიყენებ სინთეზატორებს, თუმცა დიდ მუსიკალურ სექციებში პატარა საინტერესო პასაჟების პოვნა, ამოჭრა და დამუშავება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის ის, რასაც ჩემი კარიერის დასაწყისში ვაკეთებდი. ამ ალბომით კი შევეცადე ჩემი წარსული აწმყოში დამემალა. რაც შეეხება სემპლებს, ბევრ მათგანს ვერავინ იცნობს, რადგან ჯამში ეს ყველაფერი მაინც ისე ჟღერს, როგორც Shifted-ის მუსიკა.