მშვიდობა

სიყვარული

თავისუფლება

ბედნიერება

მე მიყვარს როკი.

რაც თავი მახსოვს, როკი მესმის და ვუსმენ როკს.

მე მიყვარს ბიჭები, რომლებიც უსმენენ როკს. და როცა ამ ბიჭებთან ერთად ვუსმენდი როკს – ჯერ ვინილები იყო, მერე – ბაბინები, მერე – კასეტების ფრჩხილის ლაქით დაწებება, ფანქრით გადახვევა, play-ში გაჩხერილი ასანთის ღერები და მსგავსები – სულ ვკითხულობდით: ეს ხომ ხდებოდა სადღაც, სადღაც ხომ ახლაც ხდება, და ჩვენ სად ვართ ამ დროს, ჰა?

– ვიქნებით, – მეუბნებოდა ერთი ძალიან კარგი კაცი, – მერე, კონცერტი რომ მორჩება, მივალ ჯაგერთან და ვეტყვი: „მიკ, ამ ბნელ, უღრან და გაუვალ ABC-ს ძალიან მოსწონს შენი ხალათი“...

– პალტო, – ვუსწორებდი მე.

– რაცაა, – ხელს მიქნევდა ძალიან კარგი კაცი. – ჰოოოდა, მიკი გაიხდის და მომცემს, და მერე, რომ არ ჩაიცვა, არ იცი, რას გიზამ!

დარაბებს ვხურავდით და ვცეკვავდით, წარმოსახვით გიტარას ვუკრავდი და ვმღეროდით იმ ჩვენი ინგლისურით, რომელიც ოდესღაც The Beatles, თბილისურად – ბიტლების სიმღერების ტექსტებით ვისწავლეთ.

ჩვენ ის ხალხი ვიყავით, ბიტლების მოსასმენად გადაკარგულ უბნებში, უცხო სახლებში რომ გვივლია. ჩვენ მოგვწონდა მაკარტები და ლენონები (21-ე საუკუნეში დაბადებულთა საყურადღებოდ: სათვალეები იყო ასეთი), და გვეცვა როლინგსტონები. ბიჭები მამასისხლად ნაყიდ ჯინსებს აგურით იხეხავდნენ, გოგოები პოლ მაკარტნის სიყვარულზე ოცნებობდნენ. ჩვენ ვიცოდით ჭორები ბიტლების და როლინგების ურთიერთობის შესახებ და არ გვიყვარდა იოკო ონო. მარტო დარჩენილები ბადმინტონის ჩოგანს მოვიმარჯვებდით ხოლმე – ეს, სულ მცირე, ჯიმი ჰენდრიქსის გიტარა იყო – და გულისრევამდე ვიქნევდით ვითომ გრძელთმიან თავს.

და ვისაც – ჩემს თაობას მივმართავ – ჩოგანგიტარით ხელში, ცალით ფეხით გარბენა არ გიმეცადინიათ, პირველმა მესროლეთ ქვა!

ჩვენ ვოცნებობდით.

მე ოცნება ამიხდა.

ჩემს ძვირფას ბიჭებს – ვერა.

ერთმა ერთხელ ბედნიერებას ვერ გაუძლო და სიხარულისგან გული გაუსკდა. მეორე ომში წავიდა და იქ დარჩა. მესამე თავისი კოშკის ფანჯრიდან გაფრინდა. მეოთხე შავ ზღვაშია. მათ ძალიან ვუყვარდი და უყვარდათ როკი, და 2016 წლის ოქტომბერს რომ მოსწრებოდნენ, კოაჩელას ველზე, Desert Trip-ში სულ ფეხით წამოვიდოდნენ, ოკეანეს გადმოცურავდნენ, მფრინავ ხალიჩას იშოვიდნენ სადმე, მაგრამ აი, ასე მოხდა. ეს ფესტივალიც უთქვენოდ.

მე კი ვიყავი. ჩვენგან ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო.

– მიდი, მიდი, ABC, – მეტყოდა ძალიან კარგი კაცი, – Let's rock!

Let's rock, მკითხველო! მე მოვკვდე, უკეთესს ვერაფერს ვიზამთ.

ჩავაღწიე. გუშინ თუ დღეს – ალალად, არ ვიცი და ფიქრით თავს არ წავიხდენ – გამოვედი თვითმფრინავიდან, რომელშიც 13 საათი და 55 წუთი დაუჯერებლად დაკეცილს მეძინა, გავიარე ასწლიანი რიგი, სამჯერ დავდე პატიოსანი სიტყვა, რომ ჩანთაში ბასრი ნივთი არ მიდევს და არავის ვერჩი, და გულითადად ვუღიმე უკლებლივ ყველას, რადგან მასწავლეს ბრძენებმა, სამყაროს „ჰო“ უთხარი და ისიც „ჰოს“ გეტყვისო, და ამხელა „ჰო“ რომ მითხრა სამყარომ, მეც ხომ უნდა ვუთხრა „ჰო“...

დამხვდა მეგობარი. თან უბრალოდ კი არ დამხვდა, არამედ პატარა, ნამდვილი და გადასარევი თვითმფრინავით, რომელიც ერთ ნობელის პრემიის ლაურეატს ეკუთვნის და რომელსაც ჰქვია სესნა, და ჩვენ გადავუფრინეთ ლოს ანჯელესს, გამოვუყევით ოკეანის ჩაბნელებულ კიდეს და ჩამოვედით სან დიეგოში, დელ მარში.

ახლა უკვე ნამდვილად დღესაა. ფანჯრიდან ჩემთვის უცხო გოლიათ ხეს ვხედავ, ჩიტები დილისას გალობენ, ცოტა უცხო ხმაზე, და რა კარგია, რა კარგი, რომ ვიფრინე, თან აი, ისე, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი იყოს, ისე ვიფრინე, და ქვემოთ ბრჭყვიალებდა და ციმციმებდა ლოს ანჯელესი – მოდი, გამოვიგონოთ ჩვენი ამერიკა! – ქალაქი, რომელიც მის თავზე მოფარფატე ანგელოზების თვალის საამებლადაა აშენებული.

გუშინ ანგელოზი ვიყავი, თუ დღეს, თუ როცა იყო.

ეს კი ნამდვილად დღეს იყო:

მზე აცხუნებდა. კოაჩელას ველზე მივაბიჯებდი, უზარმაზარ, მტვრიან უდაბნოში. მხოლოდ პალმები იდგა, მათ გრძელსა და ვიწრო ჩრდილს ზოლად მიჰყვებოდნენ გაწოლილი ადამიანები.

მილეთი ხალხი იყო. მერე წავიკითხე, 75 ათასი კაციო.

იყვნენ ძალიან მდიდრები და სახელგანთქმულები – ესენი ცალკე ისხდნენ, სადღაც, ზემოთ, ღრუბელზე. ნილ იანგმა წაკბინა მერე და ცოტა კი შემეცოდნენ, მაგრამ არა უშავს, გადაიტანენ. ერთმანეთს არ გადავყრივართ და დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიფიქრე, რომ იწყენდნენ ალბათ: მაგიდებს უსხდნენ, ვერც ცეკვავდნენ და ვერც ვერაფერი.

იყვნენ მცირეწლოვნები, ის თაობა, „პეპსის“ რომ ირჩევს. ელექტრონულ სიგარეტებს ეწეოდნენ, პირდაპირ მიწაზე არ სხდებოდნენ, ძალიან ხალისობდნენ, და მათ ცქერას არაფერი სჯობდა.

– ბობ დილანი მოგეწონა? – მკითხა გოგომ. – მაგარი ყოფილა, არა?

იყო უამრავი უცხოელი, შეშლილი თვალებით – დროის სარტყლის ცვლის ბრალი იყო, თუ სხვა რამ სჭირდათ, არ ვიცი.

– მარტო ჩამოხვედი?
ვუპასუხე. დიდი პატივისცემით განიმსჭვალა.
– ვის გამო?
მეთქი, რა ვიცი, ყველასი.
– არა, უფრო-უფრო?
გამოვტყდი.
– აჰა! – გაიხარა ქალმა, – ასეც ვიცოდი! ებრაელი ხარ, ხო?
გულში ჩამიკრა და რაღაც ჩამჩურჩულა, ვერ გავიგონე და ვერც იმას მივხვდი, რატომ ვიყავი ებრაელი.

ჭრელი ხალხი იყო, მაგრამ მე ყველაზე მეტად მათთან ყოფნა მიხაროდა, ვინც კალიფორნიაში ჯერ კიდევ 1967-ში ცეკვავდნენ, მარად გოგოები და ბიჭები რომ არიან, ყვავილების შვილები. ისინი, ვინც გადარჩნენ.

ეს გოგო მზეს არასოდეს ემალებოდა, ჭორფლიანი ზურგი და შემწვარი ვაშლივით დაჭმუჭნილი კანი აქვს. თმა ღებვისგან შეთხელებია, მაგრამ ამაყად დააფრიალებს შიგ ჩაწნულ მძივებს და ყვავილებს. თავის ბიჭს ზურგზე ხელს უსვამს – ზედ ამოსვირინგებული, ოდესღაც ამაყად ფრთაგაშლილი არწივი ცოტა გახუნებული და მხრებჩამოყრილია, მაგრამ მერე, რა! გოგომ იცის, რომ მისი ბიჭი ყველაზე მაგარია, ბიჭმა კი იცის, რომ მისი გოგო ტვიგის ჰგავს – ასე არაა?

– კი, და ძალიან ლამაზია, – ვეუბნები გულწრფელად.
– ჰო, – თავს მიქნევს კაცი, – და შენც ძალიან ლამაზი ხარ. ყველანი ლამაზები ვართ.

ცხელოდა, როგორ ცხელოდა კოლორადოს უდაბნოში!

მერე კი დაბინდდა, ცა აბრიალდა, – ეს როგორი დაისია! და მერე მივხვდი, რას ნიშნავს ვაშლივით მწვანე ცა. ცხელმა ქარმა დაუბერა, ველზე მარიხუანას ბოლი გაწვა – და დაიწყო.

რობერტ ალან ციმერმან, ბობი, ბობ დილან, ნეტა იცოდე, როგორ მიყვარდი და ახლაც როგორ მიყვარხარ!

ბობ დილანი მღეროდა – და ყველაფერი დალაგდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ისევ ის ვიყავი, რაც მაშინ, როცა კაცმა ყველა ცხოველს სახელი უწოდა, მაშინ, დასაწყისში, დიდი ხნის წინათ. ყველანი ეს ვიყავით, ცოტა შელახული ბავშვები, და ყველას გვჯეროდა, რომ თუ ომში არ წავალთ, ომი არ იქნება, და არც უნდა იყოს, და რად გვინდა ომი, ან ეს სამკერდე ნიშნები – არაფერში გამოგვადგება...

– Knocking On Heaven's Door რომ იმღეროს, მოვკვდები, – ჩამძახა ყურში შავტუხა ბონიმ. – და მერე „სთოუნზთან“ ერთად Like A Rolling Stone რომ იქნება, აი, ნამდვილად მოვკვდები.

– იქნება? რა იცი? – გამიხარდა.

– აბა, რა, იქნება, – ფართოდ გამიღიმა ბონიმ. – აი, ნახავ, თუ არა!

ბონი შეცდა, მაგრამ მერე რა! ასე სჯობს, რადიოსავით, როცა არ იცი, მერე რა იქნება, ოღონდ აუცილებლად იქნება რაღაც შესანიშნავი – დილანმა ხომ თქვა, რომ ყველა სურვილი აგვისრულდება და ვიქნებით მარად ახალგაზრდები, მარად ახალგაზრდები...

– აბა, რა, – ჩამჩურჩულეს ბიჭებმა, – უკვე აგისრულდა, ABC. ბნელო, ეს ბობ დილანია.

თქვენ კი ახალგაზრდები ხართ. მარად ახალგაზრდები.

იმ დღეს, როცა კოაჩელაზე ვიდექი, ბობ დილანს შევცქეროდი და ისე მიხაროდა, რომ ეს ამბავი არც კი მიკვირდა, მისი ნობელის პრემია და ამის გამო ატეხილი ყაყანი მთელ ველზე აზრადაც არავის გაუვლია. მაშინ ჩემ გარშემო მხოლოდ სინათლეს ვხედავდი, ძალიან მამაცი ვიყავი, ყველა მწვერვალზე ამსვლელი, და მტკიცედ მწამდა, რომ მარად ახალგაზრდა ვიქნები, მარად ახალგაზრდა.

როგორც მიკ ჯაგერი. როგორც „როლინგ სთოუნზი“.

იმ ხალხმა, ვინც მიკ ჯაგერს, აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტია, ერთგულად უსმენს და, ჩემგან განსხვავებით, არაერთ გამოსვლას დასწრებია, ბრძანა, ასეთი შესანიშნავი არასოდეს ყოფილაო. კუბაზეც იგივე შეასრულა და კი, იქაც სასწაული იყო, მაგრამ დღეს ეს რა გააკეთაო?! მე ვერაფერს შევადარებდი, ჩემთვის ვხტოდი, ვცეკვავდი, უსირცხვილოდ ვმღეროდი და გული მისკდებოდა.

ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ „როლინგ სთოუნზ“ ყველაფერს მომცემს, რაც მინდა, – და ასეც მოხდა. იმასაც ვვარაუდობდი, რომ ვერასოდეს დავკმაყოფილდებოდი, – და ესეც ამიხდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ველოდი, არა, უკეთ, ათასჯერ უკეთ!

არ ველოდი, რომ ჯაგერი Come Together-ს იმღერებდა – იმღერა, იმიტომ, რომ მეორე დღეს ჯონ ლენონის დაბადების დღე იყო და თან პოლ მაკარტნის ღამე დგებოდა, და შესანიშნავი იყო: ვისღა ახსოვს შუღლი და ქიშპობა! ჩემმა ძვირფასმა კეიტ რიჩარდსმა კი პაპიროსი მოისროლა და იმღერა, და ვიფიქრე, რომ სამართალი არაა: როგორ შეიძლება, არ ვიცნობდე, როგორი მეგობარი მეყოლებოდა, ძვირფასი, ძვირფასი კეიტი! მერე Gimme shelter-ზე საშა ალენი გამოხტა და კი, მთლად დედა თინა ვერ იყო, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი. არადა, ოდესღაც როგორ მინდოდა, მე ვმდგარიყავი ჯაგერის გვერდით და ყველაზე მაგრად შემომეძახა: War, children, it's just a shot away!

– მერე რა გინდა, ABC, – მითხრეს ბიჭებმა, – ხომ დგახარ და ხომ მღერი? მაინცდამაინც სახეზე უნდა დააჯდე? I tell you love, sister, it's just a kiss away…

it's just a kiss away! – მღეროდა ჯაგერი.

 it's just a kiss away! – მღეროდა ველი, და მე ბონის მივუტრიალდი, ბონი კი ჩემკენ მობრუნდა: – it's just a kiss away, kiss away, kiss away!

სეტის ბოლოს ცოცხებზე რომ გადამსხდარიყვნენ და გაფრენილიყვნენ, სულ არ გამიკვირდებოდა. ეს რა იყო...

იყო ცხელი ღამე – ამ ქურთუკს რას მოვათრევდი... ქარი სახეში ქვიშას მაყრიდა და ვიფიქრე, როგორ მომენატრება-მეთქი უდაბნო. ყურები მიგუგუნებდა. ხვალ მუნჯი ვიქნები.

– It's the hooonky tonk woman! – დაიყვირა ვიღაცამ ჩემ უკან და ორსაათნახევრიანი ხტუნაობითა და ღრიანცელით ილაჯგაწყვეტილმა თინეიჯერებმა და ხანშიშესულებმა, ლამაზებმა და უშნოებმა, ქალებმა და კაცებმა, ყველა ჯურის დედამიწელებმა ჩვენთვისაც მოულოდნელი შემართებით დავცხეთ: Gimme, gimme, gimme the honky tonk blues!

დილით აღმოვაჩინე, რომ ხმა აღარ მქონდა. არანაირი. ახია ჩემზე.

ფოტოგამოფენის პავილიონთან უზარმაზარი რიგი იდგა. ერთხანს მეც ჩამოვდექი, მერე ხელი ჩავიქნიე.

ფარდულში მაისურები იყიდებოდა. იქაც მარცხი ვნახე. ვერ ვიტან რიგებს.

ვერც ვეგანურ მასხარაობას ვიტან, მომჩვარულ კომბოსტოს და უგემო სოიოს, მაგრამ რა დამრჩენოდა: ცოტა კოჭლმა და ხმაჩაწყვეტილმა ჩემი საძაგელი ულუფიანად უახლოეს ჩრდილს მივაშურე და ჩამოვჯექი.

საზოგადოებას ჭკუა უსწავლია – დამცავი კრემები, ფართოფარფლიანი ქუდები, გრძელსახელოებიანი მაისურები მომრავლდა. გვიანია, კარგებო.

კემპინგიდან მოსული ასაკგადასული გოგოები შემომიერთდნენ. უცებ გამარკვიეს, რომ ამერიკული არაყი არ ვარგა, კარტოფილის გემო აქვს, რომ ლუდი სიცხეში მტერმა დალიოს, და რომ აი, იმ მაღალ, კარგი გარეგნობის ბიჭს რინგო ჰქვია და რატომ, იცი? იმიტომ რომ დედამისს რინგო სტარი უყვარდა. შენ რომელი გიყვარდა? დღეს დის გაუმართლა, პოლი მისი ბიჭია.

– მე მგონი, ყველას ბიჭია, არა? – ვიკითხე მე.

– ფრთხილად იყავი, გოგონი! – შემომწყრა დი, – რა დროს შენი პოლია?

რა კარგია, როცა პატარად გთვლიან.

– კარგი, გყავდეს, – დავყაბულდი. – მე ნილ იანგთან ერთად დავეშვები მდინარეზე.

გოგოებს ძალიან გაუხარდათ, და მერე, როცა კვლავ რიგში ვიდექი, დი მომვარდა. ორივე ხელში ლუდის ჭიქები ეჭირა, ერთი – ჩემთვის. ლუდით ხელში საპირფარეშოში არასოდეს შევსულვარ, მაგრამ ესეც ვიკადრე. დიდი მადლობა, დი.

– დროზე, – მითხრა დიმ, – ჩქარა მოდი, თორემ უშენოდ დაეშვება.

ნილ იანგის Down by the River ზეპირად ვიცი. რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარს და ყოველთვის მინდოდა, – აბა, გოგოებო, რომელს არ გინდოდათ? – მისთვის ხელი ჩამეკიდებინა და ერთად გავსულიყავით ცისარტყელას მიღმა. შენ გვერდით ვიქნები, ბიჭო, აბა, რა!

– უყურე ამას! – მეტყოდა ერთი ძალიან კარგი კაცი. – სულ გაგიჟდი, ხო, ამ სიბერეში?

კი, მერე კი მღერის იანგი, მდინარეს რომ ჩავუყევით, მოვკალი ჩემი გოგო, ვესროლე და მოვკალიო, მაგრამ მანამდე...

– Be On My Side! – მთხოვდა სამი უზარმაზარი მონიტორიდან ნილ იანგი.

კი, გაჭაღარავებულა, მაგრამ მერე, რა. სამაგიეროდ, მაისურზე „დედამიწა“ აწერია, ისევ ისეთი ჯინსებიანი ბიჭია, როგორიც ოდესღაც იყო, და ისევ ისე უკრავს გიტარას, და ისევ ისე გულით მთხოვს:

– Be On My Side!

რა მაგარია! და რა მაგარია, რომ ყველაზე კარგი ბიჭები არასოდეს ბერდებიან, და როკენროლი არასოდეს მოკვდება! ვიცი, ეს მხოლოდ როკენროლია, მაგრამ მე მომწონს.

ისიც ვიცი, გავიგე, ბატონო, რომ პოლი დის ბიჭია, მაგრამ მომწონს. იქ, უდაბნოში აღმოვაჩინე, რომ მისი ყველა, სულ ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად მახსოვს, და რომ ყველაზე კარგი საცეკვაო მაინც ბიტლებია – ბიჭო, გახსოვს, უხსოვარ დროს, კინო „რუსთაველში“ ფილმი რომ გაუშვეს ბიტლებზე, მერე რამდენი ვიცეკვეთ, ჩაის სახლამდე მოვედით სიმღერით და ცეკვა-ცეკვით: Ob-la-di, ob-la-da! ჰა-ჰა, რამდენი ვიცინე შენზე! La-la how the life goes on…

პოლ მაკარტნიმ გვითხრა, დღეს ჯონის დღეობააო, და ჩვენ სათანადოდ ვუპასუხეთ. მერე თქვა, ჩემი ნენსი აი, იქააო, და ჩვენ მისი სიხარული გავიზიარეთ. მერე კი, Back in USSR როცა იმღერა, გაგვიმხილა, კულისებში რუსეთის რომელიღაც მინისტრი ზისო – სახელი კი თქვა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე, – და ბიტლები იმასაც ჰყვარებიაო.

მე აღმოვჩნდი ბოღმა.

– გეწყინა? – ჩამძახა ყურში ერთმა ყვავილების შვილმა; ესენი ხომ პოლიტიკაში გარკვეული ხალხია. – გინდა, მივუვარდეთ?

ჩვენ არ დავჭირდით. სცენაზე ნილ იანგი დაბრუნდა, და პოლ მაკარტნიმ, ნილ იანგმა და კიდევ 75 000-მა ადამიანმა ერთად ვიმღერეთ: Give Peace a Chance!

ჰო, რა!

ჩემი ბიჭი და დის ბიჭი იცინოდნენ და მღეროდნენ, და ჩვენც ვიცინოდით და ვმღეროდით, და მერე მათაც და ჩვენც ერთი კითხვა გვაწვალებდა: ამას გზაში რატომ არ ვაკეთებთ? იქ ხომ არავინ დაგვინახავს და... ჰა?

და ასეთ ბედნიერს მარცხი მომივიდა: პოლ მაკარტნიმ იმღერა ის, რაც არ უნდა ემღერა. არადა, რა მოხდა, არაფერი, ერთი კარგი სიმღერაა და აი, რა. მაგრამ მან დაიწყო, და მე წავხდი: You Never Give Me Your Money...

– რა გატირებს? – გამიჯავრდნენ ბიჭები. – რა გაქვს სატირალი?

არ ვიცი, რა მოხდა, რა მომივიდა, რა ამოტივტივდა ამისთანა, მაგრამ ვტიროდი, თან არცთუ ნაზად. ხელებგაშლილი და თავგადაგდებული ვმღეროდი: Carry that weight a long time! და ვტიროდი და ვტიროდი, სანამ სცენის თავზე ფოიერვერკი არ აბრიალდა და პოლ მაკარტნი არ დამემშვიდობა. რასაკვირველია, პირადად მე, და ძალიან ცოტა ხნით.

მალე ნახვამდე!

>>> 

– სანამ ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, სამდღიან ფესტივალს ვერ გავუძლებ-მეთქი, და ახლა როგორ მწყინს, რომ მთავრდება, – შემომჩივლა ლიმელმა ჯინომ, რომელიც ძალიან ახალგაზრდა და ჯანიანია.

– შენ რა გენაღვლება, – არ ჩუმდებოდა ჯინო. – არ გძინავს, არ ჭამ, არ გცხელა.
– სახლში რომ ჩავალ, ვჭამ, – დავამშვიდე. – და გზაში ვიძინებ. 20 საათი გზაში უნდა ვიყო.

ჯერ ამაზე არ ვიფიქრებ. არც სამშობლოზე, არც საქმეზე, არაფერზე არ ვიფიქრებ. აი, ასე.

– ვა, უყურე შენ? – მომიწონეს ბიჭებმა. – ყოჩაღ, ABC! ბევრი ფიქრი მალე დაგაბერებს.

მე იმას ვფიქრობდი, რომ The Who დიდად არასოდეს მომწონებია და რა ვიცი, აბა...
ძალიანაც მომეწონა.

მათი მოყოლილი ამბებიც მომეწონა, მუსიკაც და ის ფაქტიც, რომ ბავშვები ისევ კარგად არიან. მომეწონა. კარგი იყო. უბრალოდ, მერე როჯერ ვოტერსის ჯერი დადგა. მე მაპატიოს The Who-მ.

თქვენც უსმენდით Pink Floyd-ს? მაშინ კარგად მიხვდებით, რა დამემართა, როცა ყრუ დაგადუგი გაისმა – გულისცემაა თუ მატარებელი მიახლოვდება? და რა ხდება, როცა საათი იწყებს რეკვას, და ვოტერსის ჯადოსნური ხელი წამებს ითვლის. ვოტერსი– ეს რა ხდება?

– აკელა. – მითხრეს ბიჭებმა. საიდან გაახსენდათ?

უდაბნოში სასწაული ტრიალებდა. „ბჰაგავატამშია“ ხოლმე ასეთი ამბავი: სამივე პლანეტარული სისტემა დასცქერის რაღაცას დედამიწაზე, და ალბათ, ახლაც ეს იყო – The great gig in the sky, ორი ალქაჯის მოძახილი თვალუწვდენელ უდაბნოში... Dark Side of the Moon მთელ ჩემს შეგნებულ ცხოვრებას გასდევს, სულ ეს მესმის და სულ ეს მინდა...

– ჰოდა, აჰა, – მითხრეს ბიჭებმა. – გაქვს.

მერე წყვდიადი ჩამოწვა და კედელი წამოიჭიმა, უზარმაზარი და შემზარავი, და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ცრუ, რასისტი და ჰომოფობი, უბრალოდ, ღორია, აი, ისეთი ღორი, ახლა ჩვენს თავზე რომ დაფრინავს, და ჩვენ ვიცოდით, რომ დადგება დღე, როცა როჯერ ვოტერსს ამ ღორზე აღარავის სახელის დაწერა აღარ მოუწევს, იმიტომ რომ ამ საშინელ კედელს დავანგრევთ. დავანგრევთ კედლებს, გავაუქმებთ საზღვრებს, თავისუფლები ვიქნებით – და ბედნიერები, როგორი ბედნიერიც იმ ღამეს კოაჩელაზე ვიყავი.

– ნეტა, აქ იყოთ, – ვუთხარი ბიჭებს.
– ბნელი ხარ, – იყო პასუხი. – ბნელი, უღრანი, გაუვალი...
– I Wish You Were Here, – მღეროდა ვოტერსი და მე ბოლომდე მისკდებოდა ისედაც გამსკდარი გული.
– Ha ha charade you are, – გრგვინავდა უდაბნო.

... სადღაც, ძალიან, ძალიან შორს, ოდესღაც, ბევრი წლის წინათ, ერთ პატარა გოგოს მამამ ფირფიტა აჩუქა, ზედ სამკუთხედი ეხატა და წარწერა ჰქონდა: Pink Floyd. და გოგომ ფირსაკრავ „რიგონდას“ თავსახური ახადა, ფირფიტა დადო, ნემსს მტვერი მოაცილა, და ასე დაიწყო ყველაფერი.

>>> 

მერე – არაფერი. ფესტივალი მორჩა და გზას გამოვუყევი: ინდიო – ლოს ანჯელესი – სტამბოლი – თბილისი. წესია ასეთი, ყველაფერი მთავრდება. აქ, სამშობლოში, ცივა და წვიმს. მაგრამ ეს არაფერია. სანამ ჩემი Desert Trip მეხსომება, გავუძლებ, და როცა მოგონებები გაიცრიცება და მიმავიწყდება, რომ ბედნიერი ქალი ვარ და ყველა ოცნებას ასრულება სჩვევია, ვინმე, ძალიან კარგი ბიჭი, აუცილებლად გამახსენებს, რომ გზაზე დაბრუნების დროა.

– მიდი, მიდი, ABC, let's rock!

Let's rock, მკითხველო! მე მოვკვდე, უკეთესს ვერაფერს ვიზამთ.